ალბათ, არავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი მას არ უნდა ეკავოს.
მაგრამ ლექტორობა? თუკი კობახიძე მართლაც პროფესიონალია თავის დარგში, რატომ უნდა გაათავისუფლონ ის ლექტორის პოზიციიდან? საერთოდ საკითხავია, რამდენად მნიშვნელოვანია კობახიძის აკადემიური კარიერის გაგრძელება იმ დროს, როდესაც ხუთ დემონსტრანტს ტყვია თვალში მოხვდა და გაცილებით მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
კობახიძის გადადგომის მოთხოვნის გარდა, აქციას ასევე სხვა საინტერესო მოწოდება ჰქონდა: „აპოლიტიკურობა“. ეს სიტყვა იწვევს, სულ მცირე, გაურკვევლობას. თუ აქციის მონაწილეები გამოვიდნენ იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც წინა დღეს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველთა შორის მოხდა, რანაირად არის ეს აქცია აპოლიტიკური? წინა დღის დარბევა ხომ პოლიტიკური აქტი იყო? როგორ შეიძლება პოლიტიკურ მოვლენას „აპოლიტიკურად“ შეეწინააღმდეგო?
როგორც ჩანს, ეს ტერმინი პოლიტიკური ცხოვრებისგან მიმალვის გზად იქცა. ვითომ „აპოლიტიკურობის“ მომხრეები უფრო საკუთარი ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნავენ, ვიდრე ვითარების გამოსწორებაზე. ეს თითქოსდა მშვიდობიანი „ტაქტიკა“ საზოგადოებას კი არ იცავს ძალადობისგან, არამედ, პირიქით, მას გავრცელების საშუალებას აძლევს; შესაბამისად, აძლიერებს.
ცხადია, დღევანდელ საქართველოში ბევრ ადამიანს პოლიტიკის მიმართ უნდობლობის განცდა უჩნდება; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა არ არსებობს, თუკი ჩვენ მას არ ვიმჩნევთ. ის არ ჰგავს კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს, რომელიც შეგვიძლია შევამჩნიოთ ან არა. გვინდა თუ არა, პოლიტიკით არის განმსჭვალული ადამიანის ცხოვრების თითქმის ყოველა სფერო.
აქციის მონაწილეების დიდ ნაწილსა და ორგანიზატორებს არ უნდოდათ შეერთებოდნენ რუსთაველზე მიმდინარე მთავარ აქციას, რომელსაც გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხი რუსთაველიდან უნივერსიტეტის ეზოსკენ მიემართებოდა.
ერთი დიდი აქცია, ალბათ, უფრო დიდი შედეგის მომტანია, ვიდრე ორი, რიცხობრივად პატარა დემონსტრაცია. თუმცა, უნივერსიტეტის ახალგაზრდობას არ სურდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მარიონეტებად ქცეულიყვნენ. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს სიტყვით გამოსვლისას თავში ბოთლი ესროლეს, რის მერეც მას არც არაფერი უთქვამს იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის; ხოლო ორი აქცია ერთის ნაცვლად, ალბათ, მხოლოდ მთავრობისთვის იყო ხელსაყრელი.
Divide et impera (დაყავი და იბატონე) - მოწინააღმდეგის დამარცხების უძველესი და უმარტივესი სტრატეგიაა.
ალბათ, სულაც შემთხვევით მოხდა, რომ მთავრობის ინტერესი დაემთხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მსოფლმხედველობას. და, რა თქმა უნდა, აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ სტუდენტური თვითმმართველობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თუმცა, ამ ყველაფერზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და შემზარავი რამ გამოჩნდა აქციის დროს: უნივერსიტეტის აქციიდან რუსთაველზე მიმავალ ადამიანებს მიკროფონთან მდგომი ახალგაზრდები უყვიროდნენ: „წადით! წადით!“ (თანაც ეს არაერთხელ მოხდა, რადგან თსუ-ს ეზოში მიმდინარე აქციის მონაწილეები ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაკადებად ილეოდა).
ზუსტად ასეთი აგრესიული, დიდაქტიკური ტონით წარმოთქმული შეძახილები იწვევს საზოგადოების დაქუცმაცებას, რასაც მოჰყვება დაპირისპირება და ძალადობა იმავე საზოგადოებაში. თსუ-ს ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები, წესით და რიგით, სწორედ ამას აპროტესტებდნენ. შედეგად კი, ვღებულობთ აქციას, რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას, მაგრამ, ამავდროულად, ემსახურება მას (კიდევ კარგი, რომ წარუმატებლად).
ეს ფაქტი ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში შექმნილ სიტუაციას, რაც გამოიხატებოდა ორი რეალობის არსებობაში: ერთი - პარტიული, სადაც სჭარბობდა მარქსის, ენგელსისა და ლენინის ქება-დიდება; და მეორე - ყოველდღიური სოციალური რეალობა, როცა ცეკას მდივნები შვილებს ნათლავდნენ და პარტიის წევრებს შვილებისთვის ჯინსები და საღეჭი რეზინა ჩამოჰქონდათ მივლინებიდან. ცხადია, ეს საბჭოთა ნომენკლატურის მიერ გამოგონილი ორპირობა არ არის. სხვაგანაც ოფიციალური ვერსია ზოგჯერ სცდება ჭეშმარიტებას. სსრკ-ში კი მოხერხდა ამ მანკიერი „ორმაგი რეალობის“ ისეთ ხარისხში აყვანა, რომ მისი ჩრდილიდან დღესაც კი ვერ ვახერხებთ თავის დაღწევას. იმისდა მიუხედავად, რომ ახლანდელ ახალგაზრდობას საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, ეს მანკიერი მსოფლაღქმა დღემდე დალექილია კოლექტიურ მეხსიერებაში. რა თქმა უნდა, ამას არ ვაღიარებთ, მაგრამ იდეოლოგია ყველაზე დიდ გავლენას ადამიანზე ახდენს მაშინ, როდესაც ის ამ გავლენას ვერ აცნობიერებს.
როგორც საბჭოთა კავშირმა არ შეუშვა „ბითლები“ ქვეყანაში და, ფაქტობრივად, გააგდო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ჯგუფი, ასევე უნივერსიტეტის ეზოში მიკროფონთან მდგომ ადამიანებს სურდათ ისეთი სურათის დახატვა, თითქოს მათ გააგდეს რუსთაველზე მიმავალი სტუდენტები, რაც ასევე საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას საეჭვოდ წააგავს.
ასე რომ, ჩვენ კი გამოვედით საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩვენგან ჯერ კიდევ არ გასულა.