Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბავშვო პატრიოტიზმი

19 თებერვალი 2018

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან დამირეკეს, ბაღის გამოსაშვები ზეიმისთვის ვემზადებით და თქვენი მოწვევა გვინდაო. ბავშვებთან ხშირად მიხდება შეხვედრა - სკოლებშიც, ბაღებშიც; შაბათობით - მწერალთა სახლში, კვირაობით - ნოდარ დუმბაძის ფონდში, „ზურიკელას სკოლაში“. ერთი სიტყვით, ასეთი შეხვედრები ძალიან მიყვარს, რადგან დიდების სამყაროდან იქ აღმოვჩნდები ხოლმე, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ მეც და, როგორც ვაკვირდები, ბავშვებიც. ამიტომ, ცხადია, ამ მიპატიჟებასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

ცოტა ხანში მოსაუბრემ მკითხა - თქვენი ლექსები კი ვნახეთ, წიგნიც გვაქვს, მაგრამ იცით, სულ ცხოველებზე და ფრინველებზეა, ჩვენ სამშობლოზე გვინდაო. პატრიოტული ლექსები არა გაქვთო?

არა, პატრიოტული ლექსები არა მაქვს-მეთქი!

ჰოო... არა, ეგენიც კი კარგია, რაც გაქვთ, მაგრამ ჩვენ სამშობლოზე გვინდოდაო, - ალბათ, გული არ დაწყდესო, დამამშვიდა ჩემმა მოსაუბრემ და დამემშვიდობა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

არა, ახალი ამბავი ნამდვილად არ იყო - კარგად ვიცი, უმეტესად როგორ ლექსებს უკითხავენ ბავშვებს. ალბათ, თქვენც იცით. იქნებ მოგისმენიათ კიდეც - სახეწამოჭარხლებული ბავშვები, დაბერილი ძარღვებით და მაგრად შეკრული მუშტებით ხმამაღლა რომ კითხულობენ ლექსებს ქართულ სისხლზე, წინაპართა საფლავებზე, მეფეებზე, წმინდანებზე... ინტერნეტსივრცეში უამრავ ასეთ ჩანაწერს ნახავთ - როგორ აზიარებენ კმაყოფილი და ამაყი მშობლები, მერე კი როგორ აღტაცებულ კომენტარებს წერენ პატრიოტული გრძნობამოზღვავებული მსმენელ-მაყურებლები.  

ასეთი სულისკვეთებით იზრდებიან ბავშვები და გვგონია, რომ მათ სამშობლოს სიყვარული ძალ-რბილში ექნებათ გამჯდარი. არადა, გვიკითხავს ბავშვებისთვის, თავად რა მოსწონთ, რა უხარიათ, რა აინტერესებთ?

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში სტუმრად ყოფნის დროს, ვიდრე მასწავლებელი შემოვიდოდა, ბავშვებთან საუბარი გავაბი. ძალიან მალე გახალისდნენ. რამდენიმე ლექსი წავუკითხე და თვითონაც მოინდომეს ლექსების თქმა. ოღონდ, არა დაზეპირებული, არამედ ექსპრომტად, თავიანთი მოგონილი ლექსებისა. უნდა გენახათ მათი სახეები - აციმციმებული თვალები, სიცილისგან აწითლებული ლოყები და ბავშვური გულწრფელობა. ლექსები პეპელაზე, პომიდორზე, ვაშლზე, მგელზე, ღრუბელზე... ისეთი სახალისო, ისეთი თავისუფალი ფანტაზიით მოგონილი, რომ დიდებს არც დაესიზმრებათ.

ცოტა ხანში შემოვიდა მასწავლებელი, ბავშვებს გადახედა და უცებ ჩაცხრა მათი ხალისი. მასწავლებელმა რვეული მოიმარჯვა და მკაცრი ხმით უთხრა ერთ-ერთს - დაიწყეო... და მანაც დაიწყო... მერე მეორეს ანიშნა, გაეგრძელებინა, მერე მესამეს... და ასე, შეცვლილი ხმით და კოპებშეკრული სახეებით იკითხეს ბავშვებმა ლექსები სამშობლოზე და ვაჟკაცობაზე, წინაპრებზე და მტრის სიკვდილზე, მეფეთა საფლავებზე და დიად წარსულზე. სადღაც მიინავლა მათი თავდაპირველი განწყობა.  მათთან ერთად - ჩემიც. სამაგიეროდ, მასწავლებელი იყო კმაყოფილი - ბავშვებმა კარგად წარმოაჩინეს სტუმართან თავი და ბაღიც ასახელეს.

მაშინ მინდოდა, მასწავლებლისთვის მეთქვა - იქნებ დავაცადოთ ბავშვებს ბავშვობა; იქნებ ვუკითხოთ საბავშვო ლექსები და ზღაპრები; იქნებ ვიხალისოთ მათთან ერთად და თამაშ-თამაშით წიგნის სიყვარული ვასწავლოთ. ეს პოეზია კი იმ დროისთვის დავუტოვოთ, როცა გაიზრდებიან.  

მაშინ ვერ ვკითხე, ჰოდა, ახლა მინდა ეს ყველაფერი ვუთხრა იმ და კიდევ ბევრ მასწავლებელს, და ბევრ მშობელსაც...

ახლა გამახსენდა - მეც მაქვს ერთი ლექსი პატრიოტიზმზე. იქნებ აქედან მივაწვდინო იმ ბაღის მასწავლებელს? ლექსს ჰქვია „მამა ჭია და შვილი ჭია“.

მამა ჭიას შვილი ჭია 
ისე, როგორც ყველა ბავშვი, 
არ ასვენებს შეკითხვებით, 
რაც მოუვა ციცქნა თავში:

- მამი, მამი, სხვა ჭიები 
სად ცხოვრობენ, მითხარ, სადა? 
- შვილო, ზოგი ვაშლში ცხოვრობს, 
ზოგიც მსხალში დაიბადა.

ზოგი ცოცავს მიწაზე და 
ზოგიც ხიდან იჭყიტება. 
ბევრი, სადაც იბადება, 
ისევ იქვე იჭყლიტება.

- ჩვენ რად ვცხოვრობთ, მამი, ნეხვში? 
არ ისვენებს შვილი ჭია. 
- იმიტომ, რომ სხვა სამშობლო, 
შვილო, ჩვენ არ გაგვაჩნია!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^