დიახ, პრეზიდენტის სიმბოლური თანამდებობისთვის ბრძოლის პირველი ტური ხელისუფლებამ („ოცნებამ") წააგო, ვინმეს კი არ მოუგია.
მით უმეტეს არ მოუგიათ რევანშის წყურვილით დაბრმავებული პარტიის წარმომადგენლებს, რომელთა მმართველობა სავსე იყო ადამიანების სისხლით და ათასი საშინელებით - გავიგეთ ეს და ვიცით ყოველგვარი პროპაგანდისა და ვიღაცის წისქვილზე წყლის დასხმის გარეშეც.
თუმცა, მთავარი „თუმცა“ და „ოცნებისთვის" რეალური რყევის ნიშნები თვეების წინ გამოჩნდა. ხორავას ქუჩის ამბებმა "ქართულ ოცნებას", ე.წ. „ვიში კოზირი“ - წაართვა. სარალიძის შემთხვევამ და სუბელიანის ფარულმა თამაშებმა ერთიანად გააქარწყლა ის მორალური უპირატესობა რაც "ოცნებას" ნაცებთან შედარებით ჰქონდა, ან ეგონა, რომ ჰქონდა...
იმ რეალობაში, როცა 6 წელია ხელისუფლებაში ხარ და შენი ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანი გაიქცა, როცა გაერო-ის მონაცემების მიხედვით ბოლო 3 წლის განმავლობაში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი 108 ათასით და ღარიბთა რიცხვი კი 124 ათასი ადამიანით გაიზარდა; იმ რეალობაში, როცა 120-ზე მეტი ადამიანი სამუშაო ადგილზე დაღუპული ან დასახიჩრებული გყავს, ბანკები ადამიანებს აუბედურებენ და სხვა მრავალი - სწორედ ამ რეალობაში დიდი ვერაფერი კოზირია, ხალხს მუდმივად აყვედრო - „პირსისხლიანები მოგაშორეთო“...
პრეზიდენტის სიმბოლური პოსტი, მით უფრო, როცა ამ თანამდებობაზე არჩევა ბოლოჯერ ხდება პირდაპირი არჩევის წესით, ოპოზიციისთვის არის პლაცდარმი, რომელიც შეიძლება ტრამპლინად გადაიქცეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
არაერთ სატელევიზიო ეთერში მითქვამს, რომ დავიღალე ცუდს და უარესს შორის არჩევნის გაკეთებით, და ახლა, ისე როგორც არასდროს, ახალი პოლიტიკური მოძრაობებისა და რეალობის დროა. რეალობის, როცა უპირატესი იქნება ადამიანზე, მის კეთილდღეობასა და ეფექტურ სოციალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული პარტია თუ მოძრაობა. ალიყური „ოცნებას" მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხალხი პრობლემებისგან, უიმედობისგან და გაჭირვებისგან დაქანცულია და ასე გაგრძელება არ შეიძლება! ცვლილებების დროა, ოღონდ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით და არა რევანშებით, სამოქალაქო ომებითა და „რევოლუციებით“...