Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოდომი და გომორი? - იყო და არა იყო რა…

09 ოქტომბერი 2018

თავი პირველი: არშიყ/ვნებიანი :)

ჩემი გვიანი თინეიჯერობის პერიოდში, მახსოვს, ძმაკაცი დამადგა სახლში და გულის ამაჩქარებელი შემოთავაზება გამიკეთა (ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, სამხატვროზე სწავლობდა, მაგარი ენამახვილი - ვნებიან/ბოჰემური ტიპი). 

შემოთავაზება ასეთი იყო: „დავაი” მოსკოვში გავაჭრათ ნაშებშიო; ადმინისტრატორი მყავს „რასიაში” ნაცნობი და „ლუქსს” გაგვიჩალიჩებსო”. 

„რასია” იმ დროს ახალადგახსნილი, ქათქათა, ბუმბერაზი სასტუმრო იყო - საბჭოელ/დასავლელების მოფუთფუთე გაუგებარი ნაზავი, უცნაურად ადღლამუზებულ-აჭრილი აურით, რომელიც ლინჩის ფილმისთვის ფანტასტიკური პოტენციის მატარებელი ტერიტორია იქნებოდა: ყოველ კუნჭულში, რომ რაღაც ინტიმურ/ჩახვეულ/მისტერიული ხდება – დედაქალაქში საეჭვო არომატის მქონე „საქმეების გაჩალიჩების” შემდეგ ტიპების ნაქურდალ-ნაპარავი სიყვარულებით ტკბობის ადგილი. 

მანამდე ალბათ სულ ერთ ან შეიძლება ორ ქალთან თუ მქონდა „ხორციელი კავშირის” გამოცდილება და ეს შემოთავაზება, რასაკვირველია, დიად პერსპექტივად განმიცხადდა! 

მოკლედ, ცხონებულმა მამაჩემმა ამ ვაჟკაცური საქმისთვის გამგებიანად დამაფინანსა (მარტო ამისთვის აცხონებს ღმერთი) და მალე სასტუმრო „რასიას” „პოლუ-ლუქსში” გავიჭიმეთ ყალყზე ამდგარი ყმაწვილები. 

მაგარი განცდაა: რაღაც დიდის, საერთაშორისო „გლამურის” ნაწილი შენც რომ გეკუთვნის და მოხმარებაში გადმოგეცა დროებით… 

ზამთარი იყო და “ბლიადიების” მოსაძიებლად გარეთ გასვლა მაგრა ტეხავდა და ამიტომ იქვე, სასტუმროს რესტორანში, კომპლექსური სიამოვნების საღამოებს მოწყურებულ/მომლოდინე ორი გოგონა/ქალის წინდაწინთანხმობიან მზერას რომ წავაწყდით, წამში ოთხივენი მაგიდის გარშემო ვისხედით. 

ჩემი ქალთან ურთიერთობის გამოუცდელობის შიშს საღამოს ბოლოსკენ ისე სერიოზულად მოვუღრიცე კისერი ალკოჰოლით, რომ ცოტა აზრზე როცა მოვედი, ულამაზესი მკერდის მქონე ალიონა, მარჯვენა ხელში შამპანიურის ჭიქით, ჩვენი „პოლულიუქსის” საწოლში „მხედრულად” (ზემოდან) ენერგიულად გვარყევდა ორივეს და უწყვეტად, ლოცვასავით, მოჩურჩულო/მოსიამტკბილოდ იმეორებდა: “ახ კაკ ხარაშო”, “ოხ კაკ ხარაშო”. 

ასე იციან რუსმა გოგოებმა - კომპლიმენტს და სითბოს გამოხატვას არ გაკლებენ - ეს ვალდებულებად მიაჩნიათ!  

ორი დღე აი ასეთ „აი კაკ ხარაშო”, „ოი კაკ ხარაშო”-ს კრიახში გავატარეთ ყველამ და მესამე დღის საღამოს კი, ისევ რესტორანში მაგიდის გარშემო რომ ვისხედით და რუსულ პაპსას „ლაიფში” ტვინს ვახვრეტინებდით, ჩემმა გრადუსებს მაგრად აყოლილმა ქართველმა მხატვარ/მეგობარმა მოსკოველ მეგობარ გოგონა-ქალებს მოულოდნელად მრისხან/პირქუშად შეუძახა: „აბა აეყარეთ ეხლა და დაახვიეთ აქედანო”. 

