ეძღვნება ნიკუშას, გიორგის და ბაქარს, რომლებმაც მხოლოდ ადამიანების სიყვარული მოასწრეს.
ქართველებმა ყველაფერი უნორმო ვიცით. უნორმო სიხარული, უნორმო წყენა, უნორმო და გადაჭარბებული სიხარული.
ჩვენ ახალი წლის შემოსვლას 3 კვირას ვანდომებთ.
15 იანვარი იდგა. ზამთრისთვის არც თუ დამახასიათებელი ამინდით. ის პერიოდია, როცა ახალი წლის ზეიმი სრულდება და ქვეყანა ნელ-ნელა საცივიდან ამოდის...
საშინელი ამბით დაიწყო დილა.
3 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე. საგულდაგულოდ მოდუღებული ყავა კისერში ძლივს გადავიტანე.
თვალწინ დამიდგა ახლად წვერამოსული ბიჭების ტანჯვა. როგორ ცდილობდნენ აალებული მანქანიდან გამოსვლას და ვერაფერს ახერხებდნენ. მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა...
იმავე წუთებში ვიფიქრე. მე რა შემიძლია? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
ფეისბუკის მეშვეობით რამდენიმე წუთში გამოვნახე მოხალისეები და ამ პრობლემის მოგვარების და გზის შესაბამისად დარეგულირების მოტივით შეხვედრაც დავნიშნეთ. რამდენიმე საათი საუკუნედ გაიწელა.
მეგობრები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ყოფილი სამხედროები, რიგითი ქუთაისელები, მოკლედ ჩემები შევიკრიბეთ რადიოში. ყველანი ერთ აზრზე ვიყავით, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. უნდა გადაგვეკეტა გზა, უნდა გაგვეკეთებინა მაქსიმუმი, რომ ხელისუფლებას მოქმედება დაეწყო, რომ მომავალში მსგავსი უბედურებები როგორმე თავიდან აგვეშორებინა...
დაიგეგმა აქცია #დაარეგულირესიცოცხლისთვის. ფეისბუკზე განთავსებიდან რამდენიმე წუთში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფერს...
ჩვენ შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილების პანაშვიდებზე წასვლა გადავწყვიტეთ.
ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მწარე გრძნობა - უსუსურობის განცდაა. როცა მამა ხარ და შენი შვილი მისაღები ოთახის შუაში მოთავსებულ ყუთში წევს და შენ ვერაფერს აკეთებ... ემოციური და საოცრად ტრაგიკული ამბები დაგხვდა ადგილზე. უწვერულვაშო ბიჭებს, რომლებსაც ყველაფერი წინ ჰქონდათ ოჯახები ცხედრების გარეშე ტიროდნენ... დაიფერფლნენ...
ავტირდით, ვერაფერი მოვუხერხეთ უსუსურობის და შიშის საოცარ განცდებს...
მეორე დილიდან დავიწყეთ მზადება. ზოგმა ბანერი დაბეჭდა, ზოგმა რუპორი ინათხოვრა, ზოგმა პოსტერები დახატა, ზოგმა ყვავილები გააკეთა... ჩვენ მზად ვიყავით.
დადგა აქციის დღე. შიშით ვუყურებდით 2 საათს, როცა აქცია იყო ჩანიშნული. ვაიდა არაფერი გამოვიდეს, ვაიდა ხალხი არ მოვიდეს... (ეს ყოველი აქციის წინ ხდება სამწუხაროდ...)
დადგა 2 საათი 100 ზე მეტი ადამიანი მოვიდა... 80 მანქანიანი კოლონა, მდუმარედ, მხოლოდ ფარებ ანთებული. მივდიოდით და ვფიქრობდით, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავაგვიანეთ.
სამოქალაქო სოლიდარობა არის ის განცდა, რომელსაც უამრავი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
ამიტომ ჩვენმა მონდომებამ, შრომამ და გაამართლა.
დღეს წყალტუბო ქუთაისის გზაზე მოძრაობას შესაბამისი ეწ „ჭკვიანი კამერები“ აკონტროლებენ. პროტესტმა შედეგი გამოიღო. მოვიდა უამრავი მადლობა გარდაცვლილების მეგობრებისგან, ნათესავებისგან...
ქუთაისმა თავის სათქმელი თქვა!
ეთიოპიური ანდაზაა: როცა ობობები ერთიანდებიან მათ შეუძლიათ ლომის საკუთარ ქსელში მოქცევა. საზოგადოების ერთობას და კეთილ მიზანს წინ ვერაფერი აღუდგება...
მინდა, რომ ჩვენ ერთად მივხედოთ ჩვენს ირგვლივ არსებულ პრობელემებს. ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენვე უნდა მოვუაროთ მას.
ძალა ერთმანეთშია.