დოროთი ენი ელიზაბეთ გაროდი ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგია, პირველი ქალი ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში (1939 წელს დანიშნეს); პირველი და დღემდე ერთადერთი ქალი, რომელსაც უბოძეს ამავე სასწავლებლის არქეოლოგიის კათედრის « Disney Professor »-ის ტიტული.
დოროთი მაშინ დაინტერესდა არქეოლოგიით, როცა მალტაში ცხოვრობდა მამასთან ერთად. პატარა გოგონამ საოცარი ინტერესი გამოიჩინა სიძველეებისადმი. სერ არჩიბალდ გაროდი ფიზიკოსი და ბიოქიმიკოსი გახლდათ; ადგილობრივ ჰოსპიტალებში მუშაობდა ომის დროს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ქალიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაბარება განიზრახა, არქეოლოგიის ფაკულტეტზე. 1922 წელს მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი; მერე ორი წლით გაემგზავრა საფრანგეთში და პარიზის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. დოროთი ფართო თვალსაწიერით გამოირჩეოდა და ინტერდისციპლინარულ მეთოდებს იყენებდა პრეისტორიის კვლევისას. იგი პიონერი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ უარყო თავის ეპოქაში მყარად დამკვიდრებული იდეები, გასცდა ევროპის შემბოჭველ საზღვრებს, უარყო ევროცენტრისტული ხედვა და ბევრად უფრო ვრცელ გეოგრაფიულ არეალში დაიწყო პრეისტორიის ფესვების ძიება. იგი მუდამ ამტკიცებდა, რომ სამხრეთ-დასავლეთ აზია მეტად მნიშვნელოვანი საკვლევი მონაკვეთი იქნებოდა პრეისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მეცნიერთათვის. გაროდმა ჩამოაყალიბა მთელი ლევანტის რეგიონის პრეისტორიის ქრონოლოგია. სწორედ ამ მეცნიერულ საფუძველს ემყარება დღეს არსებული დაყოფა. იგი იყო პირველი, ვინც გათხრებისა და კვლევის განუყოფელ ნაწილად აქცია საჰაერო ფოტოგრაფია; შემოიტანა და დაამკვიდრა ტერმინები: შატელპერონული და გრავეტული კულტურები. ამგვარად ჩაანაცვლა თავისი მენტორის, ანდრე ბრეილის, მოძველებული სახელწოდებები. დოროთი ჩართული იყო გიბრალტარში, ქურთისტანში, ლიბანში, სირიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, პალესტინაში მიმდინარე გათხრებში (უფრო სწორად, მთავარი ინიციატორი გახლდათ).
გამოიკვლია ეშმაკის კოშკის გამოქვაბული (ეს მისი პირველი ექსპედიცია იყო) და 1925 წელს აღმოაჩინა დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი არტეფაქტი - ნეანდერტალელი ბავშვის თავის ქალა (ხან „გიბრალტარ 2“-ს უწოდებენ, ხან კიდევ, - „ეშმაკის კოშკის შვილს“). იმიტომ შეარქვეს „გიბრალტარ 2“, რომ 1848 წელს, კაპიტანმა ედმუნდ ფლინტმა, აღმოაჩინა ნეანდერტალელი ქალის თავის ქალა - ,,გიბრალტარ 1“. დოროთიმ 1926 წელს გამოაქვეყნა აკადემიური ნაშრომი, „ბრიტანული ზედა პალეოლითის ხანა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიანიჭა ავტორს ამ გამოკვლევისათვის. 1928 წელს გააგრძელა გათხრები და თავისი ექსპედიცია წაიყვანა სამხრეთ ქურთისტანში. მერე ერაყში გადავიდნენ და გამოიკვლიეს ჰაზარ მერდისა და ზარზის გამოქვაბულები. 22 თვეში გათხარა 12 სამარხი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ჯგუფის თითქმის ყველა წევრი ქალი იყო. ამ გათხრების შედეგად მიღებული დასკვნები უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი აღმოჩნდა პრეისტორიული ხანის კვლევის საქმეში. გაროდმა ჩამოაყალიბა ერთგვარი ქრონოლოგიური ჩარჩო, როგორც უკვე არსებული, ასევე, სამომავლო თეორიული ნაშრომებისათვის.
კარმელის მთის მასივში ჩატარებულმა გათხრებმა საყოველთაო აღიარება და დიდება მოუტანა. მეცნიერთა შეფასებით, ეს გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კვლევითი პროექტი. გაროდმა იქ აღმოჩენილი არტეფაქტების მეშვეობით მყარად მიუჩინა ადგილი პალესტინურ პრეისტორიულ ხანას საერთაშორისო არქეოლოგიურ რუკაზე. უპრეცედენტო მასალებითა და შედეგებით დაბრუნდა კარმელის მთებიდან. გაროდმა შენიშნა, - იქაური არტეფაქტები მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოიპოვებოდა (და არა - ევროპის ტერიტორიაზე). სკრუპულოზური სიზუსტით აღნუსხა მასალები, დაარქვა სახელები და შეამჩნია, - ზოგი მათგანი ძალიან ჰგავდა აფრიკულ არტეფაქტებს. ამგვარად ჩაუყარა საფუძველი ლევანტიური პრეისტორიული ხანის მკვეთრ დაყოფას. მისი აღმოჩენების რევოლუციურ და ინოვაციურ ბუნებას ადასტურებს ისიც, რომ გაროდმა გადაჭრით უარყო ევროცენტრისტული და ვიწრო ეთნიკური ჰიპოთეზები. მისი იდეების სისწორე დამტკიცდა წლების შემდეგ. იგი არ ეთანხმებოდა ფრანგ თეორეტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, მხოლოდ ევროპის მასშტაბით უნდა ვეძებოთ პრეისტორიული ხანის ჩანასახებიო. დოროთის იდეებმა გაუძლო დროის გამოცდას; დღეს აღიარებულია ლევანტიური კულტურის პიონერ მკვლევრად, რომელმაც მყარ ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოაქცია აღნიშნული პერიოდი. გლობალური ხედვით გამოირჩეოდა; გასცდა ნაციონალურ ჩარჩოებს და იპოვა მართებული კავშირები ევროპულ და აზიურ არტეფაქტებს შორის. პალესტინაში რომ გააჩაღა მუშაობა, არქეოლოგ დოროთეა ბეიტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აღმოაჩინა უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები და მკაცრ სისტემაში მოაქცია ქვემო, შუა და ეპიპალეოლითის ხანა. გვიანდელი ეპიპალეოლითის ნატუფიური კულტურა (თავად დაამკვიდრა ეს ტერმინი) გამოიკვლია და გათხარა შუქბას გამოქვაბული. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ლევანტში გაჩაღებულ გათხრებში მხოლოდ ქალები იყვნენ ჩართულნი. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, პალესტინელმა ქალმა, იუსრამ, აღმოაჩინა ნეანდერტალელის თავის ქალა („Tabun 1“ უწოდეს მოგვიანებით). 1929 წლიდან 1934-მდე გათხარეს ელ-ვადის, ეს-სხულის, ელ-ტაბუნის და სხვა გამოქვაბულები. 1931-32 წლებში იპოვეს თორმეტამდე ჩონჩხი და თავის ქალა. მათ შორისაა ქალის ჩონჩხი, ზოგი მეცნიერის გამოკვლევების თანახმად, 41, 000 წლის რომაა. ეს აღმოჩენები გამოქვეყნდა ნაშრომში “The Stone Age of Mount Carmel, vol 2”. (1937–39).
1937 წელს დოროთიმ გამოაქვეყნა ნაშრომი „კარმელის მთის მასივის ქვის ხანა“, რომელიც სავსებით სამართლიანად მიიჩნევა წამყვან და პიონერულ კვლევად. 1938 წელს ბულგარეთში გაემგზავრა, დაიწყო გათხრები და დეტალურად გამოიკვლია პალეოლითური ხანის მღვიმე, სახელად ,,ბაჩო-კირო“.
ბრძოლა კემბრიჯის უნივერსიტეტში გამეფებული აკადემიური სექსიზმის წინააღმდეგ: 1939 წელს დოროთი გახდა პირველი ქალი ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში. ნიუმჰემის ქალთა კოლეჯი კემბრიჯს ექვემდებარებოდა, თუმცა, მისი სტუდენტები არ იყვნენ სასწავლებლის სრულუფლებიანი წევრები (სქესის გამო). მრავალწლიანი ბრძოლა დასჭირდათ ქალებს ამ ბარიერის დასაძლევად. კემბრიჯმა მხოლოდ 1948 წელს მიანიჭა ქალს სრულუფლებიანი წევრის ტიტული. როგორც მისი კოლეგები და სტუდენტები იხსენებენ, გაროდის დანიშვნა ბომბის აფეთქებას ჰგავდა პატრიარქალურ გარემოში. სტუდენტი გოგონები აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ ამბავს. დიდი ზეიმი გააჩაღეს გაროდის პატივსაცემად ნიუნჰემში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების სახელები უწოდეს სუფრაზე მირთმეულ კერძებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის პერიოდულმა გამოცემამ ასე შეამკო გაროდი: „პირველი ქალი ლექტორის არჩევა იქნება უდიდესი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით კაცებისა და ქალების სრული თანასწორობის მოსაპოვებლად ამ უნივერსიტეტის წიაღში“. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შორს იყო გენდერული თანასწორობა: გაროდი, როგორც ქალი, ვერ გახდა სრულუფლებიანი წევრი სასწავლებლისა; არ ჰქონდა კრებებსა და საბჭოებზე სიტყვით გამოსვლის, ხმის მიცემის უფლება; არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, როზალინდ ფრანკლინი, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა გაროდი აირჩიეს. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში განუზომელი წვლილის შემტანმა ფრანკლინმა თავის მშობლებს მისწერა 1939 წლის 7 მაისს: „მეტად მნიშვნელოვანი ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ! პირველი ქალი პროფესორი აირჩიეს (...). ჯერ კიდევ არავინ იცის, გახდება, თუ არა უნივერსიტეტის წევრი!“ (May 7, 1939, letter in possession of Franklin’s sister, Mrs Jenifer Glynn). როზალინდმა დასცინა ლექტორ და მეცნიერ კაცებს, რომლებიც შეაშფოთა დოროთის დანიშვნამ; გაამასხარავა პატრიარქალური ცრურწმენების ტყვეობაში დარჩენილი სექსისტები; აბუჩად აიგდო მათი დრომოჭმული, ჩამორჩენილი აზროვნება. როგორც მისი კოლეგები იხსენებენ გაროდის ბიოგრაფთან პირად საუბარში, რაკი დოროთი ქალი იყო, არ ჰქონდა უფლება, აქტიურად ჩართულიყო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მეტიც: არ უშვებდნენ „სცენის მიღმა“, სადაც მხოლოდ კაცები იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ქალებს კაცების კოლეჯში სადილობისა და ვახშმობის უფლებაც კი არა ჰქონდათ. სწორედ იქ გაჩაღდებოდა ხოლმე გაცხოველებული კამათი საუნივერსიტეტო საკითხების თაობაზე. დოროთი შორს იყო უხილავი ბიუროკრატიული მანევრებისაგან.
„უკიდურესად ფემინისტური სულისკვეთებით ვიყავით აღსავსე. ხომ ხედავთ? ჰო, ფემინისტები, რამეთუ ქალები ვიღებდით ყველა გადაწყვეტილებას გათხრებისას, ყველა აღმასრულებელი ბერკეტი ჩვენს ხელში იყო და მეტიც: საქმის ყველა საინტერესო ნაწილს ვასრულებდით, კაცები კი - ყველაზე რუტინულსა და მოსაწყენს, ანუ ისეთს, მაინცდამაინც დიდ უნარსა და შესაძლებლობებს რომ არ მოითხოვს“,-აღნიშნავს გაროდის ექსპედიციის წევრი. (Mrs. Chitty née Kitson Clark discussing the first 1929 season at Mount Carmel, in conversation with archaeologist, Julia Roberts, 1994).
დოროთიმ ორი ძმა დაკარგა პირველ მსოფლიო ომში; მესამე ესპანურამ იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის დროს „ქალთა დამხმარე საავიაციო დანაყოფს“ შეუერთდა და ოფიცრად დაიწყო მუშაობა. ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა უნივერსიტეტს და მთელი დეპარტამენტის გარდაქმნა დაისახა მიზნად. მაშინ ჩამოაყალიბა ერთგვარი მოდული მსოფლიოს პრეისტორიის შესწავლისათვის. უწინდელი სახელმძღვანელოები მხოლოდ ფრანგულ, ან ზოგადად, ევროპულ არეალს მოიცავდა. გაროდმა განავრცო კვლევის სფერო და გლობალურ მასშტაბზე გავიდა. შიდასაფაკულტეტო ცვლილებებიც წამოიწყო და მისი წყალობით, კემბრიჯი გახდა პირველი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომელმაც პრეისტორიული არქეოლოგია ცალკე კურსად გამოჰყო კურიკულუმებსა და სილაბუსებში.
1952 წელს გადადგა თანამდებობიდან, დატოვა უნივერსიტეტის კათედრა და კვლავ გათხრებს დაუბრუნდა. სული ეხუთებოდა სასწავლებლის კედლებში გამომწყვდეულს. კვლავ მოსწყურდა ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ხეტიალი, აღმოჩენები, თავდაუზოგავი შრომა, მოულოდნელი აღმაფრენა, ღია ცის ქვეშ მუშაობა, თეთრად გათენებული ღამეები... საფრანგეთში გაემგზავრა და ფონტეშევადის გამოქვაბულის გათხრა რომ დაიწყო, საქმეში ჩართო „ფრანგული არქეოლოგიის ორ გრაციად“ აღიარებული ჟერმენ ანრი-მარტენი და სიუზან დე სენტ მათურენი. 1958 წელს, 66 წლის დოროთი გაროდი წავიდა ლიბანში და დიანა კირქბრაიდის დახმარებით დაიწყო გათხრები. მისი ექსპედიციის წევრი გახლდათ აღიარებული არქეოლოგი, ჟაკეტა ჰოუკსი. ერთი წლის შემდეგ, დოროთის სთხოვეს, სასწრაფოდ გაეთხარა ბეირუთის „რას-ელ-კერბის“ პალეოლითური ხანის გამოქვაბული, რადგან ეს მნიშვნელოვანი ძეგლი დააზიანა გზისა და ლიანდაგების გასაყვანად წამოწყებულმა სამუშაოებმა. იქ აღმოჩენილი არტეფაქტები ბეირუთის ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
მეტად მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. ხშირად გაუსაძლისიც კი იყო იქ ყოფნა. საშინელი სიცხე, გამუდმებული წყურვილი, აუტანელი ნესტი, წყლის ნაკლებობა (ხშირად, დაბინძურებული წყალიც კი სანატრელი ჰქონდათ), სამუშაო იარაღების სიმწირე, მტვერი, ქარ-სიცხე, მძვინვარე ჭექა-ქუხილი, თავსხმა წვიმა, მოულოდნელად მომსკდარი ნიაღვრები, ავადმყოფობა... რამდენიმე წევრს ციებ-ცხელება შეეყარა, რადგან მწერებმა დაკბინეს; რუთ უედინგტონი კი სასწრაფოდ გააქანეს ჰოსპიტალში, როცა მალარიით დასნებოვნდა. მისი კოლეგები იხსენებენ, რა შეუპოვრად და გულმოდგინედ შრომობდა უკვე მოხუცებული, მოტეხილი, შეჭაღარავებული დოროთი გაროდი, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც - ასაკი. ყველა ზემოჩამოთვლილი დამსახურებისათვის აირჩიეს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. ბრიტანეთის აკადემიაშიც დაიმკვიდრა ადგილი და გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ბრიტანეთის იმპერიის ორდენი უბოძეს. დოროთიმ ჩამოაყალიბა „დოროთი გაროდის სახელობის სამოგზაურო ფონდი“. ეს დაწესებულება ფინანსურად ეხმარება არქეოლოგებს, რომელთაც შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე სურთ მუშაობის გაგრძელება. 1968 წელს „ლონდონის სიძველეთა სამეფო საზოგადოებამ“ ოქროს მედალი გადასცა. 