Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავალი ვისია?

18 ივლისი 2019

მიეცით ნიჭსა გზა ფართო...

მასწავლებლის უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მოამზადოს მომავალი თაობა მომავლისთვის. შესაბამისად, რა უნარებს უვითარებს და რა ცოდნას უზიარებს მასწავლებელი მოსწავლეებს, ეს დიდწილად დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ გარემოში და რა ფორმით მოუწევთ მოსწავლეებს ამ უნარებისა და ცოდნის გამოყენება. ანუ, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვა მომავლის ცხოვრების, პროფესიების, საზოგადოებისა და გარემოსი. სწორედ არგუმენტებით გამყარებულ მომავლის ხედვას უნდა დაეყრდნოს საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესები. მასწავლებლი თავისი პროფესიული საქმიანობით უნდა გამოეხმაუროს არა მარტო იმას, თუ რა იყო მნიშვნელოვანი აქამდე და რა არის მნიშვნელოვანი ახლა, არამედ იმას, თუ რა იქნება მნიშვნელოვანი მომავალში.

საიდან სადამდე

ადრეული ადამიანი გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ ნადირობასა და შემგროვებლობაზე იყო დამოკიდებული. გონიერმა ადამიანმა შექმნა იარაღები და ამით სამუშაო გაიმარტივა. აგრიკულტურის და საკვების წარმოების განვითარებამ - სანადირო შუბებიდან და თევზსაჭერი ბადეებიდან გუთნებამდე და ტრაქტორებამდე - გამოიწვია ის, რომ თუკი ადრეულ ხანებში თითქმის ყველა ჩართული იყო საკვების წარმოებაში, დღეს თითქმის არავინ დარჩა ამ დარგში. ქვემოთ ნაჩვენები დიაგრამა გვიჩვენებს აგრიკულტურაში არსებული ადამიანური რესურსის ევოლუციას 1300 წლიდან დღემდე.

1300 წელს ადამიანთა მთელი სამუშაო ძალის 60-80% აგრიკულტურაზე მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 5%-ზე ნაკლებია. 

ამ სახის რადიკალური ცვლილებები მხოლოდ აგრიკულტურას არ შეხებია. სამუშაო იარაღების განვითარებამ, შემდგომ ინდუსტრიულმა რევოლუციამ მკვეთრად შეამცირა ადამიანური რესურსის საჭიროება სფეროებში, სადაც ფიზიკური შრომაა საჭირო. ინდუსტრიული დროიდან დღემდე გრძელდება შრომის მანქანიზება უფრო და უფრო დიდი შესაძლებლობის, სიზუსტის და სიჩქარის მქონე დანადგარებით და რობოტებით. მოდით, ამ სახის ინსტრუმენტებს მექანიკური კუნთები ვუწოდოთ.

მექანიკური კუნთების განვითარება და გამრავალფეროვნება თავისთავად აუმჯობესებს ეკონომიკას, ამცირებს ადამიანის ინტენსიური ფიზიკური მუშაობის საჭიროებას და აძლევს მას საშუალებას, დაკავდეს სხვადასხვა მრავალფეროვანი საქმიანობით.

ახლა საით?

ინდუსტრიული რევოლუციისას დაწყებული „სამუშაოს მექანიზების“ პროცესი დღემდე გრძელდება, მაგრამ ამ პროცესის დღევანდელი სახე მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდუსტრიალიზაციის პირველადი ფორმისგან და შეიძლება თავისთავად რევოლუციად - „მექანიკური ტვინების რევოლუციად შეფასდეს. როგორც მექანიკურმა კუნთებმა ადამიანის ფიზიკური შრომა ნაკლებ მოთხოვნადი გახადა, ისე მექანიკური ტვინები ადამიანის გონებრივ სამუშაოს გახდიან ნაკლებად მოთხოვნადს. მექანიკური ტვინები მომავალი არ არის. თვითმართვადი მანქანები, ჟურნალისტი ბოტები, მულტიფუნქციური რობოტები -  ყოველივე ეს დღეს უკვე არსებობს. ადამიანებზე უკეთესად თუ არა, ადამიანების თანაბრად შეუძლიათ სამუშაოს ხარისხიანად და, რაც მთავარია, ეფექტიანად და იაფად შესრულება. გარდა ამისა, ასეთი ჭკვიანი ტექნოლოგიის განვითარება უფრო და უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.

