ანა ჩეპმენი ის გოგოა, ამერიკაში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააკავეს. ამ ბოლო დროს ფეისბუქზე მის შესახებ ახალ ამბებს აქტიურად „ვაშეარებდი"და სპეციალურ ჯგუფშიც კი გავწევრიანდი: Russian Spy Anna Chapman (რუსი აგენტი ანა ჩეპმენი). "ლიბერალის" ერთი ჟურნალისტი გადამეკიდა: „გიყვარს, ხო?" მეც დავეთანხმე, კი-მეთქი. ხომ იცით ეს როგორ არის: სიტყვები არის სიყვარული და სიყვარული არის სიტყვები, ანუ რადგან დავეთანხმე, ამაში უკვე მეასედი სიმართლეა.
მე კი არა, თავად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოხიბლულა. ჯეი ლენოს „ღამის შოუში" სტუმრობისას, ლენომ ჰკითხა, ჩვენ თუ გვყავს ასეთი მიმზიდველი აგენტებიო, რაზეც ბაიდენმა სერიოზული ტონით უპასუხა: მინდა, რომ ნათლად დავაფიქსირო, რომ მისი რუსეთისთვის გადაცემა ჩემი ინიციატივა არ ყოფილაო!
ჩემი ფეისბუქის გვერდზე ანას (აქედან მოყოლებული, სწორედ ასე მოვიხსენიებ) შესახებ რამდენიმე მანდილოსნის კომენტარები წავიკითხე: მას ჯერ „ცხენის სახიანი" და შემდეგ „პლებეური რუსული გარეგნობის მქონე" რუსი გოგო უწოდეს. მინდა გითხრათ, რომ ამით ჩემი სიმპათიები ანას მიმართ ოდნავადაც კი არ შეცვლილა! და ისე, ცნობისთვის, ლეგენდარული ჯაშუში ქალი მატა ჰარი გაცილებით უფრო ნაკლებად სიმპათიური იყო! ჯაშუშ ქალებს, მოგეხსენებათ, საბედისწერო ქალებს ანუ femme fatale-ს უწოდებენ. მიიჩნევა, რომ მათ აქვთ ზებუნებრივი ნიჭი, რომ კაცები აცდუნონ და თან რაც ყველაზე მთავარია, ხიფათში გახვიონ! (თუმცა ეს უკანასკნელი კაცებს რატომ იზიდავთ, ძნელი გამოსაცნობია).
არა, მე ხიფათში რომ გამახვიონ, ეგ ნამდვილად არ მინდა: შარიან და ხიფათიან ქალებს ყოველთვის ვერიდებოდი. აქ უფრო ალბათ შეუცნობლის შეცნობის ადამიანური ინსტიქტი მოქმედებს. ეს ინსტიქტრიც ამუშავდა და ადამიანის ბნელმა მხარეებმაც გაიღვიძა იმისთვის, რომ აქედან გლობალური სენსაცია შექმნილიყო. ყვითელი პრესა მაშინვე მიხვდა, რომ რუსი ჯაშუშის პირადი ცხოვრება საჯარო უნდა გაეხადა და ამით ბევრ ჩემნაირ ცნობისმოყვარეს მიიზიდავდა. ცნობილმა ტაბლოიდებმა ჯერ ანას ფეისბუქის პროფილზე განთავსებული სურათები დაბეჭდეს და შემდეგ მის ყოფილ ბრიტანელ ქმართან ინტერვიუც ჩაწერეს. ყოფილმა ქმარმა თავისი და ანას სექსუალური ცხოვრების შესახებ სენსაციური განცხადებები გააკეთა. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, ჩემი სიმპათიები არათუ გააქრო, არამედ გაათმაგა (ჰაჰა!), მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია: ჰქონდა კი მედიას იმისი უფლება, რომ ნახევრადშიშველი სურათები ან პირადი სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გამოექვეყნებინა? მიადგა, თუ არა ამით ზიანი ადამიანის უფლებას, ჰქონდეს პირადი ცხოვრება? და საერთოდ, არსებობს კი ასეთი რამ: პირადი ცხოვრების უფლება?
