Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერნეტში მკვლელი დადის და მას კიბერბულინგი ჰქვია

14 ივნისი 2019

შარშან ზაფხულს ჩვენი სმარტფონების ეკრანებს 16 წლის გოგონას ფოტო მიეხატა.   

გოგონამ თავი მოიკლა მის მიმართ ინტერნეტით განხორციელებული შანტაჟის გამო.

,,ეს დღეები რაც გამოვიარე, ამას ვერავინ გაიგებს, დედა. ვიცი, შენც კი ვერ გაიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი“, - ამქვეყნად მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის მიწერილ ბოლო წერილში ჩაწურა თავისი სულის მდუღარება.

ამ ტრაგედიასაც თავისი ლოკაცია აქვს და ეს საქართველოა...

,,სიზმრად ვნახე თეთრი გედი, ნეტავ დედა, რაო?...

თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასაო...’’

უფრო ადრე კიბერბულინგის გამო 15 წლის კანადელი მოსწავლის მიერ ჩადენილმა სუიციდმა შეძრა მსოფლიო. 

ეს გოგონა ამანდა ტოდი იყო.

სიცოცხლის შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე ამანდამ ვიდეო ატვირთა სოციალურ ქსელში, სადაც თავისი ისტორია მოჰყვა. მოჰყვა უცნაურად: ხელში უჭირავს და თანმიმდევრობით აჩვენებს კამერას თეთრ ბარათებს, რომლებზეც მისი ამბავი წერია:

ვირტუალურ სივრცეში გაცნობილმა და დაახლოებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მეშვიდეკლასელ გოგონას სთხოვა, მისთვის ეჩვენებინა საკუთარი სხეულის სიშიშვლე...    

შობა ღამის ოთხ საათზე სახლში მისულმა პოლიციამ ამანდას ოჯახს აცნობა, რომ ფოტო ატვირთული იყო საჯაროდ... შემდეგ იყო სკოლაში სხვა ბავშვებისგან პერმანენტულად მისკენ თითის გაშვერა და განსჯა.... თვეების მანძილზე ამანდა ლანჩის დროს მარტო იჯდა სკოლის სასადილოს მაგიდასთან და არავის სურდა მასთან მეგობრობა.   

ამანდას დედა დღეს მისი სახელობის კიბერბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამების ფონდს ხელმძღვანელობს და სხვების შვილების გადარჩენას ცდილობს.

საკუთარი ვერგადარჩენილი შვილის ტკივილი აკაჟებს ამ კარგი საქმის კეთებაში...

სტენფორდის უნივერსიტეტის ადამიანთა ვირტუალური ინტერაქციის ლაბორატორიის დამფუძნებელი ჯერემი ბეილენსონი წერს:

,,მე ვფიქრობ, რომ ვირტუალური რეალობა ჰგავს ურანს. ის ნამდვილად ძლევამოსილი რამაა. მას შეუძლია გაათბოს სახლები და დაანგრიოს ერები. და ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, როგორ გამოვიყენებთ ჩვენ მას“.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბულინგი ვირტუალურ სივრცეში, ანუ კიბერბულინგი კიდევ უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე ტრადიციული ბულინგი.   

რატომ არის უფრო საშიში კიბერბულინგი?

ერთად მოვუყარე თავი მეცნიერების არგუმენტებს:

მეტი სითამამე

ეკრანს მიღმა ურთიერთობა მოძალადეს ათამამებს... დისტანცია, რომელიც თქვენს სმარტფონებს შორის არის, ახშობს შენი ტკივილის ხმას. მოძალადე ვერ ხედავს შენი სხეულის მოძრაობასა და ემოციას, რომელიც ცოცხალი ურთიერთობისას ყოველთვის გასცემს შენს განცდებს, შენგან უნებართვოდ. ამიტომაც მისი ემპათიის იმედი ვირტუალურ სივრცეში ნაკლებად უნდა გქონდეს. ის აქ ჩვეულებრივზე უფრო სასტიკია, ისეთი, როგორიც ის სკოლაში არასოდეს გინახავს. გიკვირს კიდეც, ასე რომ ხდება.

ანონიმურობა

მოძალადე ვერც ძალადობის ინციდენტის შემსწრეებს ხედავს; მის ქცევას არავინ დაგმობს და, რაც მთავარია, ვერავინ ჩაერევა. ძნელი სათქმელია, პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის განცდა ხდის ადვილს მორალისგან განთავისუფლებას თუ პირიქით, მაგრამ შედეგი ერთია: ანონიმურობა ძლევამოსილი ინსტრუმენტია მის ხელში. 

