Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გვჭირდება გენგეგმა?

28 მარტი 2018

სათაურშივე დასმულ კითხვას ერთი წინადადებით ვუპასუხებ - იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შევაჩერებთ იმას, რაც ბოლო 25 წელია, თბილისში ჩვენ თვალწინ ხდება! ურბანული ქაოსის, უსახური კორპუსომანიის, სკვერების, პარკების, სტადიონების განადგურების პროცესის შეჩერების წამალი არის მკაფიო საქალაქო წესები და მკაფიო ხედვა, როგორი ქალაქი გვინდა მივიღოთ წლების შემდეგ.

გვინდა ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი და ამისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ? გვინდა მანქანით კომფორტულად გადაადგილების ქალაქი?  ცხენების საჯირითო?  თუ გვინდა ჯანსაღი ჰაერით სავსე, ბევრი პარკით, კომფორტული და მოხერხებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი, სადაც ხედები არ იქნება ჩახერგილი ტლანქი, უშნო შენობებით? გენგეგმა არის პასუხი უმთავრეს კითხვაზე - როგორ ქალაქს ვაშენებთ, როგორ ქალაქში გვინდა ცხოვრება.

ბოლო 25 წელიწადში ქალაქს რომ საშინელება დავმართეთ, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ამ საშინელებების ავტორებიც - ყოფილი მერებიც.

ჰოდა, ეს არ გვინდა და გვინდა ჯანსაღი, კომფორტული და მოხერხებული ქალაქი ხომ? ქალაქი, სადაც მოქალაქეებს არ დასჭირდებათ თითოეული ხის, სკვერის, პარკის, სტადიონისა და კლდის კბილებით დაცვა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფის დოკუმენტს ჰქვია ქალაქის გენერალური გეგმა. სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვაგვარად ჰქვია, მაგრამ ეს არაა არსებითი.

არსებითია ის, რომ ურბანული ქაოსის 25 წლის თავზე დავით ნარმანიას ადმინისტრაციამ გენგეგმაზე კონკურსი გამოაცხადა. გენგეგმა, წესით, მის მმართველობაშივე უნდა დამტკიცებულიყო. გეგმის  6-ვე ეტაპი საკრებულომ და მერიამ მოიწონა და შეითანხმა, თუმცა ნარმანიამ ამ გეგმის დამტკიცებას საშველი ვერ დააყენა. მე თუ მკითხავთ, სინამდვილეში გეგმის არმიღებით დაინტერესებულმა დეველოპერებად წოდებულმა ცეხავიკებმა ამის უფლება არ მისცეს.

ნარმანიას უღიმღამო მმართველობის ერთადერთ წესიერ და ღირებულ მემკვიდრეობას - უკვე შემუშავებულ გენგეგმას კი ახალი მერის, კალაძის ადმინისტრაციამ მოსვლისთანავე ჯვაროსნული ომი გამოუცხადა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჯარიმა ჯარიმაზე დააკისრეს, შენიშვნა შენიშვნაზე მისცეს - რეალურად კი აშკარა იყო, რომ კალაძეს ამ გეგმის მიღება არ სურდა და, უბრალოდ, გაუქმების მიზეზებს ეძებდა.

მე პირადად არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ გენგეგმის ბედი მაინტერესებდა და ამიტომ ამ პროცესთან დაკავშირებული არც ერთი დეტალი უყურადღებოდ არ დამიტოვებია. ისევე როგორც დედამიწაზე არაფერი, არც ეს გეგმაა უნაკლო - თუმცა ის პასუხობს ქალაქის ნორმალური, ადამიანური, გნებავთ ევროპული ურბანული განვითარების ყველა კომპონენტს. ამ გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს ოთხი მთავარი რამ:

► ქალაქის განვითარება ე.წ. მწვანე ხედვით. ამაზე ქვემოთ ოდნავ ვრცლად ვისაუბრებ;

► ქალაქი უნდა იყოს პოლიცენტრული - ანუ, მხოლოდ რუსთაველი, ვაკე, ვერა, საბურთალო არ უნდა იყო დაწინაურებული უბნები. სხვა დანარჩენი უბნებიც უნდა განვითარდეს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად;

► ქალაქი უნდა იყოს შეკავშირებული - ანუ გზები, კომუნიკაციები, ხიდები და, რაც მთავარია, ტრანსპორტი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მოხერხებული. ქალაქში გადაადგილება არ უნდა იყოს ტანჯვასთან დაკავშირებული;

► ქალაქი აღარ უნდა გაიწელოს ახალი უბნებით -  ინტენსიურის ნაცვლად განვითარება უნდა იყოს ექსტენსიური. ეს იმას ნიშნავს, რომ სჯობს, მოხდეს დაბალსართულიანი და ავარიული საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლება, ვიდრე ქალაქი დაგრძელდეს. ვინაიდან ეს გაართულებს ისედაც რთულ სატრანსპორტო  კავშირებს.

