წელს მამაჩემი 88 წლის გახდა.
მთელი სიცოცხლე შრომაში გაატარა. ის არის ჩემთვის შრომისმოყვარეობისა და შრომისგან მოუსვენრობის ეტალონი. ოჯახისთვის ჭიანჭველასავით მოფუსფუსე ადამიანი. ძალიან მორიდებული შემფასებელი თავისი თავის, და სიამაყით თავმომწონე – შვილების და შვილიშვილების შეფასებაში. ხშირად ცინიკურობამდე მწარედ მართალი კაცი. მწარე ენა, სიჯიუტე და მიზანსწრაფვა მისგან გამომყვა, მორიდებულობა და სიფრთხილე – დედისგან.
ახლა მამას ჯანმრთელობა შეერყა. უკვე სამი წელია, დედაჩემის მომვლელად იქცა. ორსულიან ოჯახში (შინამეურნეობას რომ ეძახიან, ახლებურად) კაციც ის იყო და ქალიც, დამგეგმავიც და მომტანიც, წამკითხველიც და მსმენელიც, მრეცხავიც და მზარეულიც, ინიციატორიც და შემსრულებელიც. ისიც, ვინც უთენია დგება და ისიც, ვინც ბოლოს იძინებს და ღამით ფხიზლობს…
ხოლო ახლა მისი ჯანმრთელობაც ვერ არის მთლად კარგი. და ხშირად ვატყობ, რომ ინსულტგადატანილი და მეხსიერებადაქვეითებული დედაჩემი აღარ არის ცოლ-ქმარში უფრო სუსტი რგოლი…
მამას ხშირად უსუსურობის, უიმედობის და უილაჯობის მომენტები აქვს. ვეღარ ვცნობ – რამდენადაც ყოველთვის ძლიერი იყო სულიერად და ფიზიკურად, და აქამდე კიბეზე ასვლაშიც და ტვირთის ტარებაშიც მჯობდა, ახლა იმდენად მისი სიგამხდრე და ფიზიკური უღონობა კი არ მადარდებს იმდენად, არამედ – სულიერი დარბილება და ყოყმანი. დიდი ხანია, მისგან აღარ გამიგონია მისი საყვარელი ფრაზა – „ღმერთის გაჩენილს – ღმერთი მოუვლის!“ (არადა, განსაკუთრებულად არასდროს ყოფილა ღმერთის იმედზე, ჩვენ შორის ყველაზე ნაკლებად იყო ღვთის წყალობის იმედად მუდამ – საკუთარი თავის იმედით მშრომელი) .
მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა ახლახან. ობიექტურად უკეთ არის, ოღონდ თავად მაინცდამაინც არ ჯერა ამის. სულ ვცდილობ, ძველი ინტერესები დავუბრუნო – მაგალითად, მას ხომ მუდამ უყვარდა ისტორია და მითოლოგია. მისი ბიბლიოთეკის ბერძნული მითები, “ილიადა” და “ოდისეა” (პროზად ადაპტირებული ვერსია), “გმირთა ვარამი”; ბაბუაჩემისთვის ავტორის ნაჩუქარი “დიდოსტატის მარჯვენა” უკვე ბავშვობაში ჩემთვისაც საყვარელი წიგნები გახდა და მიკვირდა, დიონისე არეოპაგელის შესხებ როგორ გატაცებით კითხულობდა ქუთაისელი ავტოინჟინერი. არადა, მე ახლაც არ წამიკითავს ეგ წიგნი. შარშანდლიდან მოყოლებული “ქართველი მეფეების” სერიის ყველა წიგნი შეიძინა და წაიკითხა (სანამ დაავადება დაასუსტებდა), ასევე – ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, მეფუტკრეობით, მშობლიური ქუთაისისა და წყალტუბოს ამბებით, პოეზიით, „კვირის პალიტრის“ მუდმივი მკითხველია, და, რაც მთავარია, აქამდე ყველა შაბათ-კვირას ხეხილის მოვლაში, ან სახლში ძველი ხელსაწყოებისა და ავეჯის აწყობა-გადაკეთებაში ატარებდა…
ახლა კი ამ ყველაფრისთვის თავი ლამის დანებებული ჰქონდა… რამდენიმე თვეა, ეზოშიც კი არ ჩადიოდა, თუ არ დავაძალებდით…
—-
დღემდე ძველ მისამართზე ვარ რეგისტრირებული, სადაც ადრე ვცხოვრობდი. 2005 წლიდან მშობლები გადმოვიყვანე ქუთაისიდან, ხოლო მე ოჯახთან ერთად ახალ ბინაში გადავედი. 2005 წლიდან ჩემი მშობლები და მე ერთად მივდიოდით არჩევნებზე, არასდროს ვტოვებდით. 2008 წლის 5 იანვარს ყინვაშიც ვიყავით… მამა იპოდრომის მიტინგზეც იყო. 2012 წლის ოქტომბერშიც ერთად ვიზეიმეთ ფსევდოდემოკრატიულ და მოძალადე ხელისუფლებაზე ნანატრი საარჩევნო გამარჯვება…
წინასაპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს მხოლოდ მე და მამა წავედით. დედასთვის გადასატანი ყუთი სახლში მოვატანინეთ. დედა უკვე ვეღარ იყო ყოჩაღად…
შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებს კი უკვე ორივე სახლში შეხვდა…
ახლა ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა… რომ თავად აღარ მოინდომებდა არჩევნებში მონაწილეობას, მომვლელების იმედად მყოფი, საკუთარი სხეულიდან მომავალი იმპულსების მოდარაჯე, ეჭვიანი, გაღიზიანებული და ყველაფრისგან უკვე დაღლილი და დაშორებული…
და მაინც, გუშინ დილით ვკითხე, – ხომ არ გინდა, საარჩევნო კომისიაში დავრეკო და ყუთი მოიტანონ-მეთქი.
