Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იცოდე! აკეთო! იყო! იცხოვრო სხვებთან ერთად!

23 მაისი 2019

ლიზა ,,ლამაზია, თუმცა არა ისე, როგორც ჟურნალზე მიხატული გოგონები’’. მიუხედავად ამისა, მისი ფოტოები და ინტერვიუ სკოლის მოგონებების შესახებ ერთ-ერთმა ევროპულმა გამოცემამ დაბეჭდა და მას გამოხმაურებაც მოჰყვა. ეს ინტერვიუ რომ წავიკითხე, მივხვდი, ყველაზე მეტად ფიცჯერალდის სიტყვები მოუხდებოდა ლიზას: ,,ის ლამაზი იყო იმ თავისი ფიქრების გამო...’’. 

გამოცემა ბულინგის საკითხებს აშუქებდა: თანაკლასელის  მიერ მისთვის ნაჩვენები უხეში სექსუალური ჟესტი და ამაზე სხვა ბიჭების გაცინება ლიზას აგრძნობინებს, რომ  ის იგნორირებულია. უფრო ძლიერი ფიზიკური შესაძლებლობები ამ ბიჭებს აფიქრებინებს, რომ ისინი უფრო მნიშვნელოვანი არიან. ლიზა ეტლიდან ოდნავ წამოიწევა და ბიჭებს სახეში შეაფურთხებს...  

ყველაფერი, რასაც სკოლაში ბულინგის შესახებ კითხულობ ან გესმის, გაფიქრებინებს ერთს: სკოლის ფუნდამენტური დანიშნულება არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მოცემა თუ, პირველ რიგში, ჩვენი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?!

ჩვენ ვსწავლობდით და ვსწავლობთ პოსტსაბჭოურ სკოლებში… ჩვენს მასწავლებლებსაც ასეთივე სკოლები აქვთ დამთავრებული, ან პირდაპირ საბჭოური… 

ჩვენ ზედმიწევნით ვისწავლეთ სკოლაში ქიმია, ბიოლოგია, გეომეტრია და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ,,ადამიანად ყოფნა’’ და ,,ადამიანებთან თანაცხოვრება’’ როგორც კომპონენტები, ჩვენი სკოლის კურიკულუმში არ ყოფილა.

სკოლის პერიოდი ყოველთვის რომანტიზებულია ჩვენს ცნობიერებაში. ზრდასრულ ასაკში ხომ ჩვენი ცხოვრება უფრო მეტადაა სავსე რუტინული საზრუნავებითა და მოულოდნელი გამოწვევებით: ოჯახი, სამსახური, სოციალური ურთიერთობები...

შეგვიძლია, არასოდეს ვაღიაროთ ხმამაღლა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით როგორ დავიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება?...  მხოლოდ ბედნიერი ფიქრებითა და წარმატების გეგმებით თუ... სკოლიდან გამოყოლილი გადაუმუშავებელი წყენებით, შიშებით, მერყევი თვითშეფასებით, პრობლემიდან გაქცევით, მუდმივად რაღაცის დამტკიცებით ან დაუძლეველი კომპლექსებით, არმხარდაჭერილი განცდებით, არნაშველი და შეგუებული უსამართლობებით?...

35 წლის შემდეგ ლიზა დაწერს, რომ მას ჩაგრავდნენ, რადგან თავად დაიჯერა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო… რადგან მის კლასელებს თავად ჰქონდათ დაუცველობის გრძნობა და ამ ფორმით გამოხატავდნენ. ლიზა აუცილებლად მოჰყვება, როგორ არ ასწავლეს სკოლაში, რომ უნდა მოეკრიბა შინაგანი ძალა და  ამ ძალადობისთვის საკუთარი ჯანსაღი თვითშეფასება დაეპირისპირებინა. ისევე, როგორც არ ასწავლიდნენ საკუთარი ქცევის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას; არ ასწავლიდნენ განსხვავებულის მიმღებლობას მის თანაკლასელებს, რომლებიც საბოლოოდ მოძალადეებად იქცნენ.

დიახ, ეს არის სოციალურ-ემოციური უნარები, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებაში  ბავშვებს პროფესიონალების მხარდაჭერა სჭირდებათ. 

ამერიკული გაერთიანება აკადემიური, სოციალური და ემოციური სწავლებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებას განმარტავს, როგორც „პროცესს, რომლის მეშვეობით ბავშვები და მოზარდები იღებენ და ეფექტურად იყენებენ ცოდნას, მიდგომებსა და უნარებს, რაც აუცილებელია საკუთარი ემოციების გაგებისა და მართვისთვის; ისახავენ და აღწევენ პოზიტიურ მიზნებს, გრძნობენ ემპათიას სხვა ადამიანების მიმართ, აყალიბებენ და ავითარებენ პოზიტიურ ურთიერთობებს და იღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს‘’.

განათლების სპეციალისტი ჯანკარლო ბროტო გვიხსნის, რატომ არის განათლების მომავალი დამოკიდებული სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებაზე:  

„პიროვნული თვისებები - კეთილსინდისიერება, ემოციური სტაბილურობა, ღიაობა, ღირსეულობა არის ხშირად უფრო გადამწყვეტი ფაქტორები სამომავლო განვითარებისთვის, ვიდრე კოგნიტური უნარები. ბავშვისთვის ამ თვისებების გამომუშავება სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების გზით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისი განვითარებისთვის და პირდაპირ კორელაციაშია წარმატებასა და ბედნიერებასთან. სკოლა არის ის ადგილი, სადაც ამ უნარების ნებისმიერი  ხარვეზი უნდა შეივსოს მანამ, სანამ ბავშვი საზოგადოების აქტიური წევრი გახდება’’.

