რაო მოდამ - რა მინდაო?
მამრებმა და მდედრებმა ერთმანეთი მოხიბლონო? მდედრებმა მამრები დაიმონონო? მდედრებამა ინარცისონ „ოდ ქუტიურ”-ით და მამრებმა გაიმაგრონ ნება და ერთობა უნიფორმებითო?
იქნებ, რაიმე უფრო სერიოზული პრეტენზიები აქვს ამ ფრივოლობის სტიგმით დადაღულ ტერიტორიას, მოდას? – სურს, რომ პოდიუმზე მდგარი მოდელების გამოხედვაში ჩამდგარი “თანათოსით” აზრიალოს, დააგიპნოზოს სამყარო და სიკვდილის ამ მზერის ძალების შემოტანით განწმინდოს ცნობიერება? თუ, უნდა რომ ვიზუალურ/გრძნობად კოდებში გაუკეთოს ტრანსლაცია სოციალურ/პოლიტიკურ კოდებს და ასე შესძინოს ახალი ცხოვრება ჩვენს გრძნობადად გამომშრალ ყოველდღიურობას? ან შეიძლება ლუქსუსის ბრტყელ/სლიკინა ხიბლით უნდა მოდას, რომ ღვთაებრივი დაუინტერესებლობის ბრწყინვალება შემოიტანოს დათრგუნულ დედამიწაზე?
არა! - ეს ყველაფერი ისტორიულ წარსულში განფენილი მოდის მისიები იყო და მხოლოდ ნაწილობრივ არის დღესაც ღირებული…
დღეს კი, მოდა, როგორც ყოველთვის(!) ავანგარდშია და ადამიანის სულის უზოგადეს და უმნიშვნელოვანეს მოძრაობას უდგას გვერდში. როგორ? - ვეცდები აღვწერო.
კაცობრიობის აქტიური, მომავალის განხორციელებაზე მობილიზებული ნაწილის შინაგანი „დრაივი” (ლტოლვა) უკვე მთლიანად გადაერთო უწყვეტი დენადობისა და ცვალებადობის ცნობიერებისკენ („სიკვენტური ცნობიერება”) გადასვლის სწრაფვაზე და ასეთი ხასიათის ძიებები დღეს ადამიანური სოციალურ-ფსიქოლოგიური აქტივობის ყველა ტერიტორიაზე ხორციელდება.
ადამიანს ჯერ არ ძალუძს ცვალოს მისი ციხე/სხეული როგორც მას სურს, ისე, მაგალითად, როგორც ამას განასახიერებს ლუსი (სკარლეტ იოჰანსონი), ლუკ ბესსონის ფილმ „ლიუსი”-ში - როცა ლუსი საკუთარ ხელს ათასნაირად უცვლის ფორმას, გაოგნებული პროფესორების წინაშე. ადამიანს ჯერ არც ის ძალუძს, რომ ცვალოს თავისი ცნობიერება - რაც მისცემს საშუალებას, შევიდეს ცნობიერების კონსტიტუციის სხვადასხვა ფორმებში - იდენტიფიცირებული გახდეს ცხოველების, მცენარეების, ღმერთების ცნობიერებასთან, იდენტიფიცირდეს საგნებთან…
მაგრამ, ადამიანი უკვე ინტუიციით გრძნობს, რომ ამის დრო დგება და შინაგანად ემზადება დენადობის ამ განუსაზღვრელი შესაძლებლობებისთვის: განწირულად, მახინჯად, მაგრამ მამაცად სიმულირებს ამ ძირეული ცვლილებების დენადობის ფენომენს - ცდილობს და იცვლის მაგალითად გენდერს (სქესს), წინ… და უკანაც და თან ასე „უმიზეზოდ” - სხეულის დამთრგუნავ/დამმონებელ კონსტიტუციასთან გაბრძოლების და მისგან თავისუფლების მოპოვების ლტოლვის გამო; იცვლის რასობრივი იდენტურობის ნიშნებს (მაიკლ ჯექსონის მაგალითი); იცვლის სახეს, მის ნაკვთებს, ასევე სხეულის ფორმებს - ასე „გართობისთვის”, რადგან სტაბილური მიჯაჭვულობა ფორმაზე სიკვდილის ტოლია და ეროსის თამაშებს არანაირად არ ესადაგება. ადამიანი სასწაულად აჩქარებს კლიპებში და ფილმებში მონტაჟის და „სიქვენსების” სისწრაფეს, რასაც გონება პრაქტიკულად ვეღარ ეწევა და ცნობიერება ვიზუალურ მასალას მხოლოდ ირეკლავს! და, რაც მთავარია (რახან ყველაზე მისაწვდომია)! - მანიაკალურად იცვლის… ტანსაცმელს!
