Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორიოდ სიტყვა წუხანდელ „ვალპურგის ღამეზე“, ადამიანის უფლებებსა და პასუხისმგებლობაზე

08 ივლისი 2019

1874 წელს ქართველი განმანათლებელი სერგეი მესხი ჟენევიდან პარიზში ჩავიდა. მოგეხსენებათ, ამ დროს საფრანგეთში 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ აღიარებულია, 1848 წლის სოციალური რევოლუციის მონაპოვრები და 1871 წლის კომუნის იდეები ცხარე კამათის საგანია.

ფრანგები ბჭობენ ცხარედ, დაუნდობლად და ბჭობენ ყველგან: აკადემიურ სივრცეებში, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, სახლებში, წვეულებებზე და ქუჩებში. კამათის სიცხარე გამოწვეულია იმით, რომ დაწერილი კანონები მხოლოდ სურვილები გამოდგა და თან - მხოლოდ იმათთვის, ვისაც ძალა და ძალაუფლება ჰქონდა. ქალები, მუშები, გლეხები გამოირიცხნენ დიადი იდეალებით მოსარგებლეთა რიგებიდან. ამიტომ ამ „იგნორირებულებმა“ ხმა ამოიღეს და დაიწყეს ბრძოლა ისე, ვისაც როგორ შეეძლო და ვისაც როგორ ეპიტნავებოდა.

ჩვენი სერგეი სწორედ ასეთ ძიძგილაობას შეესწრო პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე. ერთი ბონაპარტისტი მუშა ეკამათებოდა დანარჩენ მუშებს. რა არ აკადრეს, როგორ არ აგინეს ამ საწყალს, რომელმაც ბოლოს ამოიძუა კუდი, ხალხში გაერია და მოკამათეებს მიაძახა: ყველას აქვს ნება, საკუთარი აზრი ჰქონდესო.

მუშებმა სიცილი დააყარეს თურმე და ხმამაღლა გასძახეს „რაინდს“: ყველას აქვს ნება სულელი იყოს, მაგრამ იმ პირობით, რომ იმის სისულელემ სხვას არ უნდა ავნოსო.

ცხადია, ყველა დიადი მოძრაობის შედეგი ადამიანის განთავისუფლებაა. განთავისუფლება კი სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. ყველას/ნებისმიერს/თითოეულს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება, გაავრცელოს იგი დაუბრკოლებლად და გამოხატოს ისე, როგორც შეუძლია და უნდა (მათ შორის - გინებით, შეურაცხყოფით). ჩვენ კი, დანარჩენებს, ასევე გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი აზრი ამ ზემოთ ხსენებულ მოაზროვნეზე და მის აზრებზე. ჩვენც გვაქვს უფლება ვუპასუხოთ მას და ვუპასუხოთ ისე, როგორც გვინდა. ოღონდ ორთავეს უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ აზრებით ვერკინებით ერთმანეთს და არავითარ შემთხვევაში - ძალით და ძალადობრივად. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არავის (მოქალაქეს, მშობელს, დამსაქმებელს, მინისტრს, პრეზიდენტს, მასწავლებელს, ლექტორს...) არ აქვს უფლება აგვიკრძალოს ჩვენი აზრის (თუნდაც უხამსად!!!) გამოხატვა.

ამ თვალსაზრისით სრულიად უნიკალურია ლარი ფლინტის ისტორია. ლარიმ დასცინა გაქვავებულ ეთიკურ ნორმებს, შექმნა ხელშეუხებელ და პატივსაცემ ადამიანთა პორნოშარჟები და თავის ჟურნალებში „გამოჭიმა“. ამისთვის იგი მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდა. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ლარიმ ასე განმარტა თავისი პოზიცია:

„მეც მედიას წარმოვადგენ, მაგრამ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონეს. მეც ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი ჩვენ შორის. ცდილობენ აკრძალონ ჩემი გამოცემები, როგორც საზოგადოებისთვის მიუღებელი, მაგრამ თუ დღეს ამკრძალავენ მე, მერე მოგადგებიან თქვენ - ვინც პოლიტიკაზე  წერთ და ხვალ თქვენს აკრძალვას მოინდომებენ იმ მოტივით, რომ შეურაცხყოფთ ამა თუ იმ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოხელეს“.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დასკვნაც იზიარებს ჟურნალისტის პოზიციას: როცა არჩევანს სიტყვის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ნორმებს შორის აკეთებ, აუცილებლად სიტყვის თავისუფლება უნდა აირჩიო. ყველა ჩვენგანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ვისაც ჩემი აზრი არ მოსწონს, მან ეს მხოლოდ აზრითვე უნდა გამოხატოს, ჩემს აზრს თავისი აზრი დაუპირისპიროს. ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, რადგან ეს უფლება მომეცა იმ მომენტიდან, როცა დავიბადე.

