Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხრა მთას იქით რომ ირემია

04 იანვარი 2018

მე ვარ… დაასრულეთ წინადადება. დაასრულეთ რვაჯერ, თორმეტჯერ.. მერე კი თითოეულ წინადადებას კარგად დაუკვირდით.

მე ვარ… კეთილი. მართლა? ვისთვის? ვის თვალში? ას ადამიანს რომ ვკითხოთ აზრი თქვენს შესახებ, ასივე დაადასტურებს ამას? სავარაუდოდ, ასივეს სხვადასხვა აზრი ექნება თქვენს შესახებ. ან თავად ბოლომდე ხართ დარწმუნებული, რომ ყოველთვის, ყველასთვის კეთილი ხართ?

ვინ ვართ ჩვენ? სად ვართ? როდის ვართ? რა არის ჩვენი ნამდვილი მე?

კარლ გუსტავ იუნგის დედას სულიერი პრობლემა სტანჯავდა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ პატარა ბიჭი ემოციურ დეფიციტს, სიცივეს გრძნობდა მისგან. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ პატარა ბიჭმა უსულო მანეკენი დაამზადა, სხვენში მიმალა, პერიოდულად აკითხავდა და თავის ფიქრებს ბარათების სახით აკრავდა მას.

შემდეგ უკვე ზრდასრულმა იუნგმა, აღმოაჩინა, რომ მისი ქცევა წააგავდა ველური ტომების წარმომადგენელთა ქცევას უტყვ კერპებთან ურთიერთობისას და რადგანაც მან, ბავშვობაში საერთოდაც არაფერი იცოდა ველური ტომების ან მათი კერპებთან ურთიერთობის შესახებ, დაებადა კოლექტიური არაცნობიერის იდეა.

კოლექტიური არაცნობიერი, ინდივიდის თანდაყოლილი, ევოლუციურად ჩამოყალიბებული არაცნობიერი ნაწილია, საცავი, რომელშიც ინახება კაცობრიობის უნივერსალური მოგონებები და ემოციური ხატები. 

იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უკავშირებს ადამიანების მიერ  მითების, ხელოვნების ფორმების და სიმბოლოების ინტუიტიურ აღქმასა და გაგებას და მიიჩნევს, რომ სწორედ კოლექტიური არაცნობიერია რელიგიის, ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების წყარო თითოეული ადამიანის ფსიქიკაში.

იუნგმა შემოიტანა არქეტიპის ცნებაც.  არქეტიპი არის ობიექტის პრიმიტიული სიმბოლური წარმოდგენა და რეპრეზენტაცია ან კონკრეტული გამოცდილება, რომელიც მოიცავს მის შესახებ არსებული აზრებისა და განცდის ასოცირებულ, ინსტინქტურ ტენდენციას.

მაშასადამე, არაცნობიერი ამოტენილია კოლექტიური ცოდნით და არქეტიპული მეხსიერებით, მაგრამ რა ხდება ცნობიერ ნაწილში? ცნობიერების ამოვსება ხომ უწყვეტი დინამიკაა? ის ძველთუძველესი არქეტიპები უხსოვარი დროიდან დაგროვდა ცნობიერში და არაცნობიერში დაილექა, მაგრამ საუკუნეების შემდეგ ხომ ჩვენი ახალი ცნობიერებით შედგენილი ხატები, მოგონებები საუკუნეების შემდგომ მოსული ადამიანების არაცნობიერს იგივე მექანიზმით დაემატება? ან კი დღეს, ახლა, როგორ ყალიბდება ჩვენი მე?

იუნგისავე აზრით, პერსონა არის ადამიანის მიერ შეგნებულად (მე ვიტყოდი ხშირად შეუგნებლადაც და სწორედ ამ შეუგნებელზე ვამყარებ მეტ იმედს) შექმნილი პიროვნულობა, იდენტობა, ინდივიდუალურობა, რომელსაც ის წარმოქმნის კოლექტიური ფსიქიკის გავლენით.

პიროვნება არის კოლექტიური ფსიქიკის მიერ შეთხზული მრავალი ნიღაბი, რომლებსაც ადამიანი ირგებს და იყენებს სოციალურ ურთიერთობებში და არათუ სხვები, თავადაც იჯერებს, რომ მისი შენიღბული ინდივიდუალობა არის ნამდვილად თვითონ. პერსონა-ნიღაბი მედიატორია ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, რომელიც ემსახურება ინდივიდუალური ბუნების ნაწილობრივ დამალვას და სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენას.

(სათავეშივე იგულისხმება, რომ სინამდვილე, ნაწილობრივ მაინც  საიდუმლოა? საიდუმლო - ადამიანის ერთერთი მთავარი განმასხვავებელი ცხოველისგან).

ფსიქოთერაპიას თავის არსად, მოვალეობად მიაჩნია, პაციენტს დაეხმაროს ინდივიდუალიზაციაში, “ნამდვილი სახის” დაბრუნებაში და თერაპიის პროცესს აკისრებს ნიღბისგან განთავისუფლების და არაცნობიერი იმპულსების ძალისაგან პიროვნების დახსნის როლს.

