Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი კლასის მონასტერი

30 ივლისი 2012

ბოდბის მონასტრის ბუკლეტში ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: ”1906წ. იმპერატორი ნიკოლოზ მე-2-ის განკარგულებით ბოდბეს 1-ლი კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა”. ნამდვილად არ ვიცი, რა კლასობრივი დაყოფა არსებობდა მონასტრებს შორის მაშინ, თუმცა თანამედროვე გაგებით, ამავე ბუკლეტით თუ ვიმსჯელებთ ბოდბის მონასტერი წარმატებით ართმევს თავს იყოს პირველი კლასის, ან, უფრო ზუსტად, იყოს მონასტერი პრივილეგირებულთათვის.
ამ მონასტრით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც გავიგე, რომ სოფელი ქედელის მოსახლეობამ სახალხო დამცველს მიმართა და მონასტრის იღუმენი შევიწროვებაში დაადანაშაულა. ქედელში ჩასულს 85 წლის ვალიკო პაპა გამომეხმაურა. ჯერ იუარა, მონასტერზე ცუდი რა მაქვს სათქმელი, რომ გამიჭირდეს ისევ მათ უნდა მივაკითხოო, შემდეგ კი, მომიყვა, როგორ მოიყვანა მუშა, ააზომინა სახნავ სათესი მიწები და შეადგენინა პროექტი, ბანკშიც გადაიხადა საერგისტრაციო თანხა, რათა მიწა დაეკანონებინა, პასუხად უარი მიიღო, ეგ მიწები უკვე მონასტერს აქვს დარეგისტრირებული და მათთან გაარკვიეთო, - ასე უთხრეს. ვალიკო იღუმენთან არ მივიდა: ”ვინც მივიდა, ყველას უარი უთხრა და რაღა აზრი ჰქონდაო, - დაამატა. თამაზ გორელიშვილი ვალიკოს მსგავსად, რეესტრიდან დედა თეოდორასთან გადაამისამსამართეს. ”თქვენი წინაპრები აქ მონასტრის ყმები იყვნენო”- იყო დედას პასუხი. მას შემდეგ მონასტერსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. საქმე კი მარტივად იყო. 
თუ აღმოჩნდა რომ ეკონომიკის სამინისტრომ არასწორად გაასხვისა მიწები (2007 წელს აუქციონი გამოაცხადა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გამარჯვებულმა პირმა შეწირვის სახით მონასტერს გადასცა.) მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და რეესტრი გაასწორებს შეცდომას. თუმცა, კონფლიქტი სწორედ აქ ჩნდება. იღუმენია არ მიიჩნევს, რომ მას არასწორად გადასცეს ის მიწები, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი წლების მანძილზე თავს ირჩენდა. მონასტრის მფლობელობაში ამჟამად 68 ჰექტარია მიჩინების წესით გადაცემული, ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გატანილი 5 ნაკვეთი კი ერთიანობაში 60 ჰექტარს შეადგენს. გარდა ამისა, მონასტერმა მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები შეიძინა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილს ახლაც სთავაზობენ სახლების შესყიდვას, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, არაადეკვატურად დაბალ ფასად. 
მანმადე კი პრობლემის ძიებისას წნორის რეესტრში მისულს ერთ-ერთმა მოხელემ სრულიად გულწრფელად გამანდო თავისი მოსაზრება: ”ხომ ხედავთ, როგორ ლამაზდება იქაურობა, თუ გვინდა საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო ტურისტული ცენტრი, მაშინ ამისი ინფრასტრუქტურაც უნდა შექმნა. მარტო ეკლესიის სანახავად კი არ მოდიან... შეიძლება, ვინმე გააჩერო იქ ერთი თვე და თუ დარჩება ფულსაც დახარჯავს, რაც სჭირდება ქვეყანას. დილას ჩამოსული ტურისტი, რომელიც საღამოს წავა მარტო სანთლის ფულს დატოვებს”.
