ერთგვარი კომპენსაციის სახით, პუბლიკამ მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე 30 სექტემბერს თემურ ჩხეიძის სპექტაკლის პრემიერა იხილა. "ბრმა მხედველი" ("მოლი სუონი") - ასე ვთქვათ, ორმაგი სახელწოდებით დადგა ფსიქოლოგიური თეატრის ოსტატმა-რეჟისორმა ინგლისელი დრამატურგის, ბრაიან ფრილის პიესა. დღევანდელ ქაოტურ რიტმში მცხოვრები პუბლიკისათვის ეს საკმაოდ რთული მოსანელებელია, მით უმეტეს, როცა თვალშისაცემია ვრცელი მონოლოგები და უმოქმედობით დატვირთული, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი პაუზები.
რაღაცით ეს ჩეხოვის დრამატურგიასთან ანალოგიის ცდუნებას ბადებს და ცოტათი მასთან გაპაექრებასაც ნიშნავს. იქაც ხომ ვრცელი და მეტყველი პაუზების ველია და "წყალქვეშა დინებებით" სავსე სვლები იგულისხმება. თემურ ჩხეიძე სწორედ იმგვარ სიტყვიერ ქსოვილს და ოდნავ შენელებულ რიტმს ირჩევს, რაც აუცილებელია მსახიობზე მსხვილი ხედით დაკვირვებისთვის. ამგვარი ტიპის მსახიობებთან მუშაობას იგი მიჩვეულიცაა.
სამწუხაროდ, ბერგმანისათვის დამახასიათებელი ეს "კინემატოგრაფიული იმპულსები", რაღაც მომენტში, რეჟისორის საწინააღმდეგოდ იწყებს ამოქმედებას. ნატიფი ფსიქოლოგიზმით აღბეჭდილი სცენები და დახვეწილი მიზანსცენები გბეზრდებათ, ხოლო სცენოგრაფია კარგა ხნით დავიწყებულ, მტვერწაყრილ და ლამაზ ავეჯს ემსგავსება.
ვენური სკამები, პიუპიტრები, რკინის საწოლი, სოფიტებით განათებული პორტრეტები, კედელ-სარკეები, რომელშიც პერსონაჟთა მშვიდი სიშმაგე აირეკლება - ეს ყველაფერი 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩხეიძის სპექტაკლებში თითქოს ბევრჯერ გვინახავს. დამღლელი ერთფეროვნების სურნელს გამოსცემს რეჟისურაც და სპექტაკლიც. არადა, მსახიობებიც კარგად თამაშობენ (მოლი - ნანი ჩიქვინიძე, ფრენკი - ალეკო მახარობლიშვილი, ექიმი რაისი - გოგა პიპინაშვილი) რეჟისურაც ზუსტია და გასაგები, ხოლო მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევარი - შესანიშნავი ნიუანსებით სავსე.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში დაგეგმილი "სირანო დე ბერჟერაკის" პრემიერა, რაც ორგანიზატორთა გაანგარიშებით, ფესტივალის მოვლენად უნდა ქცეულიყო, სამწუხარო გაუგებრობის გამო ასევე ჩაიშალა. თუ მოარულ ხმებსა და პრესაში გამოჩენილ მცირეოდენ ინფორმაციას დავუჯერებთ, მორიგი ქართული "შოუ კეისის" ჩაშლა ზურა ყიფშიძის "ვარსკვლავური დაავადების" ბრალია, რომელმაც რეჟისორის დიქტატი ვერ აიტანა, რაც სხვათა შორის, აბსურდულად გამოიყურება. ორიოდე დღის წინ, თავისსავე განცხადებაში დავით დოიაშვილს "ბრწყინვალე რეჟისორად" მოიხსენიებს.
ასეა თუ ისე, მორიგი საპრემიერო "ჩავარდნა," გარკვეულწილად, ლახავს თბილისის თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც ჯერ ხეირიანად არც დაწყებულა.
