Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთი ციცქნა - ბუმბერაზის მისიით

30 აგვისტო 2018

80-იანების ბოლოს საცხოვრებლად გერმანიაში ახლად გადაბარგებულს, ხელოვნების ჟურნალი ჩამივარდა ხელში, სადაც ჩემი ყურადღება ერთმა სტატიამ მიიპყრო, სადაც რუდი ფუქსი (ამსტერდამის “სტედელიკ მუზეუმის” დირექტორი) და იანის კუნელისი (იტალიელი ვარსკვლავი მხატვარი) მოდერნიზმის კრიზისზე მსჯელობდნენ.

ეტალონად დამკვიდრებული “მინიმალური ხელოვნების” და არქიტექტურაში “ინტერნაციონალური სტილის” 30-40-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოსკენ ვიზუალური ხელოვნება ფაქტობრივად დაღლილ, გამოცარიელებულ/დევიტალიზებულ და სტაგნირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გამოსავლის ძიებაში - ანუ რაღაც ირაციონალურის, კულტურულის მიღმა არსებული “უცნობის” შემოსვლის იმედით, ორივე ავტორი სტატიაში რუსეთისკენ იყურებოდა და განახლებას იქიდან ელოდა. იმ რუსეთიდან, რომელიც ცნობილმა კულტურის ფილოსოფოსმა ბორის გროისმა “დასავლეთის არაცნობიერის” ტერიტორიად შერაცხა, ანუ დასავლეთის მიერ გამოდევნილი ინსტინქტებისა და ნება/ჟინის უკონტროლო მანიფესტაციების დაგროვების ადგილად, სადაც ჯერ კიდევ, სუბიექტურ/ირაციონალური ცოცხლად და ქმედითადაა წარმოდგენილი - კულტურიზაციის მიღმა.

რუსეთზე მიმართულ ასეთ მოლოდინს სრულიად გამართლებული ლოგიკა აქვს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ყველაფერი რაც კი დასავლეთმა ვიზუალური კონცეფციების სახით შემოიტანა მოდერნის ვიზუალურ ტერიტორიაზე, რუსეთმა ასიმილაცია გაუკეთა და გასამმაგებული ვიტალურობით განავრცო და გააღრმავა. მალევიჩის, კანდინსკის და შაგალის (მოდერნ ხელოვნების ამ “წმინდა სამების”) მთავარი “კოზირი” პირველ რიგში სწორედ ვიტალურობის მაცოცხლებელი ძალა იყო, რომელითაც მათ ევროპულ რაფინირებულ ესთეტიკას კოსმიურობა და ზეადამიანის პრეტენზია შესძინეს.

დღეს, უკვე პოსტფაქტუმ, შემიძლია ვთქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოს ვ ი ზ უ ა ლ უ რ ი ხელოვნების ენერგეტიკული განახლების რუსეთზე დამყარებულმა იმედმა არ გაამართლა. რუსეთმა დასავლეთში ვიზუალურ ხელოვნებაში ექსპორტად მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, სოც-არტი წარმოადგინა. ილია კაბაკოვის და თავად ბორის გროისის პირმშო, კონცეფტუალიზმის ერთ-ერთი რაფინირებული ნაირსახეობა, რომელსაც არანაირი ვიტალურობა არ მოუტანია და დასავლური ხელოვნების ენერგეტიკის განახლებას ვერანაირად დაეხმარა.

ასე გაუცრუა მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ წასულ დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას იმედები რუსეთმა…

თავი პირველი: რასაც ელოდნენ, ის ვერ დაინახეს

მაგრამ, მიუხედავად ასეთი ხელმოცარულობისა, ვიზუალურ ტერიტორიაზე - ათასწლეულის მიჯნაზე რუსეთმა არა მარტო დასავლეთს, არამედ მთელ თანამედროვეობას ზუსტად ის სასიცოცხლო ძალები აჩუქა, რასაც მისგან სტატიის დასაწყისში ნახსენები რუდი ფუქსი და იანის კუნელისი (კიდევ ბევრი სხვა დასავლელი ინტელექტუალი) ასე იმედიანად ელოდნენ.

ოღონდ ეს მოვლენა კულტურის სხვა (არავიზუალურ) ტერიტორიაზე მოხდა და როგორც ყოველთვის - ნამდვილ და აუთენტურ სიურპრიზად მოგვევლინა!  

ეს მოვლენა, ეს რუსეთიდან ნასროლი სულიერი განახლების ენერგეტიკული მუხტის უზარმაზარი ტალღა, ერთის მხრივ, როგორც ფაქტი/ფენომენი მსოფლიოში წარმოუდგენლად გაჟღერდა და გახმაურდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თეორიული ანალიზის დონეზე მაინც არასრულფასოვნად დაფიქსირდა - ანუ, თეორიაში მართებულ/შესაფერი სისავსით არ იქნა გაანალიზებულ/დაფიქსირებული.

ეს იმიტომ მოხდა, რომ არც დასავლეთი არ გამოდგა მზად ასეთი გასაოცარი საჩურის ბოლომდე გადასახარშად - ანუ ამ ფენომენისგან ახალი კულტურული ტერიტორიის შესაქმნელად. ასე რომ, შეიძლება ითქვას - რუსეთიდან ნაბოძები ძღვენი - სასწაული შარმის და სიცხადე/სიაშკარავის ეს ენერგობირთვი ნაადრევად მოეცა სამყაროს - დასავლურმა კულტურამ, რომელმაც ეს-ესაა დაიწყო თავისი სიბერე/უძლურების დაძლევა, ვერ შესძლო ამ მოვლენასთან მიმართებაში განახლება და სულიერებაში ამ მოვლენის მიერ შემოტანილი რადიკალური ძვრების საარსებო/ეგზისტენციურ სტრუქტურებად გარდაქმნა.

ზოგადად გეტყვით: ოცდამეერთე საუკუნის დაწყება რუსეთიდან მოსული ამ “ნაღმ/საჩუქრით”, ამ უბასრესი ვნება/ჟინის მატარებელი ბრიალა სივრცით - მახარობელი გზავნილის შემოსვლას წააგავს და ნამდვილად სულის შემძვრელია! და ეს, არამარტო სიმბოლურია, არამედ ბედის მატარებელი ნიშანიცაა, რომ ასეთი დიდი სიახლის და განმსაზღვრელი ძალის კულტურული მოვლენა (რომელმაც სამყაროს ბევრჯერ დაარტყა წრე), სწორედ განახლების დიდ სიმბოლურ მომენტს დაემთხვა - ახალი მილენიუმის დასაწყისს!

საყოფაცხოვრებო ტალღისკენ მიმართული მზერისთვის ჩემ მიერ უკვე ასე ნაქები მოვლენა ასე აღიწერება (თუ ეს მოვლენა - ამ ტექსტში ასე გასაიდუმლოებული, პრინციპში კი ყველასთვის ცნობილი - ვინმესთვის ასეთი მასშტაბის მატარებლად არ აღიქმება, ჩემი აზრით, ეს ადამიანზე კულტურის დამაბრმავებელი ზეგავლენით უნდა აიხსნას მხოლოდ, ანუ ზღვრის მიღმა არსებულიდან მომავლის ტალღის შემოსვლის მიმართ სიბრმავით):

ორი, რუსი გოგონა/თინეიჯერის, სრულიად უცნობმა და მუსიკალურ სამყაროში არანაირი გამოცდილების არმქონე ჯგუფმა "ტ.ა.ტ.უ."-მ (თავისი პირველი სიმღერის “სინგლ”-ით მუსიკალურ მარკეტზე ნამდვილი სასწაული მოახდინა; პირველ თვეში “სინგლ”-ის გასაღების ყველა რეკორდი მოუხსნა თანამედროვეობის ისეთ ზევარსკვლავ რეკორდსმენებს, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, მადონა, ბიტლსები, როლინგ სტოუნები და ყველა სხვა - რომელთა სამსახურში დგანან ყველაზე ძლიერი და დახვეწილი დასავლური PR ტექნოლოგიები.

