ყველაზე რთული რამეა, მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. რთულია, რადგან საზოგადოების უმრავლესობა თავიდანვე გეუბნებოდა, როგორი უნდა ყოფილიყავი და არავის უთქვამს, რომ კარგი ხარ ისეთი, როგორიც ხარ.
მიიღო საკუთარი თავი და გიყვარდეს იგი ისეთი, როგორიც ხარ - ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან შენ გიწევს წინააღმდეგობის გაწევა იმ უზარმაზარი ბრბოსთვის, რომელიც ვერა და ვერ ეგუება შენს „განსხვავებულობას“, რომელიც სინამდვილეში შენი უნიკალურობის განმსაზღვრელია.
რთულია, მიიღო საკუთარი თავის ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ.
რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ვინაიდან არავინაა შენი მსგავსი და არავინ არასდროს იქნება ასეთი. უბრალოდ, უნდა მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ, რადგანაც შენ უბრალოდ უნიკალური და შეუდარებელი ხარ.
მიიღე შენი თავი, გიყვარდეს შენი თავი, იზეიმე ეს და აი ამ ზეიმში შენ შეძლებ დაინახო სხვების უნიკალურობა, სხვების შეუდარებელი სილამაზე. სიყვარული მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც არსებობს საკუთარი თავის, სხვისი და სამყაროს ღრმა მიმღებლობა. მიღება ქმნის გარემოს, რომელშიც სიყვარული იზრდება; მიწას, რომელშიც სიყვარული ხარობს.
და მანამ, სანამ თქვენ არ მიმიღებთ...
სანამ, არ აღიარებთ ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობას...
სანამ ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობას ვერ დააკავშირებთ ჩემს ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან და მას არ მიიჩნევთ ჩემს განუყოფელ ნაწილად...
სანამ არ მიმიღებთ როგორც სხვებთან თანასწორს...
სანამ დაუფიქრებლად წამოიძახებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს“
მანამ:
ვერ გაიგებთ, რაში მდგომარეობს ჩემი ინდივიდუალიზმი;
ვერ ჩასწვდებით ჩემს პიროვნულ ღირებულებებს;
შეძლებთ აღიქვათ გარშემომყოფები მრავალფეროვნების შემადგენელ ნაწილად.
დამინახეთ, შემომხედეთ, ნუ გეშინიათ, რადგან მე, შენ, ჩვენ ერთნი ვართ.
მინდა, რომ აღიქვათ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობა, რათა ჩვენ, ერთად შევძლოთ იმის შეცვლა, რომელიც ხელს გვიშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში, განვითარებასა და საზოგადოებაში ინკლუზიაში.
დამინახეთ, ბატონო მერო!
დაინახეთ ჩემი, მისი და ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა.
დაინახეთ, რადგან თქვენი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ეს აუცილებელია.
აუცილებელია, დაინახოთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა, ვინაიდან თქვენ ჩვენგან დელეგირებული უფლებამოსილებით ხართ აღჭურვილი.
დაინახეთ, რათა შეძლოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ჰარმონიაში იქნება გაერო-ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეციასთან.
აღიქვით სწორად ჩვენი თავი და თქვენ მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არსებობს და მისი აღიარება სამარცხვინო სულაც არ არის!