გამოხატვის თავისუფლების უფლება გარანტირებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ (1848). დეკლარაციის მე-19 მუხლი ამბობს: „ყოველ ადამიანს აქვს მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმის უფლება; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისგან დამოუკიდებლად“.

ლარი ფლინტს არსად არ უთქვამს, მე პასუხს არ ვაგებ ჩემს შეხედულებებზეო და რომ არავის აქვს უფლება არ დამეთანხმოსო. ამას იგი არასოდეს იტყოდა, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქეა, სადაც უამრავი სისხლი, ოფლი და მელანი დაიღვარა ამ უფლების მოსაპოვებლად. 

„პასუხისმგებლობა“ ფუძემდებლური პრინციპია ადამიანის უფლებათა კონცეფციისთვის. სწორედ ამაზე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 29-ე მუხლი:

1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება. 

2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საქართველოში საკმაოდ კომიკური ვითარებაა გამოხატვის თავისუფლების უფლების გაგებაში. საზოგადოების ნაწილი, ვინც საკუთარ თავს ადამიანის უფლებათა სფეროში განსწავლულად მიიჩნევს, კატეგორიულია იმ აზრების მიმართ, რომლებიც მას პერსონალურად არ მოსწონს, ხოლო მისთვის მისაღები შეხედულებებისთვის უკიდეგანო ასპარეზი ემეტება. სწორედ უხამსად, უშვერად აზრის გამოხატვა და გავრცელება მოინათლა თავისუფლებად, ხოლო ამ პოზიციის უარმყოფელი ნებისმიერი აზრი - სიბნელედ და ჩამორჩენილობად. თან, ეს „სხვათა მგმობელები“ ხშირად იმეორებენ ვოლტერის აზრს: შესაძლოა, თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ. ეს აზრიც, ეტყობა, მხოლოდ სათავისოდ ემეტებათ. ვოლტერს როგორ აკადრებენ „ბნელებთან“ მოხსენიებას?!

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ფუნდამენტურია კითხვა: მაქვს თუ არა მე ის უფლება, რაც გაქვს შენ? ეს შეკითხვა, ეტყობა, ფუნდამენტურია საბჭოეთგამოვლილი საზოგადოებისა და იდეოლოგიით გაბრუებული განათლების სისტემისთვის. სხვისი უფლების აღიარება ძალიან ძნელია. უფრო ძნელია სხვისი შეხედულების პატივისცემა. როცა ეს ტრანსფორმაცია ჩვენს გონებაში მოხდება, მაშინ საკუთარ თანამოქალაქეებს „ხროვად“, „ბნელებად“ აღარ მოვიხსენიებთ და შევეცდებით გავიგოთ - რატომ ფიქრობს ეს ადამიანი ასე, შევეცდებით შევცვალოთ მისი პოზიცია საკუთარი არგუმენტებით, აზრებით და მაგალითით.

ჩვენ გვაქვს ყველაფრის უფლება სიტყვით და აზრით. ეს უფლება გვაქვს ყველას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფლება აქვს არა მხოლოდ ჟურნალისტ გაბუნიას, არამედ მის მაგინებელ მოქალაქეებსაც.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი ვალდებულებაა დაიცვას ყველა მოქალაქის ყველა უფლება და განსაკუთრებით - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ ვინმემ ხელისუფლება ამ „გავრილოვშჩინის“ მონაწილედ რომ არ ჩათვალოს, დროზე უნდა გამოიძიოს 20 ივნისის სისასტიკე და უნდა შეეშვას მედიისთვის ჭკუის სწავლებას. 18 ივლისს, იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს „რუსთავის 2“-ის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებას შეუძლია კიდევ ერთხელ დაგვანახვოს, გაგვიცხადოს 7 ივლისის ტელეეთერში გათამაშებული „ვალპურგის ღამის“ მიზნები და ამოცანები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^