ისევე, როგორც სხვა მრავალი ქვეყნის სამართალში, ქართულ სამართალშიც არსებობს გაგება - შეზღუდული სანივთო უფლება. ასეთ უფლებათაგან ერთ-ერთია სერვიტუტი.
ის გულისხმობს, რომ კონკრეტულ პირს მართალია, არ აქვს უძრავ ნივთზე სრული საკუთრების უფლება, მაგრამ ნივთის სარგებლობასთან და ფლობასთან დაკავშირებულ გარკვეულ ასპექტებში მესაკუთრის სტატუსით სარგებლობს.
სერვიტუტის ერთ-ერთი მაგალითია - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. ის გულისხმობს, რომ თუკი, მაგალითად, რომელიმე სახლს არ აქვს გზაზე პირდაპირი საფეხმავლო გასასვლელი, მას შეუძლია, ამ გზაზე მოსახვედრად გაიაროს მეზობლების საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე. ის მეზობელთა ნაკვეთების მესაკუთრე არ არის, მაგრამ მათით სარგებლობის ამ ვიწრო ასპექტში, გზამდე მისვლაში მას ისეთივე უფლება აქვს, როგორიც – ნაკვეთების მესაკუთრეებს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, იმ ნაკვეთების მესაკუთრეები ფიზიკური პირები (ინდივიდი ადამიანები) არიან, თუ – იურიდიული (რეგისტრირებული ორგანიზაციები).
შშმ პირთა უფლებებთან მიმართებაში ისმის ასეთი კითხვა: შეუძლია თუ არა შშმ პირს გზის ეს ნაწილი სავარძელ-ეტლით გაიაროს? კი, თუ მას მობილობის შეზღუდვა აქვს და ეტლის გარეშე იმ მანძილზე გადაადგილება არ შეუძლია, მისთვის გზამდე სწორედ ეტლით მისვლაა აუცილებელი.
სხვა შემთხვევაში ეტლით მოსარგებლისთვის გამოვა, რომ მას აუცილებელი გზის უფლებით სარგებლობა ვერ ექნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული შენობიდან სხვა მნიშვნელოვან ობიექტებამდე მობილობის/გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვის არმქონე ადამიანები მეზობელთა ნაკვეთების გვერდის ავლით ახერხებენ მისვლას, მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანს შეუძლია მეზობელთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნა, თუკი მისთვის ამ ნაკვეთების გვერდის ავლით არსებული გასასვლელი მიუწვდომელია.
სერვიტუტის, ისევე როგორც სხვა შეზღუდული სანივთო უფლების განხორციელებისთვის საჭიროა, რომ მისით სარგებლობას ხელი არ ეშლებოდეს. გამოდის, რომ ეტლით მოსარგებლესთან მიმართებაში, როცა აუცილებელი გზის უფლებაზე ვსაუბრობთ, თუ ეტლით გადაადგილებისთვის საჭირო გზაზე ნაკვეთის მესაკუთრემ დაყარა სამშენებლო ნარჩენები, რაც მასზე ეტლით გავლას შეუძლებელს ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდის, ეს აუცილებელ გზაზე სანივთო უფლების დარღვევაა.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირი კი არ არის იმ შენობის მესაკუთრე, საიდანაც გზაზე ეტლით ვერ გადის მეზობლების საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე გავლის გარეშე, არამედ მუშაობს ან სწავლობს ორგანიზაციაში, რომელიც ასეთ შენობაშია განთავსებული და ამ შენობის მესაკუთრეცაა? ამ შემთხვევაშიც შენობის მფლობელი ორგანიზაცია იძენს ამ შენობის მეზობლად მყოფ ნაკვეთებზე აუცილებელი გზის უფლებას, რომელსაც იმ ორგანიზაციის ბენეფიციარი, იქ მოსწავლე სტუდენტი ან დასაქმებული გამოიყენებს. კი მაგრამ – იტყვიან: შენობის მესაკუთრე ხომ ის ეტლით მოსარგებლე პირი კი არა, არამედ იურიდიული პირია, ორგანიზაციაა. ცნობილია, რომ იურიდიული პირები სწორედ მათი დამფუძნებელი და მათით მოსარგებლე ფიზიკური პირების მეშვეობით ახორციელებენ საქმიანობას. შესაბამისად, იურიდიულ პირთა მოსარგებლეთა და, მაშასადამე, თავად იურიდიულ პირთა ინტერესების დასაცავად საჭიროა და ლოგიკური, რომ აუცილებელი გზის უფლება იურიდიულ პირებზეც გავრცელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იურიდიული პირები ვერ შეძლებენ თავიანთი საქმიანობის ნორმალურად განხორციელებას, თუნდაც ამ იურიდიულ პირში მოსწავლე შშმ პირის დისკრიმინაციის თავიდან აცილებას.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა იურიდიულ პირს ხელი ეშლება თავისი ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარისთვის საჭირო და მისი გადაადგილების სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე წარმოშობილი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების განხორციელებაში? ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე წარმოშობილი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მქონე ორგანიზაციას შეუძლია ამ უფლებით სარგებლობის უკანონო ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა იმ ნაკვეთების მესაკუთრეთა მიმართ, რომელთა ტერიტორიაზე ეტლით გავლაც იყო საჭირო და რომელთა ნაკვეთებზეც ნაგვის დაყრისა თუ სხვა მიზეზების გამო ეტლით გავლა შეუძლებელი გახდა. ანუ ორგანიზაციას შეუძლია, მოსთხოვოს ნაკვეთების მფლობელებს, აალაგონ იმ გასასვლელიდან ნარჩენები, საიდანაც ორგანიზაციასთან ასოცირებული შშმ პირი ეტლით გადის დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელ გზაზე, ზუსტად ისევე, როგორც თავად ამ შშმ პირს შეეძლებოდა ამის მოთხოვნა თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისგან.
