Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეჩეთი, როგორც ამერიკული ლიბერალიზმის გამოცდა

30 ივლისი 2012

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მემორიალთან მეჩეთის აშენების შესახებ მითქმა-მოთქმა 2010 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც პროექტი პირველად წარუდგინეს ქვემო მანჰეტენის მცხოვრებთა საბჭოს. ამის შემდეგ ამერიკის ნაციონალურ მედიაში ეს თემა ბევრჯერ განიხილეს, უამრავი აზრი გამოთქვეს და რადიკალურად განსხვავებული ემოციები გამოხატეს. ლიბერალები მეჩეთის აშენების იდეას თავგამოდებით იცავდნენ, კონსერვატორები კი პატრიოტული სიტყვებით გამოდიოდნენ და 11 სექტემბერს დაღუპულთა პატივისცემაზე საუბრობდნენ. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ფრთხილობს და ამ საკითხზე აზრის გამოხატვას ერიდება.

თავად პრეზიდენტმა ობამამაც კი, რომელმაც თავიდან თითქოს მეჩეთის აშენების იდეა მოიწონა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პროექტის ავტორების უფლებას, ააშენონ მეჩეთი, თუმცა არ არის დარწმუნებული ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობაში. აღნიშნული განცხადება, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ  უფლება არსებობს, პოლიტიკური და სახალხო ნება კი - ალბათ, არა.

ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესო იმათი კომენტარები იყო, ვინც გამოკვეთილად არც ლიბერალ და არც კონსერვატორ აქტივისტებში არ ეწერება. ეს ადამიანები ხშირად თავს „ზომიერებს" უწოდებენ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი საჯარო ფიგურა: ჟურნალ „ნიუსვიკის"  მესვეტე და ჩNN-ის ჟურნალისტი ფარიდ ზაქარია და ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი. მათი პოზიციები, ამ შემთხვევაში, უჩვეულოდ მკვეთრი და შეიძლება ითქვას, რადიკალური იყო.

ზაქარიას და ბლუმბერგის გამოსვლები კონსერვატორი იდეოლოგების და მათი მხარდამჭერებისთვის მოულოდნელი დარტყმა იყო. ფარიდ ზაქარია იქამდეც კი მივიდა, რომ „ანტი-დეფამაციის ლიგას", რომელიც მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოდის, ჰუბერტ ჰამფრის  თავისუფლების პრიზი უკან დაუბრუნა. მაიკლ ბლუმბერგმა კი თავის სიტყვაში, რომელიც სამოქალაქო ღირებულებების დაცვის საუკეთესო ნიმუში იყო, ნიუ-იორკის ისტორიულ წარსულსა და მსოფლიო იმიჯზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მეჩეთის აშენებით, „ჩვენ პატივს მივაგებთ ამერიკულ ღირებულებებს და შევინარჩუნებთ ნიუ-იორკს, როგორც ყველაზე გახსნილ, მრავალფეროვან, ტოლერანტულ და თავისუფალ ქალაქს მსოფლიოში." ბლუმბერგიც და ზაქარიაც ამ შემთხვევაში აშკარა უმცირესობაში აღმოჩდნენ.

მიზეზი, რის გამოც პოლიტიკოსები ფრთხილობენ, სახალხო სენტიმენტებია, რომლებსაც ორი ფაქტორი ამძაფრებს: კონსერვატორი იდეოლოგების და ბლოგერების დემაგოგია მეჩეთის აშენების იდეის გარშემო და 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავების ემოციური გამოსვლები.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი აშკარაა: მეჩეთი რომელმაც მსგავსი დაპირისპირება გამოიწვია არა იმდენად რელიგიური, არამედ საზოგადოებრივი ცენტრია. მას ოფიციალურად სწორედ ასე ჰქვია - „მუსლიმური საზოგადოებრივი ცენტრი".

შენობას, რომელსაც ერთობ ტექნიკური და არარელიგიური სახელი - Pარკ51 დაერქმევა, 15 სართული ექნება და მასში სალოცავი ცენტრის გარდა, აუზი და 500-კაციანი აუდიტორია განთავსდება. აქედან გამომდინარე, ისიც კი სადავოა, თუ რამდენად შეიძლება, აღნიშნულ პროექტს „მეჩეთი" ვუწოდოთ. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, იმამ ფეიზალ აბდულ რაუფის განცხადებით, მათ სურთ, რომ მანჰეტენზე არსებული იუდაისტური საზოგადოებრივი ცენტრის მსგავსი კომპლექსი ააგონ.