ასეთი და ამ ტიპის(!) წარმატება ნიშნავს კოლოსალურ ავთენტურ ზემოქმედებას. ნახევარ წელწადში, მთელი სამყაროს ახალგაზრდობა ბრაზილიიდან იაპონიამდე, ამ დუეტის ისტერიულ ფანებად იქცა და თავად ჯგუფი სრულიად გამოკვეთილ და მნიშვნელოვან სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფენომენად იქნა მიჩნეული! ასეთი რამ თანამედროვე მუსიკის სამყაროს არ ახსოვს და ეს მოვლენა რასაკვირველია ისტორიად იქცა!

ამ ორ გოგონას, იულია ვოლკოვას და ლენა კატინას და ასევე მათ უკან მდგომ, პროექტის ავტორს ივან შაპოვალოვს აღმერთებდნენ, ახლად მოვლენილ გზამკვლევ ორიენტირად აღიარებდნენ, მანამდე არნახულ ფენომენად აცხადებდნენ და… ამავდროულად(!) მათ კულტურისა და მორალის მტრებად და დამანგრევებლად იხსენიებდნენ - ხურავდნენ, აუქმებდნენ, ყადაღას ადებდნენ კონცერტებს, არცხვენდნენ და საჯაროდ გმობდნენ!

„უი კი, ვიცით” - იტყვით თქვენ - „ეს ის გოგოები არ არიან, კლიპში ერთმანეთს რომ კოცნიდნენ?”

კი, ეგენი არიან და ამით ზუსტად რომ ყველაზე უსუსურ კლიშესაც გავარტყით, რადგან მეტი არაფერი დაგვამახსოვრდა…

ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი აღმქმელობა ზოგადად შემოქმედების მისიის, კონკრეტულად მუსიკის შემადგენლების და ასევე კულტურული ფენომენის ღირშესანიშნაობის მიმართ ძალიან დაბალია.

აბა როგორ ფიქრობთ - ორი გოგონას ერთმანეთის კოცნამ აწია ასეთი ამბავი სამყაროში? - მაშინ რა უნახავი გოიმი ყოფილა სამყარო?! განსაკუთრებით კი ყველაფრის მნახველი და ყველაფერმონელებული დასავლეთი, რომელსაც როგორც ცნობილია ვერავინ და ვეღარაფერი აკვირვებს, ვეღარ უკეთებს პროვოცირებას და, ყველანაირ რადიკალობებს, ტრანსაგრესიულ/ავანგარდულ ჟესტებს (ჩახდა-გახდა/ტრაკის ჩვენებებს) ამ ტერიტორიაზე დაჭრილი აქვთ ეგრევე ყვერები.     

ასე რომ, ყურადღება მოვიკრიბოთ და შევძლოთ, გავაცნობიეროთ - რაღაც სრულიად ირაციონალური ბედისწერის მაგვარი აგორდა სამყაროში, რომელსაც წინ ვერასდროს ვერაფერი და ვერავინ დაუდგება. ის, რაც აჯანჯღარებს და აახლებს რუტინას, ლახავს ყოველგვარ სკეფტიციზმს და რაც სწორედ ამიტომ ყოველთვის ერთის ნიშანია: - “უცნობიდან” (ყოფიერებიდან), არსებობის კულტურულ ტერიტორიაზე, დიდი, განმახლებელი პარადიგმატული ტექსტი შემოიჭრა, კულტურისთვის შემზარავი სიაშკარავით და ეს სამომავლოდ უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის სწორედ კულტურული ტერიტორიისთვის!

“ტ.ა.ტ.უ.”-მ რეალური გზავნილის შემოტანის თვალსაზრისით ალბათ მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ ამ მოკლე დროშიც კი ისეთი სასწაული ქარიშხალი დააყენა და ისე აამოძრავა გულები და დამუნჯებულ/დაგუბებული ენერგიები, რომ კაცობრიობის არაცნობიერის მექანიზმში ნამდვილად დიდი კვალი დატოვა. კვალი, რომელიც მომავალში აუცილებლად შეიძენს მყარად ხელშესახებ კულტურულ სხეულს და რომლის მეშვეობითაც ჩვენი ცნობიერების საზღვრები კიდევ ერთხელ გადაიწევს და გაფართოვდება.

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ გარშემო უამრავი სხვადასხვა დონის ინფორმაცია, ანალიზი, დისკურსი, კვლევა, წარმოდგენები, ფანტაზიები, ჭორები არსებობს, მაგრამ მოვლენის ნამდვილი, მეტაფიზიკური არსი არ დაფიქსირებულა და ალბათ არც არის საჭირო რომ მყარად დაფიქსირდეს - ის, რაც მათ მოიტანეს, ხომ ნამდვილად მომავლის საქმეა. ისინი მომავლის აგენტები იყვნენ; ასე ვთქვათ - გაზაფხულის პირველი მერცხლები.

აქ მოხდა ის, რაც ყველაზე ლამაზია სამყაროში: - ყოფიერების ტალღამ ისეთი ენერგიებით შემოასხა არსებობის ტერიტეორიაზე, რომ თავისი შარმით და სისავსით ერთიანად წალეკა ყველაფერი - სოციალურ სივრცეში ამ ტალღამ ისეთი ბასრი ფორმა მიიღო, რომ “კულტურაში” და მის თვითკმაყოფილ პოზაში დიდი ბზარი გაჩნდა და შფოთი დადგა. ტრადიციული მორალის მოთხოვნები, კიდევ ერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და კიდევ ერთხელ გახდა აშკარა: ყველა მორალური ნორმა მხოლოდ დროსთან მიმართებაშია ჭეშმარიტი და სწორედ ამიტომ ითხოვს გადაფასებებს. ყოფიერების შემობიჯების ფაქტს და ამ შემობიჯებით არსებობის ფორმების მოდუსის ჩასწორებას ფილოსოფიაში Event ეწოდება - ანუ ცნება “მოვლენა” დიდი ასოთი დაწერილი! ასეთ ცნებაში ფილოსოფოსები გულისხმობენ: - ყოფიერებამ ჩვენ მიერ მისი დავიწყებით გამოწვეული წყენა დაივიწყა, ხელი გამოგვიწოდა და თავისი ინიციატივით და საკუთარი საშუალებებით გვესტუმრა ადამიანებს. ანუ, ცარიელი ნიშნებით გაწყობილ კოსმოსის ტერიტორიაზე ადამიანთა გულები უწყვეტი ერთობის (კრიტიკის და ანალიზის მიღმა) ექსსტატიკური ენთუზიაზმით შეკრა - მათში ეროსის (სიტყვა “ეროტიკას”არასდროს არ ვხმარობ რახან მძიმედაა დატვირთული სექსუალური კონოტაციებით) ისეთი ულუფა შეიტანა, რომ სამყარო გომოსხივდა თავისი განუყოფლობის სითბოთი. ეს ის საზღვრებმორღვეული ეროსია, რომელიც მთელ სამყაროს იტევს - უბიწობის გადახსნილობამ ხომ თავის საზღვრებგაუქმებაში არ იცის, რა არის “კარგი” და “ცუდი”; “მალული” და “გაცხადებული”; “ღვთაებრივი” და “ეშმაკისეული” - აი ისე, როგორც ამის შესახებ არაფერი იცოდა ადამმა და ევამ, როგორც არ იცის ამის შესახებ არაფერი დამწყებმა თინეიჯერმა, სანამ მშობელი, გარემო, კულტურა და სახელმწიფოს აპარატი არ გამოათაყვანებს, დაკოდავს და “სოციალური მონადის” უსინათლო ყუთში მოაქცევს. უბიწობამ არ იცის დაყოფა, მისთვის მთელი სამყარო ერთი განუწყვეტელი დინება/მოძრაობაა, სადაც ყველა კუთხე და კუნჭული ერთნაირად ანათებს, ურთიერთობს - აქ სიკვდილი და სიცოცხლე სულაც არ არის ერთმანეთს მოწყვეტილი, ამ ყველაფრის ბატონი/პატრონი თვითონ უბიწობაა, “ცოდვა” კი მხოლოდ თავად ცნების საცოდაობაა!