აი, სწორედ აქ მიჩნდება საკამათო იუნგთან და ფსიქოთერაპიის პროცესთან, რადგან ნამდვილი სახით ადამიანი აღარ შეიძლება არსებობდეს სოციუმისთვის, ნამდვილი სახე მან პირველყოფილ მდგომარეობაშივე დათმო კულტურის სასარგებლოდ და მერე მილიონობით წელი მოანდომა მის საბოლოოდ დაპატარავება-მიჩქმალვას. ადამიანს საკუთარი სექსუალობაც კი უხერხულობას უქმნის, რაც ერთერთი მთავარი სათავეა ყველა მომდევნო სინამდვილის გამრუდებისთვის.

ზღაპრებში ალბათ წაგიკითხავთ, უძლეველ დევს რომ მზეთუნახავი მოღალატურად მიუცუცქდება და “სადაა შენი სული? რაშია შენი ძალა?” ეკითხება. დევი პასუხობს: “ცხრა მთას იქით რომ ირემი ბინადრობს, მუცელში კოლოფი აქვს, ჯერ ირემი უნდა იპოვონ და მოკლან, შემდეგ კოლოფი გახსნან, კოლოფიდან ჩიტი ამოფრინდება და თუ იმ ჩიტს მოიხელთებენ, დავუძლურდები მე. იმ ჩიტშია ჩემი სული”. როდესაც მინდა, ვიკვლიო საკუთარი თავი და მივაგნო მეს, ყოველთვის ბავშვობაში, თითქოს უკვე ასე შორეულ წარსულში  წაკითხული ზღაპრებიდან ეს, ან მსგავსი ეპიზოდი მახსენდება და ვხვდები, დევისგან განსხვავებით, ნაკლებად ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი ლურჯი ჩიტი, სადაა ჩემი ჭეშმარიტი მე.

ადამიანი არის გაგონილ ამბავთა, შეგონებათა, მოგონებათა და სხვა და სხვა გამოცდილებების და შთაბეჭდილებების ჯამი.

პირველი ცოდნა, ინფორმაცია ოჯახიდან იტვირთება ჩვენს გონებაში, შემდეგ კულტურა, ცივილიზაციის ის სივრცე ამატებს წარმოდგენებს კარგი და ცუდი ადამიანის, კარგი და ცუდი თვისებების, ქცევების შესახებ, შემდეგ გაგონილი ამბავი, ნანახი ფილმი, წაკითხული წიგნი, ტელევიზიით მოსმენილი ინფორმაცია…. ფრაზები, რომელიც ჩვენი ნააზრევი გვგონია, ხშირად არათუ თავად განგვიცდია, გვინახავს, წაგვიკითხავს, არამედ საიდანღაც მოგვიტანა ქარმა.

სულ პირველი, ღრმა ბავშვობაშივე ატყეპებული შრეები აყალიბებს ჩვენს შემდგომ შინაგან პოზიციასაც, - დროთა განმავლობაში, სამყაროში არსებული ზღვა ინფორმაციიდან რას შევამჩნევთ, რა მოხვდება ჩვენს ფოკუსში, რას ავირჩევთ ასატყეპებლად, რა გახდება “ჩვენი”. აქ უკვე პროცესი ნებაყოფლობითი გვგონია, რადგან გარკვეულწილად არჩევანის თავისუფლების ილუზიას ვგრძნობთ.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ ფსიქიკური განწყობის, აზრის არჩევანის ან ცვლილების პროცესი, მარტივ მაგალითს მოვიტან:

რომენ გარის ნაწარმოებში “ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ მოქმედებს” არის ეპიზოდი, - შეყვარებული კაცი უყურებს ქალს და აღწერს, - შუბლზე თმის ბუსუსები მხატვრის მიერ ფანქრით გავლებული შტრიხებივით ჩრდილებს ქმნიდა”.

იმდენად აღმაფრთოვანა ამგვარმა ხედვამ, წარბების ამოქნა შევწყვიტე და ახლა ასე მგონია, რომ აღარ არსებობს ბუნებაში ძალა, რომელიც დამარწმუნებს, რომ ეს მოუწესრუგებლობაა და არა ის, რომ თვალის ჩრდილის მოვალეობას ასრულებენ მშვენიერი შტრიხები და სასიამოვნოდ ბურავენ მზერას. იყო დრო, რამსისქე წარბები აქვს, ბრეჟნევივითო, ფრაზა წარმართავდა წარბების აუცილებელი პუტვის სურვილს.