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დასავლეთში დღითიდღე ხდება სკოლებისა და მასწავლებლებისთვის მუშაობის ცენტრალური საგანი. შედეგი აჩვენებს, რომ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არსებითად ამცირებს ბულინგის ინციდენტებს სკოლებში და ამავდროულად ზრდის ბავშვის რეზისტენტულობას ძალადობის მიმართ.

უფრო და უფრო მეტი განათლების სპეციალისტი  აღიარებს, რომ „ეს უნარები აძლიერებს ბავშვებს, რომ გახდნენ უფრო მეტი კონტრიბუციის შემტანი თავიანთ საკლასო ოთახებში - დღეს და სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში - ხვალ“.

ევროპული კომისიის მეცხრე პრეზიდენტის ჯეკ დელორისთვის განათლების უფრო წარმატებული სისტემა არის არა მხოლოდ ადამიანის  უკეთესი ცხოვრების, არამედ  ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული ცხოვრების  ამოსავალი წერტილიც:    

,,დემოკრატიული ღირებულებები და სოციალური წარმატება  შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ისეთი განათლების სისტემით, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ იმის სწავლებას, რომ ,,იცოდე’’  (to know)’’ და ,,აკეთო (to do)’’, რაც შეადგენს სკოლის კურიკულუმის ძირითად ნაწილს, არამედ იმის სწავლებასაც, რომ ,,იყო (to be)’’ და ,,იცხოვრო სხვებთან ერთად (to live together).’’

ისწავლო, ,,რომ იცოდე’’ არის ზოგადი  ცოდნა - ბექგრაუნდი, რომელიც პასპორტის დანიშნულებას ასრულებს მთელი ცხოვრება განათლების საძიებლად მოგზაურობაში; ისწავლო, ,,რომ აკეთო’’ არის კონკრეტული ცოდნა - საქმის/პროფესიის შესწავლა.

ეს ორი ფუნდამენტი  არის  მინიმუმი, რასაც  ჩვენი პოსტსაბჭოური განათლების სისტემა გვთავაზობს, ავად თუ კარგად.  მეორე ორი ფუნდამენტი - ისწავლო, ,,რომ იყო’’ და  ისწავლო, რომ ,,იცხოვრო სხვებთან ერთად’’ - არის ის, რასაც ეს სისტემა საერთოდ არ იცნობს.

განათლების კონცეფცია რომ უნდა გაფართოვდეს, ამაზე, არც მეტი, არც ნაკლები,  ჯერ კიდევ 1888 წელს წერდა  თბილისში გამოქვეყნებული გაზეთი:

,,გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველ-გვარი წრთვნისა, ზრდისა და განათლებისა’’.   

პუბლიკაციაში განვითარებული იყო აზრი, რომ წვრთნა და სწავლა ხელიხელჩაკიდებული უნდა დადიოდეს სკოლაში. „წვრთნა“ მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდისკენ და ,,სწავლა’’ - გონების გახსნისა და მსჯელობის გაძლიერებისკენო. და თუ კაცს ერთ-ერთი აკლია, ის განათლებული არ არისო.

ცალსახა პრიორიტეტი კი მაინც ზნე-ხასიათის წვრთნას ენიჭებოდა. ვერდიქტი ასეთი იყო: ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწვრთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელიო.

ამ პუბლიკაციის ავტორი ილია ჭავჭავაძე იყო, რასაკვირველია. დღევანდელი პერსპექტივიდან ეს მიდგომა ყველაზე პროგრესულია და თანამედროვე  განათლების ტენდენციებს ასახავს. თუმცა, არა ილიას ქვეყანაში. აქ   აქტუალობას არ კარგავს მწარე ნატვრა საყვარელი მამულის აყვავებასთან დაკავშირებით  და ეს ყველაზე მეტად მაინც განათლების სისტემის კონტექსტში იგრძნობა.      

დასავლეთში ჩვენი შვილების თანატოლები დადიან სკოლებში, სადაც  სხვადასხვა კრეატიული და ნოვატორული მეთოდით, წარმატებული ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ასწავლიან. მათ მსოფლიო მასშტაბით კონკურენცია უნდა გაუწიონ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავლის საზოგადოებას ქმნიან.  

და კიდევ, ... ლიზა იმასაც დაწერს, რომ 35 წლის შემდეგაც მას სჭირდება რეაბილიტაცია ბავშვობაში განცდილი ეპიზოდების გამო, რადგან ისინი საბოლოოდ არასოდეს ქრება მისი ცნობიერებიდან.

ლიზა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა და მიიჩნევა, რომ ის მოწყვლადია ბულინგის მიმართ.

მე ვსვამ კითხვას:

ლეილას წითელი თმები აქვს, ლონდას - გრძელი ცხვირი, ნათიას მამა ციხეშია, ნანის გაცრეცილი ფეხსაცმელი აცვია, ელისოს სათვალე  უკეთია, ვაჟა  მეტისმეტად კარგად სწავლობს, გიორგი გრძელ თმებს ატარებს,  გივის გივი ჰქვია. . ..

არსებობს კი  ბავშვი, რომელიც  მოწყვლადი არ არის  ბულინგის მიმართ?

ეს სახელები, რა თქმა უნდა, იმ ლექსიდანაა.

,,და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!!’’

მაგრამ, რომ იარონ, ჯერ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ფეხზე მყარად დგომა და კიდევ ისიც, რომ სხვას არ დააბიჯონ ფეხზე.  

და სად, თუ არა სკოლაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^