თვითმართვადი მანქანები

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მექანიკურ ტვინებს „ადამიანური“ სამუშაოს შესრულება, თვითმართვადი მანქანებია. ისინი უკვე მოძრაობენ გზებზე და ადამიანების ჩაურევლად უკვე მრავალი ათასი კილომეტრი აქვთ გავლილი მაგისტრალებზე და ქალაქებშიც. რამდენად უსაფრთხოა თვითმართვადი მანქანები? რა თქმა უნდა, ისინი არ არიან იდეალურები, მაგრამ იმისათვის, რომ მათ ადამიანი მძღოლები ჩაანაცვლონ, საკმარისია, ისინი ადამიანებზე უკეთესი მძღოლები იყვნენ. თვითმართვადი მანქანები, ადამიანებთან შედარებით, უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, რადგან ისინი არ გზავნიან შეტყობინებებს, არ ეძინებათ და არ საუბრობენ ტელეფონზე. გარდა ამისა, მათ გარემოზე მეტი ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება შეუძლიათ. ის, რომ თვითმართვადი მანქანები ადამიან მძღოლებს ჩაანაცვლებენ, გარდაუვალია. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 70 მილიონი ადამიანია დასაქმებული სატრანსპორტო ინდუსტრიაში - ტაქსების, ავტობუსების, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლებად. სატრანსპორტო კომპანიების ხარჯის უდიდესი ნაწილი მათ ხელფასებზე მოდის. იმ ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიები ადამიანების თვითმართვადი ავტომობილებით ჩანაცვლებით მიაღწევენ, ისინი აუცილებლად დანერგავენ ასეთი ტექნოლოგიებს.

თვითმართვადი სატრანსპორტო საშულებები მხოლოდ პატარა ნაწილია იმ სფეროებისა, სადაც ახალი ტექნოლოგია ადამიანურ რესურსს ჩაანაცვლებს.

პროფესიების ავტომატიზება

ალბათ, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ რობოტები ვერასოდეს შეძლებენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ასე არ არის. დღეს კომპიუტერულ პროგრამებს შეუძლიათ თვითონ დაისწავლონ ესა თუ ის ხელობა. მანქანური დასწავლა კომპიუტერული (გამოთვლითი) მეცნიერების ერთ-ერთი უახლესი მეთოდიკაა და შესაძლებლობას გვაძლევს, კომპიუტერს ან რობოტს ჩვენი უშუალო მითითებების გარეშე შევასწავლოთ კონკრეტული საქმიანობა. მანქანური დასწავლის პროცესში კომპიუტერს, როგორც ადამიანს, აქვს კონკრეტული მიზანი, წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე და მექანიზმი, რომელიც ამცნობს მას, რომ ის მიზანთან ახლოსაა. ჩვენგან განსხვავებით, კომპიუტერებს ბევრად სწრაფად ფიქრი - ინფორმაციის პროცესირება შეუძლიათ, ამიტომ ისინი კონკრეტული საქმიანობის შესწავლას ჩვენზე მცირე დროში და უფრო ეფექტურად ახერხებენ.

მაგალითად, Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, რამდენიმე საათში საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშის შემდეგ, მანამდე არსებული ყველაზე ძლიერი „ტრადიციული“ კომპიუტერის დამარცხება შეძლო. „ტრადიციულმა“ კომპიუტერმა კი პირველად ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს 1997 წელს მოუგო.

