სლაიდზე რესტავრირებული ეკლესიები და სამონასტრო კომპლექსები ერთმანეთს ცვლიდნენ. ხიმშის, უბისის, მარტვილის, ერედვის, ნიქოზის ეკლესიები სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამაში დანარჩენ ორასამდე კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად მოხვდნენ. 3 თებერვალს ნიკა ვაჩეიშვილმა 2005 წლის შემდეგ განხორციელებული და მიმდინარე კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტები წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი სავსე იყო ჟურნალისტებით, სააგენტოს ხელმძღვანელს კითხვები მხოლოდ მინისტრმა დაუსვა. "ამ ქვას ეროზია სჭირს? სათითაოდ უნდა გააკეთოთ ინექცია?" - ეკითხებოდა ნიკა რურუა ნიკოლოზ ვაჩეიშვილს. მინისტრმა კითხვას რამდენიმეჯერ შეფასებაც მოაყოლა "ვა, რა კარგია", ან გაცილებით მკაცრი ტონით - "ნიქოზის კომპლექსი რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენადაც მახოვს. ეს იმათ გასაგონად, ვინც რუსეთში დაწანწალებს ამ ბოლო ხანებში. ეს ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ერთმორწმუნეობით თავზე და თვალში ნაცარს გვაყრის".
ნიკა ვაჩეიშვილმა რესტავრირებული ეკლესიების ფოტოების ფონზე ახსნა, რომ სახელმწიფო ცდილობს ქართული კულტურული ძეგლების მნიშვნელობის დასავლურთან მიახლოვებას. იქმნება ინფრასტრუქტურა ტურისტების მოსაზიდად და მალე ბევრი სამონასტრო კომპლექსი თავისი შემოსავლით ირჩენს თავს. სახელმწიფო ისეთ ძეგლებსაც აღადგენს, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგალითად ტაბაკინის ეკლესიას.
სააგენტოს მიერ რესტავრირებულ რამდენიმე ათეულ უნიკალურ კულტურულ ძეგლს ერთი საერთო ჰქონდა - ყველა მართლმადიდებლურია. რესტავრირებულთა სიაში არ მოხვდა არცერთი სომხური ეკლესია. ისინი პრეზენტაციაზე არავის უხსენებია. "გასული წლის მანძილზე უნიკალური კულტურული ძეგლი ჩამონგრეულიყოს? ასეთი მე არ მახსენდება", - თქვა ნიკა ვაჩეიშვილმა. "მუღნუ სურბ- გევრორქის" ეკლესია რამდენიმე თვის წინ ახოსპირელის ქუჩაზე ჩამოინგრა. როგორც კი სომხურ ეკლესიებზე მიდგა საკითხი, ვაჩეიშვილმა თანხების უკმარისობა ახსენა.
"სომეხ რესტავრატორებთან ერთად ზარალის აღწერის შემდეგ შევადგენთ რესტავრირების გეგმას, რომელსაც მათ შევუთანხმებთ, რადგან ისედაც ცოტა სენსიტიური ამბავია, მაინც განიცდიან. ეს ეკლესია თავიანთი კულტურის ძეგლად მიაჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიწაზე დგას, ვცდილობთ მაქსიმალურად კომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი, ვანახოთ რომ ამაზე ზრუნვა მიდის", - თავი იმართლა ნიკა რურუამ, თუმცა, ალბათ, მასაც დაავიწყდა, რომ სომხური ეკლესიები ისეთივე ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, როგორიც ქართული მართლმადიდებლური ტაძრები.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ტელევიზიებთან კომენტარის გაკეთებისას თავად მინისტრმა აღნიშნა, რომ "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი ვინაობის, ჩვენი იდენტურობის მთავარი კომპონენტი და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათზე".
[video:http://www.youtube.com/watch?v=493XJqOJ3XE]