Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხდება მაშინ, როცა არჩილ თალაკვაძის ლექსი შოთა იათაშვილისაა

28 თებერვალი 2019

დღეს გამთენიისას აქ ლექსი დავდე, რომელიც ჩემად გავასაღე. არადა, ის იმ პოლიტიკოსის იყო, რომლის ერთი პოეტური ნიმუში გუშინ საყოველთაო დაცინვისა და ლაზღანდარობის ობიექტი გახდა. ლექსმა მოწონება დაიმსახურა. მან რამდენიმე საათში უკვე 50-ზე მეტი ლაიქი და გული დაიმსახურა. არცერთი, ასე ვთქვათ, დაჰაჰავება. ანუ ყველამ ეს ლექსი სერიოზულად მიიღო და მოიწონა, ვერავინ მიხვდა, რომ მე აქ რაღაცას ვიტყუებოდი. სხვათა შორის, ლექსის მომწონებელთა შორის საკმაოდ არიან ჩემი მეგობრები - კარგი პოეტები, კრიტიკოსები და მთარგმნელები.

რატომ მოხდა ასე? და საერთოდ, საიდან გამიჩნდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარების იდეა? ესაა ის ისტერიულობა, რითაც ამ ბოლო დროს „განიხილავენ“ და განაქიქებენ სხვადასხვა პოეტურ ტექსტებს ქართულ სოციალურ ქსელებში თუ მედიასივრცეში. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ლექსები მაყვალა მრევლიშვილისაა, ვასო გულეურის თუ დეპუტატ არჩილ თალაკვაძის, თუკი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთნაირია? თუკი ბრიყვ პუბლიკას ბრწყინვალე ლექსები სამარცხვინოდ და უნიჭობად ეჩვენება, ვითომ ამ ჯერზე ჭკვიანი პუბლიკა სუსტ ლექსს დასცინის და ამაში მართალია? და ამ ორ ქმედებას შორის რამე წყალგამყოფი ზღვარი არსებობს? სწორედ ეს ფაქტორი იყო ჩემთვის გამაღიზიანებელი. ტლუ, უხეში, ვირული დამოკიდებულება ლექსის ავტორისადმი, როცა უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, ნიჭიერია ავტორი თუ უნიჭო, კარგია ლექსი თუ ცუდი - და საერთოდ, ერთი ლექსით, ერთი სტრიქონით ავტორის შეფასების ეს მეთოდი. როცა ფრაზა „ცაში გალობს კურდღელი“ საკმარისია საბრალდებო დასკვნის გამოსატანად, იქ, ცხადია, პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის სტრიქონებს არანაირად არ დაინდობს ბოროტი პუბლიკა, თუმცა კი იუთუბისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს პოეტური ვარსკვლავებით მუდამ კმაყოფილი დარჩება.

მე დავგუგლე არჩილ თალაკვაძის ლექსები, წავიკითხე და მომეჩვენა, რომ ალაგ-ალაგ ამ ლექსებში არის ორიგინალური პოეტური სახეები. შევარჩიე ერთ-ერთი, კარგად შევფუთე, გამოვდე ფეისბუქზე, როგორც საკუთარი ლექსი და დაველოდე შედეგს. და პოზიტიურმა შედეგმაც არ დააყოვნა. აღმოჩნდა, რომ შოთა იათაშვილის ავტოგრაფის ქვეშ ეს ლექსი არის კარგი.

