Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თერაპია ისტერიის ფონზე

30 ივლისი 2012
ახლა ჩემი და სოფლადაა და ხილს ჰკრეფს. გადასარევი შემოდგომა დგას მთიულეთში, მზიანი დღეებია და მისი ამბავი რომ ვიცი, ტელევიზორს ნაღდად არ ჩართავს. იმ ისტერიის შესახებაც არაფერი ეცოდინება რაც აქ, თბილისში ხდება. კვირა საღამოს ჩამოვა და, როცა ამ ყველაფერს მოვუყები, დინჯად მეტყვის იმას, რასაც ხშირად მეუბნება ხოლმე: აქ ისევ ისევ საბჭოეთია, მაგრამ ნუ გეშინია, აი, ნახავ, ჩვენი შვილების თაობა გაიზრდება და ყველაფერი კარგად იქნებაო. მინდა რომ მისი მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა. თეონა მასწავლებელია, სულ ძალიან კარგი და გადასარევი მოსწავლეები ჰყავს და ალბათ, იმან უფრო იცის.

 

მე კი ისევ იქ ვტრიალებ, სადაც შეკრება შეკრებაზე იმართება, ბრაზობენ, გმობენ, იმუქრებიან, ამბობენ, რომ ”არ დაუშვებენ”, ”არ დაინდობენ”, ”აკრძალავენ”. ყველა გაერთიანდა, თხა და მგელი ერთადა სძოვს. იქნებ, მართალაც არის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ის ადამიანი, ვისთვისაც ნებისმიერ ქართველს უნდა შეეძლოს თავდადება? არ ვიცი. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, მეორე მსოფლიოომისდროინდელ ერთ ფრაზას მაგონებს, რითაც საბჭოთა მეომრები ფიცხელ ომში შედიოდნენ - ”ზა როდინუ, ზა სტალინა”. სამწუხარო პარალელია, მაგრამ რა ვქნა, ვიფიქრე და გიზიარებთ. თანაც, იმასაც ამბობენ, მაშინ ომი ყველაზე მეტად ამ ფრაზით მოიგესო. ახლა რაღაცნაირად მინდა მოვწყდე ამ გაბრაზებულ ადამიანებს, ბოღმას რომ ანთხევენ და სულ სხვა ამბავი მოვყვე, რომელიც გრიგოლ ფერაძის შესახებ ბექა მინდიაშვილის სტატიის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა: გასული საუკუნის საქართველოს ისტორიაში ორი პერსონაა, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - ერთნაირად დაასრულეს სიცოცხლე.

 

პირველი მამა გრიგოლ ფერაძეა, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის დამაარსებელი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ბრწყინვალე თეოლოგი, ეკლესიათა შორის დიალოგის მომხრე და თანამედროვე ეკუმენური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი სიკვდილის შესახებ ზუსტი ცნობების დადგენა ვერ ხერხდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან საკუთარი ნებით მიიღო სიკვდილი. 1942 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში ვიღაცის (თუ ვიღაცების ნაცვლად) შევიდა. ერთ-ერთი ვერსიით - ხუთშვილიანი ებრაელი მამა გადაარჩინა. გრიგოლ ფერაძე აუცილებლად ახსენებდა ქრისტეს სახელს და ლოცვით აღესრულებოდა. მამა გრიგოლი ჩვენს ეკლესიაში ნაკლებად პოპულარული წმინდანია, ალბათ, ეკუმენიზმის გამო არ სწყალობენ. სამაგიეროდ, პოლონელები თაყვანს სცემენ მის ხსოვნას. მეორე - ცნობილი საბჭოთა ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი იოსებ ჟორდანიაა. ჟორდანიაში, ჟორდანიასთან, - ხშირად ვიმეორებთ ხოლმე თბილისელებიც და ჩამოსულებიც. ალბათ, ბევრმა ჩვენთაგანმა არც იცის, ვინ იყო და როგორ მოკვდა ეს კაცი. ამიტომ მოვყვები: იოსებ ჟორდანია 1961 წელს სამეცნიერო კონფერენციიდან ბრუნდებოდა. რიო დე ჟანიეროს მახლობლად თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა, ოკეანაში ავარიულად უნდა დაშვებულიყო. მაშველი რგოლი მხოლოდ ერთი მგზავრისთვის არ აღმოჩნდა - უბილეთო პატარა გოგონასთვის, რომელიც დედას წამოეყვნა. იოსებ ჟორდანიამ, ვინც მთელი ცხოვრება სიცოცხლეს ემსახურებოდა, საკუთარი რგოლი ბავშვს გაუკეთა. ცურვა არ იცოდა და დაიღუპა. არ ვიცი, მორწმუნე იყო თუ არა საბჭოთა ექიმი, ან იმ უკანასკნელ წუთებში რაზე ფიქრობდა, მაგრამ ამას, აბა, რა მნიშვნელობა აქვს? შეძლო და სხვის, პატარა გოგონას მაგივრად მოკვდა.

 

აი, ეს ამბები მომაგონდა დღეს. შეიძლება, ერთგვარი თერაპიაა: კარგ ქართველებს ვიხსენებ და თავს ვიმშვიდებ. აბა, რა ვქნა? არ ვარ მასწავლებელი, არ მყავს კარგი და გადასარევი მოსწავლეები, იმათი იმედი რომ მქონდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^