Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

06 მარტი 2018

აბა როგორ გითხრა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, მე ბავშვი ვიყავი, ნაომარი ქალაქის ღარიბულ გარეუბანში მცხოვრები. ბავშვი, რომელსაც დედა და ბებია ზრდიდნენ, ჰუმანიტარული დახმარებების, მეზობლების და ათასში ერთხელ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად. ოღონდ არა, არ იფიქრო, შენი გულის აჩუყებას ვცდილობდე.

სინამდვილეში ყველაფერი კარგად იყო. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქოს ნორმალური იყო დედაჩემის გათენებული ღამეები და ფეხით გავლილი კილომეტრები, რათა ჩემთვის ცოტაოდენი მაკარონი და შაქარი მოეტანა; ნორმალური იყო ბებიას თავდაუზოგავი შრომა ყოველდღიურად, რათა მე არ მეგრძნო, რომ დედა კილომეტრებს გადიოდა საკვების მოსაპოვებლად; თითქოს ნორმალური იყო, როცა ჩემი მეზობელი კაცები საღამოობით კორპუსის წინ მოწყობილ ფანჩატურში დომინოს თამაშობდნენ, ღვინოს სვამდნენ და ღრეობდნენ, მათი ცოლები ბავშვებს უვლიდნენ, სახლს ალაგებდნენ, მოქეიფე ქმრებისთვის საჭმელს ამზადებდნენ, რათა სხვის ცოლებს არ ჩამორჩენოდნენ და რაღაც მაინც გაეტანათ უბნის ბირჟის სუფრაზე. შემდეგ კი, ღრიანცელის დასასრულს ზოგიერთს, უფრო იღბლიანს, საკუთარ კისერზე ჩამოკიდებული ქმარი შეჰყავდა სახლში დასაძინებლად, ზოგიერთს კი ნაკლებად უმართლებდა და ნასვამი ქმრების საყვედურების, ყვირილის ან მჯიღების ატანაც უწევდა, ვიდრე მეორე დილამდე, როცა ისევ საჭირონი გახდებოდნენ.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ასე ვცხოვრობდით და, აბა როგორ გითხრა, რა იყო ნორმალური და რა არ, არ ვიცოდით ჩვენ, ბიჭუნებმა, კაცები გვიბარებდნენ სუფრასთან და გვარიგებდნენ ჭკუას, გვეუბნებოდნენ, გოგონებს პატივი უნდა სცეთ და ხელის გულზე ატაროთო, ერთმანეთს ეძმაკაცეთ და მტერს თავი არ დაუხაროთო, კარგად ისწავლეთ, ოღონდ ნამეტანიც ნუ მოგივათ, ცოტა ქუჩაც უნდა იცოდეთო და ა.შ. ჩვენ მათი ჭკუის სწავლებანი სიბრძნის მწვერვალად გვეჩვენებოდა და ასე ვიზრდებოდით. თუმცა, როცა კილომეტრებმოვლილი დედა სახლში ბრუნდებოდა, მიყვებოდა ზღაპრებსა და საინტერესო ისტორიებს, ერთად ვავსებდით კროსვორდებს, ლამფის შუქზე და ვთამაშობდით ქალაქობანას. როცა დედა სახლში ბრუნდებოდა, მე ვხვდებოდი, რომ რაღაც არ იყო სწორად, რაღაც არ იყო ნორმალურად, ვიღაც იტყუებოდა. ან იქნებ, თვითონ დედა იტყუებოდა, რათა ჩემთვის სამყაროს სინამდვილე არ ეჩვენებინა და დროებით მაინც მოვერიდებინე სიმართლეს..

როცა ჩემმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა, ანუ როცა ეს პირველად მოხდა ჩემს სამეგობროში, ყველანი ვღელავდით, მაგრამ არავის გვიფიქრია, ღელავდნენ თუ არა ჩვენი მამები ჩვენს დედებზე რომ ქორწინდებოდნენ, ან ღელავდნენ თუ არა ჩემი მეზობელი კაცები მათ ცოლებზე დაქორწინებისას. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობდით, რომ ასეცაა, ასეც უნდა იყოს და ყველაფერი ისედაც ჩვეულებრივად გაგრძელდება.

