„მიწისთხილი 1 ლარი, წყალი 1 ლარი, კოკა-კოლა 2 ლარი...“
ბავშვის ხმა მესმის, მოვტრიალდი და პატარა ბიჭი ზის სკამზე, წინ გაშლილ სახელდახელოდ მოწყობილ დახლს უყურებს და ფასებს გულმოდგინედ იმეორებს. 7 წლის ლაშა ბებიას ეხმარება და დღეს სავარაუდოდ ტრიბუნაზე ვერ მოხვდება.
ვდგავარ და ერეკლეს ველოდები, ერეკლე ჩემი მეგობრების შვილია, რომელიც ერთი კვირის წინ „პატარა დევებში„ მივიდა და ოვალურ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს.
„ჯერ ადრეა, ხალხი 6 - ისკენ მოაწყდება„ - ამბობს მზესუმზირის გამყიდველი და გვერდით მდგომს ამხნევებს.
კი ხალხი ნამდვილად 6 - ისთვის მოაწყდება. 6 ზე თამაში იწყება.
ერეკლე პირველად მოდის ნაკრების თამაშზე და ერთი საათით ადრე ვხვდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებთან. სახეზე ეროვნულ დროშას ვიხატავთ და ამაყად მივდივართ ტრიბუნებისკენ.
- დაიმახსოვრე პირველი წესი, თამაშზე მივდივართ ერთი საათით ადრე.
-კარგი.
და თანხმობას ბევრი ბავშვური კითხვა რომ უნდა მოაყოლოს, მაგ დროს საყვირების გამყიდველისკენ ეპარება მზერა.
- წესი ნომერი ორი, საყვირი არ შეიძლება, უსიამოვნო ხმა აქვს, ჩვენს ბიჭებს შევაწუხებთ და მოწინააღმდეგესაც არ მოეწონება.
- რატო?
- ყურადღება გაეფანტებათ.
კარგი.
დავიკავეთ ჩვენი ადგილები და ერეკლეს კითხვებიც დაიწყო.
- სახანძრო რატოა?
- სასწრაფო რატოა?
- კაი და, მაშინ პოლიცია რატო არაა?
- ისინი თუ მანქანით არიან, პოლიცია რატო არაა მანქანით, აქ რატო ზიან?
- ჩვენ ნაცრისფერი ფორმები გვაქ?
- სახიდან საღებავი ხო არ მომშორდა?
- ჩვენც უნდა ვიმღეროთ ?
- ჯობა, ჩუმად რატო უნდა ვიყოთ? აა, ვიცი, ეს კაცი მოკლეს და არ აჩვენებენ თავისიანებს. ეს კაცი ვინ მოკლა ჯობა?
(ტრიბუნაზე შეკრებილებს წუთიერი დუმილით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად წუთიერი დუმილისკენ მოგვიწოდეს)
- მტრებმა.
ვუპასუხე ერეკლეს და მთელი შემართება სადღაც გაქრა. რაღაც ნაცრისფერი დაედო მთელ ტრიბუნას, ტკივილი , უსუსურობის და დაუცველობის განცდა...
და ამ შეგრძნებების გასაფანტად თამაშის დაწყებისთანავე ჯიბიდან ვიღებ ბორჯღალიან ბროშს.
- ერეკლე მისმინე, ჩვენი ნაკრების სიმბოლო არის ბორჯღალი, მაისურზე გულთან ახატიათ. ბორჯღალოსნები ჰქვიათ.
- რაა ქვიათ?
- ბორჯღალოსნები, ჰოდა დღეიდან შენც პატარა ბორჯღალოსანი ხდები.
ბორჯღალს ვუმაგრებ და ვაგრძელებ „დამუშავებას“.
- შენ ხარ პატარა ბორჯღალოსანი და დღეიდან უკეთესად უნდა ისწავლო, მშობლები არ გააბრაზო და უფრო მაგარი ბიჭი უნდა იყო, ბორჯღალოსანი ერეკლე ხარ.
- კარგი.
ბევრი ვიყვირეთ, ტაშიც დავუკარით. ისიც ვისწავლეთ, ლელო, გარდასახვა და ჯარიმა რამდენი ქულაა. გზადაგზა ერეკლე ვერ ეწევა სიტუაციას და მამშვიდებს „ჯობა არ ინერვიულო, მაინც მოვიგებთ“.
მართალია.
მოვიგეთ. ხმაჩახლეჩილები, დაღლილები და ოდნავ შეციეულები ვდგავართ და ბიჭებს ტაშს ვუკრავთ.
გული მწყდება ტრიბუნა თამაშის დაწყების მერე რომ ივსება და ბიჭების საპატიო წრემდე რო იცლება „მოდი მალე გავიდეთ, მერე საცობები იქნება“ მიზეზით, მაგრამ მაინც ოპტიმიზმით ვივსები - 5 წლის წინ ესპანეთთან თამაშზე 10 000 მდე გულშემატკივარი ძლივს გროვდებოდა. ახლა დაგვიანებით, მაგრამ ვავსებთ.
ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება: 6 ერშიც მიგვიღებენ, სწორად ქომაგობასაც ვისწავლით, დროზე შევავსებთ ტრიბუნებს, აღარც პატარა ლაშას მოუწევს მიწისთხილის ფასების დათვლა და აღარც ერეკლეს წუთიერი დუმილი მოკლული ქართველის გამო. ოღონდ ამ ყველაფრის მისაღწევად ერთობაა საჭირო და 27 000 ადამიანს ერთად ჰიმნის სიმღერა რომ გამოუვა, მერე სხვა დანარჩენიც ნელნელა მოგვარდება .
ამ ფიქრებიდან ერეკლეს ხმამ გამომაფხიზლა. უკვე მანქანაში ვსხედვართ და უკანა სავარძლიდან მამამისს მიმართავს.
-მამა , მე დღეს სხვა გავხდი, ბორჯღალოსანი გავხდი...