Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოგნიტური დისონანსი, ანუ სამეფო კარის ჯამბაზები

02 ნოემბერი 2018


სამეფო კარის ჯამბაზების ინსტიტუტი აღარ არსებობს, მაგრამ ისტორიის პარადოქსულობამ აჩვენა, რომ მათი სული უკვდავია და ისინი არსად წასულან... მათი ევოლუციის პროცესი დარვინისას ჰგავს - დაბალი სოციალური სტატუსიდან მაღალ სოციალურ სტატუსამდე; და მუტაციაც ერთმნიშვნელოვნად უცნაურია, ისინი ელიტებად ტრანსფორმირდნენ...

როცა თანამედროვე ვითარებას აფასებ, აუცილებელია წინაპირობის გადააზრება. კერძოდ, წლების მანძილზე როგორ სახეს იღებდა კარის მასხარის სულისკვეთების მქონე ელიტების ან სელებრითების დითირამბული პათოსი  და არის თუ არა რეალურად ეს პერვერსია...

სანამ ამას გადავხედავდეთ, საჭიროა, გავაანალიზოთ თავად მეფის კარის ჯამბაზის ფსიქოპორტრეტი.

ლიტერატურის ისტორიის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ  ხშირ შემთხვევაში ისინი სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორადაც თავს აჩვენებდნენ, ან როგორი წარმოდგენაც დანარჩენ სამყაროს ჰქონდა მათზე... ამის მაგალითია XIX საუკუნის ცნობილი შოტლანდიელი მწერლის ვ.სკოტის ყველაზე ცნობილი რომანი "აივენჰო", სადაც კარგად ჩანს საქსონელი დიდებულის სედრიკის კარის ჯამბაზი ვამბას დამოკიდებულება თავისი პატრონის მიმართ, რომელიც მას ინახავს, "აჭმევს"... როცა ვამბასთან ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებული რაინდი თავისი პატრონის მისამართის გაგებას ცდილობს, ის სპეციალურად არასწორ გზას მიუთითებს და მის ერთგულებას პატრონისადმი ამ გზით ამჟღავნებს...

ვამბას კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა სიმართლის თქმის ირონიული პრინციპი, რომელიც თანამედროვე კარის ჯამბაზებმა დაკარგეს…

მასხარის განსხვავებული ფსიქოტიპის მოდელი  გხვდება უილიამ შექსპირის  პიესებში.

მაგალითად,  “მეფე ლირში”  მასხარას  მინიჭებული აქვს ვერბალური თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც მას საშუალებას აძლევს ყოველგვარი საშიშროების გარეშე  აკრიტიკოს ხელისუფალი, ოღონდ სათქმელი არასოდეს არ არის ხისტი და ,,შიშველი“, ის მას ირონიის ან იგავის, ანუ ქვეტექსტუალური  სარჩულით ფუთავს.

“მეფე ლირის” ერთ-ერთ სცენაში ვკითხულობთ:

მასხარა:
ჩემთან დადგეს თუნდ შენ დადგე,
ეგ ორივე ერთი იქნება,
მაშინ ორივე ის მასხარა,
უგესლო და გესლიანი,
მე გაჩვენო ერთი აგერ, (ლირზედ უჩვენებს)
მეორე ჭრელ კაბიანი  (თავის თავზედ უჩვენებს).
 
ამაზე ლირი პასუხობს მრისხანე აქცენტით:
მასხარასაც მეძახი, შე ურცხვო?

ჯამბაზი კი იმის ნაცვლად, რომ დადუმდეს და პატრონის მრისხანება თავიდან აიცილოს, კიდევ უფრო ამწვავებს საკითხს:

“მაგ სახელის გარდა, რაც დედის მუცლიდან სახელი და ხარისხი დაგყვა, სულ სხვას გაუბოძე და სხვა რა სახელი დაგიძახო?”

ამაზე კი იქვე მდგომი მეფის ერთგული გრაფი დასძენს:
“ხელმწიფეო ეს სულელი მთლად სულელი არ ყოფილა”

შესაბამისად, შექსპირის ჯამბაზები არათუ რიგითი გამრთობები და უბრალო  ფარისევლები (რა ფუნქციაც მათ დღეს უფრო აქვთ!), არამედ პირიქით მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ზუსტი შემფასებლებიც იყვნენ. მათი მთავარი იარაღი ირონია იყო…

როგორც აღმოჩნდა, დროთა განმავლობაში კარის ჯამბაზის მისტიკურმა სულმა ევოლუციის პროცესში ბევრი რამ დაკარგა და ბევრიც ახალი შეიძინა… ეს მისტიკური სული გადანაწილდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში და დროდადრო  ხდებოდა მათი“გამოცხადება” მუსიკოსებად,   მხატვრებად, პოეტებად და უბრალოდ ელიტებად... მაგრამ აქვე პრინციპულად უნდა გაიმიჯნოს მეხოტბე, რომელიც არაგულისამრევი ფორმით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მეცენატის, მეფის თუ სხვა პატრონაჟის მიმართ. ყველა დროსა და ქვეყანაში არსებობდა სახოტბო ლირიკა და იყვნენ კარის პოეტები, ეს ვიცით…  რუსთაველიც ხომ სახოტბო ლირიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია -

“თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული…”

იგივე  “თამარიანი” ან “აბდულმესიანი”…

თავად შექსპირმაც ხომ ორი დიდი პოემა "ვენერა და ადონისი" და "ლუკრეციას გაუპატიურება" მიუძღვნა საუთჰემპტონის გრაფს, ახალგაზრდა ჰენრი რიზლის. შეიძლება მივიჩნიოთ თუ არა ისინი მეფის კარის ჯამბაზებად, რომლებიც კუდს უქიცინებენ თავიანთ პატრონებს? რა თქმა უნდა, არა…

მაშინ, რით განსხვავდება თანამედროვე კარის ხელოვანი ამათგან?

საკუთარ თვალებში ნაცრის შეყრით…

როცა რეალობა ცხადზე ცხადია, ის კი მაინც უსირცხვილოდ იყენებს თავის ავტორიტეტს, სტატუსს, თავის ელასტიურ ელიტურობას, რომ მეფეს (პატრონს!) დაუმტკიცოს თავისი ერთგულება და ფეხებზე იკიდებს თავის ღირსებას,  რადგან სინამდვილეში მისი გენეტიკა არის მეფის კარის ჯამბაზობა და თან არა შექსპირისეული ჯამბაზობა, არამედ მლიქვნელური სულგაყიდული ტაშფანდურიზმი,  რომელსაც მეფე კარგად იყენებს, რათა თეთრზე შავი ამტკიცებინოს…

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ხშირად ეს თავად მასხარის სურვილია, ეს კი ერთგვარი გამორჩენის კომპლექსია - “არ არის გულწრფელი, მაგრამ გამორჩება მაინც”…
საქმე კონკრეტულ ისტორიულ ტრადიციასთან გვაქვს…

ძალიან შორსაც ნუ წავალთ. ახლო წარსულსაც ბევრი აქვს მოსაყოლი ამის თაობაზე .

მიუხედავად იმისა, რომ რომანტიზმის ეპოქაში იყვნენ ავტორები, რომლებიც მისტიროდნენ ძველ ფეოდალურ წყობილებას და მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვიწრო წოდებრივ პოზიციებზე დგომა. მაგ. (ს. რაზმაძე ა. ორბელიანი) ქართული რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენლები გამოხატავდნენ თავისი დროის იდეოლოგიის პროგრესულ ტენდენციებს და ლიტერატურას მიზნად უსახავენ ხალხის სამსახურს, სევდიან და მძიმე წუთებშიც “სოფლისთვის ზრუნვას” აღიარებდნენ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნებოდა ხელოვანი, ელიტის წარმომადგენელი თუ უბრალოდ რიგითი ადამიანი. სამეფო კარის ჯამბაზის კოგნიტური დისონანსი თავს მეოცე საუკუნის  პოლიტიკურ თუ სოციალურ  ველში  უფრო იჩენს და უფრო და უფრო ძლიერდება...

აკაკი ბაქრაძის ერთ-ერთ ძალზედ  საინტერესო ჩანაწერში “სტალინიადა” ვკითხულობთ სტალინისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსების შესახებ, თუ როგორ ხდება სტალინის კულტის მითოლოგიზება.

იგი ამბობს, რომ სახოტბო ლირიკა ყოველთვის არ მიმართავს მითოლოგიზებას...

აი, რამდენიმე მაგალითი:

ვალერიან გაფრინდაშვილი – “ოცნება ბელადზე”:

“ეს ოცნებაა თვითეულ მხატვრის,
ეს არის ფიქრი ყოველ პოეტის –
ასახონ იგი, ვით თვალი ნატვრის
და შთაგონება მთელ საბჭოეთის” (გვ.19);

ალიო მაშაშვილი – “სამშობლო ბელადისა”

“დაუშრეტელი ცეცხლის დენა ხარ,
ღელვა მზის შუქით განათებული,
გაუტეხელი ქვეყნის ნება ხარ,
ხალხის გენიად დაბადებული” (გვ.48).