სუპერვიზიის ნაკლებობა

ის თავის მშობლებთან ერთად იმ ოთახშია, სადაც ტელევიზორი ხმამაღლაა ჩართული და სტუმრები ლუდს სვამენ. მოძალადე ტახტზეა წამოწოლილი და ტელეფონით ერთობა. არაფერს აშავებს. ასე ფიქრობენ მშობლებიც და სტუმრებიც. რომ ხედავდნენ, შენ როგორ გირტყამს ან გლანძღავს, აუცილებლად ჩაერეოდნენ. მაგრამ რადგან მხოლოდ მესენჯერში და შენს ვოლზე გიგზავნის სიცოცხლის მომწამვლელ წერილებს, მათ არ ესმით და ვერ ხედავენ. ბოლოს და ბოლოს მისი ტელეფონი მისი პერსონალური სივრცეა და მას დიდები არ აკონტროლებენ. აქ არც კლასის დამრიგებელია და არც საგნის მასწავლებელი, არც მანდატური. ესეც ბურთი და მოედანი მოძალადისთვის.

ულიმიტო აუდიტორია

კიბერბულინგი აღწევს წარმოუდგენლად დიდ აუდიტორიამდე, გაქვს განცდა, რომ ათასობით ადამიანმა გნახა, დაგცინა, შერცხვი მათ წინაშე. ტრადიციული ბულინგი შეიძლება მოხდეს რამდენიმე თანაკლასელის წინაშე. შენი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოს ან ვიდეოს ნახვა კი შეუძლია შენი ოჯახის ყველა წევრს, ყველა შენს კლასელს და იმ სკოლის კლასელებსაც, სადაც თავის გადასარჩენად გინდა, რომ გადაგიყვანონ; ახლობელს ან დედის მეგობარს, რომელიც სტუმრად გეწვიათ ჩაიზე სახლში; მეზობელ ბიჭებს, რომლებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ ჩადიხარ ეზოში ან შენი ბალეტის მეგობრებს. ინტერნეტში კონტენტის ცირკულაცია ლახავს ყველა სივრცეს და ეს ხდება გამაოგნებელი სისწრაფით.   

არასოდეს უჩანს ბოლო

თუკი ერთხელ დავპოსტეთ, დავაკომენტარეთ ან ავტვირთეთ და მერე გადავიფიქრეთ და წავშალეთ ან აიღო სოციალურმა ქსელმა, ის უკვე ჩვენ მაინც აღარ გვეკუთვნის. არის მაღალი ალბათობა, რომ უკვე ბევრმა გააზიარა და გავრცელდა ვირტუალურ სივრცეში ქარის მიერ ჰაერში მიმოფანტული პოლიეთილენის პარკებივით. ტრადიციული ბულინგის ერთი აქტი ხდება ერთხელ და კიბერბულინგის ერთი აქტი - ხმა, ვიდეო, ტექსტი - ხდება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ვინმე ნახავს და ეს უზომოდ ბევრია.

ვერსად შეაფარებ თავს

24/7 ზე ხელმისაწვდომი ხარ. სკოლაში გარკვეულ საათებს ატარებ და შემდეგ ბულინგის სცენას ტოვებ. კიბერბულინგის შემთხვევაში გაქვს განცდა, რომ სულ „ძირს გდიხარ“ სცენაზე, სადაც „წიხლებს გირტყამენ“. კიბერბულინგი აღწევს შენი სახლის და შენი ოთახის კედლებში. ის შენ არ გიტოვებს სივრცეს, შორიდან რომ შეგიძლია გააანალიზო, მაგალითად, სკოლის ფიზკულტურის დარბაზში მომხდარი ბულინგის ინციდენტი.

შედეგად შენში იწვევს

ღამე თვალს ვერ ხუჭავ, არაფერი გიხარია. ამის გარდა, ვერაფერზე ფიქრობ, გაგიჟებს ამაზე ფიქრი და ზოგჯერ, პირიქით, ყველაფერი ისეთი უინტერესო და აზრს მოკლებულია... თავი ხომ არ მოგეკლა? რამდენჯერ გიფიქრია ეს. შენი საკუთარი ხელით სამართებლით დაიზიანე შენივე სხეული... არა, თავს არ მოიკლავ! დამპირდი, რომ ამას არასოდეს იზამ!! არ იზამ, რადგან იცი, რომ სუიციდზე დიდი შეცდომა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. არ იზამ, რადგან დედა გაგახსენდება.... ღმერთზე დაიწყებ ფიქრს და ყველაფერი კარგად იქნება.

