Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსიკა, როგორც სტატუსი

30 ივლისი 2012

ვიცით, რომ მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ინტიმურ ადგილს იკავებს. ვიცით რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ისევე, როგორც მათ მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. და ვიცით ისიც, რომ ამიტომ არსებობს სიტყვა "ჟანრი". მარტივად რომ ვთქვათ, მოთხოვნა-მიწოდების ამბავია რა. სხვადასხვა ჟანრის "პროდუქტს" თავისი "მყიდველი" ჰყავს. ოღონდ, ჩვენთან ამ "პროდუქტს" ცოტა უცნაურ სახელებს არქმევენ ხოლმე.

დავანებოთ თავი იმას, ვისთვისაც მუსიკა მართლა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხომ არიან ისეთებიც, ვისთვისაც მელომანობა უბრალოდ კარგი ტონია? რათქმაუნდა, არიან. უბრალოდ, როგორც ყველა "ფსევდო", ფსევდომელომანებიც ადვილად იჭრებიან პირველივე მარტივ შეკითხვაზე: "რას უსმენ?". ხშირად დასვით ეს კითხვა, ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ.

აი მაგალითად, ყველაზე გავრცელებული პასუხია: "ყველაფერს, რაც მომწონს". და გაიგებთ, რომ თურმე ადამიანები იმას უსმენენ რაც მოსწონთ. არადა რას ერჩი, მარტივი და ლოგიკური პასუხია. მეორე, შედარებით სნობური ვარიანტია "ვუსმენ ყველაფერს გემოვნებიანს". რათქმაუნდა ამ დროს მოსაუბრისგან "გემოვნებიანი მუსიკის" ახსნა უნდა მოითხოვო, მაგრამ როგორ გაგიცრუვდება კაცს იმედი, როცა პასუხს ვეღარ მიიღებ. თან თუ ისიც დააყოლა, ყველაფერ გემოვნებიანს ვუსმენ, "მეტლების" გარდაო, უკვე ხვდები, რომ მისთვის მეტალი მეტალიკას Nothing Else Matters-ით იწყება და AC/DC- ს Thunderstruck-ით  მთავრდება (არადა  AC/DC და მეტალი ისევე ახლოს დგანან ერთმანეთთან, როგორც კახა ცისკარიძე და ბრიტპოპი).

იმ დღეს ერთმა ისიც კი მიპასუხა, 50-იანებიდან დაწყებული 2000-იანებით დამთავრებული ყველაფერს ვუსმენო. ხოდა, ამ 50-იანების ფანმა, რომელსაც ეს ეპოქა მხოლოდ ელვისი ეგონა, რა თქმა უნდა ჩემგან პირველად გაიგო ბადი გაისა და ლითლ რიჩარდის შესახებ. 2000-იანებიდან კი ჟურნალ NME-ს მიერ გავარსკვლავებული ისეთი ცნობილი ჯგუფიც კი არ იცოდა, როგორიცაა Arctic Monkeys.   ისიც ფსევდო აღმოჩნდა, რას ვიზამთ. მაგრამ, "ყველაფრის რაც მომწონს" და "გემოვნებიანების" მსმენელებისგან განსხვავებით, მელომანთა დიდი ნაწილი უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიდა და მუსიკალური ჟანრების სრულიად ახალი, ექსტრაორდინალური დიფერენციაცია შემოგვთავაზა.