თუ ბიზნეს კუთხით მივუდგებით საკითხს, სრულიად ნათელი გახდება მონასტრის ინტერესები. შეიძლება ითქვას, ინფრასტრუქტურის მხრივ ბოდბე ერთ-ერთი საუკეთესო მონასტერია საქართველოში და მისი გაუმჯობესება ახლაც მიმდინარეობს. წმინდა ნინოს წყაროზე აშენდა განსაბანი, ასევე ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი, მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები, მონაზვნები თარგმნიან წიგნებს. მონასტრის ეზოში საეკლესიო მაღაზიაა გახსნილი , სადაც ხატებთან და სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად მონაზვნების მიერ აწყობილი სამკაულებიც იყიდება. მონასტრის ეზოდან 20 მეტრში სატრაპეზო (რესტორანი) ”პილიგრიმი” ააშენეს, მის გვერდით კი ღია კაფე. მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის მონასტრის ბუკლეტი სამენოვანია - ქართული, რუსული და ინგლისური. მოკლედ, როგორც იმ გულწრფელმა საჯარო მოხელემ მითხრა, განვითარებული ტურისტული ზონაა. თანამედროვეობას ფეხაწყობილი მონასტრის იღუმენია თავისუფალი ბაზრის კანონებს არ ცნობს და ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას, ის ფული რომელსაც უცხოელი ”ლამაზ პეიზაჟებში” გადაიხდის, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოხმარდეს. 
ანა გორდეზიანი 25 წელია ქმართან ერთად ქედელში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ფაცხები ააშენა, შემდეგ გადაწყვიტა ოჯახის მცირე შემოსავალი კაფის და კახური გალერეის გაკეთებით გაეზარდა, მაგრამ მშენებლობა პოლიციამ შეაჩერა. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის 500 მეტრიან რადიუსში მშენებლობამ შეიძლება ძეგლი დააზიანოსო უთხრეს. გაუგებარია, მონასტრის წინ 20 მეტრში ორსართულიანი შენობის დანგრევა და მის ადგილას სატრაპეზოს აშენება რატომ არ არის საშიში? ამ კითხვით ანამ სიღნაღის გამგებელს მიმართა. პასუხად მოწერეს იღუმენიას საპატრიარქოს ნებართვა აქვსო.
იღუმენიას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ბიზნესმენების ფინანსური უზრუნველყოფა, ხელშეუხებლობას - საპატრიარქოს ავტორიტეტი, ინტერესების დაცვას კი - პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს. პირველი კლასის ელიტარულ მონასტერს, როგორც მოსახლეობა ამბობს, ხშირად სტუმრობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც. იღუმენიასთან დაახლოებულ პირად ჯერ ზურაბ ჟვანიას, შემდეგ ნინო ბურჯანაძეს, დღეს კი ზურაბ ადეიშვილს ასახლელებენ. ნაზო ბებო მონასტრის შესასვლელთან ცხოვრობს, ადრე ნაყინებსა და ნუგბარს ყიდდა თავისი სახლის კართან. როდესაც ინტერვიუ ვთხოვე, კითხვა არ მქონდა დასრულებული ანერვიულებულმა მიპასუხა, რომ მონასტერთან კარგი ურთიერთობა აქვს. საუბარში კი მოაყოალა ”კი არ დამიშალეს მონასტრის წინ ნურაფერს გაყიდიო. მთხოვეს. მითხრეს, თუ არ გაყიდი, შენს სიძეს, (რომელიც მონასტერში მუშაობს) მშენებლობაზე სხვა მუშებთან შედარებით ხელფასს მოვუმატებთო.” რატომ უნდა უშლიდეს ხელს მონასტერს ერთი მოხუცი მოვაჭრე-მეთქი ვფიქრობდი და ისევ ჩემი გულწრფელი საჯარო მოხელის სიტყვები გამახსენდა. იმიტომ, რომ უბრალო ხალხი პეიზაჟს აფუჭებს, იმ პეიზაჟს, რომელიც მონასტერმა უნდა გაყიდოს. მონასტრის ბუკლეტში მონაზვნებთან ერთად მაღალი სასულიერო პირების, ცნობილი სახეებისა (მაგალთან ნინელი ჭანკვეტაძე იცინის მონასტრის ეზოში) და ლამის ყველა რაკურსით გადაღებული მონასტრის მეცენატის, ლაშა პაპაშვილის ფოტოებია. თუმცა, ვერ ნახავთ მონაზვნებთან ერთად გადაღებული ”უბრალო ხალხის” ვერცერთ ფოტოს; ადამიანებისა, რომლებიც არც ღვთისმოსავ ბიზნესმენებს ახსოვთ, არც საპატრიარქოს, არც პოლიტიკოსებს და არც ხელისუფლებას. ისინი არავის ინტერესში არ შედიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^