Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩევნები, რიცხვები, მესამე ძალა

30 ნოემბერი 2018

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, საერთო ჯამში, ეხებოდათ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს. და ის იყო ამგვარი: პირველი ცდილობდა მეორისთვის არ დაეთმო ეს თანამდებობა, მეორე ცდილობდა ის მაინც წაეგლიჯა პირველისთვის. პრეცენდენტის დაშვება-არდაშვება მთავარი იყო ორივე მხარისთვის. პირველი ტური იყო ბრძოლა ოთხი ტიპის ამომრჩეველს შორის: პირველი, ვინც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილს, მეორე მხარს უჭერდა - მიხეილ სააკაშვილს, მესამე - არცერთს, მაგრამ ხმის დაკარგვის შიშით იძულებული იყო ამ ორიდან ნაკლებად არასასურველისთვის მიეცა ხმა, და მეოთხე, მხარს უჭერდა სხვას. მეორე ტური კი იყო ბრძოლა ორი ტიპის ამომრჩეველს შორის - ერთი, ვისაც მიშა უფრო ეზიზღება, ვიდრე ბიძინა, მეორე - ვისაც ბიძინა უფრო ეზიზღება, ვიდრე მიშა.​

  • გვყავს 1,600,000 პოლიტიკურად აქტიური ამომრჩეველი, ვისაც არც ეზარება და შეუძლია კიდეც არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა;
  • გვყავს 335,000 პოლიტიკურად პასიური ამომრჩეველი, ვისაც უფრო ეზარება, ვიდრე არ შეუძლია არჩევნებზე წასვლა, მაგრამ თუ საქმე “არა მიშამდე“ ან “არა ბიძინამდე“ მივა, მაშინ მათი თავი გენაცვალოთ;
  • “არა მიშას“ კატეგორიაში არის 500,000-ზე მეტი ამომრჩეველი, ვისაც მაინცდამაინც არც ბიძინა უნდა (უმრავლესობა პასიურია);
  • “არა ბიძინას“ კატეგორიაში კი მხოლოდ 4,000 ამომრჩეველია, ვისაც მიშაც არ უნდა;
  • საერთო ჯამში გვყავს სულ მცირე 200,000 პოლიტიკურად აქტიური და 335,000 პოლიტიკურად პასიური ამომრჩეველი, ვისაც არც ბიძინა უნდა და არც მიშა. ეს კი ცუდი მოცემულობაა - პოლიტიკური ტემპერატურის აწევის შემთხვევაშიც კი, ანუ მაშინ, როცა პასიური ამომრჩეველი აქტიურდება, პოტენციურ მესამე ძალას ჰყავს 535,000 ამომრჩეველი - დანარჩენ ორზე ნაკლები;
  • თუმცა, არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის მკვიდრ ამომრჩეველშიც არის რაღაც ნაწილი (გაცილებით მეტად ივანიშვილის ნაწილში), ვინც გადაიხრება მესამე ძალისკენ. ვგულისხმობ ზემოთ ნახსენებ მესამე ტიპის ამომრჩეველს პირველი ტურიდან;
  • პირველი ტურის ცხრილში "ევროპული საქართველოს" მიღებული ხმებიც სააკაშვილს ეკუთვნის და ასე დარჩება ყოველთვის, სანამ არჩევნები რეალურად მხოლოდ ბიძინას და მიშას საჭიდაო არის. თუმცა, ამ 175,000 ამომრჩევლის მცირე ნაწილი, რა თქმა უნდა, ის ხალხია, ვინც ასევე ეძებს მესამე ძალას და არ მოსწონს სააკაშვილისთვის ხმის მიცემა.

ივანიშვილის ამომრჩევლის დიდი ხარისხით არასტაბილურობა გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: პირველი, „ქართული ოცნება“ არ ეფუძნება არანაირ პრინციპებს და მეორე, ქართულ ოცნებას ჰყავს ძალიან სუსტი სპიკერები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საშუალო ქართველ ამომრჩეველს, როცა პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე მივა საქმე, ურჩევნია სექტას მიეკუთვნოს, ვიდრე არაფერს.

დღევანდელი მოცემულობით, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, როგორც ასეთი, არის მიხეილ სააკაშვილი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან შეძლო ამომრჩევლის 60%-ით გაზრდა (ცხადია, ივანიშვილის “დახმარებით“). დღეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი მას ჰყავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ივანიშვილს და მესამე ძალას უდგათ ერთი მთავარი ამოცანა - მიიმხრონ პოლიტიკურად პასიური 335,000 და სხვისი აქტიური 200,000 ამომრჩევლის დიდი ნაწილი (იქიდან გამომდინარე, რომ მესამე ძალას პასიური ამომრჩევლის მისამხრობად სააკაშვილის კრიტიკა მოუწევს, ცხადია, რომ მას სააკაშვილის აქტიური ამომრჩევლის მიმხრობის შანსი არ აქვს. ივანიშვილისთვის ეს შანსი საერთოდ ნულის ტოლია). თუ გავიხსენებთ იმას, რომ ივანიშვილს მასობრივად აქვს დაწყებული საქართველოში ფეხის მოკიდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ძვირს გადაიხდის ხელისუფლების სააკაშვილისთვის არდათმობაში.