აი რა ხდება:საქართველოში არსებობს ორი ძირითადი ჟანრი-წყნარები და ჩქარები. თავის მხრივ, ორივე მათგანი მოიცავს სამ ძირითად "ეთნოსად" დაყოფილ შემდეგ ქვეჟანრებს: ქართულები, რუსულები და უცხოურები. აი აქ კი ჩნდება საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად გამჯდარი საბჭოთა წარსულისა და პოსტსაბჭოური აწმყოს პრობლემა - რუსული ქართული არაა, მაგრამ არც უცხოურია. უცხოურში კი მხოლოდ და მხოლოდ დასავლური მუსიკა იგულისხმება. ჩინური ფოლკლორის მსმენელი არამცდაარამც არ გეტყვის, რომ უცხოურებს უსმენს. ის იტყვის რომ უსმენს ჩინურ ფოლკლორს. მაგრამ უიტნი ჰიუსტონი უკვე უცხოურია, თან, წყნარი. (ისე, ეს პოსტსაბჭოთა პრობლემა ქართულ ტელესივრცეში დაძლიეს და ნიუსებში რუსულენოვან კომენტარებს ქართულად თარგმნიან).

მუსიკის დაყოფა ასეთ დიდ კატეგორიებად მსმენელის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, მას უბრალოდ ეზარება იმაზე საუბარი, რაზეც ამბობს რომ ძალიან უყვარს. გეტყვის რომ უსმენს ქართულებს და ადვილად იძვრენს თავს, აღარ კონკრეტდება ფოლკლორს გულისხმობს, ქართულ როკს, ჯაზს, პოპს თუ დარი-დურის. ეს კი თავისთავად, არამელომანური საქციელია.

კიდევ უფრო ჩამოვქვეითდეთ და აღმოვაჩენთ, რომ მუსიკალუღი ჟანრების საზოგადოდ მიღებული დასახელებები ჩვენ ყველაზე ქვევით მოგვიქცევია და ტემპობრივი თუ ეთნიკური დაყოფის ქვე-ჟანრებად ქცეულა. ესენია რა თქმა უნდა პოპი, სოული, ჯაზი, როკი, მეტალი, ელექტრონული და.ა.შ. ამას ემატება კიდევ ერთი წმინდად საბჭოური ჟანრი "ქურდულები".  გგონიათ ამაზე გაჩერდნენ ფსევდომელომანები? როგორ გეკადრებათ, მეტიც იკადრეს და თვითოეულ მათგანს საკუთარი დახასიათება მიაკუთვნეს.

ასე მაგალითად, პოპის მსმენელმა იცის, რომ პოპია ყველაფერი, რასაც მარტივი მელოდია და ჩქარი ტემპი აქვს, რომელზედაც ტრაკის გაქნევა ადვილად შეიძლება. პოპი იწყება ჯექსონ-მადონათი და უარეს შემთხვევაში მთავრდება ნინა წკრიალაშვილით. მოკლედ, მთავარია მეგობრის დაბადების დღეზე გენდერული კომპლექსები "მოგიხსნას", მთვრალი კარგად აგაცეკვოს, რათქმაუნდა გოგო-გოგოსთან, ბიჭი-ბიჭთან.

პოპთან ახლოს დგას სოულიც, დაწყებული ჰიუსტონის I'll Always Love You-თი, დამთავრებული რატომღაც პუგაჩოვას миллион алых роз-ით . ამ დროს კი გენდერული კომპლექსები ნამდვილად იხსნება და გოგო-ბიჭი წყვილდებიან სენტიმენტალური სახეებითა და მოსიყვარულე თვალებით.

ჯაზის მსმენელებმა რაღა ვქნათო? რაო და რეი ჩარლზი გაგვიგიაო, ეგო თბილისშიც იყო ადრეო, და ნინა სიმონიც ვიცითო. ოღონდ, ჯაზის მსმენელის მიერ მოქნეული ტუჩები პირდაპირპროპორციული უნდა იყოს პოპსავიკის მიერ მოქნეული ტრაკისა. აბა, ტუჩების წინ წამოწევისა და ენის მოჩლექვის გარეშე ხომ ვერ იტყვი რომ "აი ჯაჟი გეყვარშ რიაღაჩნაირად"

აი როკსა და მეტალში საქმე გაცილებით რთულადაა. როკი (რომელიც ბევრს მეტალიკა ჰგონია) და მეტალი (რომელიც შიგადაშიგ  AC/DC ჰგონიათ ხოლმე), სატანისტურია, ეკლესია ამბობს ეშმაკს უძღვნის ჰიმნსო, (ოღონდ არ იციან, რომ ეკლესიამ თავის დროზე ჯაზიც სატანისტურ მუსიკად შერაცხა და იგივე ეკლესიამ ბითლზს სულ რამდენიმე თვის წინ მოუხადა ბოდიში მათი სატანისტებად გამოცხადების გამო). ჯაგიჯუგია, უაზრო ხმაური, რომელიც თურმე მუსიკა არაა. თანაც, არატრენდულია.