აი ამაზე იმღერეს “ტ.ა.ტ.უ.-ს“ გოგოებმა. “ჭკუაზე არა ვარ - მე ის მინდა” (სიმღერა “Я сошла с ума”) -  უმღეროდა ერთი გოგონა მეორეს და მეორე პირველს. რახან ერთობის და განუყოფლობის სული ჩაიღვარა მათში და სწორედ ასეთ ღვთაებრივ ლტოლვას უნაწილებდნენ ისინი გულუხვი ტემპერამენტით მსმენელს და მნახველს (მათი პერფორმანსიც სწორედ ამ იდეის უძლიერესი მატარებელია). “თქვენ ჩვენ ვერ დაგვეწევით” - გამჭოლი წივილით, ახლა უკვე სხვა სიმღერაში, მღეროდნენ ეს პაწაწინები და რეტდასხმულებივით დარბოდნენ სცენაზე (მათი ნამდვილად ლეგენდარული პერფორმანსი MTV-ზე:

 ზუსტად იმ ყველაფერის გადამსწრებ და გადამლახავ ხალის/ისტერიკით, რომელიც ასე გვიხსნის გულს, როცა ბავშვების შმაგი ჟრიამული გვესმის საბავშვო მოედანზე და თვალს ვერ ვაცილებთ მათი განუყოფელ/ერთიანი სივრცის ექსსტატიკურ და უწყვეტად მოძრავ შარმს. ამიტომ დარბიან ახალდაბადებული ანგელოზებივით თეთრ საცვლებში გამოწყობილი იულია და ლენა სცენაზე და დაარბენინებენ (ასევე თეთრ საცვლებში) ასობით გოგონას, ახლად გამოჩეკილი გადარეულ/ვიტალური თეთრი სპერმა-წიწილებივით - შავ სიცარიელეში. ამიტომ ისმის მათი სიმღერების არანჟირებაში - ელექტრონულ/მარშულ (არააკუსტიკურ) აკორდებში ამდენი სიცარიელე (ცარიელი ვიბრაცია/სიკვენტურობა), როგორც სიმღერების შინაარსისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი!

მაგრამ ასეთ თავაწყვეტილ რბოლას, მდევრის უწყვეტი დევნის განცდაც დაჰყვება - თითქოს შენ უკან ვიღაც მოგდევს, რომ წაგართვას შენი განძი-თავისუფლება, დაგამიწოს, გამოგგლიჯოს ეს შენი ძლივს მოპოვებული ექსსტატიკური გამაერთიანებელი ძალა! - ეს, “კულტურული ცნობიერება” მოგდევს უკან, გემუქრება დაჭერით, დადაღვით, თმების და გრძნობების შეჭრა/გაკრეჭვით, ერთიანიდან ამოგლეჯვით, რომ სამყარო ისევ ორად გაყოს, მისი ერთი ნაწილი შეგაჯავროს, მისი მტერი გაგხადოს, მეორე კი “შეგაყვაროს”. კულტურას ხომ ერთი სურს მხოლოდ - შენი ეს წმინდა და უპირობო წილხვედრობა ღვთაებრივ ერთიანობასთან არ შედგეს - აწმყო ნეტარება წაგართვას და უსასრულო მოლოდინად გაქციოს! ფეხადგმული და, როგორც იქნა, ლაღად მორბენალი, ისევ საკანში შეგათრიოს, გაგძარცვოს შენი საკუთარი ღვთაებრიობით გაჟღენთილი ღვთაებრიობისგან.

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ გოგონები სცენიდან სწორედ ამას უყვიროდნენ მათ მდევარ აჩრდილს “თქვენ ჩვენ ვერ დაგვეწევით”! - უყვიროდნენ განწირულად, ისტერიკულად და ერთ საფეხურს არ უთმობდნენ არავის, არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ თავის ქადაგებაში: ყველას შეიძლება უყვარდეს ყველა, სამყაროში სიყვარული არ არის დაყოფილი, ის ადამიანმა დაჰყო და ამიტომაც გახდა “ადამიანი”: შეფასებების, გადადებულად არსებობის, ომების, ძალადობის მატარებელი - დაუოკებელ/აღუსრულებელი მოლოდინის არსება.  

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ ნაღმმა ადამიანის ცხოვრებაში ააფეთქა დავიწყებული ყოფიერების ფრაგმენტი -  იმ ენით აღუწერელი სიცოცხლის უნარიანობის გამოტანა/შემოჭრის საოცარი დღესასწაული, როდესაც ადრეულ თინეიჯერობაში ახალგაზრდას უბრუნდება გვიანი ბავშვობის პერიოდში სოციალიზაციის ეტაპის გამო დაკარგული ეროსი,  როცა ეს თინეიჯერი გრძნობს: - მე ცოცხალი ვარ, მე ვარსებობ, მე ყველაფრის შემძლე და ჩამდენი ვარ, არაფერი დამიჭერს სამყაროსთან სრულფასოვნად გაერთიანებისგან!

ამ დროს, ახალგაზრდის ინტუიციისთვის საზოგადოება თავისი კანონ/რეგულაციებით, რაღაც გამლღვარ/ნაცრისფერი მონსტრი/მირაჟია.

Hе говори - им не понятно
Только без них, только не мимо,
Лучше никак, но не обратно,
Только не с ними, только не с ними.

“ნურც კი მიმართავ - ვერ გაგიგებენ

მხოლოდ მათ მიღმა და აუცდენელად,

უკანსვლას ნაღდად სჯობს არაფერი,

მხოლოდ უმათოდ, არასდროს მათთან”.

მათ ცნობიერად ჯერ კიდევ არც იციან რა დამთრგუნავი ძალადობა ამოძრავებს საზოგადოებას და მის კანონ-წესს - “გადარჩენა/დაფუძნების” ინსტინქტის ცერბერს! მაგრამ მათი ინტუიცია უკვე გრძნობს საშიშროებას და გაურბის ამ ტირანს, რომელიც შეწოვას და გადაყლაპვას უქადის მათ, მის, ბინარულობის (პოლარულობის) მიღმა მყოფ, ღვთაებრივ/ვიტალურ ბედნიერ უდარდელობას.

Только скажи дальше нас двое,
Только огни аэродромов.
Мы убежим, нас не догонят,
Дальше от них, дальше от дома.

შენ მხოლოდ თქვი და გავორდეთ ერთად,

აეროდრომთა ციმციმი მოწმედ.

ლტოლვით გაქცეულთ ვერ დაგვიჭერენ,

სახლიდან, მათგან სულ შორს, სულ შორეთს.

