Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიტყვის თავისუფლება და ღირსების დაცვა მანიპულატორების ხელში

30 ივლისი 2012
ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ  "კვირის რეპორტაჟის" ბოლო გადაცემის დიდი ნაწილი "თავისუფლების ინსტიტუტისა" და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების მიერ "პატრიარქის წინააღმდეგ წამოწყებულ ინტერნეტ ომს" დაუთმო. სიუჟეტის მთავარი ღერძი  ონლაინ პორტალ "იუთუბზე" განთავსებული  ვიდეო გახდა. ამ  მასალაზე ილია მეორის სურათზე დამონტაჟებული იყო ხმა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნიდა, თითქოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს  უცენზუროდ იხსენიებდა და ხალხს მისი დამხობისკენ მოუწოდებდა. ამავე მასალაში ჟურნალისტი ჰყვება, როგორ გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" ეს და მსგავსი ვიდეოები „თავისუფლების ინსტიტუტის" წევრმა თეა თუთბერიძემ.

"კვირის რეპორტაჟისთვის" მიცემულ ინტერვიუში თუთბერიძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოების დამზადება თუ გავრცელება სიტყვის თავისუფლების გამოხატვაა. მან იქვე დაამატა, რომ პატრიარქი ღმერთი არ არის და, შესაბამისად, მისი შარჟის გავრცელებაში საგანგაშო არაფერია.

თუმცა, საზოგადოების ნაწილისთვის ეს ვიდეოც და თუთბერიძის პოზიციაც ღირსების შემლახველი აღმოჩნდა. პატრიარქის დასაცავად ზოგიერთებმა პროტესტის ისეთი ფორმა შეარჩიეს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. სულიერი წინამძღოლის შეურაცხყოფით შეწუხებული რელიგიური სიწმინდის დამცველები თუთბერიძეს მოკვლით, ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებოდნენ, უშვერად აგინებდნენ. იყო პირდაპირი მოწოდებები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ.

თავად თავდასხმის ობიექტი - თეა თუთბერიძე საკუთარ გადაწყვეტილებას, გაევრცელებინა პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო, იმით ხსნის, რომ ილია მეორემ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გამოხატა. ლეჟავას რეპორტაჟში  აღნიშნული იყო, რომ "უხამსი შინაარსის ვიდეორგოლების" გავრცელება პატრიარქის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან აგვისტოს ომში სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა. თეა თუთბერიძეც ადასტურებს, რომ ეს განცხადება პატრიარქზე მისი განაწყენების მთავარი საბაბი გახდა.

"ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის" თეორია ტელეკომპანია „ივერიას" დირექტორმა  გიორგი ანდრიაძემ ლეჟავას გადაცემაში უკვე სხვა კუთხით განავრცო. "ეს არის შურისძიება პოტენციური მეტოქის მიმართ", - აღნიშნა ანდრიაძემ, რომელიც ეკლესიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკურ ოპონენტად განიხილავს.

ოპოზიციონერმა დავით ზურაბიშვილმა კი თუთბერიძის "თავისუფლების ინსტიტუტს" არა ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაცია, არამედ თავად ხელისუფლება უწოდა, რითაც დაადასტურა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის.

ამ მოვლენებში ეკლესია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ობიექტად იქცა. ერთი მხარე საპატრიარქოს არასახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ადანაშაულებს, მეორე კი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის შევიწროებაზე საუბრობს.

მწვავე დავისას ყველას დაავიწყდა მთავარი: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. "იუთუბზე" დადებული ვიდეო, მისი უცენზურო შინაარსის მიუხედავად, გამოხატავდა კერძო პირის შეხედულებას რელიგიურ საკითხზე. ისევე, როგორც, მაგალითად, 2005 წელს დანიურ გაზეთში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მწვავე დებატები მოჰყვა. განსხვავებით დანიური კარიკატურებისგან, ჩვენ შემთხვევაში, კამათის საგანი არა სიტყვის თავისუფლებასა და მკრეხელობას შორის დამოკიდებულება, არამედ საპატრიარქოს არასახელმწიფოებრივ განცხადებებში დადანაშაულება გახდა. მას მოჰყვა ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი. ამ პოლიტიკურ ორომტრიალში სიტყვის თავისუფლების საკითხი არავის გახსენებია.