Wow… ! დედა რა იყო ეს? … 

ყოველგვარი პროტესტის და აღშფოთების გარეშე, მიხვდნენ რა ჩვენი გოგონა-ქალები, რომ სიამტკბილობის ნათელმა დღეებმა ჩაიარა, მუნჯად, რიდით და მორჩილებით გაიძურწნენ.

ასე ერთბაშად და ხელმოცარულად ჩამთავრდა ჩვენი ეს უახლოესი უახლოესებს შორის „ხორცეული სიახლოვე”. 

მოკლედ, ღამე კვლავ კაცურად კეთილშობილ სიმარტოვში გამოვიძინეთ და დილით გამოღვიძებისას ვხედავ: ეს ჩემი მეგობარი საწოლში ნახევრად წამომჯდარი ზის და გაშეშებული თვალებით საკუთარ საბანს დასჩერებია. ვკითხე რა გჭირს-მეთქი. შემომხედა, მერე „რესკად” საბანი გადაიძრო, სადაც თურმე მისი მხეცურად ამდგარი ასო იმალებოდა და მწარე, ირონიულ-სასოწარკვეთილი გამომეტყველებით სახეზე ისტერიულად შემომძახა: 

„ა, მითხარი ახლა ვერ გავიგე - მე ვარ ამის პატრონი თუ ესაა ჩემი პატრონი…” :)

ტრიუმფალური „ახ კაკ ხარაშო”, „ოხ კაკ ხარაშო”-თი დაწყებული „პაეზდკა” რაღაც უსახოდ, განაცრისფერიასამნისფერებული სინდისის ჩაყუჟებული ბუტბუტით მიმთავრდა. მახსოვს ფთენჩამოყრილი თვითმფრინავის ილუმინატორში თბილისმაც ასევე ნაცრისფერ-იასამნისფრად შემოანათა. 

უამრავი წელი დასჭირდა, და რაც მთავარია(!) დასავლეთში გადაცხოვრება, სინდისის ამ ნაცრისფერიასამნისფერი შეფერადების სრულ გააზრება/გაანალიზებას და მაინც მთავარი გასაღები ამ აზრზემოსვლა/გაცნობიერებაში შეძახილი - “ახ კაკ ხარაშო”, “ოხ კაკ ხარაშო” გამოდგა.

ეს მოკლე ჩანახატი ის ფაქტობრივი სხეული/ფსიქოლოგიაა, თუ როგორ აფორმებდა და იჩენდა თავს სექსი საქართველოსა და საბჭოთა კავშირში და ეს სურათი დიდად არც დღეს შეცვლილა - ინფრასტრუქტურა ხომ სწრაფად იცვლება, სუპერსტრუქტურა კი - რთულად და ნელა.

ზემოთ აღწერილი ასე შეიძლება დახასიათდეს: ქალისა და კაცის ფიზიკური ურთიერთმოხმარების ვნება (შეძლებისდაგვარად სასიამოვნო სიტუაციის გარემოებებში), სადაც ფორმის, ხასიათისა და საზღვრების უქონელი ლიბიდო მხოლოდ „სიამოვნების პრინციპზე” დაიყვანება და ურთიერთობის პერსპექტივა მხოლოდ ბიოლოგიურ სიამოვნებას წარმოადგენს! ანუ, თვალებს ხუჭავ, რომ პარტნიორის თვალებში სიცარიელემ არ შეგაწუხოს (ის ხომ მხოლოდ მოსახმარი საშუალება უნდა იყოს) და გონებით საკუთარი სხეულის სპეციფიკურად მგძნობიარე უჯრედებზე კონცენტრირდები (სადღაც ფეხებს შორის) და ამ უჯრედების ექსპლოტაციას ეწევი “მოშნად”. :)