პასუხი მშვიდი და გამაოგნებელი იყო – უკვე დავრეკე თავად და ვუთხარი. მოიტანენ ყუთსო! და მერე დაამატა – ვიცი, ვისაც მივცემ ხმას – ეგ კაცი მეიმედება და მჯერა მისიო. ეგ საჭიროა ქვეყნისთვის და ამიტომაც დავრეკე, რომ ყუთი მოეტანათო…
ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი…
ისევ ის ზურიკო დაბრუნდა, თავდაჯერებული, საქმის დამგეგმავი, თავის სისწორეში დარწმუნებული, ჯიუტი (ჩემზე უფრო ჯიუტი). კაცი, რომელიც 88 წლის ასაკში, ალბათ, თავის ბოლო არჩევანს აკეთებს – ჩემთვის, ჩემი ძმისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, შვილიშვილებისთვის… არ დარჩება 28 ოქტომბერს ლოგინში, არ ბრუნდება კედლისკენ, არ ნებდება ბედისწერას… უნდა, რომ გააკეთოს თავისი არჩევანი. სჯერა, რომ მისი ხმა რაღაცას ნიშნავს. მისი ხმა, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს…
მივხვდი, რომ თუ ის ზრუნავს თავის ქვეყანაზე და თავის ოჯახზე, თუ მისთვის, – 88 წლის კაფანდარა და სანთელივით თხელი მოხუცისთვის ჯერ კიდევ რეკს ზარი, თუ ის თავად ითხოვს სახლში გადასატანი ყუთის მოტანას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მე მით უფრო არ მაქვს უფლება, ისე ჩუმად ვიყო, როგორც ბოლო დროს ვიყავი – ერთ დროს ანონიმურად ცნობილი და დღეს კი – სახელ-გვარიანად დადუმებული.
მეც ხომ მოქალაქე ვერ. მეც მამა ვარ. მეც ვარ იმ სიაში და მეც მაქვს ჩემი არჩევანი გასაკეთებელი.
და როგორც ამას ვაკეთებდი სოლომონობის დროს, ახლაც მოვალე ვარ, გითხრათ, რას ვფიქრობ დღევანდელ არჩევნებზე. მერე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რას იზამთ…
- ე.წ. „ერთიანი ოპოზიციისთვის“ ხმის მიცემა, სრულ სიბეცედ ან ამორალურობად მიმაჩნია. მკრეხელობა იქნება, ხმა მივცეთ ძალადობრივი წარსულის გაფერადებულ ორკებს. იმ მოძრაობას, რომელშიც ვითომ 10 პარტიაა და კარგად ვიცით, საიდან აქვს მობმული ყურები და კუდები თითოეულ ამ ქოთანს. იმ გაერთიანებას, რომელსაც სსრკ-ის კრეატურა და რუსეთზე და რუსეთის პასპორტზე შეყვარებული ადამიანი უდგას სათავეში. მოძრაობას, რომელსაც „ძალა ერთობაშია“ აწერია და სინამდვილეში „ძალა აგრესიაშია“ უნდა ერქვას, „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ და მისმა აპოლოგეტებმა უარი არ თქვეს წარსულზე, ბოდიში არ მოიხადეს იმაზე, რასაც ჩადიოდნენ. მათ ისევ სურთ ძალაუფლებაში დაბრუნება და საკუთარი ნეობოლშევიკური ექსპერიმენტების გაგრძელება საქართველოს მოსახლეობის ჩაგვრისა და დაბეჩავების გზით.
