Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიღარიბეს მხოლოდ „უხილავი ხელით“ არ ეშველება

26 დეკემბერი 2017

ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრების დისკუსიას შევესწარი: ერთი ამბობდა, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მთავარია ამ ადამიანის ნიჭი, ხოლო მეორეს მიაჩნდა, რომ მთავარია მოტივაცია ანუ მუხლჩაუხრელი შრომა და სწავლა.

რა თქმა უნდა, არცთუ ისე იშვიათია უნიჭო, გაუნათლებელი და ყოვლად უხეირო ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმის, მოტყუების, სახელმწიფო თუ საბაზრო ჩავარდნების წყალობით საკმაოდ წარმატებულები არიან, ანუ, როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა, ბრძოლასა და რბოლაში ყოველთვის ყველაზე ძლიერი და სწრაფი ვერ იმარჯვებს.

თუმცა მოდით, დავუშვათ, რომ მსოფლიო არის მერიტოკრატიული - წარმატების მისაღწევი თამაშის წესები დადგენილია და ზედმიწევნით სრულდება, შესაბამისად, ვინც ნიჭიერი, მოტივირებული და განათლებულია, ის იმარჯვებს. რა თქმა უნდა, ამგვარი სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე კორუმპირებული, კლანურ და ნათესაურ კავშირებზე დაფუძნებული საზოგადოებები, მაგრამ რამდენად სამართლიანია მერიტოკრატია მაშინ, როცა გარემო პირობები დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის განათლებას, მოტივაციასა და ნიჭს?

როგორც წესი, ნიჭიერად მივიჩნევთ ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის თავისი სფერო, წარმატებული მოსწავლე/სტუდენტია, კარგი მენეჯერია (ახლა მოდაშია ამ სიტყვით თანამდებობის პირების მოხსენიება), თუმცა, რეალურად, ჩვენ არ ვიცით, რამდენად არის ეს ნიჭის (თანდაყოლილი უნარი, რომელიც არ არის დამოკიდებული გარემო-პირობების ზემოქმედებაზე) დამსახურება და არა, ვთქვათ, ადრეულ ასაკში გარე გონებრივი სტიმულირებით თუ სხვა ხელშემწყობი ფაქტორებით განპირობებული.

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე (ანუ იმაზე, რასაც შემდეგ ჩვენ ნიჭს ვუწოდებთ) დიდ გავლენას ახდენს ტყვიით დაბინძურება; სხვადასხვა მიკრო ნუტრიენტი (მაგ.: იოდი); ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება; ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა; დედის ჯანმრთელობა ჩვილის მუცლად ყოფნისას; წიგნების ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები არ არიან ერთნაირად წარმატებულები, რისი მიზეზიც, ერთი შეხედვით, განსხვავებული თანდაყოლილი შესაძლებლობები ანუ ნიჭია. თუმცა კვლევები სხვა ფაქტორებზე მიუთითებს, მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ[1] აჩვენა, რომ ამერიკაში პირველი შვილები საშუალოდ უფრო წარმატებულები არიან. ეს განპირობებულია იმით, რომ პირველი შვილის განვითარებას ადრეულ ასაკში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, რაც მის გონებრივ სტიმულირებას აუმჯობესებს და ეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში (რა თქმა უნდა, ეს და მსგავსი კვლევები არ ეხება განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რაც გამონაკლისი შემთხვევებია).

შესაბამისად, ბავშვს, რომელიც ხელშემწყობ გარემო პირობებში იზრდება განუვითარდება უკეთესი კოგნიტური უნარები, ვიდრე ბავშვს, რომელიც, ვთქვათ, ტყვიით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს და აქვს იოდის დეფიციტი. ერთსა და იმავე სკოლაშიც რომ დადიოდნენ, რთული მისახვედრი არ არის, ამ ბავშვებიდან დიდი ალბათობით რომელი უკეთესად ისწავლის და რომელი მიიჩნევა უფრო ნიჭიერად.

რაც შეეხება მოტივაციას, მილიონობით ბავშვს მსოფლიოში ხელი არ მიუწვდება სუფთა დასალევ წყალზეც კი. მათ ყოველდღიურად უწევთ საათობით სიარული, რომ წყურვილით არ დაიხოცონ, თუმცა ყოველწლიურად ასი ათასობით ბავშვი მაინც ავადდება და კვდება წყლის დაბინძურების გამო. ჩვენს ქვეყანაშიც კი, საქსტატის მონაცემებით, ბავშვების 25.5% (მეოთხედზე მეტი) აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ელემენტარული საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილების პრობლემა აქვს. მათ არ აქვთ იმის დრო და საშუალება, რომ თავიანთ განვითარებაზე იზრუნონ, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ ყოველდღიურად.

