როგორც იცით, მიმდინარეობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს და შემდგომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მოსამართლეთა 20 კანდიდატურა.
საქართველოს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ’’ განსაზღვრულია ის ორი ძირითადი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება კანდიდატთა შეფასება. ეს კომპონენტებია: კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.
ზემოხსენებული კანონი ადგენს მოსამართლეთა კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებს და იმ ზღვრულ ქულათა ოდენობას, რომელიც პირმა შეიძლება დააგროვოს ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითად, არამოსამართლე კანდიდატისათვის ეს არის:
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით |
|
კრიტერიუმები |
არამოსამართლე კანდიდატი |
სამართლის ნორმების ცოდნა |
25 |
სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია |
25 |
წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
20 |
პროფესიული თვისებები |
15 |
აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა |
10 |
პროფესიული აქტივობა |
5 |
ქულათა ჯამი |
100 |
ჩემ მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასმული იქნა კონკრეტული კითხვები, რომლებიც ეხებოდა შეფასების ფორმას, შეფასებისას მისანიჭებელი ქულების შესაბამისობის ცხრილს. კერძოდ კი, საბჭოს ვთხოვეთ, რომ მოეცა პასუხები და განემარტა:
თუ რის საფუძველზე (ქულები, პრინციპი და ა.შ.) ხორციელდება მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება კეთილსინდისიერების კრიტერიუმით (რა ხვედრი წილი აქვს რეკომენდაციებს, საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ გამოკითხვასა და ნებისმიერ სხვა აქტივობას, რომელსაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, კანდიდატთა შერჩევის დროს). საბჭოს ეთხოვა, წარმოედგინა ამ კრიტერიუმის შესაფასების ფორმულა მათემატიკურად, რაც სამომავლოდ აგვარიდებდა შესაძლო გაუგებრობას და ამავდროულად მიმართული იქნებოდა მოსამართლეთა შერჩევის ობიექტურობასა და გამჭვირვალობაზე.
რა პრინციპით და რამდენი ქულის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ კანდიდატის შეფასება იყოს:
ა) მოსამართლეობის კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
ბ) მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
გ) მოსამართლეობის კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
ასევე მივმართე თხოვნით, განემარტა, თუ რის საფუძველზე (ქულები, პრინციპი და ა.შ.) ხორციელდება მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით?
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წერილობით კომუნიკაციაში განაცხადა, რომ:
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს თითოეული წევრი კონკურსანტის შეფასებას ახორციელებს ინდივიდუალურად. კანონის საფუძველზე საბჭოს მიერ დამტკიცებული შეფასების ფურცლებში ქულათა გადანაწილების პრინციპის დაცვით, საბჭოს თითოეული წევრი ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის ხვედრით წილს კანდიდატის შეფასებაში და გამოხატავს კომპეტენტურობის კრიტერიუმის კონკრეტულ მახასიათებელს შესაბამისი ქულით’’.
ასევე განაცხადა, რომ „სხვა რაიმე „ფორმულა“ ან „ქულათა მიკუთვნების ცხრილი“ არც კანონითა და არც სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილი არ არის. ამასთან მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი კანდიდატების შესახებ იძიებს ინფორმაციას, ხოლო შეფასებას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად, რომელებიც თავის მხრივ აღნიშნული ფორმების შესავსებად იყენებენ ინდივიდუალურ ფორმულებსა და ქულათა მიკუთვნების ცხრილს’’.
ამ პასუხების მიღების შემდგომ მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ საჯარო გაეხადა ეს ინდივიდუალური ფორმულები და ქულათა მიკუთვნების ცხრილი, რაზედაც პასუხად საბჭომ გვამცნო, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია რაიმე დამატებით ფორმულაზე და ცხრილზე, თუ რის მიხედვით ხელმძღვანელობს საბჭოს თითოეული წევრი ქულათა შეფასების ფურცლების შევსებისას’’.
ამგვარად, როგორც ეს ნათლად ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას, შერჩევისათვის აუცილებელი ობიექტური შეფასების შესაბამისობის ცხრილის გარეშე. ასეთ დროს შესაძლებელია საბჭოს წევრმა გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი სიმპატიებისა თუ განწყობის მიხედვით მიიღოს და შეაფასოს ერთი კანდიდატი 0 ქულით, ხოლო მეორე 25 ით.
ასეთი საკონკურსო გარემო მოკლებულია ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
ყოვლად დაუშვებელია, რომ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა შერჩევა ხორციელდებოდეს სიმპატია/ანტიპატიების, პირადი დამოკიდებულებების ან/და ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაზე დაფუძნებით, ყოველგვარი ობიექტური შეფასების შესაბამისობის გარეშე, ისე, რომ საზოგადოება მოწყვეტილი იყოს შესაძლებლობას, საჯაროდ ნახოს, თუ რა შეფასდა და რამდენი ქულით. ასევე დასვას კითხვები.
საზოგადოებისა და ქვეყნისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპლექტაცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ვინაიდან ყველა სამართლებრივი დავის საბოლოო დანიშნულების ადგილია.
სკოლაში, უნივერსიტეტში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუციაში ნებისმიერი ტესტისა თუ კონკურსისას უნდა არსებობდეს ობიექტურად გაზომვადი შეფასების მინიჭებისათვის განკუთვნილი ცხრილი და ფორმულა. სხვა შემთხვევაში საუბარი ზედმეტია ობიექტურობაზე, გამჭვირვალობასა და ღიაობაზე.
მოგმართავთ თითოეულს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყანაში სამართალი და სურს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის შექმნაში, არ დაუშვათ ის, რის განხორციელებასა და თითოეული მოქალაქისათვის თავზე მოხვევას აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით, მისი ობიექტურობისა და გამჭვირვალობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩემს ვიდეობლოგზე. ასევე საჯარო და ხელმისაწვდომია თითოეული ჩემი ნაბიჯი ამ გზაზე.