აი ასეთ, ძირეულად პრიმიტიულ ქართულ/საბჭოურ სექსმექანიზაციას, ნორმალურად ზოგადსაკაცობრიო კულტურის გამომუშავებული ლინგვისტური იმეჯ/ცნებებიც ჰქონდა ეტიკეტების სახით ჩვენს ფსიქიკაში აკრული: მომხიბლავი, სექსუალური, სიყვარული, ეროტიკა, ან სხვა „კულტურული” ტერიტორიიდან: ვიხმარე, გავატ--ნი, გავჟიმე, დავიხიე ყ--ზე - ნუ იმაზეა დამოკიდებული თუ რა სოციალურ შრის შიგნით ხორციელდებოდა ეს „სექსმექანიკა”… 

ასე რომ, მეც ეს მეგონა სექსი და ეროტიკა, იმ ჩემს წარსულ ჩაბეტონებული დროის თინეიჯერობაში, და ეს “ახ კაკ ხარაშო”, “ოხ კაკ ხარაშო” რომ რაღაც უსიამოვნო/უცნაურად ჩამრჩა მეხსიერებაში და დროდადრო გახსენებისას ნეგატიურად მზაფრავდა, ვერაფრით ვერ ვიგებდი, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი… 

თავი მეორე - სრულფასოვნად რეფლექსიური  

ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დასავლეთში გადაბარგების შემდეგ, ამ ცივილიზაციასთან სერიოზულად ნაზიარებმა აშკარად დავინახე - ასეთი სახის „სექსუალური მოლხენის”, ანუ „ჭყაპა-ჭყუპის”  ფორმა დასავლეთის ცხოვრებაში და პრაქტიკაში უბრალოდ არ (აღარ) არსებობს! (ეტყობა რუსთაველს კითხულობდნენ ჩაჟინებით და „მტყლაშა-მტყლუშის” წარმავალობა გაითავისეს… :) 

სექსუალური დისკურსი დასავლეთში იმდენად უსაშველოდ გაიზარდა, დაიხვეწა და გართულდა, იმდენი თვითგამოხატვის ფორმა შეიძინა, მას იმდენად შეეზარდნენ და შინაარსებით ამოავსეს უსაზღვრო რაოდენობის (და უდახვეწილესმა) აღმნიშვნელებმა, სექსდისკურსი იმდენად გადაება ადამიანური ფსიქიკა/ფსიქოლოგიის სხვა ურთულეს ტერიტორიებს (სოციალურ, პოლიტიკურ, სულიერ), ლიბიდოს ენერგიის ძალებმა იმდენად გამოავლინა თავი ახალ ამპლუებში, უმთავრესად კი როგორც ტ რ ა ნ ს გ რ ე ს ი ი ს ერთ-ერთმა უმთავრესმა განმხორციელებელმა, რომ - სექსით „მოლხენა” დასავლეთს 50-იანი წლების ბავარიულ პორნოს სახით თუ შემორჩა მხოლოდ - სადაც ბავარიულ ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი დონდლო სხეულების მქონე პორნო მსახიობები ჯერ ბავარიის ბუნებაში ჟრიამულ/კისკისით დასდევენ ერთმანეთს და მოგვიანებით უკვე უმხიარულესად ჭყაპა-ჭყუპობენ :) “ახ კაკ ხარაშო”, “ოხ კაკ ხარაშოს” სტილში.

დასავლეთი ერთს მიხვდა: ლიბიდოს ძირეულ ენერგიას უსაზღვრო მეტამორფოზების პოტენცია გააჩნია. სექსი უფრო მედიუმია, ვიდრე ერთმიზნობრივად მომუშავე სიამოვნების მექანიზმი. მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია უსაშველოდ განივრცოს ფსიქიკა, ფსიქოლოგიური შესაძლებლობები და შეღწევადობის ტერიტორიები - ლიბიდოს სხვადასხვა არხებში შეყვანით. ყველაზე უმთავრესი კი ის არის, რომ დასავლეთმა უმთავრესი შანსი „მოწვა” (გააცნობიერა) - ლიბიდოს ენერგიას სრული ტრანსგრესიის ძალებიც კი გააჩნია (ფილმი “Shame”), უფრო სწორად ტრანსგრესია მისი ძალების მობილიზაციის გარეშე უბრალოდ არ ხორციელდება. ტანტრიზმმა ეს უხსოვარი დროიდან იცოდა, ეგაა რომ ამის კომუნალურ პრაქტიკად ქცევა იმ დროს ტანტრიზმის შესაძლებლობებში არ მოინიშნებოდა - დღეს კი ამას ტრანსმედიები და ინტერნეტ/გლობალური გონი ახორციელებს. 