“ჩვენ რეპროდუქციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენი პირადი მსოფლხატის უდიდესი ნაწილი საკუთარი თვალით არასდროს გვინახავს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკუთარი თვალით კი გვინახავს, მაგრამ არა იქ, იმ ადგილას; ჩვენ ტელე-მაყურებლები, ტელე-მსმენელები, ტელე-მცოდნეები ვართ. არ არის აუცილებელი როდესმე გახვიდე ამ პატარა ქალაქიდან, იმისთვის, რომ დღემდე ყურში გედგას  ჰიტლერის ხმა, სამი მეტრის მანძილიდან გენახოს სპარსეთის შაჰი და იცოდე, როგორ გაჰკივის მონსუნი ჰიმალაიზე და რა ხდება ზღვის დონიდან ათასი მეტრის სიღრმეში. დღეს ყველას შეუძლია ამის ცოდნა. ამისთვის რა, როდისმე ჩამიყვინთავს ზღვაში; ან გამივლია ევერესტის სიახლოვეს? ადამიანის შინაგანი სამყაროც ასეთია. დღეს ყველას შეუძლია ამის ცოდნა. მე რომ მკვლელის ინსტინქტი კ.გ. იუნგისგან არ მისწავლია, ეჭვიანობა მარსელ პრუსტისგან, ესპანეთი ჰემინგუეისგან, პარიზი ერნსტ იუნგერისგან, შვეიცარია მარკ ტვენისგან, მექსიკა გრემ გრინისგან, სიკვდილის შიში ბერნანოსგან და შინ ვერ დაბრუნება კაფკასგან და ყველაფერი დანარჩენი თომას მანისგან, ეშმაკმა დალახვროს, ეს როგორ უნდა დავუმტკიცო ჩემს ადვოკატს? “ - მაქს ფრიშის ნაწარმოების პერსონაჟი, გამწარებით  ამტკიცებს თავის სულ უბრალო სიმართლეს, რომ ის არ არის ის. ყველაზე ძნელი კი, მოგეხსენებათ, სიმართლის დამტკიცებაა.

იგივე პერსონაჟის აზრით, სულაც არაა აუცილებელი “ეს ბატონები” წაკითხული გქონდეს, ისინი ისედაც ჩვენში არიან ჩვენი ნაცნობების გავლით და შესანიშნავ რამესაც “გვასწავლის” - ის, ვინც სამყაროს ჰაიდეგერის და მხოლოდ ჰაიდეგერის თვალით უყურებს, ბევრად ინდივიდუალურად, პერსონად გამოიყურება, მათთან შედარებით, ვისაც თავში მთელი კოქტეილი აქვს გაზავებული.

წუთითაც არ იფიქროთ, საკუთარი თავის ძიებაში, თქვენივე გონების ლაბირინთში მინდა გზა აგირიოთ და დაგკარგოთ. სულ პირიქით. მინდა იგრძნოთ რამდენი რამ გადმოდის თქვენს ხელში, თუ თვალს გაუსწორებთ სიმართლეს - თუკი მე დიდწილად არ ვარ მე, ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია ვიყო ვინც მინდა.

რა რჩება “ნამდვილი მე”-ს წილად? მხოლოდ “საიდუმლო-მე”, რომელსაც არავის, ხშირად საკუთარ თავსაც კი არ ვაჩვენებთ  და მხოლოდ ის ამბები, რომელიც თავად გადაგვხდა.  თვით განცდებიც კი, რომლითაც თუნდაც საკუთარ თავს გადახდენილი მოვლენები განვიცადეთ, უმეტესწილად დიდი ხნის წინ ჩვენს ფსიქიკაში გაფორმებული პოზიციიდან, დამოკიდებულებიდან  განიცდება და ფასდება. ამიტომ ანალიზისას, უნდა ვეცადოთ, ფაქტს, მოვლენას დროებით ჩამოვაშოროთ ემოციური, გრძნობითი ნაწილი.

დავუბრუნდები ჩემს კამათს ფსიქოთერაპიის, კერძოდ არტ თერაპიის  როლთან, რომელსაც საუკეთესო თერაპიად მიიჩნევდა კარლ იუნგიც.

რადგან ადამიანის გონება უმეტესწილად, გარდა პაწაწინა ჩიტისა, ცხრა მთას იქით ირმის მუცელში რომ არსებობს, კოლექტიური არაცნობიერის და კოლექტიური ცნობიერის რეპროდუქციაა, ცვლილება შესაძლებელია. ოღონდ არა “ნამდვილი სახის” დაბრუნების პირობით, არამედ “ნამდვილი სახის” გაცნობის და აღიარების ნებით და რეპროდუქციის ნაწილის იმგვარად შეცვლით, როგორიც უკეთ მოერგება და უკეთეს ფუნქციონირებას აიძულებს ჩვენს “ნამდვილ მეს”. ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ჩვენს ფსიქიკაზე დაფენილი ის შრეები, დაუფიქრებლად მიშენებულ კონსტრუქციას რომ ჰგავს და განსაკუთრებით გვიბიძგებს “ნამდვილი მეს” ღალატისკენ, ხელს გვიშლის წინსვლაში, სიყვარულში, სიხარულის განცდაში და ჩამოვანგრიოთ უსარგებლო მიშენებები. შემდეგ კი ახალი, უფრო სასარგებლო მასალით ამოვაშენოთ. საბოლოო მიზნად კი დავისახოთ, ადამიანმა შეძლოს მაქსიმალურად მეტი დააგროვოს საკუთარი გამოცდილება, საკუთარი სუფთა სახის გრძნობა, რომ მეტი შინაგანი რწმენით  დაასრულოს წინადადება - მე ვარ…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^