ჩვენი დროის სიმპტომია: ყველა ნახევარტვინა, ნახევარნიჭა, ნახევარგულა, მოკლედ ყველა „ნახევარა", დღეს “თვალის ახელის” დღიდან ეგრევე და მყისიერად ჰუმანისტი ხდება და გაჭირვებულებზე გულმიხეულად შესტკივა გული; იცავს „სიკეთეს" და „უტყუარ ჭეშმარიტებებს" - ეს ჩვენი დროის სერიოზული დაავადებაა.
ეს დემოკრატიის სულისკვეთება/იდეის თანმყოლი ნეგატიური ფენომენია, რომელიც ნამდვილ რეზისტენტულობას სრულიად უკარგავს ხარისხს.
რა ამაზრზენი და რა უსუსტესი სურათია ამ „ნახევარათა" გონებაგამოცლილი „მგზნებარება", რომელიც ჰუმანიზმის იდეის ნამდვილი ჭრილობაა - სადაც ყველა ბაქტერია ახერხებს შეჭრას და ყველა ვირუსი იბუდებს.
ზუსტად ასევე ღრმად მოსიყვარულე „ნახევარა" ხალხითაა სავსე ეკლესიები - რომლებიც ასევე პრიმიტიულ/ერთუჯრედა რეჟიმში „სიყვარულის” დიდი მოტრფიალეები და მის უკან მდგომნი არიან.
ხსენებული ორივე ტერიტორიის „ნახევარა" ვირუს/ბაქტერიებს სოც./კომ. ორიენტაციის იდეოლოგისტი ლიდერები და ეკლესიის მამაოები ზურგ/კისერზე ახტებიან და უტვინობის მათრახის ცემით მიერეკებიან საკუთარი პოლიტიკურ/ეკონომიური მიზნების განსახორციელებლად. „ნახევარათა" ეს „ენთუზიაზმით სავსე გულები" (მსუბუქი ყოფაქცევის მგზნებარება), ეს „მყვირალა/მშფოთავი ფუფლო", დღეს ალბათ კაცობრიობის ყველაზე უკანმთრევი ძალაა - რახან კონსერვატორ/ტრადიციონალისტ/კონფორმისტებს ამ „ფუფლოს” მიმართ არანაირი არც პატივისცემა და არც ანგარიშწევა არ გააჩნიათ და ასეთი წარმომადგენლობით მათ წინაშე მემარცხენეები ძალიან წამგებიანად გამოიყურებიან.
დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა მ დაბადა ეს შრე/წრე და „ნახევართა" ეს უმგვანო ენთუზიაზმ/დინამიზმი - თავს რომ მნიშვნელოვნად თვლიან სამ ლოზუნგთან თავის მიკუთვნებით... - არა ფული, არა კაპიტალიზმი, არა ჩაგვრა.
ე კ ლ ე ს ი ა მ დაბადა ეს მობუტბუტე მიგნაცულ-მოსიყვარულეთა თემი, კომპრომისის შვილები - სიყვარულის იდეის მიმართ უწმინდური, ანუ არამომთხოვნი დამოკიდებულებით.
რ ე ზ ი ს ტ ე ნ ც ი ა გონიერება ნაკლული არსებების სენტიმენტზე არ შეიძლება აიგოს,
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი კი ქლესა/სიმყუდროვის მოყვარულების კუთვნილებას ნამდვილად არ წარმოადგენს - თორემ ბონობოს ჯიშის მაიმუნები ნამდვილად ყველაზე დიდი გამტარები იქნებოდნენ „სიყვარულის"!
რ ე ზ ი ს ტ ე ნ ც ი ი ს დამსჯელი ანგელოზი და უმაღლესი ჰუმანისტი ფრიდრიხ ნიცშეა - რომელსაც ყველაზე ნაკლები სენტიმენტი გააჩნია კნუტების უდარდელ/თანასწორუფლებიანი ცხოვრების მიმართ და მას თავისი სულისკვეთებით ადამიანი მოკლესულობიდან გარეთ გამოჰყავს ზე-კაცისკენ.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ყველაზე დიდი მქადაგებელი კი მაცხოვარი - მამას და შვილს აშორებს ერთმანეთისგან და ოჯახის წევრები, სულიერი გაბრძოლების მატარებელი ადამიანისთვის, პირველ მტრებად მიაჩნია - ასე ებრძვის ის „ოჯახის მომთბარ სიყვარულ/ჰუმანიზმს".
დღეს "ჰუმანიზმის ეპიდემიაზე" უფრო არაჰუმანური და ჰუმანიზმის ნამდვილი და პირუთვნელი იდეისთვის ზიანის მომტანი არაფერია, რახან ასეთი „ჭიჭყინა ხერხემალგამოცლილი ჰუმანიზმი” თავისი ტვინგამორეცხილობით ადამიანს ადამიანური სუსტძარღვა კეთილდღეობის არსებობის ჭაობისკენ უბიძგებს და იქ უპირებს ჩახრჩობას - უპირობო გარღვევის ნებას აცლის და „კეთილდღეობის" კიბოს მომაკვდინებელი ვაქცინა შეჰყავს მის ცნობიერებაში.
ყველა ადამიანი უნდა მიუხვდეს საკუთარ თავს - თუ სად იმალება მასში ეს „ჭყიპინა ჰუმანისტის" საწყისი და დაუყოვნებლივ გაუკეთოს მას სრული ტერმინაცია.
მისი აღმოჩენა არ არის რთული ან შეუძლებელი.
ის ჩვენში იაფფასიანი და სწრაფი გზით წინდგომა/გამონათების სურვილზეა დაფუძნებული და რა არის უფრო ადვილი, თუ არა ისედაც ჩვილ გულს სარჩულად მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა და თანასწორობა "დაუდო" - ისე, რომ არც კი შეეცადო ჩაუღრმავდე ამ ურთულეს ცნებებს - ლოზუნგად აქციო ისინი და დადგე კაცობრიობის (!) ავანგარდში!
აი ესაა ადამიანში "ჭყიპინა" ბუნების შინაგან/მალული წადილი! რომელიც თავისი სიმსუბუქით და ჭკუაგაწყალებულობით ვნებს ჩვენს დროებას.
რჩევა:
სანამ ადამიანი დიქოტომიაზე დაფუძნებული აზროვნების ხაფანგიდან გაჰყვირის რაიმეს ის ცნებების სიღრმეში წვდომას მოწყვეტილია - ამ ხაფანგის მიღმა გასვლა კი უდიდეს შრომას ითხოვს - გონებრივს და გრძნობათა დახვეწა სიღრმეში ჩასვლის. ამ დონიდან კი სინათლე აღარ ბრჭყვიალებს, იგი სხივად იქცევა, ანუ მეგზურად საზღვრულიდან უკიდეგანოსკენ - ასეთი სხივის შემოტანაა სწორედ ნამდვილი ჰუმანიზმი.