მთელი იმ სერიოზულობის გასააზრებლად, თუ რა სიღრმით განიცდის ეროტიკულ აქტს და რა შანსებს ხედავს მასში დასავლეთი, პარადიგმატულ მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ შესანიშნავი (ნიცშეანურ-დოსტოევსკისეული) ფილმის „ფოსტალიონი აკაკუნებს ორჯერ” ეროტიკული მიზანსცენა. მოდით, შევეცადოთ, ამ ფრაგმენტს გავუკეთოთ ანალიზი. 

ამ ფილმში ბუნებით ვიტალური, ნიჭით და ძლიერი ნებით დაჯილდოებული ორი ადამიანი, შუახნის მამაკაცი და ქალი ხვდება ერთმანეთს. 

სამყაროს „შინაარსზე” მათ ორივეს გული სრულიად აცრუებული აქვთ (ნიცშეანური „ნიჰილიზმი”), მაგრამ ეს აცრუება ორივეში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ქალისათვის (ჯასიკა ლანჯი) ის მწარედ გულსატკენია, ამ გულისტკენის შედეგი კი მისი ქორწინების კომპრომისია - მან შინაგნად მიიღო, რომ ადამიანის ერთადერთი ხვედრი ცხოვრებისეული რუტინა ყოფილა და მის ყველა კომპრომისზე წავიდა - ხანშიშესულ მეტ-ნაკლებად შეძლებულ სულელ კაცს (ეროვნული ადათ-წესების დიდ პატივისმცემელ ბერძენს) გაჰყვა ცოლად ცხოვრებაში სტაბილურობის მისაღწევად.  

კაცი (ჯეკ ნიკოლსონი) - სამყაროზე გულაცრუებას სამყაროს საქმეებში სერიოზული მონაწილეობის სრული უარყოფით პასუხობს და სამყაროს ფუსფუსში ვიღცების ჩაბმულობას ცინიზმით და ფარული ირონიით უყურებს – ჯეკ ნიკოლსონის ეშმაკური თვალები გარშემო არსებული სოციალური გარემოს მხოლოდ გაცურებას გეგმავენ ყოველ წამს და წუთს. 

ორივე ეს ადამიანი პიროვნებაა, რომლებიც არსობრიობის უქონელმა „პირობითობების სამყარომ” შინაგნად ვერ დაამრცხა და მათში გადამალული  სულიერი ამბიცია, ლტოლვა და ვნება ვერ გააქრო. 

ფილმში ჯეკ ნიკოლსონის გმირი, ქალის (ჯესიკა ლანჯი) ქმართან იწყებს დამხმარე მუშად მუშაობას და ეს ორი ნიჭიერი და ჯერ კიდევ „ცოცხალი” ადამიანი ერთმანეთში ადვილად ამოიცნობენ სიცოცხლის არსებობას და ამ სიცოცხლით „ცოცხალი სიცოცხლის” აღმოჩენას კიდევ ერთხელ შეეცდებიან!   

მაგრამ გაორებული და რუტინას მაგრად ჩაჭიდებული ფილმის გმირი ქალი, კაცისგან ამ სიცოცხლის მომტანი ცდუნების ვნებიან მცდელობას მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება, რადგან - მისთვის ურთიერთობაზე თანხმობა დანგრეული სამყაროსთვის (რომელიც მან სოცილურად მეტ-ნაკლებად „მიაგვარ-მოაგვარა”) კვლავ შანსის მიცემას ნიშნავს და ეს მას აღარ სურს, მას პანიკური შიში აქვს კვლავ სიშიშვლეში შებიჯების, კვლავ ოცნების, კვლავ სისავსის იმედის - ანუ სამყაროსთან მიმართებაში ხსენებული შანსის რესტავრაციის. 