იმამი პროექტს თავის მეუღლესთან დეიზი ხანთან და ნიუ-იორკში დაბადებულ, წარმოშობით არაბ ინვესტორთან - შარიფ ალ გამალთან ერთად ახორციელებს. იმამი ცნობილია ისლამისტური ტერორიზმის კრიტიკითა და მშვიდობიანი ისლამის იდეების გავრცელებით. მას კრიტიკული პოზიცია უჭირავს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართაც, თუმცა ამავე დროს, მიიჩნევს, რომ ამერიკა, თავისი რელიგიური ტოლერანტობითა და მრავალფეროვნებით, იდეალური ისლამური საზოგადოებაა. ის ასევე მხარს უჭერს ქალთა უფლებებს.

სახალხო სენტიმენტებს  11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავების პოზიცია ამძაფრებს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ „მეჩეთის" აშენება მიცვალებულთა და ტრაგედიის ადგილის შეურაცხყოფაა.

კონსერვატორი იდეოლოგებისა და ბლოგერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მუსლიმები მეჩეთებს დაპყრობილ ტერიტორიებზე აგებენ. ამიტომ, 11 სექტემბრის მემორიალთან მსგავსი მშენებლობის განხორციელება მიუღებელია. მათი აზრით, ამაზე მიუთითებს პროექტის თავდაპირველი სახელწოდებაც - "კორდობის მეჩეთი". კორდობა არაბების მიერ დაპყრობილი ესპანეთის დედაქალაქი იყო, რომელიც თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით იყო ცნობილი.

რადიკალური კონსერვატორების ერთ-ერთმა კერპმა - სარა პეილინმა მეჩეთის თემა თავისი პოლიტიკური კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად უკვე აქცია. მან განაცხადა, რომ პროექტის ავტორებმა ამგვარი პროვოკაციისგან თავი უნდა შეიკავონ. პეილინმა მუსლიმებს სოციალური ქსელის, "ტვიტერის" საშუალებით მოუწოდა, რომ უარი თქვან მეჩეთის აშენებაზე, რადგან ეს იდეა „გულში ესობა" ამერიკელებს და ხელს უშლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან ამოსვლას.

მხარეებს შორის მსგავსი დაპირისპირება და პოლიტიკოსების სიფრთხილე ამერიკული დემოკრატიის იმ ფუნდამენტურ პრობლემაზე გვაფიქრებს, რომელიც ჯერ კიდევ  1835 წელს ფრანგმა პოლიტიკის ფილოსოფოსმა - ალექსის დე ტოკვილმა შენიშნა. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება უმცირესობის დაცვის ლიბერალური პრინციპი და უმრავლესობის შეხედულების გათვალისწინების დემოკრატიული იმპულსი. ერთის მიხედვით, სახელმწიფო არის იმისი გარანტია, რომ უმცირესობების უმრავლესობის ტირანიისგან დაიცავს და ეს  ქვეყნის ურყევ მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში  - კონსტიტუციაში არის გაწერილი. მეორე მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს  უმრავლესობის აზრისთვის უპირატესობის მინიჭების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა არჩევნები და რეფერენდუმები. პოლიტიკოსების იმ ნაწილს, ვისაც ამ საკითხის შესახებ ხმის ამოღება  და მეჩეთის აშენების იდეის ღიად დაცვა უჭირს, სავარაუდოდ, სწორედ მოახლოებული კონგრესის არჩევნების შიში აქვს.

დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის ამგვარი დაპირისპირების მომსწრენი მსგავს თემაზე უკვე გავხდით. შვეიცარიაში, 2009 წლის ნოემბერში, საყოველთაო რეფერენდუმის ძალით შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ახალი მინარეთების აშენება აიკრძალა. აქაც მკვეთრად გამოჩნდა, რომ ხაზი  ლიბერალიზმსა და დემოკრატიას შორის ხშირად სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის არსებობაზე გადის. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს (როგორც აღმასრულებელ, ისე წარმომადგენლობით ორგანოებს) საკითხთან მიმართებაში მკვეთრი პოზიცია ჰქონდათ - მინარეთების აკრძალვა არღვევს ადამიანის საყოველთაო უფლებებს და რელიგიის თავისუფლებას.

„სახელმწიფო თუ საზოგადოების უმრავლესობის" დილემა კარგად გამოჩნდა ნიუ-იორკის მერის ბლუმბერგის გამოსვლაშიც. მან, მართალია, სხვა სიტყვებით, მაგრამ არსებითად იგივე პრობლემა გადმოსცა, როდესაც თქვა, რომ ამერიკაში კანონი საზოგადოების სენტიმენტებზე მაღლა უნდა დადგეს.

