ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოება თანამედროვე ქართველ პოეტზე, ზვიად რატიანზე საუბრობს. მისი აქტუალიზაცია, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების დროს, რომელიც პოეტის მონათხრობის მიხედვით, ნარჯისფერი ქურთუკის გამო დამუნათებას გულისხმობდა, პოლიციელების მისამართით უხამსი გინების არასანქცირებულმა გამოყენებამ გამოიწვია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მწერალების საგანგებო განცხადების საპასუხოდ, რომელშიც ზვიად რატიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავეთა დასჯას ყველა ერთსულოვნად ითხოვდა, პოეტის უცენზურო გინებების ლამაზი ვიდეოკოლაჟი გაავრცელა. დამონტაჟებულ მასალაში კარგად ჩანს პოეტის უხამსი ლექსიკა და სრულებით არ ჩანს მისი ნაცემი სახე.
ფართო საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებამ მოიცვა. ყველას გინება გაუგონია ქართველ ხალხს, მაჟორიტარის თუ პარლამენტარის, თვით პრემიერის მოკითხული კეთილებიც კი ეამაყება ზოგიერთს, მაგრამ პოეტი, ნურას უკაცრავად!
ქარტიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაამტყუნა. მწერლებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს მას. მაგრამ ქართველი ხალხი ისეთი ბრძენია, სასამართლოს გარეშეც ყველამ იცის რომ, მთვრალი პოეტი რომ იგინება საცემია. გახარია კიდევ უფრო ბრძენი აღმოჩნდა და მწერლებთან შესახვედრად მოულოდნელად კულტურის სამინისტროში დაიხატა. შეხვედრა რომ ემოციური იყო დასტურად, სასწრაფოთი იქიდან გამოყვანილი დათო ტურაშვილიც კმარა. მაგრამ იმედი უკვდავია,
ბოლოს და ბოლოს კარზე ახალი წელია მომდგარა და დიმიტრია თავდებში რომ დღესასწაულებზე ელექტროენერგია ყველას ექნება.
ვიდეოს გავრცელებაზე და პოეტთან მეგობრობაზე, ერთზე პასუხისმგებლობა და მეორეზე ხელი საზ. მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა აიღო. მან სასიამოვნო მზადყოფნა გამოთქვა თავი შეუშვიროს ყველას ნასროლ ქვას, ვისაც ახალი წლის გატარება სხეულის განგებ დაზიანებისა მუხლით ციხეში სურს. ხალხმა თქვა, ვაი და თავმა აისხლიტოსო და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის ხარისხიანი ობიექტურობის იმედად გაიძლიერა შინაგანი რწმენა.
ახალ წელიდან რაღაც აუცილებლად გვეშველება!
მე კი მაინც მგონია რომ, შეურაცხყოფაზე საპასუხოდ თავდასხმა-თავდაცვაა. რაც ფსიქოლოგების აზრით, სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი პიროვნული რეფლექსია. უფრო მეტიც, ბოლო კვლევების მიხედვით დასტურდება რომ, საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად უცენზურო სიტყვებს არა ღარიბი ლექსიკის გაუთლელი და ხეპრე ადამიანები იყენებენ, როგორც ამას სტერეოტიპები გვიმტკიცებენ, არამედ საშუალოზე მაღალი ინტელექტით დაჯილდოვებულები. აზრის ვერბალური ცენზურის გარეშე დაფიქსირებაში ინტელექტის და სითამამის გარდა, შინაგანი თავისუფლების ხარისხიც საკვანძო როლს თამაშობს. ამაში დასარწმუნებლად კი, ერთი პარტიზანი ქალის და ვიღაცის ცოლის დაუვიწყარი დებატის გახსენებაც საკმარისია.
არც ნეირობიოლოგებისთვის წარმოდგენს საიდუმლოს რომ, სტრესულ სიტუაციაში ემოციების თავისუფალად გამოხატვა გაუტკივარებას, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ანალგეზიას იწვევს.
ვინ იცის შეძლო თუ არა ოთხ საათიანი არაჰუმანური მოპყრობისა და შეურაცხყოფის დროს შეუპოვარი გინებით პოეტმა საკუთარი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის შემსუბუქება.
მაგრამ ფაქტია ერთია, თუ ეს ძალადობაც ხახვივით შერჩა სისტემას, პოლიციელები შემდეგ წელსაც დღე ნიადაგ დაიცავენ ქართულ საზოგადოებას ათასი რჯულის გამოგონილი მტრებისგან, განსაკუთრებით ნასვამი პოეტებისგან და ამაში ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ხელფასსაც აიღებენ.
მაგრამ მანამდე ყური დაუგდეთ მშობიარეთა პალატებიდან გამოსულ ხმებს. ქართველი მომავალი დედები ისეთი შემართებით იგინებიან ყურებს არ დაუჯერებთ. მემგონი შემდეგი წლის ბიუჟეტის შევსებაში კრიმინალ ნარკომანებს, ქართველი დედებიც შეეხიდებიან, ამ ქვეყანაში ხომ უკვე გინებაც დანაშაულია. მანამდე კი დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
ვიცი შემდეგ წელს, რაღაც ახალი გაგვიკვირდება.