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ წევრი იულია შემოქმედების ადრეულ ეტაპზე განცდილს იხსენებს: “ზოგჯერ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაცას არასწორს ვაკეთებ და ვფიქრობდი - გავაქანო მანქანა და დავეჯახო რამეს და დავამთავრო.” აი ასეთ დამანგრეველ რამეს ახერხებს ჩვენში ჩასაფრებული “კრებითი სოციალურ/ლოკალური სინდისი”, ფროიდული “სუპერ ეგო”; კულტურული იმპერატივი თითს უქნევს ადამიანს და უბრძანებს: - “როცა შენ ჩემთან მიმართებაში არ ცხოვრობ, შენ “ადამიანს” ღალატობ, ანუ შენ ის არა ხარ, რაც “ყველა”, არ შეესატყვისები “ადამიანურ” სტანდარტს - ამიტომ შენ არ ხარ ღირსი სიცოცხლის”. იულიას ამ განცდის შემთხვევაში თავს იჩენს ყოფიერებასა და არსებობა/კულტურის შორის გაჩხერილობის უმტკივნეულესი გრძნობა. სწორედ ამ ტკივილის გამო იულია, საბოლოოდ, “ტ.ა.ტ.უ.-ს“ აღზევების 10 წლის შემდეგ ნებდება კულტურულ/მოთხოვნას, ხდება ის, ვინც ერგება და “წარმატებულია” კულტურულ სივრცეში. მაგრამ იულია რა გასაკვირია, ციცქნა გოგო, როცა იგივე დაემართათ მესამე სივრცის ისეთ ბუმბერაზებს, როგორიც იყო კერუაკი, ბეროუზი, ჯაგერი და სხვა. ღმერთი რომ დაგტოვებს ყველას ჟანა დარკივით მისიის ბოლომდე ტარება არ შეუძლია.  

ყოფიერება ექსტატურია, ჭეშმარიტება გარეკილობაა, ქარს და წყალს წაყოლილობაა - რაც “ტატუ”-მ განიცადა, ატარა და ჩვენც გვაგრძნობინა!

ბევრი სტატია მაქვს წაკითხული ამ ჯგუფთან დაკავშირებით, უამრავი ტოქშოუ ნანახი. ერთადერთი, ვინც ზუსტი დიაგნოზი დაუსვა “ტატუ”-ს, ეს იყო უბრალო, რუსი ქალი (შეიძლება ციმბირელი), რომელმაც “ტატუ”-ს ტოქშოუზე ასე მიმართა: “თქვენ “კარგის” და “ცუდის” განსხვავება გინდათ გააუქმოთ...” (და ნუ მერე გასაგებია მიაყოლა ღმერთის მრისხანებაზე და ა.შ. :).

ასე ზუსტად, არცერთ კულტუროლოგს არ განუსაზღვრია “ტ.ა.ტ.უ.-ს“ ფარული, არაცნობიერი მისია... მათი “აქ” შემოსვლის და სამომავლო ამოცანის მიზან/არსი!

ამ შეფასებაში ღირებული ის არის, რომ „ტ.ა.ტ.უ.“-მ მძაფრად შემოტანილი იმპულსით აქტუალური კულტურული ცნობიერება სოციალურ დონეზე შეაცბუნა, ამ რუსი ხანდაზმული ქალბატონის ცნობიერებამ კი, რომელიც აქტუალურ კულტურულ ცნობიერებასთან უშუალოდ გადაბმული არ იყო, შეტევა თავად ა რ ს ე ბ ო ბ ი ს ძირითად პრინციპზე დაინახა და “იქ” დააფიქსირა. ასეთი განზოგადებები ჩვენი კულტურისთვის ჯერ კიდევ იმდენად შორია, რომ ამ ქალბატონის მტკიცებულებისთვის ტოქშოუზე ყურადღება მაინცდამაინც არავის მიუქცევია - რახან ეგზალტირებული საუბარი უმთავრესად ლესბოსელობის საშიშროებაზე იყო :) :) (სოციალურ წესრიგზე შიშები!).

ხოლო ის, რომ ლესბოსელობა რაღაც უფრო დიდის შემადგენელია - რასაც “ერთიან-განუყოფელი ცნობიერება” ეწოდება და პრინციპში მიზანი ეს არის - ამას ჩვენი კულტურული ცნობიერება ჯერ ვერ ხვდება, ჯერ ამაზე სრულიად ვერ ქაჩავს. :) 

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ მიერ გაფორმებულ სივრცეში ბინარულობა უქმდება განუწყვეტლივ შემომდინარე უზომოდ ვიბრირებული ენერგიით, რომელიც “აწმყოს” დაფიქსირების, არტიკულაციის და კვალიფიცირების არანაირ საშუალებას არ ტოვებს, ეს მომავლის აწმყოზე თავდასხმის უწყვეტობაა - მომავლისკენ განუწყვეტელი წინსწრაფვით. აწმყო და წარსული უქმდება ექსსტატიკურის დინამიკაში, ეს დღესაც ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ესმის, რახან ამის ცოდნისთვის მომავალს უნდა ეკუთვნოდე, ანუ დენად/სიკვენტური ცნობიერების ინტუიციური ადეფტი იყო - ასეთი ცნობიერება კი დღეს გარშემო პრაქტიკულად არ არის.

“ტ.ა.ტ.უ.”-მ ოპერირების სრულიად ახალი სივრცე გააფორმა: აქ ცარიელ ნიშანთა საშო/ვაკუუმს - სიმღერით, პერფორმანსით, მოწოდებებით, ქცევის მოდელებით, გამჭოლი კივილით - განახლება/შობის, მიზანდასახულ/ბედნიერი ისტერიკა ეფინება...

სწორედ ამ ტოტალური განახლების გამო “ტ.ა.ტ.უ.-ს“თვის კულტურული საზოგადოება, მთელი თავისი “ღირებულებებით” მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი “სხვაა”; მათსა და საზოგადოებას შორის უკუნეთი ვაკუუმის უფსკრულია ჩაკიდებული, რომელსაც მათი მუსიკის ინსტრუმენტული არანჟირების ელექტრული ვიბრაცია ეთერივით ავსებს უწყვეტად ბასრი წინმსწრაფობით. ამ ვიბრაციული ხიდით, რომელიც მათ და საზოგადოებას შორის ერთადერთი დამაკავშირებელია “ტ.ა.ტ.უ.”. უკან გადმოსასვლელად არასდროს სარგებლობს, მაგრამ თქვენ გაქვთ შანსი მათკენ სვლის უფსკრულის თავზე.  

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ მიუღებლობა საზოგადოების მიმართ, უკმაყოფილო ჯუჯღურში, ბუტიობაში, კვნესა-მოთხოვნაში, გოდება-გაბრაზებაში არ გამოიხატება, რაც სხვა, თანამედროვე სიმღერებისთვის ზოგადი ნორმაა (და საბოლოოდ ყოველთვის კომპრომისზე ან საზოგადოების მხრიდან აღიარებაზე ოცნებას წარმოადგენს). არა, “ტ.ა.ტ.უ.-ს“ შემთხვევაში ეს ფოკუსირებული და ზუსტი უარყოფის გზავნილის მატარებელი ისტერიკაა, რომელსაც გოგოები სცენაზე მთელი თავგამოდებით ავლენენ.

ასე იცავენ ისინი თავის შემოქმედებაში მომავლის გაბრწყინებას - ძველი, დამიწებული და ბალახ/მიწა ჩაბღაუჭებული ცნობიერებისგან, ორად გაყოფილ, მუდმივად გადადებულ მოდუსში მყოფ და მომლოდინე სამყაროსგან.