ივანიშვილს რეალურად მოუწევს საქმის გაკეთება: „ოცნების“ საშუალო პოლიტიკოსის ხარისხის საგრძნობლად მაღლა აწევა, რადიკალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, დღევანდელი პროკურატურა-სასამართლოს დანგრევა. თუმცა, სამივე შემთხვევაში მას აქვს გარკვეული დილემები: პირველი - კარგი პოლიტიკოსი ნაკლებად დაუკრავს თავს და “გააპრავებს“ მას; ამას კი ის მიჩვეული არაა. თან, კარგი პოლიტიკოსი დიდი შანსია დაეთანხმოს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უკვე საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას. უმაჟორიტაროდ კი, ისტორიულად მესამე კი არა, მეორე ციკლის არჩევნებსაც ვერ იგებს ხელისუფლება. მეორე, ან საკუთარი ფული უნდა დაურიგოს მოსახლეობას, ან ისეთი რეფორმები უნდა გაატაროს, რითაც დაუპირისპირდება საპატრიარქოს, მარშს, მმკ-ს, ქართველ კაცს, მთას, გლეხს, სიყვარულს, ვერა-ვაკეს, ა.შ. “რას ეტყვის სამღვდელოება მას“ დიდად არ ანაღვლებს, მაგრამ ამომრჩევლის დიდი ნაწილის დაკარგვის საშიშროებას ეჯახება. მესამე, ამოიღლიავებული პროკურატურა-სასამართლოს გარეშე ის ვერ გააჩერებს „რუსთავი 2-ს“, ვერ უშველის ფარცხალაძე-სუბელიანს, ვერ გამოიყენებს სუს-ს, ვერ შეაშინებს ბანკებს. არადა, ამ სამ ასპექტში თუ არ გამოასწორა რეალობა, დიქტატურისკენაც ვერ წავა - “ცოდვააო“ კი არადა, დასავლეთი გაუყინავს ანგარიშებს. ამ ყველაფერს ართულებს ეჭვი, რომ სააკაშვილის ამომრჩევლის რიცხვი შეიძლება მზარდი აღმოჩნდეს და საერთოდაც არ გაჩერდეს 775,000-ზე. ესეც ლოგიკური იქნება. რატომ? იმიტომ, რომ იმ “სისხლიანი ცხრა წლის“ დროს გაკეთებული სიკეთე უფრო მეტს შეეხო, ვიდრე ბოროტება. გასაგებია, რომ ბოროტების ხარისხი უფრო მძაფრი და მყრალი იყო, მაგრამ სად ჩვენ და სად სოლიდარობა? მოკლედ, დიდია შანსი, რომ იუსტიციის სახლის მოღიმარი გოგონა გადაწონის “კასტილებიან კაცს“.

მესამე ძალაც ცუდ დღეშია. მისთვისაც პრობლემაა სააკაშვილის პრინციპული მხარდამჭერის მზარდი რიცხვი. მისამხრობი ამომრჩევლის ტიპის გათვალისწინებით, ივანიშვილთან უწევს კონკურენცია, რაც ძნელია - ივანიშვილს აქვს სრული ძალაუფლება და მილიარდობით ლარი. თუმცა, მესამე ძალას არ აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული. შეუძლია, რაც უნდა, ის თქვას. მოკლედ, სწორედ ივანიშვილის გადასაჭრელ სამ პრობლემაზე მოუწევს მუშაობა მესამე ძალასაც. ანუ, მხოლოდ იმას აქვს შანსი გახდეს მესამე ძალა, ვინც ხელიდან არ გაუშვებს ივანიშვილის და სააკაშვილის გაკრიტიკების და შიგადაშიგ მასხრად აგდების შანსს (ვაფასებთ ქართველები კარგ იუმორს); ვინც პრინციპულია და არ უშვებს ამ მხრივ შეცდომებს (თუნდაც ალიანსებში, ან მეორე ტურში ვიღაცის მხარდაჭერაში); სხვაზე უკეთ აზროვნებს და საუბრობს, მაგრამ არა აროგანტულად; ვინც სხვაზე უკეთ იცის ეკონომიკა, მაგრამ შეუძლია ხალხსაც გააგებინოს ნობელიანტი ეკონომისტის ნაშრომის ციტირების გარეშე; ვინც პროკურატურა-სასამართლოს რეალურად დაეჯახება თუნდაც სარალიძესთან კარავში ცხოვრებით, ანუ რეალური სოლიდარობით. ყველა ეს პირობა არის აუცილებელი, ანუ მინიმუმი, რაც უნდა გააკეთოს მესამე ძალამ.

ყველაზე მთავარი კი ჩვენს, ანუ ამომრჩევლის ხელშია. ჩვენ უნდა:

  • გამოვიდეთ ჩათებიდან, დახურული ჯგუფებიდან, ლიტერატურული კაფეებიდან, საწყობებიდან, გავხდეთ მეტად პოლიტიკურები და საჯაროდ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება. სინამდვილეში, ესაა მთავარი სტიმული მათთვისაც საქმის საკეთებლად, და მესამე ძალის გასააქტიურებლად;
  • ვიყოთ პრინციპული, ანუ არ “გავაპრავოთ“ პოლიტიკოსები. მაგალითად, თუ ბიძინამ წინასაარჩევნოდ გადაიხადა 600,000 ამომრჩევლის ვალი, ვთქვათ, რომ ეს რეალურად არის ხმების ყიდვა. ან, თუ ვნახავთ, რომ მიშა და ბიძამისი გვაგინებენ, ჩვენც ვაგინოთ უკან. ძალიან ადვილია. უბრალოდ, არ უნდა ვიყოთ ქოცები და ნაცები. ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები;
  • მივცეთ სტიმული მესამე ძალას. ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე კარგად, რომ მაგალითად, ელისაშვილს და ჯაფარიძეს უარი ვუთხრათ მაშინ, როცა ალტერნატივად “პანორამა“ და “ლარიზაცია“ გვაქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^