ჯერ სხვა ტექსტი წაიკითხე. შეუძლებელია Screamin' Jay Hawkins-ზე უკეთესად წერო - მე მხოლოდ მიმდევარი ვარ. ამიტომ ამ პოსტის სათაურიც და პირველი შთაბეჭდილებაც ისაა, როგორც ვახო ამთავრებს. ხოდა, რახან I Put Spell On You-ზე ყველაფერი იცი, დრო მოსულა მისი ანტიპოდი You Put The Spell On Me ჩაეშვას. ჰოკინსმა მისივე პაროდია გაითამაშა. ის ამბავია, საკუთარი თავით გაბეზრებული კაცი გასართობად თვითირონიას რომ გაიხდის. თუ პირველში დემონური თვითკმაყოფილებით, თავდაჯერებული გვიმხელს ცოდვებს, ამაში ხავილი ანაწევრებს სათქმელს, განწირული ადამიანის ამოთქმული სიტყვები. ადამიანის, რომელმაც იცის - ცუდ ბედს ეწია და გამოსწორებასაც არ ცდილობს. ერთადერთ მიზნად დაუსახავს, ეს უბედობა სხვას მოუყვეს. მისი სიტყვები ამბავია უადრესატოდ, მონიშნული მსმენელის გარეშე და ალალბედზე ნათქვამი, როგორც უკაცრიელი ნაპირიდან მოსროლილი ბოთლი. ის მხიარული ტემბრიც გამქრალია მეორეგან შეფარულად რომ იგრძნობა, იქ თითქოს სანახაობის მომლოდინის აღტყინებას შეუპყრია, ერთიც ვნახოთ, რა მოხდებოდა. ახლა კი ასე გგონია, სადღაც ჯურღმულში ჩათრეულს, ვინმე მჩხიბავი სხეულის ჭრილობებით დაღარულ ხნულებში მარილს უპნევს, ეს კი შებრალებას ითხოვს, ყველაფერს აღიარებს, ყველაფერს ინანიებს, ცხარე და გულწრფელი ცრემლებით იხვეწება და მართალი გითხრათ, აღარც კი ვიცი, ეს ცრემლები ტკივილისაა თუ სინანულის. გინახავთ სიყვარულის ამგვარი ახსნა? თან იძულებით და თან გულწრფელად, თითქოს საკუთარ თავს აბათილებს. თუ ადამიანური გრძნობების თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაგება შესაძლებელია, მაშინ, ის სწორედ ასეთი იქნება, იმწუთიერი და სავსე, დროის იმ წერტილში ჩაჭედილი, როცა განიცდება, წარსულში გადაჩეხილი მოგონებისა და ყოველგვარი მომავლის დაპირების გარეშე.
თუმცა ყველაფერი წინდაწინვე იყო ცნობილი, თუ არ გჯერა Don't fool on me-ს მოუსმინე. შენ, ვისაც ღრუბლებით გავსებული განთიადისას გული გწყდება; ნაღდი ბლუზური ტონალობები გიტაცებს კლავიშით, საყვირითა და დრამით გაწყობილი; მსუბუქი ნაბიჯებით მიიწევ ფრიალო კლდეებისკენ; და პოეტი ხარ ჩათშიც და ბუდუარშიც - ყველაფერი აქ დაგხვდება.
გგონიათ მართლა სჯეროდა, რომ დედამიწის ზურგზე მოიპოვებოდა ვინმე, ვინაც ბოლომდე დაელოდებოდა, ვისაც ეყვარებოდა და ვინც იზრუნებდა მასზე? თუნდაც ასე იყოს, ეს განა რამე რახათია? ლოდინი ხომ მშვიდიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი, როცა გელოდებიან ეგაა შფოთვა თუა. Guess Who-ში ამბობს, რომც არსებობდეს ასეთი ადამიანი, მისი ძალისხმევა უიმედოა და ბექებიც კვერს უკრავენ.
თუ კარგად მოყოლილი ამბების მოსმენა გიყვარს, ამას მიუგდე ყური: Whistling Past The Graveyard. გაიხსენე, ისეთ მატარებელში მჯდარხარ, ღამეს რომ მიათრევდა, ავტომობილის ფარების ნათება მიუყვებოდა შენს გასწვრივ დამტვრეულ გზებს - ეგეც გემახსოვრება. ისიც გაიკვირვე ბაქანზე მდგარ ეულ მგზავრს მაინცდამიანც შენ რატომ გადაეყარე, და ისიც - ჰორიზონტისკენ გასროლილი ანთებული ასანთი ასე მალე რომ ქრება. შენ დაისწავლე როგორ იკვეთებიან გზები და ფანჯრიდან უსინათლო სახლებიც შენიშნე. ამიტომ გეკითხები: როდესაც ყველას სძინავს ხომ შეიძლება მოულოდნელად სამყარო შეიცვალოს? ან როგორ შეიძლება მოგატყუო, როცა არასოდეს მითქვამს სიმართლე?
მაგრამ პასუხამდე იცოდე: ბოლოს ყველა გუდას მოეკვრება პირი, ყველა თასმა გაინასკვება, ყველა მდინარე ზღვაში ჩავა, ყველა ფოთოლი გაიხრწნება, ყველა ბლოკს გაჯი შელესავს, ყველა რკინას ჟანგი შეჭამს და ყველა ჟანგს - მიწა, ყველას პორტრეტიც დაიხატება ბოლოს, ზეთით, ტილოზე. როგორ გააკეთებდა ამას ჰოკინსი, როგორი იქნებოდა მისი მოდელი: კაცი, რომელსაც ყველა ტკივილი განუცდია, სამყაროს პირისპირ მდგარა და ახლა მომაკვდავს ერთადერთი ნატურის როლის შესრულებაღა ძალუძს. დაღლილს სიცოცხლის ნაპერწკალი აღარ უნათებს მზერას, სახე ნაოჭებით აქვს დასერილი, თეთრ თმას კი საკუთარი ცრემლები უსველებს. მხატვარმა თუნდაც ყველა ტონი გამოიყენოს, მუსიკა და ფერწერა ერთმანეთს შეურიოს, ღამეები თეთრად ათენოს, მუხლი არ მოხაროს და მაჯა არ მოადუნოს, არც ფანტაზია დაინანოს და არც პლაგიატი ითაკილოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, რომელ ღმერთზეც არ უნდა ილოცოს, რომელ დემონსაც არ უნდა სთხოვოს დახმარება, მას ამ პორტრეტზე ღიმილის დატანა არ ძალუძს. მას არ ხელეწიფება თუნდაც ოდნავ, თუნდაც სულ ოდნავ, თუნდაც მხოლოდ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი გახადოს ბედნიერება, სურათზე, რომელიც ბოლოს ავტოპორტრეტი აღმოჩნდება.