გამოხდა არცთუ მცირე ჟამი, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, მაია მიმინოშვილი გაწეული შრომისათვის ოდნავ ნაადრევად გაისტუმრეს „პენსიაში“. თუმცა, როგორც ირკვევა, მალე ისევ გამოიძახებენ და დაასაქმებენ: ამჯერად ის “ქართული ოცნების“ პოლიტბომონდის ან სულაც რიგითი მეოცნების სათანადოდ აღჭურვა-გადამზადებას უხელმძღვანელებს. თუმცა რა კეთილშობილური ზრახვები იგულისხმება ამ ფსიქო-პოლიტოლოგიური პროექტის მიღმა, არც „ოცნების“ წევრებს დაუკონკრეტებიათ და ამის შესახებ არც თავად მაია მიმინოშვილი ამბობს.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ ახალი შრომითი, ფსიქოლოგიური და ესთეტიკური ადაპტაციის გავლა მოუწევს ქალბატონ მაიას ხელმძღვანელობით, რომელსაც ამ საქმეში გამოცდილება დაახლოებით იმდენი დაუგროვდა, რამდენიც თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ოხშივარში მოხვედრილ აბიტურიენტებს. დიდი მარჩიელეობა არც არის საჭირო, რომ „ოცნების“ ბოლოდროინდელი „დუხჭირი“ მატერიალურ-ტექნიკური ფანტაზიების ფონზე (მახათას მთაზე წამოჭიმული ახალი სამონასტრო კომპლექსი, ღვთისშობლის წილხვედრილობისთვის გამო დახარჯული თითქმის მილიონი ლარი თუ პატიმრებისთვის ტატუს მოშორებისთვის გამოყოფილი აბსურდული თანხა) მათი სიგიჟესთან შეწყვილებული პრობლემები ასე ცხადად და გასაგებად ვიგრძნოთ.
„ოცნების“ პოლიტიკური კრიზისი რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება და „ეგზისტენციური გასაჭირის“ ფორმას მიიღებს, ეს ახლაც ცხადია... თუმცა გალაკტიონის, კლოდელისა და სუარესისგან განსხვავებით, რომლებმაც კარგად იცოდნენ, სად დადგებოდნენ, ეკამ, გუგულიმ და ადამ ჯერ არ უწყიან, ვისთან და რა კონფიგურაციაში განლაგდებიან. თუმცა შერწყმა, შეერთება და პოლიტიკური „გეშტალტი“ მარტო „ოცნების“ გემოვნების პრობლემა და თავსატეხი არ არის. „წყევლაკრულვიანი საკითხავი“ - ვინ, ვისთან და რატომ, სხვა პარტიებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. მაგრამ დაშლა-არმოშლა-შერწყმის საკითხები სულ სხვა ოპერის არიებიდანაა...
საყურადღებოა ისიც, რომ მაია მიმინოშვილის საჭირო დროსა და საჭირო სივრცეში გამოჩენა და დასაქმება პირველ რიგში შუშის სასახლეში აწონეს და შეაფასეს. რამაც „ოცნების“ შიგნით რთოლვა-ეჭვიანობის მიზეზები ისევ შეიძლება გააღვიძოს. თუმცა ეჭვიანობა ქალბატონ მაია მიმინოშვილის შემთხვევაში უფრო ტექნიკურია, ვიდრე პროფესიონალური, რადგან ოცნებისგან მას უფრო გარებიძაშვილური ნეიტრალიტეტი იცავს, ვიდრე შიდაპარტიული კონკურენცია. „ოცნების“ მოკირკიტე ჟამთააღმწერლებს არც მისი ძმის, ანსაბლ „შინის“ და „ეგარის“ წევრის, ცნობილი მუსიკოსის ზაზა მიმინოშვილის ამბები დავიწყებიათ, რომელმაც სწორედ სახიფათო და „ეგზისტენციური“ არჩევნის ჟამს, 2012 წელს მხარი „ოცნებას“ დაუჭირა. მაშინ, როცა თავად მაია მიმინოშვილი ფორმალურად, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების ჟამს, მყარად იცავდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ინტერესებს.
შესაძლოა ეს ამბები დღეს პოლიტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანია და საერთოდაც დავიწყებულიც, მაგრამ მეგობარი სწორედ გაჭირვების ჟამს იცნობა და ქალბატონი მაიაც საჭირო დროს მიდის მთასთანაც და მუჰამედთანაც ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელად წარმოსადგენია თალაკვაძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ტრანსფორმაცია რაიმე სხვა ობიექტებად თუ ინსტალაციებად, ჩანს, მაია მიმინოშვილს ერთობ გაბედული და სახიფათო ამოცანა დაევალა: ისე გარდაქმას მათი აზროვნება, ლექსიკა, უნარები, ფსიქო-პოლიტიკური და პლასტიკურ-ქცევითი უნარები, რომ მათ არც „ქოცობა“ დაავიწყოს და ხალხის თვალშიც მათი უტიფრობამდე ნატიფი სიშლეგეები გასაგებ „სიბრძნე-სიცრუედ“ წარმოაჩინოს.
ეს კი თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და „ოცნების“ ბომონდს უნარების განვითარება და ტრენინგი ვერ უშველის. უფრო მარტივად, ხალხურად რომ ვთქვათ, ეს იგივეა დიასახლისმა პური „შუშის“ ღუმელში ცომის გარეშე გამოაცხოს.