ამერიკის კონსტიტუციით მსგავს საკითხებზე - მეჩეთის აშენებაზე რეფერენდუმის ჩატარება იკრძალება, მაგრამ სახელმწიფოს და პოლიტიკოსების მკვეთრი პოზიციის გარეშე, ადვილი  შესაძლებელია,  მეჩეთის პროექტის ავტორები შანტაჟის ქვეშ მოექცნენ და ადამიანის უნივერსალურ უფლებებს გაუმართლებელი ზიანი მიადგეს. ყველა მხარე ელოდება, თუ როგორ გადაწყდება ეს, ერთი შეხედვით, არც ისე მნიშვნელოვანი პრობლემა - შესაძლოა, ამერიკის პოლიტიკაში სწორედ ამგვარმა დაპირისპირებებმა მასშტაბური ტექტონიკური ძვრები გამოიწვიოს.

იმამ ფეიზალმა და მისმა მეუღლემ პროექტის გამოცხადების შემდეგ არაერთი მუქარის წერილი მიიღეს. მისმა მეუღლემ, 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია. თავად იმამი რამდენიმე ღონისძიებას უსაფრთხოების მიზეზით ვერ დაესწრო.

 

ირანი

რიალის შავი მომავალი

 

არის თუ არა ეროვნული ვალუტის ინფლაცია ირანში პოლიტიკური რეჟიმის რყევის პირველი ნიშანი?

 

ლექსო ჩქარეული

 

ირანის ეროვნული ვალუტის - რიალის ინფლაციამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო სამი-ოთხი თვის მანძილზე თითქმის 10-ჯერ გაიზარდა სასურსათო  პროდუქტის ფასი და რაც მთავარია, სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერც სამომავლოდ აკეთებენ. მართალია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში ხშირად ჩნდება ამა თუ იმ ექსპერტის მოსაზრებაზე დამყარებული ოპტიმისტური განცხადებები, მაგრამ ამ განცხადებათა მიზანი პოპულისტურია და ისინი რეალურ ვითარებას არ ასახავენ.

რეალობა კი ლამის ბავშვმაც იცის: უმძიმესმა საერთაშორისო ეკონომიკურმა ემბარგომ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ განვითარების მცირედი შანსიც არ დაუტოვა. თეირანის ბირჟაზე გამეფებული სიტუაცია ბოლო ხანს თითქმის უცვლელია: ბირჟას ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ აქამდე მოქმედი მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები და მათ კვალდაკვალ ერთმანეთის მიყოლებით ეცემა დიდი ეროვნული საწარმოების აქციები.

ვითარების დამძიმება გამოწვეულია კონკრეტული გადაწყვეტილებით, რომელიც 2010 წლის 14 ივნისს  ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილების თანახმად,  კიდევ უფრო გამკაცრდა ირანის მიმართ დაკისრებული ეკონომიკური სანქციები. კერძოდ: აიკრძალა ირანის ნავთობისა და გაზის მრეწველობაში რაიმე სახის კაპიტალდაბანდება, ამ მრეწველობისათვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის ირანისათვის გადაცემა და ასევე რაიმე სახის მომსახურების გაწევა.

თუმცა, ევროსაბჭოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა კატრინ ეშთვანმა, ახალი ეკონომიკური სანქციების გამოცხადებისას, საგანგებოდ აღნიშნა, რომ ამ აკრძალვების მიუხედავად, ევროსაბჭო კვლავაც ირანთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა.

ირანული წარმოშობის დოქტორ სეიედ სოლეიმან საფავის აზრით, რომელიც ლონდონში სამშვიდობო პროცესების შემსწავლელ საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობს, "სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებრიობისა და სახელმწიფოების შეხედულება ირანში არსებული ვითარების შესახებ  ამ ქვეყნის ატომური საქმიანობის თაობაზე გავრცელებულ მსოფლიო საზოგადოებრიობის რეზოლუციათა ზეგავლენას განიცდის  და, რა თქმა უნდა, ეს ვითარება, მთლიანობაში, დიდად ეწინააღმდეგება ირანის ეროვნულ ინტერესებს. რეზოლუციათა გარდა, დასავლეთის ქვეყნები და მათი რეგიონული მოკავშირეები, საკუთარ დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით,  კიდევ უფრო წამლავენ საზოგადოებრივი აზრის სივრცეს ისლამური ირანის წინააღმდეგ."

საფავის შენიშვნით, "ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ, ირანის ეროვნულმა ტელერადიო კომიტეტმა, მიუხედავად ასიათასობით დოლარის დანახარჯისა, ამ ვითარების გამოსასწორებლად და მსოფლიოში ირანის სახის უკეთესად წარმოჩენისათვის ვერაფერი იღონა."

იმავე ექსპერტის აზრით, ირანის წინააღმდეგ დასავლური პოლიტიკის გამარჯვება არა იმდენად დასავლელთა ძლიერებას ააშკარავებს, რამდენადაც ირანის დღევანდელი ხელისუფლების დიპლომატიური აპარატის სისუსტეებს უჩვენებს, რომელმაც ვერ შეძლო ირანელი ხალხის კანონიერი ინტერესები მსოფლიო არენაზე განუხრელად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად დაეცვა."