და მრავალი სხვა ქართველი ავტორის  სტრიქონი…

პოეზიაში სტალინის კულტს აკაკი ბაქრაძე 20-იან წლებში, დემოკრატიული საქართველოს დამარცხების გამო ქართულ მოაზროვნე საზოგადოების დიდ ნიჰილიზმს  აბრალებს  (იხ.„მწერლობის მოთვინიერება”, „მთვარის მოტაცება”, I, 234-5).
ამ ნიჰილიზმს სტალინის ძალისადმი რწმენით ოპტიმიზმი დაუპირისპირდა (გამსახურდიას სიტყვები). თუ საქართველო უძლურია, სამაგიეროდ, იგი განსაკუთრებულ პიროვნებებს წარმოშობს…

ამ ფენომენმა ნელ-ნელა ტრადიციული სახე მიიღო და მოქალაქეთა კავშირის პერიოდშიც იჩინა თავი, როცა წინასაარჩევნო კამპანიაში მუსიკოსები ჩაერთნენ და წინასაარჩევნოდ კულტურიდან სოციალურ პოლიტიკურ რელსებზე გადასვლა გადაწყდა... და შეიქმნა კლიპი “გიხაროდენ” ჯემალ სეფიაშვილის ავტორობით...

ემთხვეოდა თუ არა მათი  პოლიტიკური გემოვნება მათ მუსიკალურ პროდუქტს? მღეროდნენ თუ არა იმას, რასაც ფიქრობდნენ?

ამის საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქედან იღებს სათავეს კოგნიტური დისონანსის განცდა კარის მეხოტბეებს შორის, ანუ  დისკომფორტის მდგომარეობა, როცა ერთდროულად ორ წინააღმდეგობრივ “ცოდნას“ განიცდის. იმას, რომ მათი მეფე, სულთანი, იმპერატორი, ფეოდალი თუ ოლიგარქი სულაც არ მოსწონთ და სულაც არ არიან  ისე განწყობილი, როგორადაც წარმოაჩენენ თავს.

მაგრამ მათ არ შეუძლიათ პიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება და გაერიდონ ამ, ე.წ.  ვულგარულ კიჩს,  რადგან ვამბას მსგავსად შემდეგში შეიძლება არავინ აჭამოს...

გამორჩენის მოკრძალებული კომპლექსიც ამ მომენტში იფეთქებს ხოლმე, ანუ განიცდიან წინააღმდეგობას საკუთარ თავთან. სძაგთ ის პრობლემები და სოციალური ვითარება, რომელშიც ცხოვრობენ. რადგან შეუძლებელია ცხვირწინ მოგისაქმონ და ეს ვერ შეამჩნიო, თუ მგრძნობელობის ორგანოები ჯერ კიდევ მწყობრში გაქვს, თუმცა მაინც იმარჯვებს სამეფო კარის ჯამბაზობის მისტიური, მლიქვნელური სული.

 კოგნიტური დისონანსის ცნება ხშირად გვხვდება შრომითი ფსიქოლოგიის საფუძვლებში, სადაც შრომის სუბიექტი მიიჩნევს, რომ მას მოსწონდა სამსახური, მაგრამ მაინც დატოვა პოსტი, ვთქვათ, კოლეგას გამოუცხადა ამით სოლიდარობა, თუმცა შემდეგში აცნობიერებს, რომ არასწორად მოიქცა და საკუთარ თავთან რომ არ ჰქონდეს არასწორი გადაწყვეტილების მიღების გამო სინდისის ქენჯნის განცდა, იგონებს უამრავ მიზეზს რომ გაამართლოს მისი სამსახურიდან წასვლა, სამეფო კარის მასხარათა კოგნიტური დისონანსის შემთხვევაში კი პირიქით - წინადადება ასეთია “არ მომწონს სისტემა, მაგრამ ვუმღერებ, რათა შემამჩნიონ! ” .

სამეფო კარის ჯამბაზობის ტრადიცია სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა შევარდნაძის შემდეგაც. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი პერვერსული ბუნების მანიფესტაცია ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვიხილეთ, თუმცა მანამდეც კულტურის რამდენიმე მსხვილი წარმომადგენელი ღიად უჭერდა მხარს მმართველ პარტიას. მუსიკოსების ერთად შეკრება და “ჩემი საქართველო აქ არის” დამღერება სამეფო კარის ჯამბაზობის სულის მისტიკური გამოღვიძება იყო. 

ჩვენი საქართველო აქ არის... არსად წასულა. სამეფო კარის ჯამბაზებიც აქ არიან და დიდი ალბათობით, ეს სული არასოდეს მიეცემა მარადიულ ძილს და ყველა დროში, ყველა ეპოქაში მარადიული გამოღვიძების რეჟიმში იქნება... ხოლო მისი ევოლუციის პროცესიც ისევე მრავალფეროვანი იქნება, როგორც აქამდე იყო, ბევრ თვისებას დაკარგავს და ბევრსაც შეიძენს, მაგრამ არა მგონია ოდესმე დაკარგოს ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული ,,დისკომფორტის შეგრძნება “ – „არ მომწონს მაგრამ ვიჯამბაზებ” და ვინ იცის, იქნებ ისინი, ვინც დღეს მეფეებად გვევლინებიან სინამდვილეში სულით ხორცამდე  სამეფო კარის რიგითი ჯამბაზები არიან?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^