არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ შემიძლია, შეგახსენოთ ის მწარე რეალობა, რომ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცებულ გოგონებს ოჯახები უკან აღარ აბრუნებდნენ. მონატაცებ ქალს საზოგადოება ნამუსახდილად თვლიდა. ივარაუდებოდა, რომ მოტაცების შემდეგ კონკრეტულ ქალთან უკვე დამყარებული იყო სექსუალური კავშირი, რის გამოც დარღვეული იყო მისი ქალწულობა.
ქალიშვილობის აპკის რღვევა, რომელიც, სხვათა შორის, გარდა სექსუალური ურთიერთობისა, შეიძლება სხვა საყოფაცხოვრებო აქტივობის დროსაც სავსებით ბუნებრივად მოხდეს, საკმარისი მიზეზი იყო ქალის ძალადობრივ გარემოში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დასატოვებლად; მისი სრულიად პირადი ან ერთჯერადი მოხმარების საგნად ქცევისთვის, რომელსაც კონკრეტული ქცევისა და მეუღლისთვის სხვადასხვა სერვისების გაწევის უაპელაციო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.
ხშირ შემთხვევაში, მოტაცებული ქალისთვის პირველი სექსუალური გამოცდილება მომავალ მეუღლესთან, სხვა არაფერი იყო, თუ არა გაუპატიურება. ამ სიტყვის სრული და პირდაპირი გაგებით.
უფრო მეტიც, წინააღმდეგობის შემთხვევაში, გატაცებულ ქალს ძალის გამოყენებით აკავებდნენ. აქტის აღსასრულებლად, სიყვარულის სარეცლის გარშემო დამსწრე საზოგადოებად მომავალი ქმრის მეგობრები იკრიბებოდა.
…და არავის, ერთი წუთითაც კი, აზრადაც არ მოსდიოდა რამდენად სასტიკი და ცივსისხლიანი დანაშაულის შემოქმედები ხდებოდნენ.
მაშინდელი რეალობა და ძალადობრივი აქტები სიყვარულის სახელით „პრავდებოდა“.
ასევე სულ ცოტა ხნის წინ, „word of mouth”-ის საშუალებით, კაციდან კაცზე გადადიოდა ინფორმაცია ამა თუ იმ ქალის პირადი ცხოვრების შესახებ; ყველაფერი, სავარაუდო ინტიმური ურთიერთობების სტატისტიკით დაწყებული, ქალის პატიოსანი ქცევის ხარისხით დამთავრებული.
იყო თუ არა კონკრეტული ქალი ცოლის სტატუსის ღირსი, ამას კაცები კოლექტიურად განსაზღვრავდნენ. განაჩენგამოტანილი „ბოზი ქალების” ცოლად მოყვანას ვერავინ გაბედავდა. რადგან, თემის წინააღმდეგ წასულ კაცებს საზოგადოება რიყავდა, ამცირებდა და ამუნათებდა. ასეთი ხმების გავრცელებას, რომელიც ხშირად კონკრეტული თაყვანისმცემლის მიერ ქალის მიმართ შურისძიების სურვილით იყო მოტივირებული, ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის დაუნგრევია რეპუტაცია და შეულახავს ღირსება.
ქალებს ხმების უარყოფის არც უფლებას აძლევდა ვინმე და თავი რომც ემართლებინა, დიდ კაცთან პატარა ქალებს, როდის გასვლია სიმართლე?!
მაშინ აზრად არავის მოსდიოდა და არავინ საუბრობდა უსამართლო საჯარო სასამართლოებზე. ზღვარგადასულ და გაუაზრებელ ბრალდებებზე. მაშინ ყველაფერი ზნეობისა და მორალის სახელით „პრავდებოდა“.
დაბოლოს, კაცებო, სანამ რომელიმე თქვენთაგანი ისევ მოინდომებს ქალების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ჩართვას, რათა არ დათმოთ სამყაროში სამართლიანობაზე გამოცხადებული მონოპოლია და ისევ წაგვართვათ ხმის ამაღლების უფლება, კარგად დაფიქრდით!
დღეს ჩვენ მარტო ჩვენი კი არა, თქვენი დედების, ცოლებისა და ქალიშვილების სამართლიანი ცხოვრებისა და მომავლისთვისაც ვიბრძვით. რათა ერთ დღეს, სახლში, სხვა კაცისგან დამცირებული, გაუპატიურებული, ნაცემი ან მოკლული ოჯახის წევრი ქალის დანახვა აღარ მოგიწიოთ.