თუ ქართული პროგრამის გარკვეულ და დროებით "თერაპიულ" წარამატებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს უპირველეს ყოვლისა, რეგიონულ თეატრებს ეხება. მათი მონაწილეობა ფესტივალში და გადამდები ენერგია თუ ენთუზიაზმი, მართლაც, დასაფასებელია. მაგალითად, მკაფიო კონცეფტუალური ნახაზით დადგმული და ოდნავ დამღლელი სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა" (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე); ან თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გოგი ჩაკვეტაძის მიერ დადგმული - თამაზ ჭილაძის პიესა "მშვიდობით ლომებო". უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარება და კონცერტი მოხუცებულთა თავშესაფარში წარუშლელი სევდისა და აუტანელი მარტოობის კვალს ტოვებს მაყურებელზე.
უნდა აღინიშნოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით", რომელიც გამრჯე დრამატურგის, ირაკლი სამსონაძისა და არანაკლებ ნაყოფიერი რეჟისორის, გიორგი თავაძის ერთობლივი, სხარტი, ირონიული და ცხადად პოსტმოდერნისტული ნამუშევარია. თეატრალებს შეეძლებათ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში დადგმული "პილონი" (ჯონ სტეინბეკის "ტორტილა ფლეტის" მიხედვით, ვარიაციები - რეზო კლდიაშვილი, რეჟისურა - ირაკლი გოგია) გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში დადგმულ მკვეთრად პოლიტიკურ "ცხელ აგვისტოს" შეადარონ.
სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია სპექტაკლმა "ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?!", რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა-ქალმა ალეკი ბლაითმა რუსთაველის თეატრში დადგა. ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ლტოლვილთა დასახლებაში მონათხრობი ამბების შეულამაზებელი ასახვა სცენურ სივრცეში, ანუ ვერბატიმის ჟანრში (რეალური და შეულამაზებელი დოკუმენტური ტექსტების აკინძვა) დადგმული პირველი სპექტაკლი. ხალხური სიმღერებისა და რუსთაველის თეატრის მსახიობების - მარინა ჯანაშიას, თემიკო ჭიჭინაძის, ქეთევან სვანიძისა და ლაშა ოყროშიძის მონაწილეობით.
წარმოდგენამ, რომელიც რუსთაველის თეატრის, ლონდონის ნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტია, დიდი მოწონება დაიმსახურა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო აიღო. არა მგონია, პერსპექტივაში ჯილდოსა და აღიარების გარეშე დარჩეს რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის ახალი სპექტაკლი "ჩემი ჰამლეტიც", რომლის პრემიერა ასევე ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება (მარჯანიშვილის თეატრში, სხვენზე). "თითების თეატრის" წარმატებულმა ავტორმა მრავალტანჯული "ჰამლეტის" ისტორიას ორიგინალური და ირონიული სუნთქვა შესძინა. მარჯანიშვილის სხვენზე "ასულ" მაყურებელს საშუალება ექნება, ახლომხედველი დამლაგებელი ქალის (მსახიობი ქეთი ცხაკაია) სათვალით შეხედოს დანიელი პრინცის ყოფიერების ასატან სიმძიმეს... და თუ საჭიროა "თეატროთერაპიის" კურსის გავლის შემდეგ, შეუმსუბუქოს ეს ტვირთი.
ვიდრე ფესტივალზე ქართული პროგრამის დასასრული მოაწევს, გირჩევთ, არ გამოტოვოთ რეზო გაბრიაძის გენიალური თოჯინური სპექტაკლი "სტალინგრადის ბრძოლა" (არადა, რა უხერხულად ჟღერს ფილოსოფიური სიღრმის მქონე წარმოდგენის მიმართ ეს ჟანრული იარლიყი!). იგი თითქმის ექვსი წლის განმავლობაში არ დადგმულა და იმედია, წლევანდელი ფესტივალით განახლებულ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ომი ხომ არც საბჭოთა მებრძოლებს, არც გერმანელებს და არც... ჭიანჭველებს დაინდობს. ეს რეზო გაბრიაძის მარტივად გასაგები და პოეტურად ამაღელვებელი ფილოსოფიაა.