Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსპორტი #TT-110-CB - ბრძოლა უფლებებისთვის!

25 ივლისი 2018

ძალიან მიყვარს დათო ტურაშვილის შემოქმედება. ერთი წლის წინ წავიკითხე მისი რომანი „სხვა ამსტერდამი“ და მას შემდეგ აკვიატებული მაქვს ეს ფრაზა „დინების საწინააღმდეგოდ მაშინაც უნდა მიცურავდე, როცა ეს შეუძლებელია“.

ჰმ, როგორ შეესაბამება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას და შესაბამისად, ლაიტმოტივად გასდევს მას.

ჰო, მართლა, ჩემი სახელი და გვარი ბლოგპოსტს გასწვრივ გასდევს, „ლიბერალში" უკვე ორჯერ გამოქვეყნდა ჩემი პოსტი, ორივე შშმ პირთა თემატიკას და ჩვენს პრობლემებს ეხებოდა. ეს ბლოგიც მისი გაგრძელებაა. თუმცა, მაინც შეგახსენებთ - მე მარიკო ვარ, კობახიძე, 33 წლის. არაფრით გამორჩეული, ერთი უბრალო გოგო, რომელიც ეტლით სარგებლობს და რომელსაც ყოველდღიური პრობლემები და თავგადასავალები, სწორედ ამ ეტლის გამო აქვს.

საკუთარ თავს აღვიქვამ ჩვეულებრივ ადამიანად (ასეც არის), მაგრამ საზოგადოებას მაინც „არაჩვეულებრივი“ ვგონივარ - მე ხომ ეტლით მოსარგებლე ვარ, შესაბამისად ან „ანგელოზი“ ვარ, ან კიდევ...  ან კიდევ ძველი რომაული დამოკიდებულებითა და ხედვით - ბოროტი სულით შეპყრობილი არსება.

აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, ვარ დასაქმებული და შესაბამისად, გარეთ აქტიურად მიწევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. ორშაბათი დღე ჩვეულებრივად დავიწყეთ მე და დედამ - საუზმე, სამსახურისთვის მომზადება და შემდეგ, სამსახურისკენ ჰერი-ჰერი.

ორშაბათული დღე, მართლაც მძიმე გამოდგა. ჩვენთვის, შშმ პირებისთვის უმთავრეს პრობლემას გადაადგილება წარმოადგენს, რაც ყველაზე რთულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის ფონზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეალიზების თვალსაზრისით ერთ-ერთ არსებით საკითხს წარმოადგენს ხელმისაწვდომობის პრაქტიკული იმპლემენტაციის უზრუნველყოფა.

ერთი დიდი ორშაბათული პრობლემა, სწორედ გადადგილების კუთხით წარმოიშვა და ის ტროტუარზე დაიწყო. ჩვენმა მძღოლებმა ხომ ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ამ ბილიკზე ეტლით მოსარგებლემაც უნდა გაიაროს და, შესაბამისად, პარკირებისას, მანქანა ისე უნდა დააყენონ, რომ აღნიშნულ ადგილზე ეტლით მოსარგებლემაც შეძლოს გავლა. სწორედ ამ შეუგნებლობის გამო ხშირად მიწევს შუა გზაზე სიარული, რითაც საფრთხეს ვუქმნი როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებს.

ალბათ, ხშირად მგზავრობთ ლურჯი ავტობუსით და შესაბამისად, ყველამ იცით, რომ, ე.წ ლურჯი ავტობუსები ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისათვის. თუმცა, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, თუ მძღოლმა ინება გადმოსვლა და პანდუსი გახსნა. ერთი წელია, რაც ვსარგებლობ აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კომფოტულია და დღემდე ზრდილობიანი, თავაზიანი და თავიანთი საქმის მცოდნე მძღოლები მხვდებოდნენ. თუმცა, არსებობენ გამონაკლისები, ისეთები, როგორიც დღევანდელი ლურჯი ავტობულისის მძღოლი იყო, რომელთანაც დიდი ბრძოლა მომიწია იმისათვის, რომ ავტობუსი წესიერად გაეჩერებინა, პანდუსი გაეხსნა და, შესაბამისად, მეც ჩვეულებრივ მესარგებლა აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მერე იყო საზოგადოების აღშფოთება. არა, ნუ გგონიათ, რომ ჩემ სასარგებლოდ. არა! საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხომ ბრბოსგან შედგება, რომლებსაც აქვთ თავიანთი, თავისებური „ფილოსოფიური“, „დამრიგებლური“, „ჭკუის მსწავლელი“ რეაქცია ყველაფერზე.

„ნუ აწვალებ მძღოლს, ან ხელით ამოგიყვანონ ან არადა ნუ ამოხვალ“. „მძღოლს ნუ ანერვიულებთ, მას მგზავრები გადაჰყავს და შესაბამისად ჩვენს სიცოცხლეს ნუ აგდებ შენი ამოსვლის გამო საფრთხეში“, „სხვა ავტობუსით წადი, ჩვენ გვეჩქარება“. შემდეგ იყო მძღოლისგან ჩხუბი დედასთან და პანდუსის მთელი ძალით მიწაზე დახეთქება.

მერე იყო ბევრი უსიამოვნო რამ, თუმცა იმ ავტობუსით მაინც ვისარგებლე!

ვიჯექი ავტობუსში და გამახსენდა კენ კიზის „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. აი ის მომენტი, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი, ინდიელი ბელადი აღწერს, ე.წ „კომბინანტის“ მოძღვრებას: თუ როგორ წყვეტს საზოგადოება, და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება, ვინ ნორმალურია და ვინ - არა, შენ კი, საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო, კეთილი ინებე და მოერგე და შეეწყვე ამ საზოგადოებას.

ირგვლივ, ყველა მხრიდან, ცუდი და კიდევ უფრო უარესი რამეებიც ხდება, მაგრამ მე მაქვს მიზანი, მიზანი რომელიც სიცოცხლეზე მეტია და ვერა, ვერ შეგეგუებით, არ დაგემორჩილებით და არ მოვერგები თქვენს უაზროდ დადგენილ წესებს მსგავსი აზროვნებით შემდგარო საზოგადოების წევრებო, ვინაიდან, თქვენ დაგავიწყდათ, რომ სამყაროს მთავარი ფასეულობა - თითოეული ადამიანია! (დათო ტურაშვილი) 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^