რაც დღეს ხდება, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.
აი რატომ:
- ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების უფლებაზე საკონსტიტუციო კომისიაში მწვავე დისკუსია გაიმართა. წევრთა ერთი ნაწილის ინიციატივა უცხოელებისთვის ამ უფლების შეზღუდვა იყო, მეორე კი ამას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა, არ სურდათ ერთმანეთის მოსმენა და რამდენიმე ხანს უნაყოფო შეჯახებებს ვუცქერდით.
ამავდროულად, კომისიაში ვიყავით წევრები, რომლებიც სხვა კუთხიდან ვუყურებდით პრობლემას. ჩვენ ორივე მხარის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე დაველაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ პირველებისთვის პრობლემა მხოლოდ დისკრიმინაცია იყო და არა მიწის ყიდვა-გაყიდვის რეგულირება, ხოლო მეორის პრობლემას წარმოადგენდა არა იმდენად მოქალაქეობა, რამდენადაც რაციონალური მიწათსარგებლობა.
ჩვენ, მესამე ჯგუფს, მიგვაჩნდა, რომ მიწა როგორც ამოწურვადი რესურსი, არ შეიძლება სრულად თავისუფალ მონაწილეობდეს საბაზრო ბრუნვაში (მაგ. როგორც სმარტფონი) და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა განსაკუთრებულ რეგულირებას დაექვემდებაროს (მაგ. დაცვა ექსპლუატაციისგან, მოცდენისგან და ა.შ.). თუმცა, ასევე, ვთვლიდით, რომ დაუშვებელია შეზღუდვებმა საფრთხე შეუქმნას თანასწორუფლებიანობას.
საბოლოოდ შეთანხმება შედგა და კომისიიდან პარლამენტში ასეთი რედაქცია შევიდა:
„მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი“.
როგორც ხედავთ, აქ აბსოლუტურად ნეიტრალური რეგულირებაა შეთავაზებული. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო კომისიის მუშაობის რუხ ისტორიაში. კონსენსუსი გაფორმდა და ამ რედაქციას აბსოლუტური უმრავლესობა მიემხრო (ცხადია, ერთი-ორი ექსტრემალური კონსერვატორსა და ნეოლიბერალის გარდა).
თუმცა შემდეგ, უკვე პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება გაყიდა, როდესაც რედაქცია შეცვალა. მან საბოლოოდ სწორედ ზემოთ ნახსენები ექსტრემისტების მოხიბვლა სცადა. ერთი ხელით რადიკალ კონსერვატორებს ასიამოვნა, ხოლო მეორეთი დაუოკებელ ნეოლიბერალებს. მმართველი გუნდი მის წიაღში არსებულ ორივე მხარის ენერგიულ ლობს დანებდა. პირველისთვის დაწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა არ შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში. მეორეთათვის კი - კანონით გამონაკლისი შემთხვევების დაშვების შესაძლებლობა დატოვა (რაც, როგორც იქვე ითქვა, საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობას მისცემს, იპოთეკით დატვირთულ მიწებზე ეს წესი არ გაავრცელოს და ამით საკრედიტო ორგანიზაციებს პრობლემას უგვარებს).
ამ ორმაგი და გარყვნილი ალიანსის შედეგია ახალი რედაქცია: „[1] სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. [2] გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით“.
თუმცა, უგუნური დათმობით „ქართულმა ოცნებამ“ ვერცერთი ჯგუფის გული ვერ მოიგო, ერთნი მას დღემდე „ფაშისტურს“ უწოდებენ, მეორენი კი „სამშობლოს გამყიდველს“, ჩვენი საზოგადოება კი მის სახიფათო შედეგებს სწორედ ახლა იმკის.