სიტყვის თავისუფლებასა და მკრეხელობას შორის დამოკიდებულება სწორედ იმ ზღვარზე გადის, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპი ავლებს - ანუ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარზე. ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეებისთვის საჯარო სივრცეში პატრიარქის შეურაცხყოფა მკრეხელობად ჩაითვალა. სიტყვის თავისუფლების პრინციპი, განსხვავებით მკრეხელობის ფენომენისგან, სახელმწიფოსგან მოდის და უფლებას ანიჭებს ყველა ადამიანს, ნებისმიერი რელიგიის მიმართ საკუთარი  კრიტიკული აზრი გამოთქვას. რა თქმა უნდა, მორწმუნეებს, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, მორწმუნეები კონკრეტული პიროვნებების და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან ხოლმე, რადგან სახელმწიფო თავისი არსით სეკულარული ინსტიტუტია და რელიგიურ სფეროში არ ერევა.[pagebreak]

თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ამ დაპირისპირებაში ყველა აღმოჩნდა გარეული, რადგან იგი სწორედ პოლიტიკურ არენაზე მოხდა - სახელმწიფოც და ეკლესიაც საკუთარი ნაციონალისტური პროექტების გატანას ცდილობს. მნიშვნელობა არ აქვს, პირველი ვინ არღვევს სეკულარიზმის პრინციპს. მთავარი ისაა, რომ  დაპირისპირების საბოლოო შედეგი ვითარების პოლიტიზაციაა. ეკლესიაც და სახელმწიფოც პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს. ამ დაპირისპირებაში საკუთარ ადგილს პოულობს ოპოზიციაც. ის ხელისუფლებას ეკლესიაზე შეტევაში ადანაშაულებს და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების ინტერესების დამცველად წარმოაჩენს თავს.

მკრეხელური შინაარსის ვიდეოს მოჰყვა არა საზოგადოებრივი, არამედ ძირითადად პოლიტიკური რეაქციები. ყველა მხარემ, მათ შორის თავად თუთბერიძემაც, ლეჟავას სიუჟეტშიც და ტელევიზიის ეთერითაც, ვიდეო განიხილა პოლიტიკური, ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესების ჭრილში. მან განაცხადა, რომ პატრიარქმა აგვისტოს ომზე თავისი განცხადებით სახელმწიფოებრივ ინტერესებს მიაყენა ზიანი. ამ დროს არავის უთქვამს, რომ აღნიშნული ვიდეო, შესაძლოა, გამოხატავდა უბრალოდ კერძო პირის პირად უარყოფით დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ და არა პოლიტიკურ პროპაგანდას.

გამოხატვის თავისუფლებაზე ყურადღება არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაამახვილა. მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამ სიტუაციას კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა შესძინა. „ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებით თუ უნებლიეთ, ემსახურება საზოგადოების გახლეჩას. მათი ავტორები პოლიტიკურ საკითხებზე ეკლესიის ზოგადი თავშეკავებით სარგებლობენ და ამით ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას", - აღნიშნულია განცხადებაში. იქვე ვკითხულობთ, რომ "საპატრიარქოზე თავდასხმა ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს"-ო (!) ნათელია, რომ სიტყვის თავისუფლების საკითხი პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სრულიად ჩაყლაპა და უნდა აღინიშნოს, რომ ამაში მთავარი წვლილი მიუძღვის სწორედ ხელისუფლებას, რომელიც სეკულარიზმისა და სიტყვის თავისუფლების მთავარი დამცველი უნდა იყოს.

გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით გადმოსცემს იგი თავის აზრს. თეა თუთბერიძემ  "ფეისბუქზე" ვიდეოს განთავსების შემდეგ სასიკვდილო მუქარები მიიღო. ქართულ სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  ხელისუფლებისგან თეა თუთბერიძის დასჯას ითხოვენ. როგორც არასამთავრობოებისა და კულტურის მოღვაწეთა წარმომადგენლებმა შეკრებაზე აღნიშნეს, თუ პატრიარქის საწინააღმდეგო კამპანია ხელისუფლების ინტერესებში არ არის, თუთბერიძე ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს".

მინდა, როგორც საქართველოს მოქალაქემ გამოვხატო ჩემი საჯარო პოზიცია - ჩემთვის ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულებაა, რომლის შეზღუდვაც საზოგადოების საერთო სიკეთისა და ბედნიერებისთვის სასიცოცხლო საფრთხეს ქმნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^