“ტ.ა.ტ.უ.-ს“ შემოტანილ ცნობიერებაში არსებობასა და ყოფიერებას შორის განსხვავების სრულიად ზუსტი და საღი გაგებაა და სწორედ ამიტომ არსებობის ფუნდამენტის - დუალობის, პრინციპული არმიღება ასე ცხადია; “ტ.ა.ტ.უ.-ს“ ძალისხმევა “შენ და მე”-ს, “შენი და ჩემი”-ს გაერთიანების ძალისხმევაა, ოღონდ არა სოციალურ სხეულში ან სოციალურ ნიადაგზე - არამედ ორის (სიმრავლის) განუყრელ ე რ თ ი ა ნ ა დ ქცევის სიცარიელე/არარას რეალობაში.

Мы убежим, всё будет просто
Hочь упадёт, небо уронит
И пустота на перекрёстках,
Лишь пустота - нас не догонят.

ჩვენ გავიქცევით, გავშპებით სადღაც

ღამეთ ვარდნაში, ცის დასაქცევში.

გზაჯვარედინთა სიცარიელე ცარიელია

- ვერ დაგვეწევიან.

სწორედ ამ ბინარული გაყოფის მიღმა ხედვაზეა სიმღერა “უბრალო მოძრაობები”. 

- “შენ ხარ მე და მე ვარ შენ” მღერის კლიპის წინა პლანზე კადრში იულია. ჩვენ ვხედავთ მის სახეს მასტურბაციის ექსტატურ/განყენებულ მზერის გამომეტყველებით! “უბრალო მოძრაობაში” სიმღერა სწორედ ამ მასტურბირების მოძრაობას გულისხმობს, რომელიც არც კარგია და არც ცუდი - უბრალოდ პატარა კარია, რომლის მეშვეობით შეგესვლება სამყაროსთან განუყოფლად ზიარების განცდაში - სადაც“უცხოსთან” ერთობის შანსი გვეხსნება. ეს ისეთივე მოძრაობაა როგორც ყველა სხვა, მაგრამ შეიძლება ბევრად დრამატული: - თითის ჩახმახზე გამოკვრა (რომელსაც შეიძლება ვინმეს სიკვდილი მოჰყვეს), ბავშვის ჭოჭინით სირბილი (რომელიც შეიძლება გადაიჩეხოს), კუნთების ვარჯიში (რაც კულტურისტს აფორმებს), კალმით ხაზის გატარება (შეიძლება რომანი დაიწეროს), ვინმესთვის ტრაკზე ხელის ან ცოცხის მირტყმა (ღმერთმა უწყის რა შედეგი მოჰყვეს). უბრალო მოძრაობები, უბრალო მოძრაობები… გაჰყვირიან გოგოები… „ნუ სვამ ამ კითხვებს უბრალოდ იმოძრავე, …მოძრაობენ ზამბარები, ხვალ კი ყოველი ჩვენგანი ფიფქზე პატარაა”… აგრძელებს იულია ბავშვის შემპარავი შარმის ხმით.

Мы продолжаем простые движения.
Не задавай эти вопросы.
Просто давай, двигайся просто.
Это любовь, скачут пружинки,
Завтра любой меньше снежинки.
Надо успеть, не возражая.
Надо уметь жить, продолжая простые движения.

ახორციელებ მოძრაობებს უბრალოს კვლავაც…

ნუ მისვამ კითხვებს -

უბრალოდ ჰქენი, უბრალოდ ქმედე;

ეს სიყვარულის დახტის ზამბარა,

ხვალ ხომ ფიფქებზე მცირეა ყველა.

უნდა მოასწრო და არ უარყო,

მოძრაობები უბრალო კვლავაც აგრძელო ასე

- ცხოვრების არსად.  

ასე კი, უბრალო მოძრაობებად (და არა შედეგებად) - მხოლოდ ღმერთი ხედავს სამყაროს; რომელიც მორალისტი არ არის, ამ სიტყვის (მორალი) შესახებ მან უბრალოდ არაფერი იცის და მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი სუნთქვით შეპყრობილი ესთეტია! “უბრალო მოძრაობები, უბრალო მოძრაობები” განუწყვეტლივ ჭრის სივრცეს გოგოების მისამღერი - “უნდა შეძლო, მოასწრო წინააღმდეგობის გარეშე, უნდა იცოდე როგორ გააგრძელო სიცოცხლე, … უბრალო მოძრაობებით, უბრალო მოძრაობებით” - ანუ ერთობის და განყენებულობის ამ შანსით.

არც გოგოებმა, არც თავად მენეჯერმა შაპოვალოვმა არ იცოდნენ და არ იციან, თუ რა მოხდა - რისი მატარებელი იყო “ტ.ა.ტ.უ.”. შაპოვალოვი: “პროექტმა გაანგრია ყველა საზღვარი - არ ვიცით, რატომ…” (“ტ.ა.ტ.უ.-ს“ ანატომიაში).

ინგლისელმა ტელეწამყვანმა ასე დაახასიათა იულია და ლენა: “გოგონები ძალიან საყვარლები არიან. წყნარები, სასიამოვნო, მეგობრული, ცოტა ველური ცხოველები”.

ჰო ასეა, აქ კულტურა გვერდზეა გადაგდებული, სიცარიელე გიყურებს და სიცარიელე ვნებიანობს - ამაშია სწორედ ამ შედეგის განძური ხასიათი.

რუდი ფუქსის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ახდა: - რუსეთიდან “რაღაცამ”  შემოანგრია კულტურის ღობე/ჭიშკარი. 

“ტ.ა.ტ.უ”-ს მუსიკა არის ნაბიჯი რეალური დროსკენ” - ამბობს შაპოვალოვი (ტ.ა.ტ.უ.-ს მენეჯერი). აი აქ კი, შაპოვალოვის ინტუიცია მოვლენის (Event) “რეალურს” შეეხო!

შაპოვალოვის კიდევ ერთი მაგრად გარტყმული ციტატა, რომელითაც მან ვიღაცას “ტ.ა.ტ.უ.-ს“ უღმერთობაში დადანაშაულებაზე უპასუხა: - “პირიქით, მე ვთვლი, რომ პროექტი “ტ.ა.ტ.უ.”, სწორედ ღმერთთან არის ახლოს”. - კი თუ ღმერთი საზღვრებმოხსნილი გადახსნილობაა - “ტ.ა.ტ.უ.-მ“ ფეხი სწორედ მაგაში ჩადგა.

თუ რომელიმე რელიგია რ ა ი მ ე სახის სიყვარულის წინააღმდეგია - მაშინ “ტ.ა.ტ.უ.” ამ რელიგიის გამოცდაა თანამედროვეობასთან მიმართებაში.

ლესბოსელობის შიშით შეპყრობილმა წვრილტვინიანებმა ლენა ნამეტანი რომ შეაწუხეს, მისმა უჭკვიანესმა და უკეთილშობილესმა ბებიამ ასე უთხრა ლენას: “რატომ ღელავ,  ჩემს დროს რომ ეს ყველაფერი ნორმა ყოფილიყო, მე ქალი მეყვარებოდა - მე კაცებზე ბევრად მეტად ქალები მომწონდა ყოველთვისო...” - ასე უკეტავს ადამიანებს ბუნებრივ ლტოლვას და პრიორიტეტებს, საკუთარი თავის ჭეშმარიტებად აღმქმელი “კულტურა” - რომელიც სინამდვილეში, არასდროს შეიძლება იყოს უნივერსალური, ან რაიმე ზეღირებულების ჭეშმარიტების გამტარი.     