სამომავლო, ტოტალურ, უსასრულო დინებად ცვალებადობას (რაც მალე ადამიანის მონაპოვარი გახდება), ყველაზე მეტად ადამიანი დღეს სამოსის ცვლაში სიმულირებს. ანუ, ადამიანის მიერ სამოსის ცვლის უსასრულოდ აჩქარებული დინება (მოდა), ვარჯიშია სამომავლო ცნობიერებაში: ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ იდენტურობას აფიქსირებს სამოსთან, სადაც უ ს ა ს რ უ ლ ო და უსწრაფესი ვარიაციებია შესაძლებელი და ამგვარად ხდის თავის იდენტურობას დენადს (სიმულირებული მოდელის დონეზე).
ასე ვარჯიშობს დღეს ადამიანი იმაში, რაც სულ მალე სრულიად ყოვლისმომცველი უნდა გახდეს ფუნდამენტურ დონეზე - დენად „სიკვენტურ” ცნობიერებაში საკუთარი თავის დაფიქსირება/აღქმის მოსწრებას - ანუ „თვითობის” სრულიად ახალი ფორმის შეგრძნებას, რომელიც ეგზისტირების მოდუსს სცდება (ანუ აჩერებს გონებას) და ყოფიერებაში პირდაპირ ფეხჩადგმულობას წარმოადგენს.
მოდა, ზემოთ აღნიშნულ სხვა ემბრიონალური ძალისხმევებისგან სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მათ მსგავსად ტკივილებთან, დრამატულ გადალახვებთან და გულისგამხეთქ ფორმებთან არა აქვს საერთო. პირიქით, მოდა მთლიანად და დაჟინებით თამაშის ბუნებას ამკვიდრებს, რაც სწორედ რომ მომავლისთვის ფუნდამენტური და განმსაზღვრელი იქნება. იგი ამ თვისებით სწორედ რომ მომავალს ათვალსაჩინოებს და “მომავლის შემომტან ანგელოზთა” რიგში წამყვანი და ლიდერია!
ესაა იმის მიზეზი, რომ დღეს ფეშენი (მოდა) ყველაზე მოწინავე ავანგარდისტულ მოძრაობად შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც ნაადრევი შინაარსები შემოაქვს სამყაროში!
გაიხსენეთ სტატიკური და მყარად დაფიქსირებული ცოდნა/ცნობიერების სამყაროში, სულ რაღაც 100, 150 წლის წინ ყველაზე ფუნდამენტური სამოსი იყო - უნიფორმა. გაიხსენეთ უნიფორმის ფენომენის დამაფიქსირებელ, ტერიტორიულობის მომნიშვნელი მისიები ადამიანის ყოველდღიური ყოფიერების ტერიტორიებზე. ასე ირეკლავდა მოდა და ეხმარებოდა სამყაროს თავის შეცნობასა და შეცნობილის დაფიქსირება/გამყარებაში.
დღეს კი მოდა, ადამიანის სხეულისა და ცნობიერების გიჟური დენადურობისკენ მიზანდასახული ქროლვის ავანგარდშია.
სერიოზული განაცხადი:
არ იკითხოთ „ვეფხვისტყაოსანი”, უყურეთ მოდას - „ვეფხვისტყაოსნის” მიერ საკუთარ დროსა და სივრცეში შემოტანილმა ღირებულებრივმა ორიენტირებმა თავისი მისია წარმატებით დაასრულა! ამაში ეჭვი არაა! - ახლა კი სრულიად ახალი დრო დგება, ახალი ადამიანის, რომლის ცნობიერებას არაფერი აქვს საერთო თავის წინამორბედთან - მებრძოლ/დრამატულ ბინარულ ცნობიერებასთან, ქაჯის და მშვენიერების პოლარულობასთან.
დღეს გზა დრამატიზმზე არ გადის, დღეს გზა ნიცშეანური ჩვილის კისკისსა და ჟრიამულზე გადის - რახან ტვირთით ნაწამები აქლემი ლანდად იქცა, ჩაბარდა წარსულს, ლომი კი ბრძენი გამოდგა - აქლემის ამ ლანდის გადაყლაპვით დაორსულდა, გააჩინა; და დღეს მხოლოდ ჩვილის მოვლით და გაზრდითაა დაკავებული…
ჩვილი კი დღეს უკვე კისკისებს იცვლის ტანსაცმელს და სულ მალე საბოლოოდ მოიგლეჯს ფესვებს და დინებებს გაჰყვება სამუდამოდ!
ფილოსოფია იმისთვის არ იწერება, რომ დაიზუთხო და გააღმერთკერპო; ფილოსოფიის არსი სამყაროში საკუთარი გაელვებების განსხეულებების დანახვა და ამის დაფიქსირებით ფილოსოფიის ჩამთავრებაა!
ზოგადად: იფიქრეთ ასეთ განზოგადებებზე, ეძებეთ „დარტყმული დღევანდელობის” ფაქტების უკან სრულიად ახალი შინაარსები.
სამყროში ა რ ა ფ ე რ ი არსებობს უღრმესი შინაარსების გარეშე - რომლებიც საკუთარი თავის გაუქმებისკენ მიისწრაფვიან!