მანქანური დასწავლის გამოყენებით, დღევანდელ რობოტებს შეუძლიათ სტატიების წერა, საფონდო ბირჟებზე ოპერაციების და ყოველდღიური საოფისე სამუშაოს შესრულება. ისინი სტატისტიკურად ადამიანებზე უკეთესი ადვოკატები და ექიმები არიან, რადგან შეუძლიათ მილიონობით დოკუმენტის, სამედიცინო ისტორიების, სიმპტომების და დაავადებების წამებში გაანალიზება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხელოვნება? ხელოვნება ერთ-ერთი დარგია, რომელიც „წმინდა“ ადამიანურ შესაძლებლობად მიიჩნეოდა, მაგრამ მექანიკური ტვინები ამ მხრივაც არ ჩამოუვარდებიან ადამიანებს. როგორც ადამიანი-მუსიკოსების ტვინები ახდენენ უკვე გაგონილი მუსიკის სინთეზს და ახლის წარმოებას, ისე მექანიკურ ტვინებსაც შეუძლიათ უზარმაზარი რაოდენობის მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მისი სინთეზი და ახლის შექმნა. აქვე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ორი ნაწარმოების ვებმისამართს - პირველი ხელოვნურმა ინტელექტმა Emily Howell-მა შექმნა, მეორე კი ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ნამუშევარია და The Beatles-ის ინსპირაციითაა შექმნილი.

Emily Howell - ხელოვნური ინტელექტი

Daddy’s Car

მომავალი ვისია?

მოგვწონს თუ არა, ტექნოლოგიური პროგრესი გრძელდება და მომავალი უფრო და უფრო სწრაფად გვიახლოვდება. მექანიკური ტვინები უკვე არსებობენ და კვლავ განაგრძობენ განვითარებას. როგორ მოვემზადოთ ასეთი მომავლისთვის?

მომავალი თაობები გვერდს ვერ აუვლიან მსგავს ტექნოლოგიებთან და მექანიკურ ტვინებთან თანაარსებობას. შესაბამისად, რაც უფრო გათვითცნობიერებული იქნება ადამიანი იმაში, თუ რა დგას ასეთი ტექნოლოგიების უკან, მით უკეთ შეძლებს გზის გაკვლევას და მექანიკური ტვინების თავის სასიკეთოდ გამოყენებას. მეტი ტრანსფერირებადი უნარი დაეხმარება მას სამუშაო ადგილის იოლად გამოცვლასა და მის უკეთ მორგებაში.

ამ პასუხებიდან და მომავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ათასწლეულის სკოლაში, სადაც ამჟამად ვასწავლი, შევქმენით ახალი საგანი - კომპიუტერული აზროვნება, რომელსაც მოსწავლეები მეორე კლასიდან ეუფლებიან. კომპიუტერული აზროვნება მოიცავს არა მარტო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას და ტრანსფერირებადი უნარების გამომუშავებას მოსწავლეებში, არამედ იმის გააზრებას, თუ რა ალგორითმი იმალება ჩვენ გარშემო არსებული ტექნოლოგიის და მექანიკური ტვინების მიღმა.

მიმდინარე მექანიკური ტვინების რევოლუცია საგანმანათლებლო სფეროს ავალდებულებს შექმნას პირობები, სადაც მოსწავლეები თანამედროვეობასთან შესაბამის განათლებას მიიღებენ. დღეს, საჯარო სკოლებში დანერგილი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საგანი ვერ პასუხობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დღევანდელ განვითარებას. იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალი, დღევანდელობასთან შესაბამისი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანი დაინერგოს, დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსია საჭირო. მაგრამ ეს ის ინვესტიციაა, რომელსაც დაუფიქრებლად უნდა ვახორციელებდეთ; ის ინვესტიცია, რომელიც წყვეტს, ჩვენი მომავალი ბნელი იქნება თუ ნათელი. მომავალი, რომელშიც ვაკანსიები განკუთვნილი იქნება ან მექანიკური ტვინებისთვის, ან ტექნოლოგიების მხრივ განათლებული ადამიანებისთვის.

---------------------

გუგა ვარდიაშვილი - ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მასწავლებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^