- „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“ ორი უპირატესობა აქვს დედანაცებთან შედარებით – ა) ასე თუ ისე ბოდიში აქვთ მოხდილი, ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა ძირითადად მაინც “შეცდომებზე” საუბრობენ და არა – დანაშაულებებზე და ამბობენ, რომ ეს “შეცდომები” უფრო მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე მათი „დამსახურებები“. ბ) უფრო სერიოზული უპირატესობა კი ისაა, რომ ისინი, სიტყვით მაინც, ემიჯნებიან ძალაუფლების მოსაპოვებლად რევოლუციურ და პროვოკაციულ სცენარებს, რომელიც სააკაშვილის ფრთის ქვეშ დარჩენილი ძველნაცებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი რეალისტური გზა არის.
მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის ეს ძალაც მიუღებელია, რადგან მათი გულწრფელობის არ მჯერა, ისევე როგორც იმის, რომ ძალაუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისინი ისევ არ გაერთიანდებიან თავის დროებით დაპირისპირებულ ფრთასთან. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ამ მოძრაობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უფრო პერსპექტიულ და ნაკლები „ბაგაჟის“ მქონე ელენე ხოშტარიას „მარადიული და ბაგაჟიანი“ დავით ბაქრაძე ამჯობინა. თუმცა, პიროვნულად ბაქრაძე უფრო გამოცდილია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე. და მაინც, ვფიქრობ, “ევროპულ საქართველოს” გაუჭირდება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება. თუმცა, ამაზე დიდად არ ვდარდობ.
- კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩანაწერები, რომლებიც თურმე 2016 წელს იქნა პროკურატურის მიერ მოპოვებული, და რომლებიც ახლახან მოვისმინეთ, არის ასევე, კონტრარგუმენტი „ქართული ოცნების“ მიმართაც – როგორ მოხდა, რომ ეს საქმე მხოლოდ ახლა გამომზეურდა? რატომ ხდება, რომ გამოძიებას ჩვენთან „ორწლიანი მალარიის“ მსგავსი ცხელება აქვს და „პიკები“ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება, ხოლო მერე შემდგომ არჩევნებამდე გამოძიება „მთვლემარებაში“ გადადის? სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟვანიას საქმის ხსენება არ უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ ეს უსასრულოდ გაწელილი საქმე 2016 წელსვე განახლებულიყო? სად არის დაპირებული სამართლის აღდგენის პროცესი? მურუსიძის იუსტიციის საბჭო და შუა გზაზე გაჭედილი რეფორმების ტალღა ან მოულოდნელად გადამდგარი ნინო გვენეტაძეა საიმედო ნიშანსვეტი ამ მიმართულებით?
საერთოდ მთავრობების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს არ ყოფილა ემოციურად გაშუალებული. არასდროს მესმოდა – პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული ხელისუფლებაზე შეყვარება და მისი/ამათი გაიდეალება. მთავრობა/ხელისუფლება, ჩემი აზრით, არის არა “კარგი” (გრძელვადიანად კარგი ხელისუფლება მხოლოდ სამოთხეში თუ გვეღირსება) არამედ – ან – ასატანი, ან – ვერასატანი/აუტანელი. „ნაცმოძრაობა“ სასურველი იყო სანამ ხელისუფლება გახდებოდა, მეტნაკლებად ასატანი იყო 2006 წლამდე, ვერასატანი – 2006-დან და აუტანელი – 2008-დან! „ქართული ოცნება“, მიუხედავად მის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი იმედგაცრუებისა, ჯერაც ასატანის რანგში მგონია, ბევრი დამსახურების გამო – პირველ რიგში, პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობის, საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის, სოფლის მეურნეობისა და მცირე მეწარმოების წახალისების, ბიზნესზე ზეწოლისა და სასამართლოებზე კონტროლის დაუშვებლობის მიმართულებებით წარმატებების კუთხით… (ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება. ყველაფერი შედარებითია, ბატონებო). განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ახერხებენ ხალხის რეაქციის თუნდაც გვიან დანახვას, გათვალისწინებას და კურსის შესაბამისად შეცვლას. ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი და თანამოაზრე დღესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას… მაგრამ სად არის? „ქართულ ოცნებას“ ხომ თავისი კანდიდატი არ ჰყავს? თქვეს, – არ მიგვაჩნია ეს პოსტი მნიშვნელოვნად, ისედაც ბევრი უმაღლესი თანამდებობები გვაქვს და გვეყოფა – დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო… სადაა მერე ის დამოუკიდებელი კანდიდატი?
