Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს

27 დეკემბერი 2017

ბატონო გახარიავ,

თქვენ ჯერ ერთი კვირაა, მინისტრი ხართ და უკვე მოფუჭდით - თქვენმა სისტემამ იძალადა  მთვრალ ადამიანზე და მერე თქვენმავე სისტემამ გამოაქვეყნა მთვრალი ადამიანის დამონტაჟებული, საცოდავად შეკოწიწებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის იგინება. კი, ბატონო, გინება მართლაც რა საჭიროა, პრემიერ მინისტრი რომ არ ხარ! მაგრამ უცნაური ისაა, რომ თქვენც და მთელი თქვენი სისტემა მთელი ეს დღეები ცდილობდით, ნაწამები ადამიანის გინება წარმოგეჩინათ ისეთ რამედ, რაც მის წამებას ლეგიტიმურს ხდიდა.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენმა სისტემამ ოთხი საათის განმავლობაში აწამა ადამიანი. მართალია, გაგიმართლათ, რომ არ შემოგაკვდათ და ახალ გირგვლიანად არ გექცათ ეს საქმე, მაგრამ მაინც არ გაგიმართლათ - ეს ნაწამები ადამიანი აღმოჩნდა ზვიად რატიანი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტი საქართველოში. ასე რომ არა, ეს „ქეისიც“ ისე მიიჩქმალებოდა, როგორც არაერთი მიჩქმალულა. ოთხი საათის განმავლობაში  ნაჟეჟი ადამიანი რომ შეაგინებდა პოლიციელებს, ეს გაგიკვირდათ? მართლაც ცუდად გქონიათ საქმე, ამის მეტი რესურსი თუ არ გაქვთ - ლამის გული ამიჩუყდეს. დიახ, ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე გაიშნიკებს.

თქვენ გგონიათ, ამ დამონტაჟებული, შეთითხნილი ვიდეოებით დაგვხევთ უკან და ამით საკუთარ სადისტ თანამშრომლებს „გააპრავებთ“? ცუდად გცნობიათ ქართველი ხალხი და მით უმეტეს, ჩვენი მწერლები. ჩვენ ასეთი რამეები „თამაშად და გვიჩანს მღერად“, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, შევდივართ ამ ომში. და ამ ომში გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ეს თქვენ არ ხართ).  თუ სამართლიანი რეაგირება არ იქნება, ჩვენ შეურაცხმყოფლად გავაშავებთ თქვენს მოძალადე სისტემას - გავაკეთებთ შარჟებს, სასაცილოდ ავიგდებთ თქვენი სისტემის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რომანების და ლექსების პერსონაჟებად გაქცევთ, ქუჩის სტენსილების მთავარ „გმირებად“ გამოვიყვანთ მოძალადე ნაბუშრებს, გავაკეთებთ თქვენთვის ფრიად უსიამოვნო  პერფორმანსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღეა ახალგაზრდა არტისტები უკვე გვთხოვენ ამ ნაბიჯებს. მადლობლები ვართ, ახალი შთაგონება რომ გაგვიხსენით. სანამ ამ საქმეში მონაწილე ერთი მოძალადე „გაიშნიკიც“ კი გარეთ იქნება, მანამ არ მოგცემთ მოსვენებას, არ ამოგასუნთქებთ! მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეგიყვანთ ისტორიაში - მართალია, ძალიან კომიკურები და საშვილიშვილოდ დასაცინები გახდებით, მაგრამ, რაც მთავარია, ისტორიაში შეხვალთ, ამას თქვენით ხომ ვერასოდეს მოახერხებდით.

ეს მუქარაა? დიახ, ეს მუქარაა, თქვენ გაქვთ მთელი სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ადამიანს სცემოთ, მერე ვიდეოები შეუთითხნოთ, მერე ეს ვიდეო ყოვლად სამარცხვინო „შიზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეთერში გააშვებინოთ, გყავდეთ ფეისბუკზე 10 ლარად დაქირავებული ანონიმი ტროლების მთელი არმია და მოძალადე სისტემის ხელის ბიჭები, მაგრამ ჩვენ მოძალადეებს არ ვურიგდებით. არ ვურიგდებოდით წარსულში და არ შევურიგდებით მომავალშიც.

ბატონო გახარიავ, თქვენ ინტერვიუში თქვით, რომ ჩვენთან, თანამედროვე მწერლებთან ერთად გინდოდათ რეფორმის გატარება. თქვენ მართლა ეს გგონიათ რეფორმა? შევარდნაძისდროინდელი რეიდებით რომ დადიხართ, მთვრალ ხალხს რომ აწამებთ და მერე ვიდეოებს უთითხნით - მართლა ეს გგონიათ რეფორმა?! სადისტს პოლიციელებს რომ ხელს აფარებთ, ეგ გგონიათ რეფორმა? და ფიქრობთ, რომ ჩვენ მოვალთ თქვენთან და ამ ყველაფერში ხელს შეგიწყობთ? მგონი, მართლაც ვერ აცნობიერებთ ვითარების სირთულეს.

ჩვენ ვიცით საზოგადოების განწყობა (ეს ჩვენი პროფესიული თვისებაა), ამიტომაც ქართველი მწერლების, პოეტების, მხატვრების, პერფორმერების და ზოგადად, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ბოდიში მოიხადოთ საქვეყნოდ. და ამ ბოდიშს თან უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო მოქმედებები. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ თქვენ დაინახეთ საკუთარი სისტემის დანაშაულებრივი სახე.

ბატონო გახარიავ, შეთითხნილი ვიდეოს გამოქვეყნებით და ამით საკუთარი სადისტი პოლიციელების სახიდან ფურთხის ჩამოწმენდით თქვენ თავი მიიყენეთ კედელთან. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, შემობრუნდებით მაგ კედლიდან, თვალებში ჩაგვხედავთ და ბოდიშს მოიხდით, თუ დარჩებით მანდვე ეგრე აყუდებული სამუდამოდ.

ბოდიშს ველით! დროის ათვლა დაწყებულია.

პაატა შამუგია

_______________________________________________________

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^