მთავარი მოთხოვნა შეუსრულებელია. მეათე დღეა პროტესტი გვაერთიანებს. დაშლას არ ვაპირებთ. უამრავი ადამიანი სამსახურიდან გამორბის, ზოგსაც კიდევ ბევრი საქმე აქვს დარჩენილი, მაგრამ გვერდზე გადადებს და მოდის. ასეა. ყველას გვიწევს რაღაცის დათმობა, მთელი დღე სმარტფონებში ჩამძვრალები თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და აქციაზე რომ პირველი ადამიანი მიდის, უფლება აღარ გვაქვს დავტოვოთ მარტო. ეს უკვე ერთიანობის საფუძვლებია, რასაც უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად მივიჩნევ, რთულად მოვიდა ჩვენამდე და ასე მარტივად არ დავთმობთ. ჩვენი ყველა წინამორბედი აქციის მსგავსად, ეს აქციაც ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანია: პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, გენდერული თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული.
მონაპოვარია ის, რომ, მიუხედავად მრავალი სხვაობისა, მუდმივად ვახერხებთ საერთო მინიმუმზე შეთანხმებას. დიდი კამათისა და ხანდახან ჩხუბის მერეც, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ზუსტად ამაში გავასწარით დანარჩენ საზოგადოებას - ვკონცენტრირდით იმაზე, რაც საერთო გვაქვს და არა იმაზე, რითიც განვსხვავდებით.
აქციების დაწყების დღიდან რამდენიმე ფრონტზე გვიწევს ბრძოლა, სახელისუფლებო ბოტები აქტიურად ცდილობენ ჩვენს გაშავებას და უნდა ითქვას, რომ ხანდახან გამოსდით კიდეც. სულ მეფიქრება, ვინ არის ის ხალხი, ყალბ ექაუნთებს ამოფარებულები რომ გვებრძვიან, დეზინფორმაციას რომ ღვრიან ბოღმასა და სიძულვილთან ერთად. ალბათ ჩვენივე თაობის ხალხია. ფულის გამო აბრკოლებენ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ქვეყანაში და ყიდიან ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას.
რატომღაც მეგონა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში აღზრდილებს გაცილებით უკეთ გვესმოდა თავისუფლების ფასი. უფრო სწრაფად გამოვერკვიეთ, რომ ეს მიწა ჩვენი მოსავლელია. 13-14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ქუჩები რომ მოვასუფთავეთ, გვლოცეს და ტაში დაგვიკრეს, ეგეც უცნაურად მოგვეჩვენა. ნუთუ ოჯახის წევრებს ტაშს უკრავთ სახლის დალაგებისთვის? როცა ასეთი ამბები ყოველდღიურობა იქნება და არა გამონაკლისი, მერე ერთ პატარა ნაბიჯს ნამდვილად გადავდგამთ წინ. სწორედ ამიტომ ვუწოდეთ აქციას სამსახური. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ყალბ ექაუნთებს ამოფარებულები კი ამ ვალდებულებას ვერ გრძნობენ, დარწმუნებული ვარ, არც მაშინ უგრძნიათ რამე, სტიქიამ რომ წაგვლეკა. ალბათ მაშინაც ისხდნენ კომპიუტერებთან და იმ განტევების ვაცს ჰკიდებდნენ სახრჩობელაზე, ზემოდან რომ ჩასძახეს ყურში.
მეორე ფრონტზე თავს გვესხმიან პარტაქტივისტები და ყოველდღიურად გვეჩიჩინებიან, რომ პოლიტლიდერების და პარტიების გარეშე არაფერი გამოგვივა. სუსის აგენტებიც კი გვიწოდეს იმის გამო, რომ პოლიტიკოსებს გვერდზე არ ვიკარებთ. კოღო რომ ყურთან ჯიუტად გიწუის, ანალოგიურად გვესხმიან თავს, ხელს აუქნევ და მეორე ყურთან მოფრინდებიან. შენდობას ვითხოვ შედარებისთვის - ისევე თავისმომაბეზრებლები არიან, როგორც მაცდური უდაბნოში, მძიმე მარხვის ჟამს. აღარ იციან, საიდან შემოგვტენონ თავიანთი ბელადები, რომლებსაც ვერ მივიღებთ. აქციაზე შეკრებილთა ნაწილი 7 ნოემბერს სკოლაში იყო მერხს ჩაბღაუჭებული ან ჩემსავით შატალოზე, მაგრამ ყველაფერი გვახსოვს. კოღოებს კი ვერაფრით დაუჯერებიათ, რომ გვახსოვს.
პარტაქტივისტებისგან განსხვავებით, როგორც შემფასებლებს, პოლიტიკურ სარბიელზე წერტილის დასმის უნარი აღმოგვაჩნდა. დავუსვით წერტილი ყველას, ვინც ზღვარს გადავიდა, დავუსვით წერტილი ისე, რომ ვერასდროს ვეღარ მობრუნდნენ ხელისუფლებაში. მათ შორის სულ ახალი სახე, რომელიც დავასრულეთ, ჩვენი დალალებიანი ყოფილი თავმჯდომარეა. ბელადების მსგავსად, ვერც მას შემოაპარებენ უკანა შემოსასვლელიდან, თუ შემოაპარებენ, ისევ დავიწყებთ სამსახურში სიარულს და კიდევ უფრო მეტ წერტილს დავსვამთ.
პარტიულებმა ეს ვერ შეძლეს, რაღაცა იჭერთ, რაღაცა აკავებთ, ბელადს ითხოვენ! ისევ და ისევ განმათავისუფლებელს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გათავისუფლება ვერ შეძლეს. ვერც მათ და ვერც საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ეს უნარი არ გააჩნიათ. ამიტომ წლებია, ძალიან სწრაფად დავდივართ წრეზე, რის გამოც უკვე გული გვერევა.
წერტილის გარეშე ერთ აბზაცში გამოკეტილები კითხულობენ ერთსა და იმავე ტექსტს. სხვადასხვა ხმითა და ინტონაციით, სხვაგვარი შემართებითა და ემოციით, მაგრამ სიტყვა მაინც იგივეა. მოსაბეზრებელი, მრავალჯერ ნაცადი და დამარცხებული.
ტექსტი გვიყვება საძირკველგამოჭმულ სასამართლოზეც, ყოველი მეორე ხელისუფალი რომ ცდილობს, დამპალ საძირკველს რაღაც მნიშვნელოვანი დააშენოს. რა თქმა უნდა, თავზე ჩამოგვენგრევა. ეს გარდაუვალია. ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. აბსოლუტური გამჭვირვალობითა და დიდი ჩართულობით.
ჩვენ ვითხოვთ ახალ სახეებს.
წერტილის დასმის უნარი გვაძლევს საშუალებას, ახალი გზა გაიჭრას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი ტექსტი დაიწეროს, რომლის ავტორიც იქნება არა ვინმე გადამთიელი, არამედ ვიქნებით ჩვენ. ყველა. ვისაც თავისუფლებისა და ერთიანობის ფასი ესმის.
კიდევ ბევრი წერტილი გვაქვს დასასმელი.
კიდევ ბევრი ტექსტი გვაქვს დასაწერი.
ჩვენი სამსახური გაგრძელდება აქტიურ თუ პასიურ ფაზებში. იქამდე, სანამ სული გვიდგას და აზროვნება შეგვიძლია.