ეს ოთხივე კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, ე.წ. მწვანე ურბანული კონცენფცია ახლა თბილისისთვის მართლა ჰაერივით საჭიროა. „მწვანე“ არ გულისხმობს მხოლოდ ხეების დარგვას, ის გულისხმობს ყველაფერს ჯანსაღს და ეკოლოგიურად სუფთას: საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მტკვრის სანაპიროებისა და შიდა მდინარეების კალაპოტების გახსნას, გამწვანებას, ახალი პარკების აგებას და ასე შემდეგ, ჯანსაღ ურბანულ სიკეთეებს. მგონი მარტივი, გასაგები და მისაღებია ხომ ეს ყველაფერი? წესით, რა უნდა გქონდეს ამის საწინააღმდეგო.

მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიუღებელია მერიისთვის. მათ უნდათ გეგმის ჩაგდება. გუშინდელი აყალმაყალით დასრულებული ვითომგანხილვა რეალურად გენგეგმის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. მერიის პოზიცია გამაოგნებლად არაკვალიფიციური იყო; იმდენად, რომ მეტირა თუ მეცინა იმ ბოდვების მოსმენისას, ნამდვილად არ ვიცოდი.

საათ-ნახევრის განმავლობაში მერიას მოჰყავდა ერთმანეთზე სასაცილო მაგალითები გეგმის უვარგისობის დასადასტურებლად. მაგალითად, რიხით გვაჩვენეს სლაიდი და გვამცნეს, რომ გენგეგმის ავტორებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსზე საუბრისას დართული აქვთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოტოები, რაც ამ ხალხის არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს! არადა, ათას ორასგვერდიან დოკუმენტში ამგვარი მექანიკური შეცდომა, რა თქმა უნდა, არასასურველი, მაგრამ შესაძლებელია. ამის გამოსწორება უბრალოდ მითითებითაც შეიძლებოდა. მაგრამ ეს ფაქტიც მერიის პოზიციის კომუნისტურ-კომკავშირული პათოსის დასტურია - გენგეგმა უვარგისია და ის უნდა დავგმოთ.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - რატომ არ აწყობს კალაძეს და მის გუნდს ეს გეგმა? ან უფრო განვაზოგადოთ - ვის არ აწყობს ამ გეგმის მიღება-ამოქმედება? პასუხი არის უმარტივესი - მათ, ვისაც უკვე შეთვალიერებული აქვთ ახალი მახინჯი კორპუსების ასაშენებლად აქა-იქ შემორჩენილი სკვერები, სტადიონები, ვინც ახალი კლდეების გამოშიგვნას აპირებს, ვინც ჯერ ბოლომდე ვერ დააძღა ქალაქს.

უწესო დეველოპერებს არ სურთ მკაფიო ურბანული წესები. ეს უწესო დეველოპერები არ არიან მითიური არსებები, ძალიან კონკრეტული ხალხია - ყველა „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ივლიანე წულაია, დავით სონღულაშვილი, დავით ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე და კიდევ სხვები. აი, ეს ხალხია, ვისაც ჯერ ბოლომდე ვერ მოუოხრებია ეს ქალაქი და რომელთა მავნებლურ ვნებებსაც ხელფეხს შეუკრავდა გენგეგმა. ჰოდა, ამიტომაც ილაშქრებს ასე მონდომებით ამ ცეხავიკთა თანაგუნდელი მერი და მერია გეგმის წინააღმდეგ. გეგმას ჩააგდებენ და რა შეგვრჩება ხელში? ისევ ის, რაც აქამდე ხდებოდა ზოდელავა-უგულავა-ნარმანიას დროს და რამაც აქამდე მოიყვანა ეს ქალაქი.

ჩვენ ახლა ხელიდან ვუშვებთ ბოლოს და ბოლოს ქალაქის ადამიანურად განვითარების შანსს. ამას ვწერ არა არჩევნებში დამარცხებული, დაბოღმილი, საქმეში ჩაუხედავი პოლიტიკოსი, არამედ საქმეში ჩახედული მოქალაქე, რომელმაც ზუსტად იცის, რასაც გამოიწვევს გენგეგმის ჩაგდება. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ვინც ორჭოფობს და ვერ მიმხვდარა, რატომ სჭირდება ეს გეგმა ქალაქს - რამდენიმე წლის თავზე ისევ გადაიკითხავს ამ ნაწერს, იდაყვზე იკბენს და იტყვის, რომ თურმე ძალიან მართალი ვიყავი. ასე დარდიანად დავასრულებ და ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ახლა ისევ ტრადიციულად ეზო-ეზო, ქუჩა-ქუჩა მოგვიწევს ყოველი სკვერისთვის, სტადიონისთვის, ხისა და კლდისთვის ბრძოლა. ეს გარდაუვალია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^