გაიხსენეთ, რამდენად ხშირად გეკითხებიან თუნდაც უახლოესი ადამიანები, ატვირთონ თუ არა ფეისბუქზე ფოტო, რომელზეც თქვენც ხართ, გსურთ თუ არა, რომელიმე მათგანზე „დაგთაგონ”, ან ნამცხვრის მირთმევისას თუ მოგზაურობისას „დაგაჩექინონ“, სულაც თქვენი დაბადების დღიდან ფეისბუქზე „ლაივი“ გაუშვან და ძალიან პირადი დღესასწაული ათასობით თუ არა, ასობით მეგობარს გაუზიარონ. თუ უკითხავთ და გეკითხებიან, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, იმიტომ რომ ასეთი რამ მართლაც იშვიათია.
სამაგიეროდ, არც ისე იშვიათია ის უსიამოვნო თუ უხერხული სიტუაციები, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარმა „თაგმა” თუ „ჩექინმა”, ალბათ, თქვენს ბევრ ნაცნობსა და მეგობარს უკვე შეუქმნა. ეს ისტორიები ძირითადად ერთმანეთს ჰგავს ხოლმე, თუმცა შინაარსთან ერთად მათ კიდევ ერთი რამ - არასასურველობა აერთიანებს.
ფოტო ხომ მხოლოდ ერთი ცარიელი კადრი არ არის. მას დამატებითი ინფორმაციაც მოჰყვება: ვისთან ვმეგობრობთ, სად ვიყავით, როგორ გამოვიყურებოდით, რას მივირთმევდით, რა გვეცვა და ა.შ. აღარაფერს ვამბობ, სახლებში „დაჩექინებაზე“, რომელიც ძალიან მიმზიდველი პირდაპირი მინიშნება შეიძლება იყოს კრიმინალებისთვის და, რა თქმა უნდა, „ლაივის“ უნებართვოდ გაშვებაზე,
სოციალური ქსელებისა და მათი ფუნქციების აქტიური მომხმარებელი ვარ. ჩემი ყოველდღიურობა მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ: დაფიქრდი, სანამ დაპოსტავ, იმიტომ რომ ანდაზა „შენი ენა შენი მტერია“ თანამედროვეობაში „შენი პოსტი შენი მტერია“-დ იქცა. უფრო მეტიც: შესაძლოა თუნდაც ერთმა თაგმა უნებურად სხვა ადამიანს „უმტროს“.
უკვე დროა გავიაზროთ, რომ ჩვენი საყვარელი ფუნქციები, რომლებსაც სოციალური ქსელები გვთავაზობენ, ახალ შესაძლებლობებთან ერთად ეთიკური ქცევის დამატებით წესებსაც ქმნიან. ეს წესები კი არა მარტო საკუთარი, არამედ ირგვლივ მყოფი სხვა ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვასაც გულისხმობს. რაც მთავარია, ისინი ყველაზე კარგად ჩვენი შინაგანი კულტურით რეგულირდება, ამიტომ მისი დამკვიდრებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთ დროს არგუმენტები - „რა მოხდა, ფოტო ხომ საჯარო სივრცეშია გადაღებული“, „კაი ერთი, დასამალი არაფერი მაქვს“, ან „თუ არ გინდა მარტივად „დაგთაგონ“, პარამეტრები შეცვალე“ და ა. შ. არ გამოდგება. იმიტომ, რომ შინაგანი კულტურა პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს და სხვების ცხოვრების ტირაჟირების დროს ნებართვის აღებას ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევს: მაშინაც, როცა ვიღაც უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვაში კარგადაა გათვითცნობიერებული და მაშინაც, როცა მან ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცის.
სოციალური ქსელების ეპოქაში პრივატულობის შენარჩუნება ისედაც რთულია. თუმცა იმ ციფრულ ნაკვალევს, რომელსაც ყოველდღიურად ონლაინსივრცეში ვტოვებთ, მეტწილად მაინც თავად ვირჩევთ. ჰოდა, მივცეთ სხვა ადამიანებსაც შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ ნაკვალევის ნაწილს წარმოადგენდნენ. ამიტომ, ჯერ საკუთარი თავით დავიწყოთ და თუნდაც მეგობრისთვის დასმული მარტივი შეკითხვით: „შენც დაგაჩექინო?“ სხვების პერსონალურ მონაცემებს გავუფრთხილდეთ.
და თუ უარს მივიღებთ, გვახსოვდეს, რომ არც მისი მიზეზების ძიებაა ეთიკური. არ უნდა და მორჩა! უახლოესი ადამიანიც კი არ არის ვალდებული აგიხსნათ, თუ რატომ არ სურს. მას აქვს უფლება, არ გაამჟღავნოს საკუთარი ადგილსამყოფელი, არ გაუზიაროს ფოტოები სხვა მომხმარებლებს, არ იყოს მისი ცხოვრება ონლაინრეჟიმში გადაცემული.
28 იანვარი პერსონალური მონაცემების დაცვის დღეა. პატივი ვცეთ სხვების პერსონალურ მონაცემებს ონლაინსივრცეში და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინიც ამგვარდავე გვიპასუხებენ.
პ.ს. „დათაგვა“ ქართულად მონიშვნაა და „დაჩექინება“ - ადგილმდებარეობის აღნიშვნა, მაგრამ ასე უფრო აშკარა და ნათელია.