მეზობელთა ნაკვეთების მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ ამ მეზობლების ნაკვეთებზე გავლის ალტერნატივა იმ მესაკუთრეს მართლაც არ აქვს: თუ მას არ შეუძლია მისვლა სასიცოცხლო ობიექტებთან სხვის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გავლის გარეშე, ან არ აქვს საკუთარი გასასვლელის მოწყობის შესაძლებლობა, ან ეს შესაძლებლობა არაპროპორციულ, გაუმართლებლად დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ანუ თუკი ორგანიზაციას შეუძლია, მაგალითად, მარტივად გააკეთოს პანდუსი ისეთ ადგილას, საიდანაც ეტლით მოსარგებლე მოხვდება ცენტრალურ გზაზე სხვა ადამიანთა თუ კომპანიათა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე გავლის საჭიროების გარეშე, იმ ადამიანების/კომპანიებისადმი ამ ორგანიზაციას აუცილებელი გზით სარგებლობის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. ყოველ შემთხვევაში იმ კომპანიებსა თუ ადამიანებს შეეძლებათ, ამ ორგანიზაციას უთხრან: ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმ გასასვლელის ადაპტირება, საიდანაც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე თქვენი ბენეფიციარები შევლენ თქვენს დაწესებულებაში ისე, რომ ჩვენს მიწაზე გავლა არ მოუწევთ. ამიტომ არ ვართ ვალდებული, თავი შევიწუხოთ ნარჩენების ალაგებით იმ გზიდან, რომელსაც თქვენს ორგანიზაციაში მიმავალი ეტლით მოსარგებლე ადამიანები იყენებენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს დავა და დისკუსია სამართლებრივად შესაძლებელია, და დასაშვებია, რომ ის მიმდინარეობდეს მხოლოდ ორგანიზაციასა და მისი მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის და არა ორგანიზაციის რომელიმე ბენეფიციარსა და ამ ორგანიზაციის მეზობლად არსებულ ნაკვეთთა მესაკუთრეებს შორის. ბენეფიციარს სამართლებრივი ურთიერთობა, ანუ უფლებები და მოვალეობები აქვს კონკრეტულ ორგანიზაციასთან. შესაბამისად, მან უნდა უზრუნველყოს თავისი ბენეფიციარი სტუდენტური ან სხვა ხელშეკრულებით ნახსენები მისაწვდომი გარემოთი და არა იმ ორგანიზაციის მეზობლებმა, რომლებსაც არ აქვთ იმ ორგანიზაციის ბენეფიციართან რამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. ამ მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციას შეუძლია, მოლაპარაკებები აწარმოოს თავის მეზობლებთან აუცილებელი გზის მიცემასთან დაკავშირებით, ან მოაწყოს მისაწვდომი გასავლელი თავისსავე საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ან თავის რესურსებში არსებული სხვა ნებისმიერი საშუალებით. ამის შეუსრულებლობა არის ამ ორგანიზაციის და არა მისი მეზობლების მხრიდან საკუთარი ბენეფიციარის (მომხმარებლის, მყიდველის, სტუდენტის, მოსწავლის, დასაქმებულის, პაციენტის) დისკრიმინაცია. შესაბამისად, ბენეფიციარს ამგვარი დისკრიმინაციის შემთხვევაში უფლება აქვს, მისი აღკვეთა მოსთხოვოს იმ ორგანიზაციას, რომელთანაც ხელშეკრულებით თანამშრომლობს და არა ამ ორგანიზაციის მეზობლებს.