ვიდრე ირანის ოფიციალურ პრესაში  ადგილობრივი ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითების არაარსებით მიზეზებზე საუბრით ერთობიან და ამას ხან ტელევიზიის შეფს, ხანაც უცხოეთის მიერ მართულ ოპოზიციას აბრალებენ, ამასობაში სულ უფრო ღრმავდება კრიზისი, რაც, უპირველესად, მოსახლეობის შედარებით დაბალ ფენებზე აისახება.

თუ რამდენიმე წლის წინ თეირანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში, პრაქტიკულად, მათხოვარს ვერ ნახავდით, ახლა ქუჩები სავსეა ხელგაწვდილი ქალებითა და ბავშვებით, სოფლიდან საშოვარზე ჩამოსული ახალგაზრდებითა და, რაც მთავარია, მოწყალების მთხოვნელი ჯარისკაცებით, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წახნაგს ააშკარავებს: არმია, ან ყოველ შემთხვევაში ამ არმიის გარკვეული შენაერთები და ნაწილები, მნიშვნელოვნად არის დემორალიზებული.

ქვეყნის დღევანდელი მთავრობა და პრეზიდენტი არსებული ვითარების გამართლებას პოლიტიკური რიტორიკით ცდილობს.

მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, ამ რეზოლუციის უმთავრესი მიზანი იყო ის, რომ სიონისტური რეჟიმი, რომელიც მათი დანაშაულებებისა და შეთქმულებრივი გეგმების აღმასრულებელი იარაღია, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის უმძიმესი ზეწოლიდან გამოეყვანათ; მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი და მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერები ფხიზლად არიან და სათანადო პასუხსაც გასცემენ ამ რეჟიმის დანაშაულებებს!"

თუმცა, საქმე ისაა, რომ უფულობითა და მატერიალური გასაჭირით თავმობეზრებული ირანელები სულ უფრო ნაკლებად ემხრობიან მსგავს რიტორიკას და მზად არიან, მათი და მათი შვილების უპირველესი მტერი, არა სიონისტური რეჟიმის, არამედ საკუთარი მთავრობის უმაღლეს ეშელონებში ეძიონ.

36 წლის ალი, რომელიც თეირანის ბაზარში ვაჭრობს, ამბობს, რომ თავზარდაცემულია ქვეყანაში შექმნილი ვითარებით და ჰგონია, რომ მალე მასა და მისნაირებს შიმშილით სიკვდილი ემუქრება, რადგან მთავრობის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლები ისე შეარყია, რომ იძულებულია, თავისი საქონლის ფასი დაახლოებით ხუთჯერ გაზარდოს. ამან მუშტარი და შესაბამისად, შემოსავალი შეუმცირა. "როცა პირველადი მოხმარების საგნები კატასტროფულად გაძვირდა, მის საქონელს მუშტარი საიდან ეყოლება!"

ალი მომავალს დიდი შიშით შეჰყურებს, რადგან დღევანდელი სიტუაცია ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ნამდვილი კატასტროფა ბენზინის ფასების ლიბერალიზაციის შემდეგ დაიწყება, როცა მთავრობა ბენზინის სამომხმარებლო ფასის ნაწილს აღარ დაფარავს და მოსახლეობა იძულებული იქნება, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტში ათჯერ მეტი გადაიხადოს. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ფასების ზრდას ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე.

ასე რომ, არც თუ შორეულ მომავალში ირანი, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა სიიაფითა და სოციალური დაცვის პროგრამათა ეფექტიანობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანა გახდება, სადაც, პრაქტიკულად, არანაირი სოციალური პროგრამა აღარ იმუშავებს.

აქამდე, უმძიმეს პოლიტიკურ რეჟიმს არსებობას უნარჩუნებდა ასე თუ ისე სწორი მენეჯმენტი, რაც მოსახლეობის საშუალო ფენის სასიცოცხლო ინტერესთა გათვალისწინებაში ვლინდებოდა. ბოლო ხანებამდე ირანის ისლამური მთავრობა ახერხებდა, ბალანსი ისე დაეცვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი,  შემოსავლისა და სურსათის ფასების ხელმისაწვდომობის გამო, კმაყოფილი ჰყოლოდა.

ბოლო დროს კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ამან ქვეყანაში სოციალური უკმაყოფილება უკიდურესად გაამძაფრა. ირანი დენთის კასრზე ზის და ბენზინის ფასის ლიბერალიზაცია შესაძლოა, მართლაც ალალბედზე გაკრული ასანთი აღმოჩნდეს.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^