მოგესალმებით ქალბატონო თეა!
ალბათ გაინტერესებთ, რატომ გწერთ მედიის მეშვეობით, ღია წერილის ფორმატში.
იქნებ იმიტომ, რომ აი უკვე მეორე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ თქვენგან საჯარო ინფორმაციის მიღებას.
მოგმართეთ ოფიციალურად.
შემდეგ მოგწერეთ ონლაინ.
შემდეგ გირეკეთ ცხელ ხაზზე.
მალევე მოგაბეზრეთ თავი, რადგან აღარც ცხელ ხაზზე გვპასუხობთ და აღარც სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე „გვსინავთ”.
პრინციპში რა აუცილებელია, მოქალაქეს მიეწოდოს საჯარო ინფორმაცია, მით უფრო, როცა ამ ინფორმაციის მიხედვით საკუთარი კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობა უნდა აღიაროთ.
უმოქმედობა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრის ერთადერთი პასუხი სახალხო დამცველის 2015 წლის წინადადებას, შემოიღოთ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერული იდენტობის აღიარების პროცედურა, როგორც ამას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა გავალებთ.
ქალბატონო თეა, არ გესიამოვნებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გადავწყვიტეთ საჯარო წერილებით მოგმართოთ სისტემატურად, ვიდრე არ შეასრულებთ თქვენზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან, ისე კანონის შესასრულებლად აუცილებელი კანონქვემდებარე აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.
ალბათ მკითხავთ, რატომ არ გცემთ პატივს. ეს ხომ ამ წერილიდან ადვილად იკითხება.
იმიტომ, ქალბატონო თეა, რომ თქვენ არ სცემთ პატივს არც იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული სახელმწიფო და არც იმ ადამიანებს, რომელთა მსახურებასაც, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, დეკლარირებთ.
ნინო ბოლქვაძე - ლგბტ აქტივისტი