არატრენდულად თვლიან მუსიკას, რომელიც დღემდე მსოფლიოს უდიდეს სტადიონებს ავსებს და ყიდის იმაზე მეტ ბილეთს, ვიდრე სხვა ჟანრის მუსიკოსები ერთად აღებული. რას ვიზამთ, ჩვენთან ხომ ბევრი რამის უკუღმა შემოტრიალება უყვართ. ოღონდ ეგეცაა, განზების November Rain და Don't Cry ძალიან უყვართ, ეგ წყნარი როკია, ლაითი და არაბოროტი.

ქალებერებმა რას ვშვრებითო? 'ხ'აუსები, ტექნომინიმალი და ტრანსები გვიყვარსო? რათქმაუნდა არ ვიცით, რომ ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული, მრავალქვეჟანრიანი და მრავალფეროვანია. 'ხ'აუსი და ტრანსები გვყოფნის კლუბში საცეკვაოდ, ანდაც, კომპთან ჯდომისას.

ბოლო, და ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევა ე.წ "ქურდულებია". შუფუტინსკის მსმენელმა აუცილებლად იცის როგორია "ბეღურების" ბედი. ხოლო თუ ქართული ქურდულების მსმენელია, ყოველგვარი ბეღურებისა და ალეგორიების გარეშე, უბრალოდ "ქურდი კაცის ბედზე" ფიქრობს. მას აუცილებლად აცვია შავი შარვალი და შავი პერანგი. აუცილებლად უკეთია შავი რეიბანები მეტროშიც კი (თუნდაც ენერგოკრიზისის დროს შუა გვირაბში გაჩერებულ და შუქჩამქვრალ ვაგონში). აუცილებლად აქვს დედისმხვნელი, გამჭოლი მზერა და რაღათქმაუნდა, რომ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი აუცილებლად ტკბება სხვისი ქურდული ცხოვრების "სიმამაცეებით". და კიდევ, მან აუცილებლად, ყველაზე კარგად იცის რა არის "კაცური ცხოვრება".

უნდა ითქვას, რომ რიაღაჩნაირად ჯაჟ'ის მსმენელი არაფრით განსხვავდება ამ ბოლო კატეგორიისგან. პირიქით, მათ ყველას ერთი დიდი საერთო აქვთ: მათთვის მელომანობა ფარისევლური ფასადია, ფასადის უკან ინდივიდუალობას მოკლებული არსება იმალება, რომელსაც სჭირდება საკუთარი იმიჯი და სტატუსი საზოგადოებაში. სტატუსის შესაქმნელად კი აბა რა იქნება ყველაზე ადვილი ხერხი, თუ არა გამოიყენო ის, რაც ყველასთვის საერთოდ მისაღებია - მუსიკა.

არადა, როგორ მარტივი შეიძლება იყოს ყველაფერი. უბრალოდ ჩართო, უსმინო, დატკბე და იფიქრო ადამიანმა.

ხოდა, მეც ასე მარტივად, ჩავრთავ ეხლა ყველაფერს იმას რაც მომწონს, უფრო, გემოვნებიანს(?), რომელიმე ჩქარებს, უცხოური ეთნოსისას, ქვე-ჟანრ როკების კატეგორიიდან, ბლუზების ელემენტებით და დავტკბები. ხელოვნური სტატუსის ძიებას  ხომ ჯობია, რომ უბრალოდ დატკბე ადამიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^