სალომე ზურაბიშვილიც შეიძლებოდა საკმაოდ მისაღები კანდიდატი ყოფილიყო, მართლა დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო… მე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ქ-ნი სალომე პრორუსი კანდიდატია (პრორუსი ვინცაა, კი ატარებდა რუსულ პასპორტს სიამტკბილობით); არც ის მჯერა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის ხელშემწყობი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში (თუმცა, არ იქნებოდა მართალი, ეს მის ერთპიროვნულ დამსახურებად ჩაგვეთვალა) და ძალიან მაღალი დონის და სტანდარტის საერთაშორისო დიპლომატიური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია… მაგრამ რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება, როცა იმ ძალის რჩეულია, ვინც პრეზიდენტობის ინსტიტუტის მიმართ საკმაოდ გულგრილია და ამ ინსტიტუტის დაფასება არც წინასაარჩევნო რიტორიკის დროს დატყობიათ?
პრობლემა ის არის, რომ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთმანეთს მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე დახმარება გაუწიეს. დათვური სამსახური მგონია მე ეს ზღვარგადასული დახმარება, ეს უზარმაზარი და უთვალავი ბანერები ყველა გაჩერებაზე, ყველა ავტობუსზე, სამარშრუტო ტაქსიზე თუ მეტროში, ეს სარეკლამო კლიპი „48“, ეს შემოწირულობების წარღვნა… დამოუკიდებელი კანდიდატის დამოუკიდებლობა როგორ უნდა დავიჯეროთ, როცა „ოცნება“ და მისი წევრები, სახელმწიფო კომპანიები ისე აქტიურად უჭერენ მხარს ამ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს, როგორც არასოდეს თავისი კანდიდატისათვისაც კი არ დაუჭერიათ? როგორ დავიჯერო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ და მისი ლიდერისათვის ეს თანამდებობა თუ მართლა ზედმეტი და უმნიშვნელო იყო, მაშინ ამდენი ძალა ენერგია, დრო, მონდომება და ფული როგორ დაახარჯეს? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო…
მედიცინაში ცნობილია, რომ ხანდახან რეცეპტორის ზედმეტი, ზეზღურბლოვანი გაღიზიანება პარადოქსულ უკუეფექტს იწვევს. ვშიშობ, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილზე, განსაკუთრებით კი – მოწყვლად ფენებზე ასეთი დომინანტური და ლამის ზეზღურბლოვანი რეკლამა უკუეფექტის მომტანი შეიძლება გახდეს ქალბატონი სალომესათვის. მგონი, მისმა (და „ოცნების“!) PR-სამსახურმა ეს ვერ გათვალა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი, ჩემთვის პირადად, აქამდე მაინც, საკმაოდ დამოუკიდებელ და მეტიც – ზოგჯერ საკმაოდ ხისტ პოლიტიკოსად აღიქმებოდა. ასე მგონია, „ოცნებას“ შეიძლება, მოენატროს კიდეც პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუ ქალბატონი სალომე თავის არჩევნებამდელ სირბილეს და „ოცნებასთან“ მჭიდრო ასოცირებას შესაძლო გამარჯვების შემდეგ ისევე შეცვლის, როგორც ეს მარგველაშვილის „პლასტელინობის“ გაქვავებას მოჰყვა… ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქ-ნი სალომე “საზოგადოების გამაერთიანებელ” როლზე საუბრობს ხშირად. არადა, როგორც წარმოუდგენელია ვაშაძის (და სააკაშვილის!) მიერ „გაერთიანებული“ საზოგადოება, უფრო ნაკლებად წარმოუდგენელი, მაგრამ მაინც – ძნელად წარმოსადგენია ზურაბიშვილის მიერ გაერთიანებული საზოგადოებაც.