2017 წელს ნიუნჰემის კოლეჯის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დოროთის სახელი დაერქმევა სასწავლებლის ახალ შენობას. „იმედი გვაქვს, მის პატივსაცემად აგებული ეს შენობა მუდამ შეგვახსენებს მის პიონერულ კვლევებს და შთაგონებით აღავსებს მომავალ თაობებს“,-დასძინა ადმინისტრაციამ. „მისმა ნაშრომებმა არა მხოლოდ გამოკვეთა მთავარი ეტაპები და გარდამავალი პერიოდები ლევანტის რეგიონის კულტურული ევოლუციისა, არამედ პასუხი გასცა არაერთ შეკითხვას; დასახა სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები. ამ სირთულეებთან შეჭირდება უკვე გაბედეს მისგან შთაგონებულმა არქეოლოგებმა. მან გამოჰტო სამი ტიპი: „Tabun B“, C და D და განსაზღვრა თითოეული პერიოდის როგორც ტექნოლოგიური, ასევე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება“. პრეისტორიკოსი გრეჰემ კლარკი „წმინდა ოქროს“ უწოდებს დოროთის ნაშრომებს. მისი თქმით, ეპოქალური აღმოჩენების წყარო გახდა მისი გათხრები. „მან იპოვა ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იშინაურებდნენ ძაღლებს ძველად“,-აცხადებს კლარკი. გაროდი იყო პირველი, ვინც ამტკიცებდა, ადამიანები ლევანტის გავლით მოხვდნენ ევროპაშიო; რომ ნეანდერტალელები და ადრეული თანამედროვე ადამიანები თანაცხოვრობდნენ იქ; მეტიც: შეჯვარებასაც კი ბედავდნენ. მან დაამტკიცა, რომ მცდარი იყო მრავალი ფრანგი არქეოლოგის მოსაზრება - ნაპოვნი არტეფაქტების დიდი ნაწილი საფრანგეთში კი არ იყო დამზადებული, არამედ - შუა აღმოსავლეთიდან შემოიტანეს. ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების შედეგად, გაროდმა აღნუსხა და დაახარისხა 92, 000 არტეფაქტი. ჯერ კიდევ პირველი გათხრებისას (გიბრალტარში) დაკვირვებით შეისწავლიდა ფლორასა და ფაუნას და ამგვარად გახდა ერთ-ერთი პიონერი ინტერდისციპლინარული მეთოდისა. გაროდს გათხრების განსხვავებული ტექნიკაც გამოარჩევდა თავის თანამედროვეთაგან. ამის უტყუარი ნიშანია ისიც, რომ საჰაერო ფოტოგრაფიის მეთოდი დანერგა. დოროთიმ კარგად იცოდა, რაოდენ მწირი და უხარისხო იყო პრეისტორიის საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციაც და კვლევის მეთოდოლოგიაც. ერთი ხელის მოსმით უარყო არქეოლოგ დე მორტილეს კლასიფიკაცია და განაცხადა, - ევროპის მიღმა, რეგიონული მასშტაბით ჩატარებული გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები ბევრად უფრო სარწმუნო წყარო იქნებოდა. გაროდი აღმოჩნდა არა მხოლოდ პიონერი, არამედ ინტერდისციპლინარული კონცეფციისა და ინტერეთნიკური კავშირების კვლევის დამნერგავი. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ჰარმონიულად უხამებდა ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდებს: პრეისტორიულ არქეოლოგიას, ზოოარქეოლოგიას, პალეოანთროპოლოგიას. მან უფრო ფართოდ გააღო კარი პრეისტორიული არქეოლოგიისა; გადაჭრა არაერთი მთავარი პრობლემა, სამუდამოდ შეცვალა პრეისტორიის სწავლებისა და კვლევის მეთოდი.
დოროთიმ გზა გაუკვალა მომავალ თაობებს და ბარიერები გაუქრო არქეოლოგ ქალებს. როგორც თავად აღნიშნა: „ლექტორად ჩემი დანიშვნა უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის, რამეთუ არასოდეს მიფიქრია სერიოზულად, რომ ეს მართლაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, უსაზღვროდ მადლობელი და დიდად ნასიამოვნები ვარ; იმედი მაქვს, ეს ნაბიჯი მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე და ქალები მალე გახდებიან უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წევრები“. მართლაც აიხდინა ოცნება.
1968 წელს ინსულტით გარდაიცვალა 76 წლის პიონერი ბრიტანელი არქეოლოგი.