Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტები როგორც "ცოცხალი მიკროფონები"

30 ივლისი 2012

კარლ აიდსვუგი კენტის უნივერსიტეტის პროფესორია, ის ჯიპაში ტელეჟურნალისტიკას მასწავლიდა. ყურში დღემდე ჩამესმის მისი ფრაზა: "თქვენ ჟურნალისტები ხართ და არა ცოცხალი მიკროფონები, კითხვები უნდა დასვათ და არა თავი დაუქნიოთ, იმიტომ რომ თვქენ ჟურნალისტები ხართ და არა სტენოგრაფებისტები." დღეს ჩემმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამახსენეს კარლის ეს სიტყვები.

დილა ინტერნეტით დავიწყე, სახელმწიფო მდივნის ევროტურზე დაწერილ სტატიებს გადავხედე, მერე მის ინტერვიუს ვუყურე ფარიდ ზაქარიასთან, ჟურნალ ნიუსვიკში ამასწინათ გამოქვეყნებულ მასალას შევავლე თვალი, (საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების ზრდაზე იყო.)

ამ ყველაფერს გადავხედე და რამდენიმე კითხვაც მოვხაზე ჩემს ბლოკნოტში. ორ საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივდიოდი, პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ პრესკონფერეციის ოთახში შევედით. ვინ სად დაჯდა. თავისუფალი ადგილი მიკროფონთან ახლოს შევნიშნე, ჩამოვჯექი და ჩემი ბლოკნოტი გადავშალე.

ოთახში ჩვენთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი შემოვიდა: მანანა, ალანა, ირმა, ელენე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონი, სახელები არ ვიცი, ერთი ხუჭუჭა, ერთი ვადისფერშარფიანი, ერთიც შავკაბიანი.

ოპერატორები კადრებს ასწორებდნენ, ახალგაზრდა მამაკაცი ათამდე და ათიდან უკან ითვლიდა, მიკროფონების ხმას ამოწმებდა. ჟურნალისტები ჩამწერებს იმარჯვებდნენ, ყველანი ვემზადებოდით, განსაკუთრებით კი რუსთავი 2ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. მათთან რიგრიგობით ადმინისტრაციის "ქალბატონები" მიდიოდნენ და ხან ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდნენ, ხანაც ქაღალდის ნაგლეჯს გამოართმევდნენ, ბუტბუტით წაიკითხავდნენ და შესწორებები შეჰქონდათ. და ასე რამოდენიმეჯერ.

ცოტა ხანში ალანა გაგლოევა მოვიდა და გვითხრა სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებულია და ორ კითხვას მიიღებს, "კითხვებს ესენი დასვამენ," თქვა გაგლოევამ და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე მიუთითა. ისიც დაამატა კითხვის დასმა თუ ვინმეს უნდოდა ერთი კვირის წინ უნდა შეეთანხმებინაო.

მალევე ოთახში პრეზიდენტი და კლინტონი შემოვიდნენ. მოკლე გამოსვლის შემდეგ კითხვების ჯერიც დადგა. მიკროფონთან პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მივიდა, თუ როგორ დაიბნა ის და ანერვიულდა ამას პირდაპირ ეთერში იხილავდით

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=05-07-2010%2016:19 რუსეთის ოკუპაციაზე კითხვის დასმაში ჟურნალისტს პრეზიდენტი დაეხმარა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ჩასწორებულ ტექსტს გამოსვლამდე იზეპირებდა ნამდვილად ეტყობოდა, რომ შეწუხდა და განიცდიდა, განიცდიდა, ოღონდ მხოლოდ ინგლისურზე და არა იმაზე, რომ "ცოცხალი მიკროფონის" როლში აღმოჩნდა.

მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, ნეტა პრეზიდენტის პრეს სამსახური ბედნიერია შერჩეულმა ჟურნალისტებმა მათ მიერ დაწერილი და ხუთჯერ ჩასწორებული კითხვები ენის ბორძიკით, ძლივს ვაი-ვაგლახით რომ დასვეს?!

იქიდან გამოსულს, ეს ყველაფერი მეგობარს მოვუყევი, გაკვირვებულმა მკითხა ასეთი რამე ამერიკაში ხდებაო? ამ კითხვაზე 2007 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში დადგმული პრესკონფერენცია გამახსენდა. მაშინ ამერიკაში ვსწავლობდი და ეს დიდი case study იყო.

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/10/26/AR2007102602157.html

საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ფედერალურმა სააგენტომ პრესკონფერენცია დადგა, სადაც ჟურნალისტების როლი სააგენტოს თანამშრომლებმა მოირგეს და კითხვებიც დასვეს, ნამდვილი ჟურნალისტები კი მხოლოდ ტელეფონით უსმენდნენ კონფერენციას.

მეორე დღესვე მომხდარზე ბოდიში სააგენტოს დირექტორმა მოიხადა, იმავე დღეს ეს ფაქტი თეთრი სახლის პრესმდივანმა დანა პერინომ და რამდენიმე ფედერალურმა მაღალჩინოსანმა დაგმო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში დღეს თქვა, რომ საქართველო და ამერიკა საერთო ღირებულებებს იზიარებენ და რომ ქართველებს უყვართ ამერიკა.

მე ნამდვილად მიყვარს ამერიკა, მაგრამ არ მინდა საერთო ღირებულებებად მედიის მანიპულირების მსგავსი მაგალითები იქცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^