Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეალური საქართველო

30 ივლისი 2012

უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერის ოჯახი საგანგებოდ მოშენებული ციყვებისა და მტრედების გარემოცვაში?!

ყვითელ პრესას ერთი თვისება აქვს, რამდენად მიუღებელი და უინტერესოც არ უნდა იყოს თემა, მისი ყვითელი სათაური მიგიზიდავთ და თავს გაგაცნობთ. მა-გრამ, როდესაც ეს პრესას ეხება, ამ შემთხვევაში ბეჭდურ მედიას,  ტვინის მაკუ-ლატურით ამოვსებისთვის ფულს არ გადაიხდით და თავად არ მიხვალთ მასთან. ერთი სიტყვით მისგან თავდაცვა შესაძლებელია და ამას მეც საკმაოდ მარტივად ვახერხებ. აი, რაც შეეხება ყვითელ სატელევიზიო მედიას, თუ თქვენ არ მიხვალთ, ის თვითონ მოვა თქვენთან. მიუხედავად ამისა უკვე ახლოს ვარ მიზანთან, რასაც ამ შავი ყუთის გაუქმება ქვია. ერთადერთი, რასაც ვერ ვთმობ ინტერნეტ სივრცეა, სადაც სხვადასხვა სოციალური ქსელი სატელევიზიო და ბეჭდური მედიის მარგალიტებს გვაცნობს. რომ არა ინტერნეტი, ახალ ტელევიზიას საკუთარი თვალით ვერ ვნახავდი და მხოლოდ ნაამბობით დავკმაყოფილდებოდი. სწორედ ჩემი პატარა კომპიუტერიდან მოვხვდი ამ "საოცრებათა სამყაროში". ძალიან გრძელი შესავალი გამომივიდა.

"Real tv" ქართული ტელემედიის ახალი მონაპოვარია, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელევიზიად მოიხსენიებენ. რთულია ამ ტელევიზიის შიგთავსის კრიტიკული ანალიზი, ისევე როგორც კრიტიკას არ ექვმედებარება, მაგალითად, ჟურნალი "რეიტინგი" ან სხვა. ე.წ. თოქ შოუების ვიზუალიც და შინაარსიც 90-იანი წლების დასაწყისში გვაბრუნებს - ცალკე ჩაწერილი კითხვები და ცალკე პასუხები, განსაცვიფრებელი კონტაქტი წამყვანსა და რესპოდენტს შორის.  საინფორმაციო გამოშვება ისეთივე მსუყე და "მრავალფეროვანია" როგორც სხვა, ნებისმიერ ნაციონალური არხზე. როგორც ჩანს, არც ჟურნალისტების დეფიციტია - ისინიც ბევრნი არიან და ყველა (ვიღაც იტყვის დაპროგრამებულიო, მაგრამ არა!) მეტისმეტად მოტივირებული!

არხის ყვითელი შიგთავსი იმდენად იცავს სახელისუფლო ინტერესებს და ისეთი ენთუზიაზმით ცდილობს ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას, რომ თავიდან იფიქრებდით - დანარჩენი ნაციონალური არხების (და მოძრაობის) გასანეიტრალებლად შეიქმნაო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ასე არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ "Real tv"-ის "საუკეთესო" ნამუშევრებს "კურიერი" და "ქრონიკა" რიგრიგობით წარმოგვიდგენენ. პირდაპირ, ყოველგვარი ცვლილების გარეშე კადრში მოჩანს "Real tv"-ს ლოგოიანი მიკროფონი, მოისმის "Real tv"-ის ჟურნალისტის ხმა, მაგრამ გადის ხან  "რუსთავი-2"-ზე, ხან "იმედზე". მომიტევოს "მოამბემ" - თვალი ვერ მივადევნე. "მოამბის" ყურების მავნე ჩვევა ჯერ არ მაქვს. წავიდა ის დრო, როდესაც "კურიერი" რესპოდენტის ჩაწერისას ყველა სხვა დანარჩენ მიკროფონს მალავდა ექსკლუზიურობისთვის. ერთი სიტყვით, ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს ასე დისკრედიტირებულ ნაციონალურ არხებს ეს უკანაკსნელი გაანეიტრალებდა, ანუ გააკეთილშობილებდა არ გამართლდა, პირიქით ამ ყვითელი ეკრანის მეტასტაზები სრულად მოედო ქართულ სატელევიზო მედიას.

ამ ახალი არხის სამიზნე, მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაა. "Real tv"-ის შინაგან საქმეთა სამმართველო იმდენად კონცენტრირებულია ალასანიაზე, რომ ჩანს, იგი  გიგი უგულავას რეალურ კონკურენტად ითვლება. გამოვტყდები და გე-ტყვით, რომ აქამდე ალასანიას შანსებს გაცილებით უფრო ნაკლებად ვაფასებდი, მაგრამ რეალურ სურათს ამ შემთხვევაში რეალური ტელევიზია და აწ უკვე მისი მიმდევარი ნაციონალური ტელევიზიები წარმოგვიდგენენ.

