Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელვარება და მღელვარება მოწეულსა ზედა

16 იანვარი 2018

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ კლუბ „რესპუბლიკის" ელექტრომუსიკითა და თრიაქით შეჯვარებულ სცენაზე თუ ასეთი საყოველთაო ქორეოდისკურსი იშვებოდა - ნამდვილად ვერა. მიზეზი ილიკო სუხიშვილის ახალი ნომერია, რომელმაც ღამის საკლუბო ფეხგასმასა და მტევანგაშლას საკმაოდ თამამად უწოდა „ცეკვა ქართული".

კარგი, ვთქვათ, დავუჯერეთ სუხიშვილ-უმცროსს და „გამოვრთეთ ტვინი". მაინც, რა ვნახეთ დაახლოებით 12-წუთიან ფრაგმენტში, რომელიც ინტერნეტს ელვისებურად მოედო (რადგან  ბევრი თქვენგანივით კლუბში არც მე ვყოფილვარ, დანარჩენ დროს რა ხდებოდა პასუხს არ ვაგებ): როგორ ენაცვლებიან კლუბის სცენაზე ერთმანეთს მოხდენილი გოგო-ბიჭები, რომელთაც არა ემოსათ დიბა-ატლასი თუ ჩოხა, მაგრამ ეცვათ კედები, შავი კაბები და ჩახსნილი პერანგები...

ელექტრონული მუსიკის რიტმს დამყოლი მათი სხეულები  მთრთოლავ სიმშვიდეს, დაღლილ სიმსუბუქესა თუ ჯერ განუცდელ მღელვარებას გამოსცემენ, რომლებიც ილიკო სუხიშვილმა თავისი აულაგმავი ფანტაზიით ერთად შეკრიბა და იმპროვიზებულად დაანაწევრა. მოკლედ, საამოდ საცქერი და საკლუბო სცენას მორგებული ცეკვა გამოვიდა.

სახელდახელოდ შეთხზული „ქართული" ახალი საკონცერტო პროგრამის ნომერი არ არის. ეს სპეციალურად საკლუბო საღამოსთვის მოფიქრებული ცეკვაა, რომელსაც სუხიშვილები ალბათ, არც ფილარმონიაში შეასრულებენ და ვერც საგასტროლო ტურნეში წაიღებენ. მიზეზი მარტივია - საკლუბო ცეკვა მაინც სხვა ფორმატს გულისხმობს, რომელიც არ და ვერ თავსდება დიდ საკონცერტო სივრცეში. სხვა შემთხვევაში ეს სინატიფე-სიზანტე-სიდაღლე, რაც ახალ ცეკვას თან ახლავს, სრულიად დაიკარგება.

სიმართლე ვთქვათ, ახალ საკლუბო „ქართულს" ცეკვასაც კი ბოლომდე ვერ უწოდებთ. ეს უფრო რიტმულ თავბრუს ხვევას ჰგავს, გავრცობილ თუ იმპროვიზებულ როკვას, რომელშიც უფრო მეტია დაგუბებული თავისუფლება და ჩამოქნილი სექსუალობა, ვიდრე  აკადემიური ცეკვის არქეტიპები. რასაც მაყურებელი უფრო  შეჩვეულია.

მოთელილი საკლუბო მოძრაობები (რომელიც ასევე თავისუფალ საკლუბო კოსტიუმებშია მოქცეული) და კიდევ უფრო მოთელილი „ქორეოგრაფიული სინტაქსი", ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და ცოტა თავმოყვარეობაზეც მოქმედებს - ეს არაა ქართული ცეკვა! არადა, თრიაქით მოდუნებულ თუ დრამებით მოტეხილ მათ სხეულებში ჩვენი უახლესი წარსული უფრო ცხადად ირეკლება, ვიდრე კარგად დაკონსერვებულ საკონცერტო ნომრებში.

თავის დროზე სუხიშვილ-უფროსებსაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ვიდრე მათ მიერ შეთხზულ „ქართულსა" თუ „ოსურში" ვინმეს დააჯერებდნენ. ფოლკლორი მათ „ნაციონალურ ბალეტად" აქციეს და ეს ყველაფერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიგნებული საცეკვაო მოძრაობების, ელემენტებისა და ილეთების შეერთებით მოახერხეს.

უმრავლესობას რატომღაც დღესაც ჰგონია, რომ ანსამბლ სუხიშვილების ცეკვები ასეთი აკადემიური სახით დიდი ხნის წინათაც არსებობდა. სინამდვილეში, „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და მხატვარ სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა". სწორედ მათ შეკრიბეს კავკასიური ცეკვები, ვირსალაძემ კი კოსტიუმები შექმნა. ასე რომ, ტრადიციის შერყვნაზე საუბარს, ისევ ექსპერიმენტზე სწორება ჯობს.

მერე რა, რომ კლუბებში „ნაკეთი" და ნაკვეთი ქორეოგრაფია ცოტა ჭუჭყიანია და დაუხვეწავიც, ხოლო იმპროვიზაცია სცენაზე ზოგჯერ ქაოსს უფრო წააგავს. მთავარი მაინც განვითარებაა, რომელიც თუნდაც მცდარი ელვარებისა და ექსპერიმენტული მღელვარების გარეშე ცუდად მაინც არ ჩაივლის. ასეთი ხმაური იყო თავის დროზე „ასა ფართის" გამო, არანაკლები ვნებათა ღელვა მოჰყვა პროექტს „რამიშვილები"; სულ ახლახან კი „ორნამენტისა" და „ოტობაიას" ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რომლის ელემენტები ასევე საინტერესოდ იკითხება ილიკო სუხიშვილის ახალ, კლუბურ ქორეოგრაფიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^