სწორედ ამ მიზეზით და ამიტომ, მათი ფიზიკური ურთიერთობის სცენა უდრამატულესია - ფსიქოლოგიურად და სულიერად. ადამიანის ადგილი და მისი უწყვეტი შანსი სამყაროში აქ მძაფრ საკითხად დგება. რამდენადაც ძლიერია ამ წყვილში დაპირისპირება, იმდენად დრამატული და ვნებიანია ქალის მიერ განწირული დათმობის და მათი სექსუალური ურთიერთობის სცენა! ეს სექსუალური აქტი ორივესთვის „სიაშკარავის სიბრმავისკენ” სწრაფვაა, ანუ „რეალურში” უღრმესი თვითგანზავების ვნების, რომელიც არაპირდაპირად, რასაკვირველია, ეგზისტენციის ღირებულებრივ შანსს უკეთებს რესტავრაციას; ანუ - მე თუ მაქვს შანსი, ვინმესთან ერთად ძალისხმევით შევაღწიო „რეალურში”,ეგზიასტენციას აზრი ჰქონია! - ანუ ჩვენი შთამომავლობითი მონადურობის გარღვევა შესაძლებელია.  

ამიტომ შინაგანი სიმართლისკენ სწრაფვა სექსუალურიკენ, როგორც ამ დინამიკის მატარებლისკენ, ერთ ემოციურ ბმულს ქმნის. 

აქ, ამ მიზანსცენაში, „სიამოვნებაზე” მოთხოვნა არანაირად არ არის წარმოდგენილი. აქ ერთია მხოლოდ: ექსტატურ/დრამატული სრულ თვითგაცემა/თვითგანწირვაში იჩენს თავს. ამ სიმაღლეს და ამ სიღრმეს მოწმობს ის არაჩვეულებრივი დრამატული მუსიკა, რომელიც ქალის მიერ სექსუალურ აქტზე თანხმობისთანავე იწყება. ასე ერთიანდება ორი ერთ განუყრელში წამებად - ან წუთებად.და ეს წამები ან წუთები მარდისობად ღირს, რახან ღვთაებრივობა შადრევანია და შადრევნად ქცევა ღვთაებრივობაა. 

აი ასეთიგანსხვავება ახ კაკ ხარაშო”, ოხ კაკ ხარაშო”-სა და განწირულობის ძახილს შორის. 

მაგრამ ეს პარადიგმის მწვერვალია, სადაც ლიბიდოს ენერგიამ ადამიანებს განუყრელი ღვთაებრივი ერთიანობის ექსტატური აგრძნობინა. ეს კი, მაგრამ საინტერესო ის არის, სხვა დონეებზე, იქ, სადაც პიკი არ გვეგულება, რა გზებით იყენებს დასავლეთი ლიბიდოს ისე, რომ, როგორც ითქვა, „ახ კაკ ხარაშო”, „ოხ კაკ ხარაშო”-ს არის აცდენილი?

მე პიკური გამოცდილება იმიტომ მოვიტანე, რომ გამომეთქვა - დასავლეთმა სექსუალურ აქტს დიდი ფასი დაადო - ფსიქიკური სირთულე აქტის ნაწილი გახადა ზოგადად ადამიანური არსებობის ყველა დონისთვის. ყველაზე განუვითარებელი დონის სიტუაციაშიც კი უმთავრესად ადამიანები სექსის დროს ერთმანეთში არსობრივთან გადაკვეთას ეძებენ გადახსნილი გულით - უიშვიათესად, რომ ბეყვე-უდარდელობით მივიდნენ ერთმანეთთან ინტიმური კავშირის დასამყარებლად - რახან იციან, ასეთ დროს არა სხეულები, არამედ სულები იკვეთებიან! 

ამაზე იმდენი ფილმია დადგმული, იმდენი რომანი არსებობს, იმდენი სიმღერაა ნამღერი და ლექსი დაწერილი, რომ ამ იდეის (სექსუალურ/ეროტიკული როგორც ტრანსგრესიის დინამიკის შესაძლებლობა) საზოგადოების ცნობიერებაში არსებობის ფაქტზე ეჭვის შეტანა დღეს უკვე შეუძლებელია! 

ესეც თქვენი სოდომი და გომორის დასასრული დასავლურ ცნობიერებაში! 

გაიგეთ? ალბათ ვერა, რასაკვირველია… :)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^