ეს ახალი, რეალური არხი არც ენერგიას და არც ფინანსებს იშურებს იმისათვის, რომ გაიგოს - რა ფირმის საათს ატარებს ალასანია? რა ღირებულების ტელეფონს ხმარობს (ტელეფონი იაფფასიანი აღმოჩნდა და რეალისტებმა ისიც იციან, რომ ალასანიას ამ მობილურის ხმარება მისმა ამერიკელმა მრჩეველმა ურჩია), სად ცხოვრობს მისი ოჯახი? ყველაზე საინტერესო ეს არის, რადგან მათ გაიგეს: ეზოში სადაც ირაკლი ალასანიას ცოლ-შვილი ცხოვრობს "საგანგებოდ მოშენებეული ციყვები და მტრედები ბინადრობენ" (ეს ზუსტი ციტატაა სპეციალური რეპორტაჟიდან). შემდეგ კი ომახიანად სვამენ კითხვას: - უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერის ოჯახი საგანგებოდ მოშენებული ციყვებისა და მტრედების გარემოცვაში? ეს ყველაფერი მხოლოდ სასაცილოა და ვფიქრობ ასეთი შავი პიარი ალასანიას სამომავლოდ უფრო გამოადგება, ვიდრე ხელს შეუშლის.

დავუბრუნდეთ ახალ ყვითელ არხს, რომელიც თუკი სრულად დაარღვევს მაუწყე-ბელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს, არავის გაუკვირდება - ყვითელი მედია სხვას არაფერს აკეთებს. ეს ტელევიზია ირაკლი ალასანიას ორი ბიჭის მკვლელობას აბრალებს, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა. სიუჟეტი სწორედ ამას მოგახსენებთ, მაგრამ ე.წ. მოწმეები, ანუ გარდაცვლილი ბიჭების დედები ამას არ ადასტურებენ, ისინი მხოლოდ ეჭვს გამოთქვამენ. არის ეს ცილისწამება თუ არა? ამ საკითხზე საინტერესო იქნება იურისტების დასკვნა. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ეთიკური კოდექსის უხეში დარღვევაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ასევე საინტერესოა იურისტების მოსაზრება. " Real tv"-იმ მისი კონკურენტი ტელევიზიის, ტელეშოუ "საკანი #5"-ის წამყვანი ტყუილში გამოიჭირა. მაშინ, როდესაც უცნობი მაყურებელს ემშვიდობებოდა და ეკრანზე გამოსახული ნიშანი პირდაპირ ტრანსლიაციას მიგვითითებდა,  Real tv-ის ჩასაფრება-გამოძიების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ რეალურად ის უკვე თურქეთში იმყოფებოდა. ამის დასადასტურებლად მათ საქართველოს აეროპორტის სათვალთვალო კამერით ჩაწერილი მასალა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ გადის რეგისტრაციას გია გაჩეჩილაძე აეროპორტში. უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული ჩანაწერი ხელმისაწვდომი ვერ გახდება, რაღაც ახალი, საკაბელო, კერძო ტელევიზიისათვის, რომლის ოფიციალური მეპატრონის იდენტიფიცირება არავის შეუძლია. მაგრამ თუკი, ასევე უსაფრთხოების მიზნით ამ მასალით სარგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოინდომებს, მაშინ ბუნებრივია მისი დამალვის უფლება არავის აქვთ. ახლა დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თანაც ჯერ ერთი სულიერიც ვერ ვნახე, რომელიც შემეწინააღმდეგება და მეტყვის, რომ Real tv რეალურად არ ეკუთვნის შსს-ს და მას სხვა, დამოუკიდებელი რეალური და არა ვირტუალური მფლობელი ყავს.

რახან ტელეკომპანია "მაესტრო" ვახსენე, ერთი ჩემი "სამთავრობო მეგობრის" ტექსტური შეტყობინების შინაარსაც გაგაცნობთ. ეს იუმორისტული sms ჩემს აღშ-ფოთებას მოჰყვა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით გამოვხატე. "ჰო, რამე მოუხერხე ამ "რეალ ტვ"-ს,  თორემ მალე "მაესტროს" დაემსგავსება". აჰა, მიზანი ნათელია და ისევ დიადი! ეს არხი "მაესტროს" საპირწონედ შეიქმნა. თუკი ამ არხიდან, უმეტესად ტელეშოუ "საკანი #5"-დან ხდება ბევრი ბნელი, მავნე, არაეთიკური და ა.შ. იდეოლოგიისა თუ ინფორმაციის გავრცელება, რატომ არ გავაკეთოთ ჩვენც იგივე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს?! თანაც არჩევენბის წინ.

ახლა კი ჩემს მეგობარს მოვახსენებ: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია "მაესტრო" საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით არ ფინანსდება და თუკი ეს ახალი ტელევიზია სახელმწიფოს კმაყოფაზეა, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდი უზნეობაა! ჩვენი გადასახადებით უკვე არა ერთი და ორი ტელეარხი ახდენს უგემოვნობის, უზნეობის, არაეთიკურობის და სხვა ათასგვარი მავნე ტენდენციების ტირაჟირებას. და არავინ გვეკითხება, გვსურს თუ არა ამდენი ტელეარხის დაფინანსება.

P.S. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ტელეკომპანია "საქართვე-ლო", სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე "Real tv". არა და როგორ გვჭირდება განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა, ტურიზმი... მათთვის საინფორმაციო გამოშვებებში ამინდის პროგნოზის გამოცხადებამდე ზუსტად 3 წუთია გამოყოფილი. რას ვიზამთ, ასეთია სახელმწიფოს პრიორიტეტების პოლიტიკა! ასეთია რეალური საქართველო, სადაც ყველა ძალოვან სტრუქტურას საკუთარი პროპაგანდისტი "სამაუწყებლო სამინისტრო" სჭირდება. ვინ თქვა ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა განათლება (გაუნათლებლობა) არისო?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^