Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასილ-ია-და

05 იანვარი 2018

ჩემთვის მიუღებლად როცა იქცეოდა, მაშინაც კი სიტყვა არ დამიძრავს ია ანთაძეზე. არის რაღაცები, რაც, ქვა თუ არ ხარ, გახსოვს და გახსოვს. როცა სტუდენტი ვიყავი და ერთი მართლა უმანკო ტექსტის გამო გაურკვეველი ფანატიკოსების მთელი ჯგრო მყავდა შემოსეული, რამდენიმე ადამიანი დამიდგა გვერდში და გამამხნევა.

მაშინ კიდევ უფრო  ახალგაზრდა და კიდევ უფრო გამოუცდელი ვიყავი და გვარიანადაც  დავიძაბე. ერთ-ერთი, ვინც იმ დღეებში შემომეხმიანა და თბილი სიტყვებით გამამხნევა, იყო ია ანთაძე.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ მომენტში და აქვს ახლაც. არ მჯერა, რომ ადამიანს, რომელსაც თანალმობის მცირე უნარი მაინც აქვს, შეიძლება მოეწონოს ის, რაც ახლა ხდება საზმაუში.

არ მჯერა, მაგრამ ფაქტები საპირისპიროში მარწმუნებს. ხანდახან რიტორიკულად ვკითხულობ: რა გაგიხდათ ეს სკამები, ხომ არ შეგეზარდათ?! აგერ, რამდენიმე ადამიანი, პროტესტის ნიშნად, უყოყმანოდ და ღირსეულად წამოვიდა ტელევიზიიდან, ზოგმაც პროტესტი სხვა ფორმით გამოხატა, როცა ეს სამარცხვინო ამბავი მოხდა.

ღირებულებების ამბავია, მეტი კი არაფერი, თორემ ამ გამომხმარ ქვეყანაში ხელფასი ზედმეტი არავისთვისაა.

ვინ ვინ და, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ნამდვილად იცის, რატიანის ვიდეო რისთვის გამოქვეყნდა და როგორ არის შეკოწიწებული. ტროლიციელები (შსს-ს ათლარიანი ტროლები, რომლებიც ანონიმური პროფილებით გამწარებულები პოსტავენ ფეისბუკზე) მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ სხვა არხებზეც გავიდა ეგ ვიდეო.

სხვა არხები კერძოა, ტროლიციელებო,  საზოგადოებრივი მაუწყებელი კი შეუდარებლად მაღალი სტანდარტებით განისჯება, მას სწორება საზოგადოებრივ სიკეთეზე უნდა ჰქონდეს, ეს კანონით მოეთხოვება. ნაყალბევი ვიდეოს გამოქვეყნება კი არათუ სიკეთე, არამედ გაცხადებული ბოროტება, ადამიანის გაფუჭების „კაგებეშნიკური“ მცდელობა იყო, მთელი სახელმწიფოს რესურსების მოქალაქის წინააღმდეგ მიმართვა იყო. და საერთოდაც, შეკოწიწებული ვიდეოებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ცილისწამებით და ზოგადად, ბოროტი მანიპულაციებით „საქმის“ კეთება  ერთხელ და სამუდამოდ თუ არ დამთავრდა, ამ ქვეყანას მომავალი, უბრალოდ, არ ექნება. ვწუხვარ, რომ ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე მოცდენა მიწევს.

არაფერს ვამბობ იმაზე, მსხვერპლი რომ ცნობილი პოეტი არ ყოფილიყო. უბრალო მოქალაქის წინააღმდეგ დათრგუნვის რა მასშტაბებს მიმართავდა ჩვენ მიერ დაქირავებული სახელმწიფო. ამ „კეისის“ (შს მინისტრს ჰყვარებია ეს სიტყვა)  სასამართლოში მოგებით, იგებს არა რატიანი, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც „გაიშნიკური“ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ან გახდება. და თუ ვერ მოგებს, წააგებს ყველა, მათ შორის, პოლიციაც, რომელსაც კარგა ხანს არ მიეცემა რეფორმის მცირე შანსიც კი. და ყველაზე დაჩაგრულები, ამ შემთხვევაში, იქნებიან ის პატიოსანი პოლიციელები, რომლებიც დღეს ამ სისტემაში არიან.

მე არ ვარ მორალისტი და საერთოდაც, არ მგონია ჩემი თავი მისაბაძი ადამიანი, მაგრამ ეს საქმე სამართლებრივიდან მორალურ სიბრტყეზე გადაიტანეს თავად შსს-მ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. თუმცა, მათ ერთი რამ ვერ გათვალეს - არაა მორალი მათი ძლიერი მხარე, ამიტომაც აფეთქდნენ საკუთარი ხელით დადებულ ნაღმზე. გინდოდათ მორალურ სიბრტყეში განხილვა? ინებეთ!

რაკი სამართლებრივიდან მორალურ სივრცეში გვიწევს დროებით გადაბარგება, ერთ საკვანძო დეტალს გამოვყოფ: ვასილ მაღლაფერიძემ ქნა ის, რასაც საქართველოში არავის ჰპატიობენ - აქ შეიძლება გაპატიონ იდეის ღალატი, მეუღლის ღალატი,  შეიძლება გაპატიონ ქვეყნის ღალატიც (ვიცით ასეთი ისტორიებიც) და ბოლოსდაბოლოს, ჯოკერში მეწყვილის ღალატიც კი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ არ გაპატიებენ მეგობრის ღალატს. ჩემს ქვეყანას ხშირად ვაკრიტიკებ, ზოგჯერ ძალიან უხეშადაც კი, მაგრამ, ჩემი მოკლე ჭკუით, მას ბევრი სიკეთეც აქვს და ერთ-ერთი ასეთი სიკეთეა წიგნი, რომელშიც მეგობრობაზე სულ სხვა რამეები წერია და არა ის, და არა ისე, როგორც საზმაუს ხელმძღვანელი მოიქცა. შეიძლება, ანონიმური ტროლიციელები ვერ მიხვდნენ, რომელ წიგნზეა ლაპარაკი, ამიტომ განვმარტავ: „ვეფხისტყაოსანს“ ვგულისხმობ.

მოკლედ, ასეთია მორალისტური ხაზი, ჩვენ მხოლოდ მივყვებით ამ ხაზის ლოგიკას.

რასაკვირველია, სამართლებრივად არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ზვიად რატიანი და ვასილ მაღლაფერიძე მეგობრები იყვნენ. მაგრამ რაკი მორალური რაკურსიდან სურთ მსხვერპლის დამნაშავედ წარმოჩენა და დამნაშავისა - მსხვერპლად, ჩვენც მორალური კატეგორიები გამოვიყენოთ. მაღლაფერიძემ უბრალოდ  კი არ უღალატა მეგობარს, არამედ შსს-დან სახელდახელოდ გამოითხოვა A priori ფაბრიკაციული, შეკოწიწებული ვიდეო და აი, ეგ ვიდეო გამოუქვეყნა მეგობარს, რათა მერე საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ გადაწყობილიყო და ფანატიკოსების პოტენციურ საკბილოდ ექციათ ის და მისი ოჯახი. მიზანი ცემა-ტყეპაზე გამეცადინებული „გაიშნიკების“ საქმის გადაფარვა იყო, რაც არ გამოუვიდათ.  

მე გულჩვილი ადამიანი ვარ და წინასწარ მებრალება ამ საქმეში მონაწილე ყველა ადამიანი, და დარწმუნებული ვარ, რომ - მოდურ სიტყვას ვიტყვი -  ბულინგისგან მათი დაცვაც მომიწევს ცოტა ხანში.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ამ ყველაფერზე ამდენს და ასე არასოდეს დავწერდი, რომ არა მორალური და ფსიქოლოგიური წონასწორობის რღვევის ის მცდელობა, რაც ამ ნაყალბევი ვიდეოს გამოქვეყნებამ გამოიწვია.

რა თქმა უნდა, მთავარზე მთავარი არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ სადისტი პოლიციელების გამოვლენა და საქმის სამართლებრივ სივრცეში მოქცევაა, თორემ მორალურ სივრცეში გადატანით საზოგადოებას უკვე მიადგა ზიანი და უფრო მეტიც მიადგება. 

და რაც მთავარია, ჯერ არ დანიშნულა მოძალადეების სასამართლო პროცესი, მაგრამ როცა დაინიშნება, ველით, რომ ქართველი თემიდა ბრმასთან ერთად, ყრუც არ აღმოჩნდება და ზედმიწევნით კარგად გაიგონებს სადისტების მიერ ნაბეგვი ადამიანების ხმას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^