საერთოდ, ავტოგრაფის ფენომენი თანამედროვე ხელოვნებაში, რომელიც ორიენტირებულია ახალი ფორმების ძიებებზე, ფრიად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ვინაიდან მთავარია მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი ავტორს ენდოს. თუ ენდო, ხელოვნების ნიმუშსაც იოლად გაუგებს. მოძებნის მასში რაღაც საინტერესოს, ორიგინალურს, შთამბეჭდავს. რაღაც გაუმართაობაც კი შეიძლება ერთგვარ მიგნებად მოეჩვენოს. ამ ლექსშიც, სავარაუდოდ, სინტაქსური მოუხეშაობა ნაივურობის, „უწყინარობის“ ჩვენების ხერხად იქნა აღქმული. მეტაფორები კი ამ პატარა ტექსტში მართლაც ხელშესახებია, განსაკუთრებით უკანასკნელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ყოფილი მათემატიკოსისთვის, საერთოდაც ფრიად ორგანულია.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ასე რომ, ამ ბოლო დროს ასე გააქტიურებულო ძვირფასო პოეზიის აგრესიულო შემფასებლებო, გირჩევთ, ცოტა უფრო ფრთხილად იყავით. ლექსის ტექსტი ძალიან უცნაური და ნატიფი ქსოვილია. იგი თითქოს ჯადოქარს უჭირავს ხელში და ამ ჯადოქარს თვალის ერთ დახამხამებაში შეუძლია აქციოს ის სრულიად სხვა საგნად, სხვა ფენომენად. უნიჭობად შერაცხული შედევრად გარდასახოს, ეპოქას აყოლილი შედევრები დავიწყების ჭაობში მოისროლოს... და ასე, ათასნაირად, როგორც მოეხასიათება...

იმედია, გამგები გაიგებს, რომ აქ მე უშუალოდ პოლიტიკოს არჩილ თალაკვაძის პოეზიაზე არ ვსაუბრობ. ის მხოლოდ საბაბი იყო კიდევ ერთხელ რაღაცებზე დასაფიქრებლად და, ჩემი აზრით, ბევრი რამის მთქმელი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. და იმედია, გამგები ამას არც პოლიტიკის ჭრილში გაატარებს. მე წარმოდგენა არა მაქვს არჩილ თალაკვაძის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. რაკი იგი ნიკა გვარამიამ გახადა დაცინვის ობიექტი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ გუნდს უნდა მიეკუთვნებოდეს. მაგრამ ჩემთვის, ჭეშმარიტი შუაშისტისათვის, ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუ არჩილ თალაკვაძემ თავისი პოლიტიკური ქმედებებით რამე დააშავა, უნდა გაილანძღოს ამისათვის, მაგრამ მისი ლექსების, როგორც „ფარული ჩანაწერების“ გამოდება  დისკრედიტაციის მიზნით, ჩემთვის ისევე ამაზრზენია, როგორც ინტიმური სცენების გასაჯაროება. ჩვენ ვიცით, რომ სექსი არაა სამარცხვინო, მაგრამ მაინც გვაშანტაჟებენ იმით, რომ მათ შეიძლება ჩვენი სექსუალური სცენების ფარული ჩანაწერები ჰქონდეთ. ახლა მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწა. უკვე მარტო სექსით კი არა, დაწერილი ლექსითაც გვაშინებენ. არადა, კარგი ლექსისკენ გზა ძალიან გრძელი და ეკლიანია. ამიტომაც ხევენ და წვავენ ამ გზაზე მავალი ადამიანები დაწერილ ლექსებს ხშირად. და თუ შეცდნენ და თავიანთი ადრეული, სუსტი მცდელობები დროზე არ გაანადგურეს, მერე იმ ლექსებს ბოროტი არსებები მათ წინააღმდეგ სამხილად იყენებენ, რადგან იციან, რომ ძალიან მწარეა, როცა ის გამოაქვთ სააშკარაოზე, რაც უკვე შენ თვითონაც აღარ მოგწონს.

მე არ ვიცი, მოსწონს თუ არა ამჟამად პოეტ არჩილ თალაკვაძეს თავისი ძველი პოეტური ნიმუშები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი ნიმუშების შექმნას და პოეზიის არსში უფრო ღრმად გარკვევას ვუსურვებ, ხოლო პოლიტიკოს არჩილ თალაკვაძისგან კი პატიოსნებას, პრინციპულობას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ.

P.S. დაბოლოს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანების შეფასება ჩემი და არჩილ თალაკვაძის „ერთობლივი ლექსისა“, რომელთაც მოიწონეს ეს ლექსი. რამდენად გულწრფელი იყო ეს მოწონება, რაზე იყო დაფუძნებული, თუ უბრალოდ მექანიკური დალაიქება იყო ჩემდამი პირადი სიმპათიის გამოსახატავად? ვფიქრობ, მათი განმარტებები კიდევ უფრო გამოკვეთს და ნათელს გახდის იმ მომენტებს, რასაც მე აქ ხაზი გავუსვი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^