რაც შეეხება განათლებას, როგორ ფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში საშუალოდ აშშ-ის ან ბრიტანეთის საუკეთესო კერძო სკოლების კურსდამთავრებულები უფრო წარმატებულები იქნებიან თუ ამავე ქვეყნების გეტოებში არსებული საჯარო სკოლების? ასევე, ვინ უფრო წარმატებული იქნება ვორტონის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული თუ საქართველოს რომელიმე რეგიონში არსებული უნივერსიტეტის? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მერიტოკრატიული სისტემაც კი არ არის სამართლიანი მაშინ, როცა საწყისი პირობები არის (უკიდურესად) არათანაბარი. რთული მისახვედრი არ არის, თუ ვინ მოიგებს ორთაბრძოლას, თუ ერთს ცალი ხელი და ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს კარგი ჯანმრთელობა და საუკეთესო საბრძოლო მომზადება აქვს.

აქედან გამომდინარე, ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ადამიანი ცხოვრებაში, დიდწილად დამოკიდებულია ალბათობაზე: თუ რა პირობებში დაიბადა და გაიზარდა.

შესაბამისად, საკითხავია, თუ როგორი სისტემა/მიდგომაა სამართლიანი? ფაქტია, რომ Laissez Faire კაპიტალიზმი უგულებელყოფს ალბათობით გამოწვეულ უსამართლობას და ძალიან არაეფექტიანია გარეგანი ეფექტების (externalities) და სხვა საბაზრო ჩავარდნის შემთხვევაში. კომუნიზმი - ყველა მუშაობს ისე, როგორც შეუძლია და მოიხმარს იმდენს, რამდენიც სჭირდება - სამწუხაროდ უტოპიაა და მისი მიღწევის ყველა მცდელობა ან კრახით მთავრდება, ან უფრო დიდ უსამართლობებს იწვევს (საბჭოთა კავშირი, ჩრდილო კორეა, მაოს დროინდელი ჩინეთი და ა.შ.). არაერთმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ვერც სოციალიზმი მუშაობს (საბჭოთა კავშირი, კუბა და ა.შ.). შესაბამისად, თუ რამე ვისწავლეთ განვლილი წლებისგან, ეს არის ის, რომ იდეოლოგიებისთვის ბრმად მიყოლა არ არის კარგი იდეა.

იმისთვის, რომ დავადგინოთ, თუ როგორი მიდგომაა სამართლიანი, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ როლსი თავის ნაშრომში სამართლიანობის თეორია გვთავაზობს გონებრივ ექსპერიმენტს, რომელსაც ის უწოდებს არცოდნის საბურველს (Veil of Ignorance). ამ გონებრივი ექსპერიმენტის მიხედვით, ადამიანები დროებით იბურებიან ჰიპოთეტური არცოდნის საბურველით, რის შედეგადაც მათ არ ახსოვთ, თუ ვინ არიან ისინი - მიეკუთვნებიან მდიდარ, საშუალო თუ ღარიბ კლასს; არიან პრივილეგირებული კასტის, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული ჯგუფის წარმომადგენლები თუ პირიქით.

როლსის მიხედვით, სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი საზოგადოების მოწყობის სამართლიანი წესების შემუშავება. რამდენადაც არცოდნის საბურველის მოხსნის შემდეგ არსებობს ალბათობა, რომ საბურველში მყოფი თითოეული ადამიანი აღმოჩნდება ღარიბ / არაპრივილეგირებულ ჯგუფში. ისინი აირჩევენ ისეთ წესებს, რომელიც არ ჩაგრავს არაპრივილეგირებული ჯგუფის წევრებს; აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, თანასწორი მოპყრობა და კონიუნქტურა, რომელიც აღმავალი სოციალური მობილობის შესაძლებლობას იძლევა.

როლსი ბევრად შორს მიდის, ვიდრე ოქროს სტანდარტად მიჩნეული მორალი: ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ. ეს მიდგომა მაინცდამაინც არ მოითხოვს წესების დამდგენის მიერ თავისი გადმოსახედის შეცვლას - ფინანსურად წარმატებულ გარემოში გაზრდილი ადამიანი კარგი განათლებით, რომელიც წინააღმდეგია ღარიბებისთვის სოციალური პროგრამების არსებობის, გაამართლებს თავის გადაწყვეტილებას იმით, რომ ის ღარიბი რომც იყოს, სოციალური პროგრამების გარეშეც მიაღწევს წარმატებას. თუმცა ამას ის ამბობს, როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი განათლება და ფულის შოვნის უნარი; მას სიმდიდრე რომც ჩამოაცილო, დიდი ალბათობით მაინც შეძლებს წარმატების მიღწევას. ის არ შეხედავს ვითარებას იმ ადამიანის თვალთახედვიდან, ვინც გაიზარდა სიღარიბეში, სადაც არ იყო ხელმისაწვდომი განათლება და ცხოვრების უმეტეს ნაწილს მცირეოდენი ფულის/საკვების ძებნაში ატარებდა, რათა გადარჩენილიყო.

რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებში ასეთი ადამიანებიც აღწევენ წარმატებას, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. როგორც წესი, ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სიღარიბეში იზრდებიან, მთელ ცხოვრებას სიღარიბეშივე ატარებენ. იგივე ემართებათ მათ შვილებს და იქმნება ე.წ. თაობათაშორისი სიღარიბე.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ღარიბი/არაპრივილეგირებული ბავშვების ხარისხიანი განათლების (ადრეული და სკოლამდელი განათლების ჩათვლით) და ჯანდაცვის სუბსიდირება თუ სოციალური ტრანსფერები სამართლიანია. პოპულარული არგუმენტი, რომ ნამდვილი მერიტოკრატიის პირობებში ღარიბი ოჯახებიც მოძებნიან საშუალებას, ბავშვებს ასწავლონ (აიღებენ სესხს, ონლაინკურსებს გაივლიან და ა.შ.), რეალობას არის მოკლებული. აბსოლუტურ სიღარებიში მყოფ ოჯახებს ყოველდღიურად საკვების შოვნა უჭირთ, მათ არც ონლაინკურსის დრო/საშუალება აქვთ და არც გრძელვადიან სესხს მისცემს კერძო ბანკი (მცირე ზომის სესხი კიდევ შეიძლება უშველებელი საპროცენტო განაკვეთით).

თუ პრივილეგირებულ ჯგუფს მიეკუთვნებით, სამართლიანობა და ჰუმანიზმი არ გადარდებთ და მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე ფიქრობთ, მაინც თქვენს ინტერესშია, რომ არაპრივილეგირებული ჯგუფების წარმომადგენლები არ დაიჩაგრონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამოვიდნენ სიღარიბის მოჯადოებული წრიდან: უთანასწორობის ზრდა, განსაკუთრებით, როცა ის ხელს უშლის აღმავალ სოციალურ მობილობას, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას ახდენს გრძელვადიან პერიოდში.

ემპირიული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეკონომიკის შენელება ყველაზე უფრო დრამატულად ფინანსურად მოწყვლად ფენებზე მოქმედებს, ზრდის სიღარიბის ნაპრალს (poverty gap) და ზოგადად სიღარიბეს. ეს ასოცირდება დანაშაულის მატებასთან, გარემოს დეგრადაციასთან (ხე-ტყის განადგურება, მომეტებულად დამაბინძურებელი და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ენერგიის წყაროების გამოყენება, ა.შ.) და დაავადებების გავრცელების რისკის ზრდასთან (ღატაკ დასახლებებში, როგორც წესი, უფრო მაღალია ჰეპატიტების, ტუბერკულიოზისა და სხვა დაავადებების შემთხვევები და, შესაბამისად, გავრცელების რისკიც). საზოგადოება ხდება ქაოტური, იზრდება უნდობლობა და მცირდება სოციალური კაპიტალი, რაც ხელს უშლის კოლექტიური მიზნების მიღწევას.

ისტორიულად უთანასწორობისა და სიღარიბის ზრდა, როგორც წესი, ხდება ქსენოფობიისა და ულტრამემარჯვენე/მემარცხენე პოლიტიკური ძალების გაძლიერების მომასწავებელი, რაც დღესაც აშკარაა, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში ასევე გაიზარდა უთანასწორობა (თუმცა, აქ სხვა ცვლადებიც მოქმედებს). ეს კიდევ უფრო ხლეჩს საზოგადოებებს, განვითარებად ქვეყნებში იწვევს არეულობებს და ზრდის სიძულვილზე დაფუძნებულ დანაშაულებს. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ სიღარიბის ზრდა იყო ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული არეულობების ერთ-ერთი კატალიზატორი.

გარდა ამისა, ეკონომიკური გეოგრაფიის (აგლომერაციები), სოლოუს (იგივე ნეოკლასიკური) ზრდის მოდიფიცირებული (augmented) და ენდოგენური ზრდის მოდელებზე დაფუძნებული ემპირიული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანური კაპიტალი (განათლებული და ჯანმრთელი მოსახლეობა) არის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი. განათლებას და, გარკვეულწილად, ჯანდაცვასაც აქვს პოზიტიური გადაღვრის ეფექტი (spillover effect), რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ის ადამიანი სარგებლობს, ვისაც განათლება აქვს ან ის, ვინც აიცრა ვირუსისაგან თავის დასაცავად, არამედ მთელი საზოგადოება.

რა თქმა უნდა, სწორი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განსაზღვრა და ადმინისტრირება, რომელიც კარგად არის მორგებული ქვეყნის რეალობაზე და მინიმალურად ახდენს შრომის მამოტივირებელი ფაქტორებისა თუ სხვა ნეგატიური გვერდითი მოვლენების შემცირებას, არ არის ადვილი. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც ამას ბოროტად გამოიყენებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც შეიძლება გაუმკლავდე საჯარო ფინანსების გამჭვირვალე და პროფესიონალური მართვით და შესაბამისი სანქციებით დამრღვევების წინააღმდეგ.  

რწმენა, რომ ყველა თვითონ განსაზღვრავს საკუთარ ბედს და შესაბამისად, სიღარიბის მთავარი მიზეზი სიზარმაცეა - მითია. სიღარიბე არ არის მხოლოდ ღარიბების პრობლემა, არამედ ყოველი ჩვენგანის. მას ერთად უნდა ვებრძოლოთ არა ღარიბების სტიგმატიზაციით, არამედ თანადგომით, რათა შემდეგ მათაც შეძლონ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^