“ტ.ა.ტ.უ.” საყოველთაო, ზღვარმოხსნილი ენერგეტიკული სიყვარულის გამოწვევაა, რომელიც სექსუალურ ნიშნებში გამოხატულ  ვნება/ნების სრულ მზადყოფნას მოითხოვს: - გახდილი, შიშველი და ჭრილობასავით გადახსნილი არამატერიალური სიყვარულის სხეულის მისაღებად.

ამ წლოვანებაში ის გაგაჩნია, რაც შენში თავისით თამაშობს და ასევე უშრეტად იღვრება შენგან (რახან კულტურის წნეხმა ჯერ ვერ ჩაახშო) - ასეთ ლიბიდოს კი მნახველის სულში ეროსის დასაძრავად ფიზიკური მანიფესტაციის დონეზე, თეთრი საცვლებიც კი ჰყოფნის (“ტ.ა.ტ.უ.-ს“ შემთხვევაში) რახან თვითონ ასხივებს და არა იზიდავს!

რადგან დ ღ ე ს დ ღ ე ო ბ ი თ ადამიანისთვის, სექსუალობა ერთიანობის და მახლობელ “სხვასთან” შერწყმის განცდის ყველაზე ძლიერი და აშკარად ერთადერთი რეალური ფორმაა,  სწორედ ამიტომ სექსუალური ნიშნები, უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს ერთიანობის დისკურსის გავრცობისას შემოქმედებაში. საკითხის მხოლოდ ასეთი მძაფრი დაყენებით შეიძლება გამოთავისუფლდეს ერთიანობის ენერგია და მან ახალი - არასექსუალური ფორმები იპოვოს და შეიქმედოს. “ტ.ა.ტ.უ.-ს“ კლიპებში (https://www.youtube.com/watch?v=LhS-pfVAvVo) ეს გამოთავისუფლება და ასეთი ახალი ფორმების ემანაცია სრულიად აშკარაა - მათი კლიპების ყურების დროს რაიმე რეალურ სექსუალურ აქტის წარმოდგენაც კი გულის რევის ეფექტს იწვევს - იმდენად განწმენდილი და სუფთაა მოთამაშე ენერგია. ასე რომ, მათი პერფორმანსები ამბივალენტობაზე იგება: სექსუალური ატრიბუტიკის მოხმარებაზე, რომელიც იზიდავს, მაგრამ მისი შინაარსის შეცვლა/ჩანაცვლება ხდება. აქ პირველადი სექსუალური მიზიდვა მხოლოდ ერთიანობის და უპირობო სიყვარულის განცდის წარმოდგენაში და ამით აღფრთოვანებაში გეხმარება.   

სხვა სიტყვებით ეს ასე შეიძლება გადმოითქვას: პროექტში არის ჰიპერსექსუალობა, ანუ სექსუალური ენერგიის დაუოკებლობა, რომელიც ეროსმა თავისი მიზნობრივობისთვის მთლიანად დაისაკუთრა! - ეს ენერგია “ტ.ა.ტ.უ.-ს“ წამყვან პერფორმანსებში ყველა მხრივ და ყველა მიმართულებით ვრცელდება, სწვდება ჩვენს სიღრმეებს და გვაერთიანებს “სხვასთან” ბავშვური ყოვლისმიმღებლობის უპირობო სიმდიდრით.

“მე მაშინ გამედო, როცა დავიბადე, მერე არა უშავს... ყოველთვის ისეთ კარებისკენ მივიწევ, სადაც არ მიშვებენ - ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა, ჩემი მუდმივი მცდელობა რაღაც არსობრივის პოვნაა და მისი გამოტანა სინათლეზე” - შაპოვალოვი.  

კორესპონდენტი: - ბავშვი არ გინდათ გყავდეთ?

“ტ.ა.ტ.უ.”: ჯერ არა, თუ მოგვინდა ერთ პატარა “ტატუ”-შონკას გავაგორებთ და ეგ იქნება...”.

ბავშვის გაჩენა ეს ადამიანის ფ უ ნ ქ ც ი ა ა, ისეთი როგორიც, ღვიძლს, შარდის ბუშტს, სწორ ნაწლავს, გულს და ფილტვებს აკისრია. ცნობიერებაში შეზღუდული დროის და სივრცის ფაქტორის გარღვევა კი ადამიანის მ ი ს ი ა ა. ჰოდა, თუ ფუნქციაზე მიდგა საქმე - მისიის გამსრულებელი ერთ ბავშვსაც გააგორებს და ეგაა... - ასე უდგება “ტ.ა.ტ.უ.” ამ საქმეს!

საზოგადოებრივი ცნობიერების გამჭვირვალების ხარისხი პროგრესი, საშუალებას ქმნის, რომ მასში კიდევ უფრო მაღალი სიხშირის სხივმა მოახერხოს შეჭრა, რომელიც სამომავლო გლობალური სინათლის აგენტია. ეს შეღწეული სხივი, საზოგადოების სამომავლო მზადყოფნის პირველ სინჯს ახორციელებს - ადგენს დაგროვდა თუ არა საზოგადოებაში სამომავლო ხარისხობრივი ცვლილების პოტენცია. ასეთი სხივი/აგენტი იყო “ტ.ა.ტ.უ.” და ასეთი სხივის გამოჩენა კაცობრიობისთვის დიდი კომპლიმენტია (მისი მზადყოფნის თვალსაზრისით); სინჯმა იმუშავა - დედამიწის მოსახლეობამ ძალიან მაღალი რეაგრირება მისცა მოვლენაზე, ის რაც “ტ.ა.ტ.უ.-ს“ ევალებოდა მოხდა: ქარიშხალი, ტალღები და ღელვა. და სწორედ როგორც ქარიშხალი “ტ.ა.ტ.უ.” ასევე სწრაფად გაუჩინარდა. ტალღებიც ჩაცხრა, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთდა - გამჟღავნდა: დღეს გულები ჭეშმარიტების გაელვების მიმართ გაქვავებული არ არის - ის რითაც იესო ასე იყო გულაცრუებული, დღეს მას გაახარებდა... სულიერების სივრცეში სრული ერთობის ინტუიცია, წინმსწრაფი ენერგია, რომელიც აწმყოს და წარსულს სრულიად ივიწყებს აღარ არის გაუგებარი მილიონებისთვის - მისი დრო ნამდვილად მოდის. „ტ.ა.ტ.უ.“ სხივმა/სკაუტმა გვამცნო: დიდი ცვლილებებისთვის სივრცე მზადაა, სინათლის მასიური შემოსვლა სივრცეში მატარებლებს იპოვის... სულები მზად არის და მოლოდინი დგას... ეს არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი ღვაწლის შედეგი კაცობრიობის ისტორიაში.

თავი მეორე: “ლოლიტას” ორი ბედი - ლენა და იულია...

საზოგადოებას ეშინია “თინეიჯერების” და მხოლოდ მათ მორჯულებაზე ზრუნავს - რადგან ვერანაირ ქმედით ან გამამდიდრებლ პოტენციას ვერ ხედავს მათში. “თინების” მიმართ კულტურას ერთი მიზანი აქვს მხოლოდ - რაც შეიძლება მალე მოარგოს ისინი თავის კულტურულ მატრიცას და ინსრუმენტალიზაცია გაუკეთოს მათ - ჩააყენოს “გადარჩენა/დამკვიდრების” (საზოგადოების წამყვანი ინსტინქტი დღესაც!) სულმოკლე სისტემაში. თინეიჯერებისადმი შიში იქიდან მოდის, რომ საზოგადოება თინების ფსიქიურ დინამიკას მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურ/ინსტინქტურ წარსულზე მიმართულად აღიქვამს. ის მომენტი კი, რომ “თინები” სამომავლო ცნობიერებისთვის ასევე, და გაცილებით კიდევ უფრო მეტად, გადახსნილი არიან, და რომ მათი გადახსნილობის მასშტაბი უკომპრომისოდ  მოიცავს ყოფიერების შკალას - ამაზე საზოგადოებას ჯერ არც უფიქრია და როგორ დაუფასებს ამას “თინებს”? საზოგადოებამ ჯერ არ იცის, რომ “თინებში” დევს და ხარობს ის, რასაც პრინციპულად ეძებს ადამიანის ბუნება, რომ ეს მდგომარეობა გადახსნილობის ძირეული და წმინდა წყაროა.