დიდებს აინტერესებთ: რა ფორმებით ხორციელდება კიბერბულინგი?

ამ თემის ყველაზე კარგად მცოდნე მწერალმა ნენსი ვილიარდმა კიბერბულინგის ფორმები ასე დაახარისხა:   

აალება 

შენ და შენი მეგობარი ინტერაქციაში ხართ ერთმანეთთან სოციალურ ქსელში და თქვენი პრივატული ან საჯარო მიმოწერა აგრესიული და ვულგარულია

შევიწროება

შენ სისტემატურად იღებ შეურაცხმყოფელ გზავნილებს, რაც მიზნად ისახავს შენს დაშინებას, გაღიზიანებას, დამცირებას, დათრგუნვას.

ცილისწამება

შენს შესახებ ჭორები დაყარეს  ინტერნეტში.

პერსონაცია

შენი   ექაუნთის  გამოყენებით (,,გატეხვის’’ გზით)  სხვა ქმნის და ავრცელებს პოსტებს, რაც საშინლად უხერხულ სიტუაციაში გაგდებს.  

გარეთ გამოტანა

შენს შესახებ სენსიტიურ, პირად, ინტიმურ ინფორმაციას აქვეყნებენ.

შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ,,სულელურად ‘’ მოიქცე გართობის მიზნით ან ცუდი ლექსიკა გამოიყენო უახლოესი მეგობრების წრეში. შეიძლება ეს ვინმემ გადაიღოს და აგიტვირთოს და შენ შეგრცხვეს აუდიტორიის წინაშე ასე წარდგენის, რადგან საჯაროდ შენ ამას არასოდეს იზამდი.

გამორიცხვა რომელიმე ჯგუფიდან

შენმა კლასელებმა შექმნეს  ჯგუფი ვირტუალურ სივრცეში და... მხოლოდ  შენ ჩაგიკეტეს კარი იქ შესასვლელად...

დაბოლოს, როგორ მოვერიოთ კიბერბულინგს?

დასავლური სკოლების მსგავსად, ჩვენს სკოლებშიც ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ კიბერუსაფრთხოებას, როგორც ცალკე დისციპლინას. ეს ნიშნავს, ბავშვებს ათვითცნობიერებდნენ იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში ინტერაქციას ახლავს თან, დეტალურად აცნობდნენ უსაფრთხოების დაცვის წესებს და უვითარებდნენ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას ონლაინკომუნიკაციებისას, დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლებდნენ ვირტუალურ სივრცეში გზის გაგნებას და უფრო მაღალ კლასებში ეხმარებოდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფორმირებულ, უსაფრთხო და გონივრული გამოყენების უნარების გამომუშავებაში.

ჩვენ, ამ თაობის მშობლებს, ბავშვობაში აიფონები არასოდეს გვჭერია ხელში და ამიტომ ბევრი არც არაფერი ვიცით იმ სირთულეების შესახებ, რომელთაც ჩვენი შვილები აწყდებიან ინტერნეტში ასეთ მოწყვლად ასაკში.

ჩვენც შეიძლება ჩაგვიტარონ საინფორმაციო შეხვედრები ჩვენი შვილების სკოლებში მათი ონლაინსაფრთხეებისგან დაცვის საკითხებზე. რატომ არ შეიძლება, რომ ბავშვობაში გამოტოვებული ცოდნა დიდობაში შეგვივსონ...?! 

რატომ არავინ გვეუბნება, რომ ინტერნეტში მკვლელი დადის და მას კიბერბულინგი ჰქვია?!  

ის კლავს ბავშვებს ხანდახან ფიზიკურად და ყოველთვის კლავს მორალურად.  

კიბერბულინგის ფაქტის გახმაურების  შემდეგ მსხვერპლის რევიქტიმიზაციას, ანუ ხელახალ ბულინგს განიცდის თანატოლებისგან ერთხელ უკვე მომხდარი და განცდილი ინციდენტის გამო...

.... შენ ვერ გრძნობ, რომ სკოლა არის სივრცე, სადაც კიბერბულინგი, როგორც ანტისოციალური ქცევა, სათანადოდ გააზრებული და რეაგირებულია და შენ, როგორც მსხვერპლი, ხარ მთლიანად მხარდაჭერილი უფროსებისა და კლასელებისაგან ... 

და შენ მარტო ხარ მკვლელის წინაშე...

,,სიზმრად ვნახე თეთრი გედი, ნეტავ დედა, რაო?...

თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასაო..’’ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^