ბოლო ბლოგში საქართველოს მასშტაბით ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და ციხე-გალავნების, ანუ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობის, უფუნქციობისა და შესაძლო პერსპექტივების შესახებ ვმსჯელობდით. დღეს ისევ ამ თემაზე საუბარს განვაგრძობ და ამჯერად ფოკუსს დავავიწროებ. უპრიანი იქნება არა ზოგადად ციხე-სიმაგრეების, არამედ ერთი კონკრეტული სიმაგრის შესახებ გესაუბროთ.
ეს ციხე-სიმაგრე საქართველოს დედაქალაქში აღმართული დიდებული ნარიყალაა. ნარიყალა მოგვეხსენება, მონღოლურიდან ნაწარმოები სიტყვაა და ამიტომ მკითხველების ნებართვით ნარიყალას უფრო ზუსტ და ნამდვილ სახელს - თბილისის დედაციხეს დავუძახებ.
ნარიყალის თავგადასავალზე, ძველ ჭირვარამზე აქ არ ვისაუბრებ - თქვენს ყურადღებას უფრო მის დღევანდელობაზე გავამახვილებ.
თბილისში ჩამოსულ ადამიანს აუცილებლად თვალში ხვდება სოლოლაკის ქედზე აღმართული ეს მონუმენტური სიმაგრე. თვალში გხვდება ძველი სამხედრო საინჟინრო და არქიტექტურული შედევრი - რელიეფის კონტურზე მოხდენილად, კლაკნილად გაწოლილი, უამრავი არქიტექტურული შრისგან შემდგარი, მრავალტანჯული სიმაგრე.
წლის ნებისმიერ დროს დედაციხისაკენ მიემართება უცხოელი თუ ადგილობრივი დამთვალიერებლების კოლონები. ზოგი აღმართს მიუყვება, ზოგი საბაგიროთი ადის და რა ხვდება გალავანში შესულ დამთვალიერებელს ადგილზე? ხვდება ცარიელ-ტარიელი სიმაგრე.
ძალიანაც რომ მოინდომო, ვერსაიდან შეიტყობ - რა სიმაგრეა, რა გადახდენია, ვის აუგია, ვის გამკლავებია ან ვერ გამკლავებია ეს დალოცვილი. აქეთ ახვალ, იქით ახვალ, აქეთ გადაიხედავ, იქით გადმოიხედავ და მოგიწევს უკან წამოსვლა, ისე რომ ვერანაირ ცნობას ვერ შეიტყობ თავად დედაციხის შესახებ. ერთი წარწერა, ერთი განმარტებითი დაფაც კი არსადაა, რომელიც სიმაგრის თავგადასავალს გაუწყებდა. არაფერს ვამბობ მცირე მუზეუმზე, სადაც გამოფენილი იქნებოდა ციხის გათხრების დროს ნაპოვნი და აღმოჩენილი მასალა.
არქეოლოგ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური გათხრები დედაციხეზე 1968-70 წლებში მიმდინარეობდა და მიკვლეული მასალა ამჟამადაც თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში ინახება. შენახულია კერამიკული მასალა, მონეტები და სხვადასხვა ეპოქის ქვისა და რკინის ყუმბარები. არქეოლოგიური შესწავლა დედაციხეზე დასასრულებელია, ამდენად სამომავლო მუზეუმის ფონდები, სავარაუდოდ, კიდევ განახლდებოდა ახალი არტეფაქტებით. მანამდე კი აუცილებელი და საშურია რამდენიმეენოვანი საინფორმაციო დაფის დადგმა, სადაც დეტალურად და ლაკონიურად იქნებოდა მოთხრობილი ნარიყალის მრავალსაუკუნოვანი, მრავალ ჭირ-ვარამგადანახადი ისტორია. ამის განხორციელებას მხოლოდ ნება და მცირეოდენი თანხა ესაჭიროება. პირადად მე და „ტფილისის ჰამქარიც“ მზად ვართ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნებისმიერ ნაბიჯში მონაწილეობის უსასყიდლოდ მისაღებად.
პატივისცემით
სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე
ალეკო ელისაშვილი