ადამიანის უფლებების ევროპული კომისია „პირადი ცხოვრების უფლებას" ასე განმარტავს: „(ეს არის) უფლება იმისა, ადამიანმა იცხოვროს ისე, როგორც გსურს და დაცული იყო საჯაროობისგან... ის ასევე, მოიცავს, გარკვეული დოზით, იმის უფლებას, რომ ინდივიდმა დაამყარო ემოციონალური ურთიერთობები სხვა ინდივიდთან, საკუთარი „მე"-ს განვითარებისა და რეალიზების მიზნით."
ეს სწორედ ის უფლებაა, რომელსაც მასობრივი მედიის საშუალებები (განსაკუთრებით, ყვითელი პრესა) გამუდმებით არღვევენ. ინტერნეტის და ახალი მედიის (იგივე, ფეისბუქის) გაჩენასთან ერთად, უფრო ძნელია იმისი განსაზღვრა, შენი ცხოვრების რა ნაწილი მიეკუთვნება პირადს და რა - საჯარო სივრცეს.
ეს პრობლემატიკა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთვისაც კი ნაცნობი უნდა იყოს. ახლახანს გამოჩნდა მისი ფოტო, როემლზეც იგი, უბრალოდ ცეკვის დროს არის გადაღებული. ამ სრულიად უწყინარმა ფოტომ ფეისბუქის მრავალი პროფილი მოიარა და უამრავ დამამცირებელ კომენტარს გაუძლო. ეს იყო ფოტო, რომელიც არ იყო დაკავშირებული ამ ადამიანის არც პროფესიულ და არც საჯარო ცხოვრებასთან.
ანამ (თქვენი ნებართვით, ვერადან ისევ ჩემს საყვარელ ანაზე გადავალ) პრესის მიერ ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნება ამორალურად ჩათვალა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ალბათ აბსოლუტურად სამართლიანადაც. მედიისა და მისი ყოფილი მეუღლის საქციელი სრულიად გაუმართლებელია.
მეორე მხრივ, ბრძოლა ძალიან ძნელია: ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, რომელიც შენ შესახებ სენსაციურ მასალას გამოაქვეყნებს იმ იმედით, რომ ამით ბევრ მკთხველს მიიზიდავს და ფულს იშოვნის. მგონი, საკუთარი პირადი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. მერე რა, რომ ჩემი ქმარი საჯაროდ ჰყვება ჩემი სექსუალური ცხოვრების დეტალებს? მერე რა, რომ ზოგიერთი ქართველი ეკონომიკის მინისტრის ფოტოებზე "ვარდება"? მერე რა, რომ ჩემი ნახევრად შიშველი ფოტოები ბრიტანულმა ტაბლიოდმა დაბეჭდა? რა იცვლება ამით?
ეტყობა, ამ კითხვების დასმა და იმისი თქმა, რომ ყველაფერი უნდა „დაიკიდო", ადვილია და რეალურად გაცილებით უფრო რთულადაა საქმე: ადამიანებს ემოციური ზიანს ვაყენებთ. ანა ისეთი მოწყენილია, რომ მედიასთან საერთოდ არ კონტაქტობს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მოსკოვში თავისი ფილმის პრემიერაზე მოსაწვევი გაუგზავნა, მაგრამ ის ისეთი ფრუსტრირებულია, რომ არც კი გამოხმაურებია. პორნოფილმების რომელიღაც კომპანიას ამ ჟანრში მოღვაწეობის დაწყება შეუთავაზებია.
ყველა მხრიდან უტევენ!...მაგრამ არ დანებდე, ანა! ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ მაინც გვიყვარხარ!
პ.ს. სათაური აღებულია ფოლკერ შლონდორფისა და მარგარეტ ფონ ტროტას ფილმიდან „კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება".