ჩვენ აქ ვართ. ქალები რომლებსაც გვახსოვს, რომ 1989 წლის 9 აპრილს 17-მა ქალმა პარლამენტის შენობის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა სიცოცხლე.
ჩვენ ვართ ქალები, ვინც 90-იან წლებში გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა დედებმა ამ გადარჩენას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს.
ჩვენ ვართ ის ქალები, ვისაც სულ ათიოდე წლის წინ ერთმორწმუნე რუსეთის ხელისუფლებამ შვილები მშობლიური სოფლების ეზოებში მოუკლა.
დიახ, ჩვენ გვჭირდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ სამომავლოდ ჩვენს შვილებს არავინ არასოდეს დააჩოქებს არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არც ლობიოს და პურის მონატრებით, არც ციხეში ჩაგდებით და არც ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით.
ჩვენ გვჭირდება ისეთი სახელმწიფო, სადაც კეთილდღეობა ყველასთვის ერთნაირად იქნება ხელმისაწვდომი და მატერიალურ სიკეთეებზე უარის თქმას არ იქადაგებენ ისინი, ვინც თავად ამ სიკეთით, ჩვენს ხარჯზე არ არიან აღვსილნი.
ჩვენ გვჭირდება გამბედაობა, საკუთარ ხელში ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მშენებლობაზე. გამბედაობა, რათა დავიბრუნოთ ქვეყნის მართვის სადავეები მათგან, ვინც არც საერო, არც საეკლესიო კანონებით არ არიან უფლებამოსილი ჩვენზე ბატონობდეს და ამას ადამიანის მიმართ ყველაზე მოსიყვარულე იდეის სახელით აკეთებდეს.
ასევე გვჭირდება გამბედაობა და ცოდნა, ბევრი შრომაც, დასახული მიზნების ერთგულება და სულიერი სიმტკიცე. ამ გზაზე კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ, პატივს ვცემდეთ სხვა ადამიანის პიროვნებას. ვაღიარებდეთ შეცდომებს, ვისმენდეთ და ვითვალისწინებდეთ სხვის აზრს, ვეხმარებოდეთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ვაგრძელებდეთ სამყაროს კვლევას, შემეცნებას. და რაც მთავარია, ვხედავდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ამ განწყობით უნდა შევუდგეთ ჩვენი რეალობის შექმნას. ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ:
ჩვენი სახლები და ქუჩები თავისუფალი იყოს ძალადობისგან;
მძიმე სამუშაოს შესრულებისას სულ მცირე ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული;
ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დაყვანილი ყველა დროის ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანების გამდიდრებამდე;
სოფლებში გვქონდეს გზები;
სასმელი წყალი, მიწა; ჰაერი ქალაქებში იყოს სუფთა და ადამიანისთვის ვარგისი;
კეთილმოწყობილ გარემოში სკოლამდელი აღზრდა ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის;
მოზარდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სამომავლოდ მათ თავის რჩენის, ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს;
უნდა ხდებოდეს ხანში შესული ადამიანების ხელშეწყობა, ხოლო მძიმედ დაავადებული ადამიანები ჩვენგან სათანადო ზრუნვას იღებდნენ;
მართალია, რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ საქართველოში მცხოვრები ქალები, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და ყველაფერს შევძლებთ, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს!
ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს 2018 წელი ჩვენთვის!