- საარჩევნო სიაში ნამდვილად არის კანდიდატი, რომელიც ძალიან დამოუკიდებელია, როგორც ნაცმოძრაობისგან, ისევე – „ქართული ოცნებისაგან“, და რომელიც დემოკრატიის და კანონმდებლობის, ასევე თავისი შინაგანი რწმენის და პრინციპების ერთგულებით გამოირჩევა, რის გამოც ხშირად “დაზარალებულა”, როცა ძველ პარტნიორებს სწორედ ამიტომ გამიჯვნია და იოლ ცხოვრებას და მაღალი პოსტების შეთავაზებას დამშვიდობებია. ამ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს გამოცდილებაზე მუშაობის და მსოფლიო პოლიტიკოსებთან საქართველოს მტკივნეული საკითხების კარგად წარმოჩენის მდიდარი გამოცდილება. იგი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ბრწყინვალე კონსტიტუციონალისტი, ალბათ ყველაზე გულწრფელი ქართველი პოლიტიკოსი და ამავდროულად, კონსენსუსების დახვეწილი ოსტატი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სახელისუფლებო შტოებს და წარმომადგენლებს შორის არამარტო კომუნიკატორის, არამედ “მეხანძრის” და კონფლიქტების ჩამქრობის როლსაც ასრულებდა. რომლის კამპანიის ნაკლი – რეკლამის ნაკლებობა და შემომწირველების სრული არარსებობა ნაკლია გარეგნულად, მაგრამ იქნებ არც იყოს – ამ დუხჭირ ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ოპოზიციის (და ჭეშმარიტად დამოკიდებელი კანდიდატის) დაფინანსების შიში ჯერაც არ განელებია. მაგრამ ხალხისთვის უფრო მისაღები შეიძლება იყოს, ვიდრე ლამის 3 მილიონის დამხარჯავი კანდიდატი…
ევროკავშირის არამცთუ ახალ წევრებს შორის, არამედ “ბებერი ევროპის” ქვეყნებშიც ბევრი არ მეგულება ამ ადამიანის სადარი გაწონასწორებული, ერუდირებული და პატიოსანი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ კარიერასა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესებს არ აყენებს საერთო სახალხო ინტერესებზე მაღლა, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე დაუთმია მისთვის უფრო შესაფერისი პირველობა სხვა პარტნიორისათვის – კონსენსუსის მიღწევისა და საერთო საქმის წარმატების მისაღწევად – საქართველოს ინტერესებისათვის. მას ესმის კოალიციის ფასი და არ არის პოპულისტი. იგი არასდროს უკარგავს დამსახურებას არავის – არც ძველ, არც ახალ პარტნიორებს, არც – ხელქვეითებს და არც – პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს.
ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა – ჩემგან დამოუკიდებლად, როცა დავით უსუფაშვილისთვის (#25) გადაწყვიტა ხმის მიცემა.
და მე ეს მისი სწორი და დამოუკიდებელი არჩევანი იმედს მისახავს – რომ მამაჩემიც დაამარცხებს დაავადებას, და რომ მეც ისევ გავაგონებ ჩემს გულწრფელ სიტყვას იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად უიმედობის და ძალადობრივი რეჟიმის წლები გამოვიარე, რომ ჩვენ დავამარცხებთ არა მხოლოდ მოძალადე პიროვნებებს, არამედ – მოძალადე სისტემის ნარჩენებს, მშვენივრად რომ ახერხებენ ერთი ხელისუფლების ბუდიდან მეორეში გადახტომას, რომ გვეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გვჭირდება – არა მარტო ჩვენ – ამ მძიმე, გაურკვევლობით აღსავსე და დაძაბულ დროს, არამედ – რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ – დღევანდელ ხელისუფლებასაც, რადგან არაფერი ისე არ ასუსტებს ხელისუფლებას და პოლიტიკოსს, როგორც ყალბი და ხელოვნური სპარინგ-პარტნიორი. რომ „ოცნების“ „ნაცმოძრაობასთან“ ეს “გამიშვი და დამაკავე” უკვე ყელში ამოუვიდა ძალიან ბევრს. რომ ერთხელაც იქნება, ან ის ვითომ გათანგული თაგვივით სათამაშოდ მიჩნეული კომპრომეტირებული ნაცმოძრაობა, ან მუდმივად ჩასაფრებული მტაცებელი მეზობელი, რომელიც ყოველთვის ხლართავს პროვოკაციებს, ან – ორივე ერთად, საკუთარ გამოსახულებასთან სარკეში მოკეკლუცე და უალტერნატივობით გათამამებულ ხელისუფლებას ისეთ მოულოდნელ დარტყმას აგემებს, რომელსაც არ ელოდებიან… არასდროს ელოდებიან ხელოვნური სპარინგ-პარტნიორით გათამამებული მოკრივეები…
და არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე სარკე, რომელიც გატყუებს, რომ არავინაა შენზე მომხიბვლელი და რომ შენი სუფევა სამუდამო იქნება, რადგან მხოლოდ კორდელიას მარილივით სიყვარულია ჭეშმარიტი და სუფთა, და ვინც ამას დაინახავს, მხოლოდ ის აიცდენს მეფე ლირის მწარე ხვედრს…
მადლობა მამა!