ედემი არის “უ ც ო დ ვ ე ლ ი - ვ ნ ე ბ ი ს ადგილი” - რაშიც ჩაღვრილია ერთიანი ცნობიერება თვითშეგნების გარეშე.

ედემიდან გამოგდებული და ინდივიდუალურ/ბინარულ ცნობიერებად ტრანსფორმირებული უბიწო ცნობიერება - ცოდვის, ტკივილის, მოწყვლადობა/სიკვდილის ბერკეტების ხარჯზე, უნდა დაუბრუნდეს ერთიანობას ა ხ ლ ი  ხ ა რ ი ს ხ ი თ - “განუყოფელი ერთიანობის თვითშეგნებული მზერა/აღქმით”! ესაა გზა ზეიმისკენ, რომელიც, ამ ერთიანობის შეგნებული ტარებით (და არა მასში განზავებით - როგორც ედემში), ანუ ყოფიერების შეგნებული აღმქმელის გაფორმებით შემოდის სამყაროში. სწორედ ამ განუყოფლობის ზეიმის პატარა ნამსხვრევი/ნაყოფი გააელვა “ტ.ა.ტ.უ.-მ“ -- ახალი მისიის ვაშლი!

შეუძლებელია, რომ ეს გზავნილი/მისია მ უ ს ი კ ა დ (როგორც ჩვენ ეს გვესმის) ქცეულიყო - ანუ პროფესიულ მუსიკალურ ფორმაში გადაზრდილიყო და მისი გამტარები “კარგი” პროფესიონალები დამდგარიყვნენ. სამყაროში ყველაფერი რასაც რეალური შემოქმედება აფორმებს, ანუ მისიის მატარებელი, მალე მთავრდება - რახან ცოცხალი იმპულსი მკვდრად განმეორებად ფორმად და სტილისტურ ორნამენტად ვერასდროს იქცეს. მისიით შეპყრობილ, ხელდასმულ ადამიანს, რაღაც მომენტში შემოქმედებითი გზავნილის ენერგია ტოვებს, მთავრდება მისიის მატარებლის ბედი - ბედ/შეპყრობილობით დაკავებულობა გარკვეულ ტერიტორიაზე, გარკვეული თემით. სამწუხაროდ, მთავრდება გზავნილის შემომტანი ადამიანი-ანგელოზიც და თუ იმავე ტერიტორიაზე “პროფესიის ადამიანად” იქცევა: მომღერლად, მხატვრად, მთავარსარდლად, ფიზიკოსად და ა.შ. იწყება “ნორმალური ცხოვრება”, ნორმალური პროფესიონალობა - ტალღის ქაფზე მოძრაობის გარეშე. ასეთი ტრანსფორმაციის შემდეგ, შეპყრობილობა/გამტარობის დროს მოხვეჭილი წარსული მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ტვირთად იქცევა ასეთ “დამიწებულ” ცხოვრებაში. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჟანა დარკის ცხოვრებაა - როცა ეს რჩეულთა შორის რჩეული, ღმერთით შეპყრობილობამ დატოვა, ანუ როცა ღმერთმა ეს პატარა ადამიანი/გოგონა, ასე, უბრალოდ, დააგდო და მიატოვა ყოველგვარი ზრუნვის გარეშე, ანუ ადამიანებს და მათ უგნურებას ჩააბარა და ამით გამოცდა მოუწყო მის პირად, უკვე ადამიანურ ძალებს, ისე, რომ მას, სწორედ მთელი მისი ყოფილი ანგელოზობის გამოცდილების სიმძიმის ტარება მოუწია. მაგრამ სწორედ ამ უბრალო გოგომ - ბევრი, ღმერთისგან მიტოვებული ანგელოზისგან განსხვავებით - ეს გამოცდაც უმაღლეს დონეზე ჩააბარა და ალბათ სწორედ ამიტომ ყველაზე მაღალი რანგის წმინდანად ითვლება წმინდანთა შორის დღეს. ბევრი ასეთი დამიწებული ანგელოზი სიცოცხლეს დიდხანს აღარ აგრძელებს, რათა “პატარა ადამიანში” დაბრუნებასა და გადახსნილი სივრცის გადარაზვას  ვერ ეგუება (ასე წავიდნენ დედამიწიდან მორისონი, კობაინი, ჯიმი ჰენრიქსი, ჯანის ჯოპლინი...).

“ტ.ა.ტ.უ.-მ“ “ანგელოზური მისიის” დამთავრების შემდეგ მომღერლობა სცადა, სცადეს თავიანთი უნიკალური გზავნილი პროფესიონალობაში გადაეხურდავებინათ - მაგრამ პროფესიონალობას სხვა თვისებები და სხვა ნიჭები ესაჭიროება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შეპყრობილობის, გამტარობის და ანგელოზობის ნიჭთან. ანუ ხელდასმულ ადამიანებს სულ სხვა შესაძლებლობების სპექტრი აქვთ, რომელიც გამტარობის ნიჭია და არა უნარების!

ეს რაც შეეხება პროფესიონალობას, მაგრამ არსებობს კიდევ პერსონალური ცხოვრება და აქაც ანგელოზს ანგელოზობის შემდეგ დიდი გამოცდა ელის.  

ზოგადად, ქალს პატრიარქალური საზოგადოება ორ ბედს სთავაზობს და უმზადებს - რაც ნაბოკოვმა “ლოლიტაში” აბსოლუტური სიცხადით გამოხატა; ანუ, თინეიჯერის ბრიალა, ეროსით სავსე სულის ერთიანობის ცეკვა სამყაროსთან, საზოგადოების მიერ ორ არხში ტუსაღდება. თინეიჯერ გოგონას საზოგადოება სამომავლოდ ან სექსუალური მოხმარების საგნად აქცევს, კაცის უხამსი ჟინის დასაკმაყოფილებლად და მაშინ ამზეურებს, არეკლამებს, აბრწყინებს მის სექსუალობას, ან მეორე - ჯიშის გაგრძელების მისიით სახლში/ოჯახში/ბოსელში კეტავს და ცოცხალი ორგანიზმების გამამრავლებელ და გამზრდელ ფაბრიკად აქცევს. სწორედ ამ ორი ფორმის გაბახებისგან იცავს ჰუმბერტ ჰუმბერტი ლოლიტას ღვთაებრივი თინეიჯერობის ძღვენს, რომელსაც თვითონ ცხადად ხედავს (ნაბოკოვის არაჩვეულებრივი ძალის და სილამაზის აღწერები ლოლიტას გარეგნობის, ჰაბიტუსის, მისი ბავშვური ცბიერებით სავსე ეროსის) და უნაზესად ეთაყვანება. ჰუმბერტ ჰუმბერტს სწორედ ეს მსხვერპლად ქცევა უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გადაუვადოს ლოლიტას და თავისი უპირობო სიყვარულის მზერაში აცხოვროს მანამდე, სანამ სამყარო და ბედი ლოლიტას ამ ღვთაებრიობას ძალით არ წაართმევს და საზოგადოების ნახმარ მტვრის საწმენდ ნაჭრად არ მოჩონჩავს, მოიხმარს და გადააგდებს...