როცა ჩემ მეგობარს შვილი ეყოლა, ანუ როცა ეს პირველად მოხდა ჩემს სამეგობროში, ყველანი ვღელავდით, მაგრამ არავის გვიფიქრია, როგორ ღელავდა ჩვენი მეგობარი, როგორ ღელავდნენ ჩვენი მამები, როცა ჩვენ გავჩნდით, ან როგორ ღელავდნენ ჩემი მეზობელი კაცები, როცა მათი შვილები ჩნდებოდნენ, ან იქნებ არ ღელავდნენ და ამაყობდნენ ამით? ან იქნებ ღელავდნენ და არ აღიარებდნენ, რამეთუ ეს არ იქნებოდა მთლად მამაკაცური?

როცა ჩემი მეგობარი ცოლს დაშორდა, ანუ როცა ეს პირველად მოხდა ჩემს სამეგობროში, ყველანი ვღელავდით, მაგრამ არავის გვიფიქრია, ღელავდა თუ არა ჩვენი მეგობრის ცოლი, ღელავდნენ თუ არა ჩვენი დედები, როცა მამები მათ ტოვებდნენ, ან ღელავდნენ თუ არა ჩემი მეზობელი კაცების ცოლები, როცა ქმრები საქეიფოდ შეკრებას გადაწყვეტდნენ და ეს ავტომატურად ნიშნავდა დაღლას, ღამისთევასა და მოსალოდნელ აგრესიას ქმრების მხრიდან.

როცა დავქორწინდი და შემდეგ, როცა შვილი მეყოლა, ანუ სულ ახლახან, მე ვღელავდი. ვღელავდი, შევძლებდი თუ არა ვყოფილიყავი ყოველთვის ასეთი შეყვარებული, ანდა შევძლებდი თუ არა ვყოფილიყავი სხვანაირი მამა, შევძლებდი, თუ არა იმას, რომ ჩემს შვილს არასოდეს ეფიქრა სიმარტოვეზე, ანუ იმაზე, თუ რატომ აღარ უყვართ დედას და მამას ერთმანეთი და საერთოდაც, სად მიდიან მამები, როცა გული იყინება?

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ჰოდა, აბა როგორ გითხრა, არ ვიცი, არც პათეტიური მინდა ვჩანდე, არც გულგრილი, ისეთი მინდა ვიყო, როგორიც ვარ და ამიტომ როცა ღელვამ გადამიარა, ერთადერთ რამეზე დავფიქრდი: მე რომ დედაჩემი ვყოფილიყავი, მე რომ მამაჩემი ვყოფილიყავი, მე რომ ჩემი ცოლი ვიყო, მე რომ ჩემი შვილი ვიყო, სად წავიდოდი, სად დავრჩებოდი, ვის დაველოდებოდი, ვისი სიყვარულით მეყვარებოდა, ვისი მონატრება შემაწუხებდა, რა დამღლიდა და რა შემაშინებდა, რა გამოიწვევდა ჩემში სიამაყეს და რა - სირცხვილს. დავფიქრდი და მივხვდი, ეს ხომ ისედაც ასეა, მე თავგანწირული დედაჩემიც ვარ და სადღაც წასული მამაჩემიც, ჩემი ერთგული ცოლიც და თვალებციმციმა შვილიც, ახლა მე ჰორკრუქსებად დაშლილი მათში ვცხოვრობ და ისინი ცხოვრობენ ჩემში და თუ წლების შემდეგ, ჩემი შვილი დაწერს ბლოგს ოჯახის, დედის, მამის და საკუთარი თავის შესახებ, დაე გაუჭირდეს პასუხის გაცემა კითხვაზე - „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“ და დაე არ ჰგავდეს იმ ჩემნაირ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას მარტივად პასუხობს.

პოსტი დაწერილია სპეციალურად კამპანიისათვის „კაცები ზრუნავენ“ გენდერული კვირეულის აღსანიშნავად. კამპანია ხორციელდება გაერო-ის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაერო-ის ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^