პერსონალური მონაცემების შესახებ პირველად გერმანიაში გავიგე. მაშინ, როდესაც ჰამბურგის მედიასკოლაში პირველი ლექციის დაწყებამდე ხელშეკრულებები დაგვირიგეს, წაკითხვა და ხელის მოწერა გვთხოვეს. საგანი ფრიად მეუცნაურა: ჩემი სპონსორი იმ ფოტოების გამოყენებაზე მთხოვდა ნებართვას, რომელსაც კლასში მისი წარმომადგენლები თავად იღებდნენ და საიტისა და სოციალური ქსელებისათვის იყენებდნენ.
მოგვიანებით გავარკვიე, რომ გერმანიაში პერსონალური მონაცემების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და რომ მსგავსი ნებართვის გარეშე შენს ფოტოებს არცერთი ორგანიზაცია არ გამოიყენებდა. ფოტოებისა და პერსონალური მონაცემების, ისევე როგორც პირადი ცხოვრების პატივისცემის საუკეთესო მაგალითი გერმანელებს, ალბათ, მიხაილ შუმახერის შემთხვევის სახითაც აქვთ, როდესაც სასწაულებრივად გადარჩენილი, ეტლს მიჯაჭვული ლეგენდის ცოლმა საზოგადოებას სთხოვა, ქუჩაში სეირნობისას არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მისი ფოტოები. „ფორმულა 1-ის” ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენს პარკებსა და სკვერებში თითქმის ყოველდღე ასეირნებენ, თუმცა გუგლში შუმახერის ასეთ ერთ ფოტოსაც კი ვერ იპოვით.
ჩემი მეორე გაოცება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. არ ვიცი, მაგისტრატურის გასაუბრებაზე დარეგისტრირებისათვის რატომ დასჭირდათ არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრის პერსონალური მონაცემებიც კი. თუმცა თვეების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ჩემი პირადი ინფორმაცია, რომელიც უნივერსიტეტს უნდა დაეცვა, ჩემი სახელისა და გვარის დასერჩვით ადვილად იძებნებოდა. ექსელის ფაილი არამხოლოდ ჩემს, არამედ იმ 616 ადამიანის მონაცემსაც შეიცავდა, ვისაც თსუ-ის მაგისტრანტობა სურდა.
არ დამეზარა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მივმართე. საქმის განხილვას ორ თვეზე მეტი დრო, რამდენიმე წერილი და ზეპირი განხილვა დასჭირდა. ადმინისტრაციული დარღვევის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯარიმდა. თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. როდესაც თსუ-სთან ჩემი დავისა და შედეგის შესახებ ფეისბუქზე სტატუსი დავწერე, ბევრმა გადაამოწმა საკუთარი თავი და ამავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
კომპანიებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჩვენი უფლებების დარღვევის მიზეზი ისიცაა, რომ აქტიურობა გვეზარება. ვერ ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ადვილად ხელმისაწვდომი ჩვენი ტელეფონი, მისამართი თუ პირადი ნომერი. აქტიურობა გვეზარება, თუმცა ყოველ ჯერზე ვბრაზობთ სარეკლამო შეტყობინებებზე, რომლებიც უფრო ხშირად მოგვდის, ვიდრე ქრაშის მესიჯებია და, ზოგ შემთხვევაში, მაშინაც არ წყდება, როდესაც ჩვენი ნომრის ბაზებიდან ამოღებას ვითხოვთ. ვინაიდან ქვეცნობიერში გვაქვს ჩაბეჭდილი, რომ ჩივილი ცუდია და მომჩივანი - უარესი, ჩვენი აქტიურობაც ისევ ფეისბუქით შემოიფარგლება. ადამიანები კი, რომლებიც კომპანიების კანონდარღვევის გამო არასოდეს იზარებენ ინსპექტორთან მიმართვას, რიგ შემთხვევებში სიტყვიერი აგრესიის მსხვერპლიც ხდებიან და კომპანიების თანამშრომლებიც ითვალწუნებენ.
სინამდვილეში არც ჩივილით და არც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვით ქართველობა არ გვერთმევა. უბრალოდ, ერთმანეთის პირადი ინფორმაციის პატივისცემით, იმ სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ვუწყობთ ხელს, ევროპასთან რომ უფრო გვაახლოებს. მანამ კი, სანამ ინსპექტორის აპარატისადმი მიმართვისა და კანონდარღვევის სამართლებრივი გზით მოგვარების კულტურას არ შევიძენთ, სამოქალაქო საზოგადოებაც მყიფე გვექნება.