აი სწორედ ეს ორი, ზემოთ აღწერილი ქალისთვის გამზადებული ბედი გაინაწილეს “ტ.ა.ტ.უ.-ს“ გოგოებმაც. მათ არც იცოდნენ და არც იციან, რომ რჩეულები იყვნენ, არც ის განუცდიათ მძაფრად, როდის ჩაცხრა ხელდასმულობის ტალღა, როდის ჩამთავრდა სამყაროში მათი დიდებული მისია, რახან ეს თავისით მოხდა და ანგელოზობის ჩამთავრების შემდეგ ამ ორმა გოგომ, სრულიად უდრტვინველად და დამყოლად, ზემოთ ხსენებული, საზოგადოებისგან შემოთავაზებული დატუსაღების ორი როლი გაინაწილეს: იულიამ, სცენაზე რეტიანივით მორბენალმა და მნახველებისთვის გაერთიანებისკენ და გარღვევისკენ მოწოდებებით ცნობილმა ბიჭუკელა-გოგონამ - საზოგადოების წიაღში მოხეტიალე სექსდისკურსის ყველა ნიშანი აიწეპა და სექსსიმბოლოდ გადაქცევით დაამთავრა: დაბერილი ხელოვნური ტუჩებით, ჩასმული ძუძუებით... ლენა კი, ამაყი და კეთილშობილი, ყოველთვის გაბედულებით გამორჩეული წამწამხამხამა რუსული ზღაპრის პრინცესა ყოველდღიურობას ლოს-ანჯელესში საკუთარი სახლის  სამზარეულოში დაყაბულდა და ისე ჩაქრა - როგორც “ოკო-ჰაუს-ფრაუ” - აი დანახვა რომ გეზარება და გამთქნარებს...  

ასე იხმარა და გაწირა განგებამ ეს ორი სიცოცხლის ნაპერწკალი - სკაუტ/ანგელოზებად მოიხმარა თავისი სამომავლო გეგმების გასანხორციელებლად და მერე საზოგადოების აქოთებულ დამპალკბილებიან ხახაში ჩასაშვებად გაიმეტა... რატომ? ადამიანმა თავისი ბედი თვითონ უნდა მოიპოვოს და განსაზღვროს, ასეთი ტალღა კი მისთვის პირადად გამოცდაა და მეტი არაფერი.

შაპოვალოვი კი - ეს მსუბუქი და გამჭვირვალე თამაშების ოსტატი, ეს ფსიქოლოგი/სერფერი უმძიმესად დაავადდა - ტვინის სიმსივნით და დღესაც იბრძვის სიცოცხლისთვის. დამიჯერეთ - ყველაზე მძიმე ბედი - ანგელოზების ბედია...          

“მე გავხდები ლესბოსელი და მე ვიძიებ შურს” - ასე მოწერა წერილში “ტ.ა.ტ.უ.-ს“ გოგოებს ერთ-ერთმა პატარა ფანმა გოგონამ. ლესბოსელობა აქ არც გრძნობადი სიამოვნებისკენ ლტოლვაა და არც ავადმყოფობა და არც სიჯანმრთელე - ამ შემთხვევაში ეს ბრძოლის ფორმაა სრული და უპირობო მიმღებლობისთვის საზოგადოების წინააღმდეგ, ასეთი მიმღებლობა კი - ნათელღებული ცნობიერების ბუნებაა!

შურის ძიება აქ თავისუფალი, ჩემი კუთვნილი მომავლის და არჩევნის დათრგუნვა/წართმევაზეა, თინების თავისუფალ ნება/ჟინის დამონება/ჩახშობაზე, რომელსაც არ უნდა სამყარო და შენი ჭიანი კულტურა, რომელიც აცალკევებს და ჰყოფს ადამიანს კაცად და ქალად, ჭკვიან უფროსებად და უტვინო ბავშვებად, მორალურებად და ამორალურებად. შურის ძიება აქ იმ კულტურის წინააღმდეგაა, რომელიც უკლავს სიცოცხლეს “თინს”, რომელშიც ვნება/უბიწობის ღვთაებრივი თამაშების სული დუღს აქ დედამიწაზე, რომელიც სინამდვილეში მართლაც მხოლოდ ადგილია თამაშისთვის და არა ოფლიანი და სუნიანი გადარჩენა/დამკვიდრებისთვის!

ყვავილი, რომელსაც სურნელის გამოშვებას უკრძალავენ, ბოროტი ხდება და შურის მაძიებელი! - ის ხომ სწორედ თავისი სურნელის გამოფრქვევით ახორციელებს მისი შემქმნელის ჩანაფიქრს! - იარსებეთ, გამოავლინეთ თქვენი თავი ბოლომდე, რომ იცოდეთ, ვინც ხართ, რომ მხოლოდ ასე მიხვდეთ არსებობის არსობრივ მხარეს (და არა უტვინო და უგულო მამაოების ჭკუის რიგებით) - რაც შესაძლებლობას მოგცემთ მოიძიოთ “ის” და გადაზარდოთ საკუთარი თავი კიდევ უფრო მაღალ კონსტიტუციაში - ყოფიერების ერთობის მჭვრეტელ არსებაში.

“ტ.ა.ტ.უ.-მ“ დურბინდით დაგვანახა: მოდის ახალი ცნობიერება (რომლის შესაძლებლობაც ახალმა/განვითარებულმა ეკონომიურ/ტექნოლოგიურ/სოციალურმა სიტუაციამ შექმნა) სწორედ იმ მომენტში, როცა ეს შესატყვისება სამყაროს მდგომარეობას - როცა ადამიანი სულ მალე აღარ იქნება მიწაზე მიჯაჭვულ/დაბმული მატლი, რომელმაც მატლობა მხოლოდ იმიტომ უნდა გააგრძელოს, რომ შეძლოს მატლური ცხოვრების შენარჩუნება და მატლების ჯიში გააგრძელოს.

ყოფიერება ამზადებს ჩვენთვის ჯერ უცნობ, არამატლურ მომავალს, შრომის, ჯაფის და ინსტინქტზე მიბმული გამრავლების კაბალის მიღმა, სადაც ადამიანი უნივერსალურ გონს (ღმერთს) ცეკვით და ენერგიის ექსტატური გაღებით უნდა ემსახუროს. ეს უნდა ვისწავლოთ, ანუ მატლებმა ფრენა (“პოეზისი” უნდა განხორციელდეს!) და პირველი ენერგეტიკული მასტერკლასი ამაში “ტ.ა.ტ.უ.-მ“ ჩაგვიტარა! ყოფიერება ახალი ფორმებით შემოდის და არ დაინდობს ჯებირებს - “ტ.ა.ტ.უ.” მისი პირველი საჯარო-სასწაულის მერცხალი იყო.

საბოლოოდ როგორც სამყაროში ხდება - მათ დაეწივნენ, იქ დაამწყვდიეს, რასაც ასე გაებრძოლნენ - მაგრამ კომეტის კვალი, თუნდაც წყვდიადმა წაშალოს გულებში რჩება და ვარსკვლავს არ გვავიწყებს არასდროს.

(ეძღვნება სიყვარულით ტ.ა.ტ.უ.-ს)

 

ვიცი შენი მალული გრძნობები

საიდან ამ მყარ საგანთა დათმენის უნარი?

(ტ.ა.ტ.უ.)

    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^